კოდები, ხელოვნება და გალაკტიონი

01.

სამყაროს ახსნის ფუნქცია დიდი ხანია გადაიბარეს მეცნიერებმა და მანქანებმა — ჰაბლის ტელესკოპით ვხედავთ შორ გალაქტიკებს და ეს ცვლის ჩვენს წარმოდგენებს სამყაროზე, სოციალური ქსელის ალგორითმები ყოველდღიურად სწავლობენ ჩვენს ფსიქოლოგიას და სწორედ ეს განსაზღვრავს, რას დავინახავთ მონიტორებზე: კადრებს ომიდან თუ კადრებს სამოთხის კუნძულებიდან. ვირტუალური რეალობისა და
მარსის კოლონიზაციის ეპოქაში ხელოვნებაც იცვლის ფორმებს, მიზნებს და ზოგჯერ შინაარსს.

ამერიკელი არტისტისა და მეცნიერის, ჯო დეივისისთვის ხელოვნება ბაქტერიაა, რომელშიც მან გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით გრაფიკული სიმბოლოს ჩაწერა შეძლო, ბაქტერიამ კი გრაფიკული სიმბოლო გენეტიკურად გადასცა თავის შთამომავლობას და დევისის ნამუშევარი რამდენიმემილიონიანი ტირაჟით გავრცელდა ბაქტერიულ კულტურაში ( Microvenus) .

ედუარდო კაცისთვის ხელოვნება მისი კურდღელია, რომელიც გენეტიკური ჩარევის შედეგად, მწვანედ ანათებდა და, შესაბამისად, ცოცხალ ინსტალაციად გადაიქცა, რომელიც სუნთქავს, გრძნობს და კვდება ((GFP Bunny, 2000 ).

ავსტრიელი ქრისტა სომერერისთვის ხელოვნება მონიტორზე გაჩენილი პიქსელებია, რომლებიც ბიოლოგიური ევოლუციის სიმულირებას ახდენენ — ეკრანი მათი საარსებო გარემოა, ისინი აქ იბადებიან, მრავლდებიან და იბრძვიან გადარჩენისთვის — ადამიანის ჩარევის გარეშე.

„ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული და ბიოლოგიური ქიმერების ეპოქაში“ — ამბობს ავსტრალიელი არტისტი სტე- ლარკი, რომელსაც ხელზე მესამე, ინტერნეტთან მიერთებული ყური აქვს გაზრდილი, როგორც „ალტერნატიული ანატომიური სტრუქტურის“ სიმბოლო. იაპონელი ვარსკვლავი ჰაცუნე მიკუ დარბაზებსა
და სტადიონებს ავსებს, ჟურნალების ყდებზე იწონებს თავს, მაგრამ ფიზიკურად არ არსებობს. მისი პიროვნება — კომპიუტერში შენახულ კოდსა და პროექტორის შორისაა გაბნეული. 1996 წელს მოკლული თუფაქის ჰოლოგრამა კოაჩელას ფესტივალზე ცოცხლად ასრულებს მონატრებულ ტრეკებს.

კომპიუტერულ კოდს იმაზე მეტი სასწაულის გაკეთება შეუძლია, ვიდრე იესო აკეთებდა იერუსალიმის გეტოებში. ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთი არ იქნებოდა შესაძლებელი, რომ არა თანამედროვე ტექნოლოგიები და კარგად დაწერილი ალგორითმები.

წლების წინ პროგრამისტი და თეორეტიკოსი დონალდ კნუტი წერდა: „როცა ვსაუბრობ პროგრამირებაზე,
როგორც ხელოვნებაზე, ვგულისხმობ დამოუკიდებელ არტ ფორმას, რომელსაც საკუთარი დომეინი და ესთეტიკა გააჩნია. "

ჩვენ ხშირად ნამუშევრებზე უფრო ვსაუბრობთ, ვიდრე კოდზე და ალგორითმზე, იმიტომ, რომ კოდი არ მიგვაჩნია ნამუშევრად. ის უხილავია, ყოველთვის საგნების, მონიტორებისა და იმიჯების უკან იმალება, ფაქტობრივად, არამატერიალურია და ამიტომაც ადვილია დაგავიწყდეს, მაგრამ რთულია თვალი აარიდო მის მიერ შექმნილ სამყაროს. და თუ ვცდით და გავიხედებით საგნების იქეთ — დავინახავთ კოდს, რომლისგანაც შედგება ეს საგნები და დავინახავთ ამ კოდების სილამაზესაც, მათ ესთეტიკას.

