მამუკა ხაზარაძე – „საქართველო უახლოეს 10 წელიწადში გახდება ადგილი, სადაც საერთაშორისო ბიზნესი შეიკრიბება“

რა მიზნებს ემსახურება თიბისი ბანკის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტები?

– მე ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება ახალი ენერგია და ამ ენერგიის თავმოყრა, დღეს ეს ენერგია არსებობს, მაგრამ გაფანტულად. ბიზნეს-იდეების მხრივ, ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოტენციალია, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც იწყებს სტარტაპს. ჩვენი ინიციატივები ხელს უწყობს ამ იდეების გენერირებას და ერთად შეკრებას. თამამად ვიტყვი, რომ ახალი ბიზნეს-თაობის ჩამოყალიბების პროცესში თიბისი ბანკი ავანგარდში დგას.

ნებისმიერ კარგ საქმეს სჭირდება მხარდამჭერი, შემფასებელი, დამფასებელი და თუნდაც, მხარში ხელის წამომრტყმელი, ვინც გეტყვის, რომ სწორ გზაზე დგახარ. ვფიქრობ, თიბისი ბანკი ზუსტად ამ ფუნქციას ასრულებს და ძალიან ბევრ ადამიანს უჩენს სურვილს, რომ მასაც შეუძლია წამოიწყოს მსგავსი საქმე, მასაც შეუძლია მიაღწიოს წარმატებას და ის მარტო არ იქნება ბიზნესის აწყობის ამ ძალიან რთულ გზაზე.

რა დაგანახათ პროექტებმა „ბიზნესდაჯილდოება“ და „სტარტაპერი“?

– ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა და ისეთ ნიჭიერ ხალხს, როგორიც ქართველები არიან, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სჭირდებათ გარკვეული პლატფორმებით ნიადაგის შექმნა, სადაც ისინი თავის იდეებს თუ ენერგიას გააათმაგებენ და შექმნიან ძალიან საინტერესოს როგორც თავისთვის, ასევე თავიანთი ოჯახებისა და ქვეყნისთვის.

ის უზარმაზარი ენერგია, რომელიც ამ ხალხშია თავმოყრილი, ხვალ-ზეგ დიდ საქმიანობად, საწარმოებად, ბიზნესებად გარდაიქმნება. მე ამას უფრო შორი პერსპექტივით ვუყურებ. საქართველო უახლოეს 10 წელიწადში გახდება ადგილი, სადაც საერთაშორისო ბიზნესი შეიკრიბება. სწორედ ჩვენი სტარტაპერის მონაწილე ახალგაზრდები განახორციელებენ ინვესტიციას სხვა ქვეყნებში. მე მჯერა ამ ანტრეპრენერული სულისკვეთების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად „დააბერტყა“ ღმერთმა ადამიანებს.

დღეს რომ იწყებდეთ ბიზნეს-საქმიანობას, რას გააკეთებდით?

– ახლა რომ ვიწყებდე, ალბათ, აუცილებლად შევუდგებოდი ანაკლიის პროექტს. ეს არის ზუსტად ისეთივე სტარტაპი, როგორიც ნებისმიერი სხვა. როდესაც ანაკლიაზე ფიქრი და მუშაობა დავიწყეთ, არ გვქონდა საწყისი კაპიტალი, უბრალოდ გვქონდა იდეა. არის დიდი ტერიტორია, სადაც დღეს ნაწილობრივ ჭაობია. ბოლო 3 წლის განმავლობაში მოვახერხეთ ინვესტიციების მოზიდვა. ვიპოვეთ ოპერატორი კომპანია — ამერიკული „კონტი ჯგუფი“. გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები ჩინელებთან. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ გრანდიოზულ პროექტს. დასაწყისში კი იყო ნულოვანი დონე. სტარტაპი არ ნიშნავს, რომ პატარა ან დიდი იდეა არ გადაიქცევა ძალიან დიდ კომპანიად ან პროექტად. სწორედ ეს არის სტარტაპის მთელი ხიბლი. მთავარია, იდეა იყოს ძლიერი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იდეა სჭირდებოდეს გარშემომყოფ ადამიანებს. სწორედ ეს არის ნებისმიერი ბიზნესის არსი, იქნება ეს მობილური ტელეფონი, ტელევიზორი თუ პორტი.

