„ვიზუალური დიპლომატია. ბრიტანული ხელოვნება, თბილისში ბრიტანეთის საელჩოში “

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამხატვრო კოლექცია (GAC) ბრიტანული ხელოვნების მსოფლიოში ყველაზე დიდი, ყველაზე გაფანტული კოლექციაა. კოლექცია ხუთი საუკუნის 14,000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშს მოიცავს და წარმოდგენილია ბრიტანეთის 300-ზე  მეტ სამთავრობო შენობაში მთელს მსოფლიოში ბრიტანეთის ხელოვნების პოპულარიზაციის და შესაბამისად, კულტურულ დიპლომატიაში წვლილის შეტანის მიზნით.
 
2010 წელს არქიტექტორი მაიკლ უილფორდი, რომელმაც თბილისში ბრიტანეთის საელჩო დააპროექტა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა GAC-ის კურატორებს, რათა განეხილათ შენობაში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. მხოლოდ 2017 წლის მარტში გახდა შესაძლებელი მოწყობილიყო ისეთი გამოფენა, რომელიც შენობის თანამედროვე სტილს შეეფერება.
 
ნამუშევარი, რომელიც უკავშირდება  შექსპირს; პოეტური კავშირი ენასა და პეიზაჟს შორის; ტრადიციული და თანამედროვე სტილით გამოვლენილი ბოტანიკური ნახატები; ასევე კინო (დაკავშირებული ქართული კინოს ისტორიასთან) და ხელოვანი ფილიდა ბარლოუს ნამუშევარი, რომელიც ამჟამად წარმოადგენს გაერთიანებულ სამეფოს 2017 წლის ვენეციის ბიენალეზე – ეს ყველაფერი წარმოდგენილია  ცოცხალ და დინამიურ გამოფენაზე თბილისის ბრიტანეთის საელჩოში.

ედრიენ ჯორჯი – დირექტორის მოადგილე, უფროსი კურატორი.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამხატვრო კოლექცია

დამატებითი ინფორმაციისთვის ბრიტანეთის მთავრობის სამხატვრო კოლექციის შესახებ იხილეთ ვებგვერდი

www.gac.culture.gov.uk

© Julian Trevelyan

ჯულიან ტრეველიანი (1910 – 1988)
როგორც გენებოთ, 1964

ტრეველიანი ინგლისურს კემბრიჯში სწავლობდა, იყო თანამედროვე ფილოსოფიის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. მან უნივერსიტეტი ადრე მიატოვა მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო. 1931 წელს ის პარიზში წავიდა, სადაც სტენლი უილიამ ჰეიტერის სტუდენტი იყო. 1934 წელს ინგლისში დაბრუნებისას მან სიურიალისტური ნამუშევარი გამოფინა და 1936 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სიურეალისტურ გამოფენაში. თუმცა 1938 წლისთვის მიატოვა ეს მიმართულება და მონაწილეობას იღებდა საერთო ეროვნულ პროექტში, სადაც მხატვრები ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ტრეველიანმა კამუფლაჟის მხატვრობას მიჰყო ხელი და ბევრს მოგზაურობდა აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში. ათ წელზე მეტხანს ასწავლიდა ხელოვნების სამეფო კოლეჯში და 1986 წელს ხელოვნების სამეფო აკადემიის უფროსი აკადემიკოსი გახდა – სიკვდილამდე ორი წლით ადრე. მისი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ კოლექციაში ინახება.