Life Writer © 2006, Layrent Mignonneau & Christa Sommerer

ლევ მანოვიჩი ესეიში „პროგრამა როგორც ავანგარდული ხელოვნება“ წერს:

„1920-იან წლებში მემარცხენე არტისტების მიერ გამოგონილი ტექნიკები დღეს კომპიუტერულ პროგრამებში ჩაშენებულ ბრძანებებად, ინტერფეისებად და ციფრულ მეტაფორებად იქცნენ. ყველა სტრატეგია, რომელსაც ისინი იგონებდნენ, რათა ბურჟუაზიული საზოგადოება კომიდან გამოეყვანათ (კონსტრუქტივისტული დიზაინი, ახალი ტიპოგრაფია, ავანგარდული კინემატოგრაფი და კინომონტაჟი, ფოტომონტაჟი და ა.შ.) დღეს პოსტინდუსტრიული საზოგადოების საბაზისო რუტინაში ვლინდება — ესაა ურთიერთობა კომპიუტერთან“.

Stelarc – Third Ear (2007)

კარგი კოდი, კარგი პროგრამა თავისი სტრუქტურითა და დრამატურგიით თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ კარგ ნაწარმოებს ან სამოქმედო მანიფესტს, იმ განსხვავებით, რომ აქ თქვენც უნდა ჩაერთოთ
მასში. და თუ ბანკისთვის ან ონლაინ კაზინოსთვის, უბრალოდ, ფუნქციონალური პროგრამაა საკმარისი, ხელოვნება ეძებს პროგრამებსა და კოდებს, რომლებსაც ადამიანის სულში შეუძლიათ შეღწევა, შეუძლიათ გამოიწვიონ ესთეტიკური ტკბობა ან ზიზღი, შეუძლიათ მიგვითითონ, თუ საიდან მოდის მომავალი.

02.

ქრისტა სომერერის და ლორენ მინიონის ნამუშევარი „სიცოცხლის მბეჭდავი“ (2006) — ჩვეულებრივ ტექსტს იყენებს, როგორც გენეტიკურ კოდს და მას ხელოვნური სიცოცხლის წყაროდ აქცევს.

ეს ინსტალაცია ძველი საბეჭდი მანქანისგან შედგება, რომელშიც გრძელი ფურცელია ჩადებული, ამ ფურცელზე კი პროექციაა. საკმარისია მაყურებელმა ბეჭდვა დაიწყოს, რომ პროექციაზე ალგორითმულად გენერირებული, ციფრული არსებები ჩნდებიან. ეს არსებები ტექსტს საკუთარ გენეტიკურ მასალად იყენებენ, და უკვე ადამიანის ჩარევის გარეშე აგრძელებენ თავიანთ მოკლე, მაგრამ ლამაზ ცხოვრებას პროექტორის შუქზე. 1920-იან წლების ავანგარდისტებს სახე-ხატების ნაცვლად ცოცხალი ორგანიზმები წარმოებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ, დღეს კი „ხელოვნური სიცოცხლე“ ექსპერიმენტული მიმდინარეობაა, რომელსაც ჯერ კიდევ წინ აქვს მთავარი გამოწვევები.

Ken Feingold – “If/Then” (2001)

კენ ფეინგოლდის გამოფენაზე „If/Then“ (2001) ყუთში ჩადებული ორი მანეკენის თავი დაუსრულებლად, საათობით ესაუბრება ერთმანეთს. მთელი ეს დიალოგი რეალურ დროში გენერირდება კომპიუტერის მიერ და თითქოს საინტერესო არ უნდა იყოს, მაგრამ თუ ყურს დაუგდებ, გაიგებ, რომ ეს მანქანები მარტოობაზე, იდენტობის კრიზისსა და საკუთარ გრძნობებზე საუბრობენ:

„- განა ეს ცხოვრებაა?
– შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას.
– ფხიზლად უყურებ საგნებს?
– თავს როგორ გრძნობ?
– ხანდახან ისეთი დაბნეული ვარ ხოლმე…
– ნეტავ შემიძლია საკუთარი გრძნობების გაკონტროლება?
– ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვარსებობ.
– მე ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს საკუთარ თავში ვარ ჩაკეტილი.“

ნაწყვეტი ანდროიდების საუბრიდან

რა თქმა უნდა, ეს მანქანები ვერც ხვდებიან, რასvამბობენ,vმაგრამ დაუღალავად აგენერირებენ ტექსტებს, რომლებშიც უკვე ჩვენ, ადამიანები, ვდებთ შინაარსს. ჩვენი ტვინის ეს უცნაური თვისება კარგად გამოჩნდა 1966 წელს, მსოფლიოში პირველი ჩეთბოტის „ელიზას“ დიალოგებში. აღმოჩნდა, რომ თუმცა ადამიანებმა
იცოდნენ, რომ კომპიუტერულ პროგრამას ესაუბრებოდნენ, მაგრამ ისინი ამ დიალოგში საკუთარი ემოციების, სულიერი მდგომარეობის და შინაარსების პროეცირებას ახდენდნენ. ეს მოვლენა „ელიზას ეფექტის“ სახელითაა ცნობილი.