თუ იდეა ემსახურება არა ასეულობით, არამედ მილიონობით ადამიანს, ის ძალიან გრანდიოზულია.ყველაფერ ამას საბოლოო ჯამში სჭირდება ერთი, ორი ან სამი კაცის ენთუზიაზმი და თავდაუზოგავი შრომა, რომ ეს იდეა პროექტად იქცეს. გაიხსენეთ ნებისმიერი დიდი პროექტი — მარკ ცუკერბერგის, ბილ გეითსის, ან Apple-ის ისტორიები. თითოეული მათგანი იწყებოდა მანქანის სადგომზე, 40 ან 20 კვადრატული მეტრის მქონე ტერიტორიაზე და ახლა ეს კომპანიები, სულ რაღაც 15-20 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად დომინანტი კომპანიები არიან თავიანთ სფეროში. უფრო მეტიც, მათ გახსნეს აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობები, რომლებსაც აქამდე ვერავინ ხედავდა.

ბიზნესში წარმატების ფორმულა თუ არსებობს და როგორია ის თქვენთვის?

– ცოტა ხნის წინ წავიკითხე ფლობერის ფრაზა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს — „ნიჭი არის უტეხი დისციპლინა და ულევი მოთმინება“. ძალიან სწორი ფორმულირებაა იმისა,თუ როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას.

სამწუხაროდ, ხშირად გვესმის ფრაზები — „ნიჭიერია მაგრამ ზარმაცია“, „კარგად დაიწყო და ცუდად დაამთავრა“. ვფიქრობ, თუ ადამიანი გაიზიარებს ამ ძალიან ლაკონურად ნათქვამ ფრაზას, რომ დისციპლინა, ანუ ყოველდღიური მუშაობა და მოთმინება საქმის წარმატებულად დასრულების წინაპირობაა, ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ბიზნესი არის ახალი სხეული, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაზარდო, რასაც ძალიან სერიოზული მოთმინება სჭირდება. ბიზნესი ბავშვივით არის. როგორც ბავშვს, შესაძლოა,სურდო ან გრიპი შეხვდეს, ძალიან სწრაფად გაიზარდოს და ა.შ. ,დაახლოებით ასეთი ტიპის პროცესთან გვაქვს საქმე ბიზნესის მართვისას. ამ ყველაფერსსჭირდება დამოკიდებულება სერიოზული მშობლის გადასახედიდან, დიდი სიყვარული და მოთმინება.

როდის არის რისკი გამართლებული?

– ბიზნესი რისკის გარეშე არ არსებობს. თუ შემდგომი ნაბიჯის გადადგმის გეშინია, იმიტომ, რომ არ გააფუჭო აქამდე გადადგმული ნაბიჯები, მაშინ წინ ვერ წაიწევ.

თუმცა, ჩემი აზრით, არსებობს ერთი ფორმულა, რომელიც საყურადღებოა. როცა მიდიხარ რისკზე, აუცილებლად უნდა გქონდეს გეგმა 2. არ შეიძლება ისეთ რისკზე წახვიდე, რომლითაც შეიძლება დაანგრიო ის, რაც აქამდე შეგიქმნია. თუ რისკზე წასვლა გაამართლებს, ხომ კარგი; წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს მეორე, მესამე გეგმა, რომელზეც გადაერთვები და გააგრძელებ შენი დასახული მიზნისკენ სწრაფვას.

გაქვთ ოქროს წესები, რომელსაც არასოდეს გადაუხვევთ?