 

© Phyllida Barlow

ფილიდა ბარლოუ (დაბ. – 1944)
უსათაუროდ: ნატრიუმის ნაგვის ყუთები (sodiumlitbins), 2010

ცოცხალი ფერის გამოყენებით ასევე მძაფრი ფერის ფონზე, სკულპტორი ფილიდა ბარლოუს ნახატი (და სათაური), რომელიც წარმოადგენს ორ დიდ სანაგვე ყუთს, ყურადღებას ამახვილებს ნატრიუმის ინტენსიურ ყვითელ ფერზე, განსაკუთრებით გაცხელებისას. მისი ნახატები, ჩვეულებრივ, სერიებადაა წარმოდგენილი და როგორც მის ქანდაკებებში, გამოყენებულია ექსპერიმენტული მიდგომა იდეებისადმი და პროცესებისადმი. ამავე დროს, ჩანს გავლენა მის მიმართულებებზე, როგორიცაა არტე პოვერა, პოპ არტი და ახალი ბრიტანული სკულპტურა.

ბარლოუმ თავისი მუშაობის და ხანგრძლივი პედაგოგიური კარიერის მანძილზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ახალგაზრდა თაობის მხატვრებზე. სლეიდის სამხატვრო სკოლაში, სადაც ის 40 წლის განმავლობაში ასწავლიდა, მისი მოსწავლეები იყვნენ თერნერის პრიზის მფლობელი და ნომინანტი მხატვრები რეიჩელ უაითრედი და ტასიტა დინი. 2014 წელს „ტეიტ ბრიტანეთმა“ ბარლოუს შეუკვეთა სკულპტურული ნამუშევარი დიუვინის გალერეებისთვის, რასაც მოყვა აღმასვლა მის კარიერაში.

ბარლოუ არის ჩარლზ დარვინის შვილთაშვილი და მწერალ მერვინ პიკის შვილის, ფლორიან პიკის მეუღლე. ედი პიკი, ბარლოუს ვაჟიშვილი, არის ბრიტანული ხელოვნების ამჟამინდელი enfant terrible, ხოლო ქალიშვილი ფლორენსი თანამედროვე პერფორმანსის სფეროში მოღვაწეობს. 2011 წელს ბარლოუ სამეფო აკადემიის წევრი გახდა, ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში. 2015 წელს ედინბურგში, ფრუთმარკეტ გალერეაში გაიხსნა მისი დიდი პერსონალური გამოფენა. 2017 წელს ბარლოუ წარმოადგენს ბრიტანეთს ვენეციის ბიენალეზე.

   

© Marc Quinn

მარკ ქუინი (დაბ. – 1964)
უსათაუროდ (1 – 8) – სერიიდან  „პეიზაჟების პორტრეტები“, 2007

სერიაში „პეიზაჟების პორტრეტები“ ქუინი ხილისა და ყვავილების მსხვილი პლანით მოწოდებით ცდილობს წარმოაჩინოს სილამაზე იმ სახით, როგორიც ის ბუნებაშია. ხელოვნების ამ ნამუშევრების შესაქმნელად მან დაიწყო სხვადასხვა ჯიშის ყვავილების ნატიურმორტების შექმნა, მათ შორის ტიტების და ზამბახების, მარწყვთან ერთად. შემდეგ ყვავილებს და ხილს ხელოვნური თოვლი შეაშხეფა. ქუინმა ციფრული ფოტო გადაიღო. ბეჭდვის პროცესში პიგმენტური მელნის გამოყენების შედეგად ფოტოებმა უჩვეულოდ ინტენსიური ფერი მიიღო. „პეიზაჟების პორტრეტების“ სერიის მასშტაბი აძლიერებს მათ დრამატულობას. ყვავილები ბუნებრივზე მნიშვნელოვნად უფრო დიდი ზომის არის და ინტენსიურ ფერებთან ერთად მათი გამოსახულებები გადაჭარბებული შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა არა თბილისის ბრიტანეთის საელჩოს მშვიდ თეთრ სივრცეში, სადაც ფერი ენერგიას და დინამიკას მატებს.

ქუინი ლონდონში დაიბადა, 1982-1985 წლებში კემბრიჯში სწავლობდა  ისტორიას და ხელოვნების ისტორიას. ნამუშევარი წარმოადგინა მრავალ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებზე, მათ შორის „ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვრები II“, საატჩის გალერეაში, ლონდონში (1993) და ავად ხსენებულ გამოფენაზე „სენსაცია“ სამეფოში აკადემიაში, ლონდონში (1997). ვენეციის ბიენალეზე მან გამოფინა გიგანტური ლითონის ყვავილი. უნარშეზღუდული მხატვრის ელისონ ლაპერის ქანდაკება კი წარმოდგენილი იყო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე.