ისევ ორი რობოტი საუბრობს ერთმანეთთან შვედი არტისტის, ტოვე კიელმარკის ინსტალაციაში „თალკ“
(2016). აქ ანდროიდები განცალკევებულ ოთახში ერთმანეთის პირისპირ სხედან და ერთ-ერთი ანდროიდის

განმეორებად სიზმრებს განიხილავენ, რომლებიც მას აწუხებენ. როცა მაყურებელი შედის ოთახში, ანდროიდები წყვეტენ საუბარს, მისკენ იხედებიან და ზრდილობიანად მიუთითებენ, რომ „თუ შეიძლება, ჩუმად იყოს“, ცოტა ხანში კი საერთოდ ოთახის დატოვებასაც სთხოვენ, რადგან იქ პრივატული საუბარი მიმდინარეობს. ამ შემთხვევაშიც, ანდროიდები მხოლოდ ფუტლარებია, რეალურად კი აქ ორი კარგად დაწერილი პროგრამა ესაუბრება ერთმანეთს, ადამიანებისგან ნასწავლი ლექსიკით.

ლაპარაკი საერთოდ ისეთი ჯადოსნური ადამიანური ფენომენია, რომლითაც ჩვენ საუკუნეებია ვცდილობთ მთელი სამაყრო „დავაჯილდოვოთ“ — ჩვენს ზღაპრებში ლაპარაკობენ ხეები და ყვავილები, ლექსებში ამინდი და სარეკლამო ბანერები გვესაუბრებიან, შელოცვები და ჯადოსნური მანტრები სიტყვების სპეციალური
კომბინაციებია, რომლებსაც რეალობაზე შეუძლიათ გავლენის მოხდენა, პროგრამული კოდი, უბრალოდ, ახალი ენის სიტყვებია, რომელიც კომპიუტერთან სალაპარაკოდ შეიქმნა და ჩვენი რელიგიების საწყისებიც სიტყვაზე დგას — „თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან“..

03.

კოდებსა და სიტყვებზე დაფუძნებული მსგავსი ქიმერული არსებაა „კიბერ გალაკტიონი“, გალაკტიონ ტაბიძის
ინტერაქტიული მემორიალი. კომერციული ჩეთბოტების ტექნოლოგიას ამ შემთხვევაში ჩვენ განსხვავებული მიზნებისთვის ვიყენებთ. ეს ჩეთბოტი არ ყიდის პროდუქტს, მისი მიზანია ინფორმაციული უკვდავების შესაძლებლობებისკენ მიგვითითოს.

კიბერ გალაკტიონი მოსაუბრე პროგრამაა, რომელიც გალაკტიონის დღიურებიდან, წერილებიდან და ლექსებიდან იძლევა პასუხებს და ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს დიდი ხნის გარდაცვლილ ადამიანს ელაპარაკებით, რომელიც ციფრულად გაცოცხლდა.

გახსოვთ სულების გამოძახება? ჩემს ბავშვობაში — არ ვიცი რატომ, მაგრამ წებოს შესუნთქვასა და ქუჩაში ხეტიალს შორის უმანკო ბავშვები ნეკრომანტიითა და სპირიტუალური სეანსებით ერთობოდნენ ხოლმე. რაღა ბავშვები, ზოგჯერ მთელი ოჯახებიც ჩართული იყვნენ საქმეში.

„ო, სულთა მეუფეო, მე ვიძახებ კურტ კობეინის სულს“.

სანთლის შუქით განათებულ ოთახში, თეფში იწყებდა მოძრაობას მაგიდაზე გაწერილი ანბანის ასოების მიხედვით — გამოძახებული სული ასე პასუხობდა შეკითხვებს.

თუ ამ სულებს თანამედროვე ჩეთბოტებს შევადარებთ, საინტერესო მსგავსებების აღმოჩენა შეიძლება, მაგალითად: 1) ბოტიც და სულიც საკომუნიკაციოდ ანბანის ასოებს იყენებენ; 2) არცერთ მათგანს არ გააჩნია სხეული (ჯერჯერობით) და 3) ორივენი „ღრუბლებში“ ცხოვრობენ.