– ჩემი ოქროს წესია, ვიპოვო ძალიან ნიჭიერი, განათლებული ადამიანები და დავარწმუნო ისინი, გახდნენ ჩემი გუნდის წევრები.

ეს არის, ჩემი აზრით, ნებისმიერი საქმის მთავარი მამოძრავებელი ძალა. დიდი საქმე დიდ ენერგიას მოითხოვს და დიდ ენერგიასთან ერთად, სჭირდება ნიჭიერი, მომთმენი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, შეეჭიდონ სირთულეებს. თუ ადამიანი, ამ შემთხვევაში, ნებისმიერი ლიდერი, ახერხებს იმას, რომ მის გარშემო შემოიკრიბოს მასზე უფრო ნიჭიერი და ძლიერი ადამიანები, მაშინ საქმის პრაქტიკულად 80% გადაწყვეტილია, იმიტომ, რომ შენ ხარ იმ გუნდის ლიდერი,რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება.

როგორ იღებთ ახალ იდეებს?

– ადამიანებს, ზოგადად, აქვთ ახალი გამოწვევების, ცვლილებების და ისეთი იდეების შიში, რომლებმაც მათი მდგომარეობა შეიძლება შეცვალოს. ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. ახლა უფრო ნაკლებად, მაგრამ წლების წინ საკმაოდ ბევრ წინააღმდეგობას ვაწყდებოდი ამ მიმართულებით. ამიტომ, ჩემი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახალი იდეით მოდის, არის ის, რომ მას ამ იდეის განვითარებაში დავეხმარო.

რაც არ უნდა გიჟური იდეა იყოს, ვცდილობ, მას მივცე მიმართულება, რომ ეს იდეა არ მოკვდეს. თუ იდეა არ არის ძლიერი, ის აუცილებლად გაქრება.

რომელ სფეროში ხედავთ ბიზნესის განვითარების პოტენციალს საქართველოში?

საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებით. რამდენიმეს გამოვყოფ. პირველ რიგში, საქართველო შეიძლება იყოს საგანმანათლებლო კუთხით საკმაოდ საინტერესო ადგილი და მთელი რეგიონის ცენტრი, კერძო სკოლების, კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა და საზაფხულო სკოლების მიმართულებით. დიდი ბრიტანეთი ამის ძალიან კარგი მაგალითია. მთელი წლის განმავლობაში იქ ჩადიან ახალგაზრდები მთელი მსოფლიოდან. ვფიქრობ, ანალოგიური შეიძლება ჩვენთან გაკეთდეს.

ძალიან დიდ პერსპექტივას ვხედავ სამედიცინო მიმართულებით. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს უნიკალური კლიმატური შესაძლებლობები, თუ ამას დაემატება კარგი სამედიცინო მომსახურება და ცენტრები, ჩვენ გავხდებით სამედიცინო ტურიზმის ცენტრი მთელი რეგიონის მასშტაბით.

განათლებაც და მედიცინაც ინტელექტუალურ და სასწავლო პროცესებთან არის დაკავშირებული, რაც ასევე იწვევს საინტერესო დარგების (იქნება ეს ტექნოლოგიების თუ მეცნიერების) განვითარება, პროფესორების ჩამოყვანა, სასწავლო, სამედიცინო თუ არასამედიცინო ცენტრების შექმნა, სადაც მოწვეული იქნებიან ადამიანები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან.

რადგან ახალი თაობა რამდენიმე ენაზე საუბრობს, რაც გადამწყვეტი ფაქტორია დღევანდელ მსოფლიოში, ამ მიმართულებით ჩვენ უდიდესი პოტენციალი გვაქვს. მე აღარ ვლაპარაკობ ისეთ ტრადიციულ დარგებზე, როგორებიცაა ტურიზმი და მეღვინეობა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ მეღვინეობაში ძალიან დიდი გზაა გასავლელი.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო გადავაქციოთ ჰაბად, რა მიმართულებითაც ახლა ჩვენ ვმუშაობთ. ანაკლიის პროექტი ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა იმისას, რომ საქართველო გადავაქციოთ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად. ეს ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ დიდი სადისტრიბუციო კომპანიების ცენტრები, თუნდაც ისეთი, როგორიც არის ამაზონი, ალიბაბა, DHL, იკეა და ა.შ გადმოვიტანოთ საქართველოში და აქედან მომარაგდეს მთელი რეგიონი. ეს შემდგომში ავტომატურად გამოიწვევს ადგილობრივი წარმოების გახსნას.