   

© Michael Landy

მაიკლ ლენდი (დაბ. – 1963)
Thale Cress ჩვეულებრივი თავყვითელა 1, ჩვეულებრივი თავყვითელა 2 და Smooth Hawksbeard „კვების პორტფოლიოდან“, 2002 

„კვების პორტფოლიო“ არის 12 გრავიურისგან შემდგარი კრებული, რომელთაგან თითოეული ასახავს სარეველა ბალახს, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული ბრიტანეთში. ამ გრავიურებიდან ოთხი წარმოდგენილია ბრიტანეთის საელჩოში, თბილისში. მაიკლ ლენდი მცენარეებს აგროვებდა მივარდნილ ტერიტორიაზე ლონდონის რაიონში, სადაც ის ცხოვრობს. ამ მცენარეებს ის აღწერს, როგორ „ქუჩის ყვავილებს“, რომლებსაც „არ სჭირდებათ ბევრი საზრდო; შეუძლიათ მკაცრ პირობებში 
არსებობა. მე მომწონს მცენარის ანალოგი, რომელიც ქუჩაში პატარა ნაპრალებში ცხოვრობს“.

2002 წლის მარტიდან ოქტომბრამდე ლენდი სახლში უვლიდა სარეველებს, რომ საფუძვლიანად შეესწავლა. მან გამოსახულებები დაიტანა სპილენძის ფირფიტებზე, რომ საბოლოო გრავიურები შეექმნა. ნახატების სიფაქიზე უპირისპირდება სიუხეშეს, რომელიც სარეველებთან ასოცირდება, და ამასთან ერთად გვაგონებს ბოტანიკურ, ფარმაცევტულ ნახატებს, რაც მიანიშნებს, რომ ბევრი „სარეველა“სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენებოდა. ყურადღების ამგვარი მიპყრობით მცენარეებზე, რომლებიც მოვლის გარეშე არსებობენ ურბანულ გარემოში, ნახატები ასევე მიანიშნებს ორმაგ ბუნებაზე: სიმახინჯე / სილამაზე, სიხისტე / სიფაქიზე, ქალაქი / სოფელი.

სტუდენტობის ბოლო წელს გოლდსმიტის კოლეჯში ლენდმა მონაწილოება მიიღო გამოფენაში „ფრიზი“ (Freeze), ინოვაციურ გამოფენაში, რომელიც მოეწყო სამხრეთ ლონდონის საწყობში, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვრის კარიერა დაიწყო. მათ შორის იყვნენ დემიენ ჰერსთი, სარა ლუკასი და გერი ჰიუმი. მას შემდეგ ლენდი ხშირად აწყობდა პერსონალურ გამოფენებს და მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში საერთაშორისო მასშტაბით.

© Hamish Fulton

ჰემიშ ფალტონი (დაბ. – 1946)
პორტფოლიო „ათი ნაბიჯი ცისარტყელისკენ“, 1993

ჰემიშ ფალტონის ნამუშევრების ეს პორტფოლიო შთაგონებულია ათი გასეირნებით შოტლანდიაში კერნგორმის მთებში 1985 და 1993 წლებში – ყოველი მათგანი შვიდი დღე გრძელდებოდა. ფალტონის შეხედულებით, შვიდი საკრალური რიცხვია და ეს გამოხატულია სათაურში – ცისარტყელას შვიდი ფერით და სიტყვა rainbow-ს (ცისარტყელა) შვიდი ასოთი. ფალტონის ნამუშევრების შინაარსი ხშირად ეხება დროს, მანძილს და ბუნებას.

