“კაცები ზრუნავენ” გენდერული თანასწორობისთვის

„საჭმელს ამზადებს მამაკაცთა მხოლოდ 14 %, ტანსაცმელს რეცხავს მამაკაცთა მხოლოდ 13 %, სახლს ალაგებს მამაკაცთა მხოლოდ 12 %, მოზარდი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში (იგულისხმება სასკოლო პროცესში მონაწილეობა, წიგნის ყოველდღიურად წაკითხვა, ბავშვებთან პრობლემებზე საუბარი) ჩართულია მამების მხოლოდ 5 %“ – ეს საქართველოს რეალობაა, სტატისტიკა, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევა „კაცები და გენდერული ურთიერთობები“ გვაწვდის. ამ ციფრების მიღმა კი ჩვენი საზოგადოება დგას, ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპებით, ქალებსა და კაცებს შორის საგულდაგულოდ გადანაწილებული საქმით, ქალებით, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება, საკუთარი ცოდნა და განათლება საზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარონ, კაცებით, რომელთაც დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით, მზრუნველი მამები, პარტნიორები და მეუღლეები იყვნენ და ბავშვებით, რომელთათვისაც ორივე მშობლის ყურადღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორც კვლევებით დასტურდება, საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის თქმით, დაყოფა – „ქალური“ და „მამაკაცური“ საქმე ჯერ კიდევ არსებობს. სახლის დალაგება, რეცხვა, დაუთოვება, ბავშვის მოვლა ქალის საქმედ ითვლება. საოჯახო საქმეების მთელი სიმძიმის საკუთარ თავზე აღება ქალებს უხდებათ, რის შედეგადაც ისინი კარიერულ წინსვლას და განვითარებას ვეღარ ახერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, მამაკაცებთან შედარებით, უმაღლესი განათლება 27 %-ით მეტ ქალს აქვს მიღებული და ქალების 50 % დასაქმებულია, ისინი იშვიათად არიან წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. ქალებს არა აქვთ საშუალება, თანასწორად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და პოლიტიკურ უფლებამოსილებებს ინაწილებდნენ. ქალების დიდ ნაწილს ორი სამსახური აქვს: ოჯახის მოვლა და მისი ფინანსური უზრუნველყოფა. თუმცა მამაკაცების ჩართულობა საოჯახო საქმეებში არ გაზრდილა. 

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი სტერეოტიპების წინააღმდეგაა მიმართული ფოტოგრაფ მარი ნაკანის ფოტოპროექტი, რომელიც საოჯახო შრომის თანაბარი გადანაწილებისა და შვილების აღზრდაში თანასწორი ჩართულობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ფოტოგრაფის ობიექტივში ის მამაკაცები მოხვდნენ, რომლებიც თვლიან, რომ „ქალური“ და „კაცური“ საქმე არ არსებობს და ჰარმონია მხოლოდ ურთერთპატივისცემით და თანასწორობით მიიღწევა. ფოტოპროექტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველოში გენდერული როლები ყოველდღიურად იცვლება, ამიტომ დროა, დავამარცხოთ სტერეოტიპები და გავიაზროთ, რომ ოჯახური, სამსახურებრივი და პოლიტიკური ცხოვრება ყველასათვის გაუმჯობესდება, თუკი ქალები და კაცები პასუხისმგებლობებს თანაბრად გაინაწილებენ.

ფოტოპროექტი კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მონაწილეების ჩართულობით შედგა. კამპანიას გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care ახორციელებენ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს. 

ფოტოპროექტი ეძღვნება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. 

ირაკლი გაფრინდაშვილი 

დათო გორგილაძე 

ლიზა და მირიან ჯუღელები 

თომა და ვაკო ქვაჩახიები 

ბახვა ბრეგვაძე 

ფოტო : მარი ნაკანი 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>