ვფიქრობ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალიან დიდი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გავიდეს ევროპის ქვეყნებში, გადასახადის გარეშე. სწორედ ასეთი ცენტრების შექმნისკენ უნდა მივისწრაფოდეთ ჩვენ და სწორედ ასეთ ცენტრებსა და თავისუფალ ზონებში ბევრი პროექტი ნახავს თავის ადგილს. შემიძლია, ჩამონათვალი უსასრულოდ გავაგრძელო. ეს მიმართულება ძალიან საინტერესოდ მეჩვენება და ვფიქრობ, რომ გავაკეთოთ ცენტრი, სადაც თავს მოიყრიან ახალგაზრდები, რომლებიც ქმნიან ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. მე ვფიქრობ, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ ამ სფეროს სჭირდება პლატფორმის შექმნა და იმ ახალგაზრდების თავმოყრა, რომლებიც გაფანტული არიან საქართველოში და ჩვენი ქვეყნის გარეთ. საჭიროა, მათი თავშეყრა და ენერგიის შეკრება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან სწრაფად გავივლით იმავე გზას, რაც ისრაელმა გაიარა. დღეს ისრაელში ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით ბევრი სტარტაპია, რომლებმაც მსოფლიოში წამყვანი აპლიკაციები შექმნეს. ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი შესაძლებლობაა.

ძლიერი ბიზნეს-სექტორი ნიშნავს…

ძლიერი ბიზნეს-სექტორი ნიშნავს ძალიან ბევრ დასაქმებულ ადამიანს, ძლიერ ბიუჯეტს და, შესაბამისად, ძლიერ ჯარს, ძლიერ სამასწავლებლო და სამედიცინო კორპუსს და საერთოდ, ძლიერ სახელმწიფოს. თუ გვინდა ვიყოთ ძლიერი ქვეყანა, აქცენტი უნდა გაკეთდეს ძლიერი ბიზნესის შექმნაზე. სახელმწიფო დღედაღამ უნდა იყოს ორიენტირებული ბიზნესის წახალისებაზე. ამაში შეღავათებს არ ვგულისხმობ. ბიზნესი უნდა იყოს ყოველდღიურად დღის სამი უმნიშვნელოვანესი ახალი ამბების შემადგენელი ნაწილი. ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ სულისკვეთებით, რომ მათ გაუჩნდეთ შესაძლებლობა და სურვილი, ჩაერთონ ამ არაჩვეულებრივ პროცესში, ნახონ საკუთარი თავი _ ზოგმა როგორც თანამშრომელმა, ზოგმა როგორც დამფუძნებელმა, ზოგმა როგორც სტარტაპერმა.

ბიზნესმენობა არის თავისუფალი ადამიანების საკეთებელი საქმე. ბიზნესმენები არიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის პატრონები არიან. რაც მეტი „საკუთარი თავის პატრონი“ ადამიანი გვეყოლება საქართველოში, მით უფრო დამოუკიდებელი იქნება ჩვენი ქვეყანა და ვერავინ გაგვიბედავს შეჯანჯღარებას, ვერც მეზობლები და ვერც მომხდური მტერი. ძლიერი ბიზნესი და ეკონომიკა ძლიერ ქვეყანას ნიშნავს, რაც საბოლოო ჯამში (და იმედია, ეს დღე მალე დადგება), ჩემთვის გაერთიანებულ საქართველოს ნიშნავს.

ფოტო : ხათუნა ხუციშვილი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>