ფალტონი თავის თავს „ფეხით მოსიარულე მხატვარს“ უწოდებს, რომლის საქმიანობაც პირდაპირ უკავშირდება პეიზაჟს. ის იყენებს ფოტოგრაფიასა და ბეჭდვას, როგორც კომუნიკაციის საშუალებას და გარემოსთან ურთიერთობის ეფემერული შთაბეჭდილების აღსაბეჭდად.

ჰემიშ ფალტონი 1960-იანი წლების ბოლოს სწავლობდა წმინდა მარტინის ხელოვნების სკოლაში და ხელოვნების სამეფო კოლეჯში. 1969 წელს ის გაემგზავრა სამხრეთ დაკოტაში და მონტანაში, სადაც მიხვდა, რომ ხელოვნება გულისხმობს სიცოცხლის განჭვრეტას და არა მხოლოდ საგნების წარმოებას. 1969 წლიდან ფულტონმა მოიარა დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. ბოლო დროს პერსონალური გამოფენები ჰქონდა ჟოზე ბიენვენიუს გალერეაში, ნიუ-იორკში და გალერეა რიისში, ოსლოში (2016).

\

© Heather and Ivan Morison 

ჰეზერ და ივან მორისონები (ჰეზერ პიკი, დაბ. – 1973; ივან მორისონი, დაბ. – 1074)
დალუქული შენობის გვერდით 

შენობის შიგნით ის წარმოიდგენს თავის მეუღლეს და ქალიშვილს სერიიდან „დანები არის დედები“, 2014

ეს ორი დიპტიხი არის ინსტალაცია სახელწოდებით „დანები არის დედები“, რომელშიც ფოტოების წყვილები ეხამება შესაბამის ქანდაკებებს და  ქმნის საინტერესო და რთულად აღსაქმელ შინაარსს. ფოტოებს აქვს წითელი შუშისგან დამზადებული პანელები, რომლებიც პირით არის გაბერილი გრძელ ბუშტებად  და გაბრტყელებული ტირიფის ხის ბლოკით. შუშა გამოსახულებას ქანდაკების შესახედაობას აძლევს – ბუშტების ფენები და ხარვეზები გარკვეულწილად ბუნდოვანს ხდის მის ქვეშ მოთავსებულ გამოსახულებას. ჩარჩოების უსწორმასწორო ფორმაც ასევე მატებს გამოსახულებებს სკულპტურულ ელემენტს.

მორისონები ერთობლივი საქმიანობით ცდილობენ დაძლიონ საზღვრები ხელოვნებას, არქიტექტურასა და თეატრს შორის. მათი ნამუშევრები ცნობილი გახდა 2001 წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გამოგზავნილი ღია ბარათების სერიით: მაგალითად, ტრანსილვანიაში კარპატების მთებიდან გამოგზავნილ ღია ბარათზე წერია „ჰეზერ მორისონს ძალიან ეშინია. ივანმა თქვა, რომ მასთან ის უსაფრთხოდ იქნებოდა, მაგრამ სწორედ მის გამო წავიდა რისკზე“. იმავე წელს ივანმა აიღო ნაკვეთი ედგბასტონში, ბირმინგემში და დაიწყო რეგულარულად ცნობების მიწოდება მოსავლიანობაზე, ხახვის მდგომარეობაზე და ცოცხალ ბუნებაზე თავის ბაღში.

ჰეზერ პიკი დაიბადა დესბოროუში, გაერთიანებულ სამეფოში, ივან მორისონი კი სტამბულში, თურქეთში. ისინი ამჟამად ცხოვრობენ და მუშაობენ ბრაიტონსა და ჩრდილოეთ უელსში.

 

შენიშვნა: სტატიაში განთავსებული ფოტოების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად, მხოლოდ ამ ჟურნალის ონლაინ/ბეჭდურ ვერსიებში. ფოტოების სხვაგვარად გამოყენება, ბეჭდვა თუ გამრავლება იკრძალება

ფოტოები: დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამხატვრო კოლექცია

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>