სარედაქტორო

„ბიზნესი თავისუფალი ადამიანების საკეთებელი საქმეა“, – ამ ფრაზას თქვენ აუცილებლად წაიკითხავთ მომდევნო გვერდებზე, თუ ჟურნალ 12-ის მეცხრე ნომრის კითხვას გააგრძელებთ. და იმედია გააგრძელებთ, რადგან ჩვენ ვეცადეთ თქვენამდე მოგვეტანა ამბები, რომელიც დღეს ასე გვჭირდება ყველას – ამბები წარმატების შესახებ. #გააზარეწარმატება – უკვე მეორე წელია ეს ჰეშთეგი სოციალურ ქსელში უამრავ ადამიანს აერთიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ფიქრობს, რომ საზოგადოებისთვის სათქმელი დაუგროვდა. წელს ასეთი 661 კომპანია შეკრიბა თიბისი ბანკმა და ჯეოსელმა. „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“გამარჯვებულებს ჩვენ გაგაცნობთ, აქ არიან განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები, რომლებსაც ერთი რამ ნამდვილად აერთიანებთ – ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ, უდიდესი შრომით და მოთმინებით აშენებდნენ საკუთარ საქმეს.

საკუთარი საქმის წამოწყება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი – ამის კარგი მაგალითია პროგრამა „სტარტაპერი“, რომელიც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ყველაზე თამამ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს აერთიანებს; ისინი, ვინც გადაწყვეტილებას იღებენ და უამრავი სირთულის დაძლევის პარალელურად საკუთარ საქმეს იწყებენ. რამდენიმე მათგანს თქვენ აქაც შეხვდებით და ნახავთ, როგორ აქციეს საინტერესო იდეები მომგებიან ბიზნესად.

დღეს ყველა სფეროს სჭირდება მიდგომები, რომელიც მას წარმატებულად აქცევს, ხედვა და სტრატეგია, რომელიც განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ის ადამიანები, ვინც წარმატებას მიაღწია სხვადასხვა სახელოვნებო სფეროში და მაგალითია სხვებისთვის. ნანა ექვთიმიშვილი – ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი, რომლის ფილმებს თანაბარი ინტერესით ელოდებიან, როგორც მის სამშობლოში, ისე უცხოეთში; „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ის ახალი თაობის იმ რეჟისორების სიაში შეიყვანა, ვისი ფილმებიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ნანასთან ინტერვიუს ჩვენს ჟურნალში წაიკითხავთ. საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა ნინო ხარატიშვილთან, ქართველ მწერალთან, რომელიც გერმანულ ენაზე წერს და უკვე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ამ ნომერში მოგიყვებით ანიტა რაჭველიშვილის შესახებაც, რომელსაც ალბათ კარგად იცნობთ, მაგრამ ნინი სანაიას ინტერვიუდან უამრავ საინტერესო სიახლეს შეიტყობთ ქართველი მეცოსოპრანოს შესახებ.

ალბათ შეამჩნიეთ, ქალაქის გაჩერებები სულ სხვანაირად გამოიყურება – ამ ფორმით თიბისი ბანკი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, განვლილ წლებში განხორციელებულ საინტერესო პროექტებს აჯამებს და კიდევ ერთ ექსპოზიციას გვთავაზობს, სრულიად არატრადიციული ფორმით. იუბილეს თიბისიმ რამდენიმე საინტერესო პროექტი დაამთხვია, მათ შორის დიდი ქართველი ხელოვანის, პეტრე ოცხელის აქამდე უცნობი ნამუშევრების რესტავრაცია და გამოფენა. თუ თქვენ ვერ მოახერხეთ საკუთარი თვალით გენახათ ეს გამოფენა, ჩვენ გთავაზობთ მისი ესკიზების ერთგვარ ექსპოზიციას. აქვე შეიტყობთ იმ საინტერესო არტ-პროექტების შესახებ, რომელსაც თანამედროვე ქართველი არტისტები პეტრე ოცხელის შემოქმედების ინსპირაციით ქმნიან.

XII

XII

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com