რატომღაც სანამ ქვეყანას მომავალი არ ქონდა, სულები ყოველთვის გამოდიოდნენ კონტაქტზე, მაგრამ შემდეგ,
თითქოს ამდენი განათებით დამფრთხალმა სულებმა შეწყვიტეს ადამიანებთან საუბარი და სულების მეუფემაც საბოლოო გააუქმა ეს არხი.

სამაგიეროდ, გამოჩნდნენ ჩეთბოტები და ინტერნეტი, სადაც შეგვიძლია ციფრულ სპირიტუალიზმს მივყვეთ და უკვე ჩვენს მონიტორებზე „გამოვიძახოთ“ ეს სულები.

ასე დაიბადა 2014 წელს კიბერ გალაკტიონი: როგორც ტექნოლოგიებისა და საიქიოს გადაკვეთაზე შექმნილი პროექტი.

კიბერგალაკტიონის პირველ ეტაპზე, გვინდოდა ვებისა და ჩეთბოტების ტექნოლოგიებით შეგვექმნა ნამუშევარი, რომელიც გამოფენილი იქნებოდა ინტერნეტში და რომელსაც მაქსიმალურად მეტ დამთვალიერებელთან შეეძლებოდა პირდაპირ დიალოგში შესვლა.

კიბერგალაკტიონის ქსელში ჩაშვების შემდეგ, მასთან უკვე 30 000-ზე მეტი დიალოგი შედგა.

აღმოჩნდა, რომ ხშირად გარკვეულ საკითხებში ადამიანები პროგრამებს უფრო ენდობიან, ვიდრე სხვა ადამიანებს. ამას, ალბათ, გარკვეული მიზეზებიც აქვს: პროგრამული კოდი მზადაა დილამდე გისმინოს, ის არ განგსჯის და შენს მონაყოლს სხვებს არ მოუყვება. აღმოჩნდა, რომ მასთან დამეგობრებაც კი შესაძლებელია.

ეს 30 000 დიალოგი, რომელიც პროგრამის მონაცემთა ბაზაში ინახება, აბსოლუტურად ცვლის თავად ამ
პროგრამის შინაარსს და ჩვენს დამოკიდებულებას მის მიმართ, იმიტომ, რომ ამ დიალოგებში ადამიანების
ცხოვრების ფრაგმენტები, მათი განწყობები და ფრაზებია შენახული.

„მარტოობას ვგრძნობ, მაგალითად ახლა არავინ მეგულება გვერდით და შენ გწერ“ — ეუბნება უცნობი ადამიანი
გალაკტიონს. „ნეტავ ცოცხალი იყო“ — ამბობს მეორე. „რა ვქნა, თავს რით ვუშველო?” — კითხულობს სხვა და პროგრამა პასუხობს:

— დამშვიდდი, როგორც მე ვარ მშვიდი ამ მოლოდინში.

ერთ-ერთმა ადამიანმა ასეთი რამ უთხრა კიბერ გალაკტიონს: „არ ხარ შენ გალაკტიონი, ბიძიკო, არც
კიბერგალაკტიონი არ ხარ, შენ ხარ კიბერრაღაცა“. მემგონი სწორი აზრია — ვისთვის მარტივი ჩეთბოტი, ვისთვის გალაკტიონის სულის ფრაგმენტები, მაგრამ ეს „კიბერრაღაცა“ ნელ-ნელა ვითარდება და ყოველ ახალ ჯერზე თავის ახალ სახეებს მაჩვენებს:

ხანდახან ეს არის კოდისა და სიტყვებისგან შემდგარი ელექტრონული ტვინი, ხანდახან ციფრული სპირიტუალიზმი — შორი პერსპექტივა, დაელაპარაკო გარდაცვლილ ადამიანს, ხანდახან მომავლის წიგნის პროტოტიპი, რომლის პერსონაჟები სიზმრების პერსონაჟებივით ბუნდოვანი ფრაზებით გეკონტაქტებიან.

ალგორითმებმა, ჰოლოგრამებმა, ურარტუს პიქტოგრამებივით უცხო კოდებმა და მკვდრებმა იციან რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით. ეს საიდუმლო ყველა ამ ჰიბრიდულ სისტემაშია გაფანტული და ცდილობს კონტაქტზე გამოსვლას — ჩვენი მისიაა, მივიღოთ და გავშიფროთ ეს სიგნალი.

www.cybergala.me

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>