ანიტას არია

მუსიკის თითოეული ჟანრი ზემოქმედების ინდივიდუალურ ძალას ატარებს. ის ერთგვარი გამტარია ემოციების, შეგრძნებების და ფიქრების. რასაც მელოდიაში ჩადებ, რასაც მისი მოსმენისას განიცდი, მასში ჩასახლდება და ყოველი გაგონებისას ჩამარხული განცდები ცოცხლდება. ხელოვნების ამ სფეროს, ადამიანების გონებისა და სულის მართვის უნიკალური ხერხები აქვს. ზოგჯერ შეიძლება ისე შემოგხვდეს ქუჩაში, შემოგაცინოს სახეში, მთელი ტანით შემოგატრიალოს, ტვინი აგირიოს, დაგავიწყოს სად მიდიოდი, ვინ გელოდა ან რა დარდი მიგქონდა ერთი ადგილიდან მეორეზე… გაგფანტავს, გაგაცამტვერებს, დოლურაში მოთავსებული ლატარიის ბილეთებივით დაგაბზრიალებს, ჰაერში დაგშლის და მერე უეცრად ისე ააწყობს შენს ნაკუწებს, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ისევ ის დროა, ის ადგილი, ის ადამიანი _ შენი მომლოდინე, ისევ ის დარდი _ ხელში ჩაბღაუჭებული, ცოტა ხნის წინ მძიმედ რომ მიათრევდი, ახლა კი ჰაეროვანია.

მუსიკასა და კომერციას შორის ბალანსის დაცვა საფრთხილოა. შესაძლოა, სხვა სფეროში მათი თანხვედრა სულაც არ იყოს საგრძნობი, მეტისმეტად გამოხატული, მაგრამ აქ ყველაფერი თვალსაჩინოა, ბგერებივით ხელისგულზეა გადაშლილი.

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოს ცნობილ სცენებზე, დიდი კომპოზიტორების მიერ შექმნილ საოპერო პარტიებს ასრულებს. მას ნახავთ კარნეგი ჰოლში, ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში, ლა სკალასა და ევროპის სხვადასხვა თეატრში. ანიტას მუსიკალური სფეროს კომერციულ მხარეზე ვესაუბრები. ამბობს, რომ ძალიან რთულია, ეს საქმე ბიზნესად იქცეს. იშვიათად გამოიმუშავებს სპექტაკლი მაღალ თანხებს და მსოფლიოში თითქმის არ არსებობს მომგებიანი თეატრი.

ადამიანები ხელოვნებას ვიყენებთ სულიერებისთვის, განწყობისთვის და არა _ მატერიალური სიკეთისთვის. ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ კარგი ანაზრაურება აქვთ დირიჟორებს, რეჟისორებს, მსახიობებს, მომღერლებს და ორკესტრის მუსიკოსებს. მიუხედავად ამისა, თეატრი არ არის ფინანსურად მომგებიანი ორგანიზაცია. ეს საკმაოდ ძვირადღირებული სფეროა. დიდ თანხებს მოითხოვს: კოსტიუმი, გრიმი, სასცენო დეკორაცია, სპექტაკლის შემადგენლობა. ხშირად, თეატრი ზარალდება კიდეც, რადგან გაყიდული ბილეთების ფასი ვერ ფარავს ხარჯებს.

21-ე საუკუნე გვაძლევს საშუალებას, ეკონომია გაკეთდეს მაღალფასიან და რთულად შესაქმნელ დეკორაციაზე. მის ჩასანაცვლებლად ვიდეოპროექცია საუკეთესო გამოსავალია. ხარჯების შემცრების მიზნით, კარგი ხერხია ძველი კოსტიუმების გამოყენებაც.”

ანიტა დადებითად აფასებს, ქართული საოპერო სფეროს ბოლოდროინდელ განვითარებას. ფიქრობს, რომ თეატრი საინტერესო რეპერტუარს წარმოადგენს და მაყურებლებიც განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ამაყობს ოპერის პოპულარობით. მისი თქმით, ბავშვები და მოზარდები ინტერესდებიან, დადიან სპექტაკლებზე და თავადაც ეუფლებიან მუსიკას.

"საქართველოში საოპერო მუსიკა ოდითგანვე განვითარებული იყო. განსაკუთრებულად კარგი ვოკალური სკოლა გვქონდა. ადრე მეტი პროფესიონალი პედაგოგი მოიძებნებოდა კონსერვატორიაში. საქართველოში ოპერის თეატრის ტრადიცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მუსიკის მოყვარული და სფეროში გათვითცნობიერებული მსმენელი გვყავს. გასულ წლებთან შედარებით, როდესაც ოპერის თეატრი სარესტავრაციო სამუშაოების გამო არ ფუნქციონირებდა, დღეს საკმაოდ პოზიტიური ტენდენციებია. ოპერას ჰყავს არაჩვეულებრივი ხელმძღვანელობა, წარმოდგენილია საინტერესო სპექტაკლები, ხშირად ჩამოჰყავთ წარმატებული მუსიკოსები, მეტად პოპულარული გახდა საოპერო მუსიკა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო დადებით მოლოდინს აჩენს.”

ანიტას კარმენი

რამდენიმე წლის წინ, სიცილიელმა რეჟისორმა ემა დანტემ ლა სკალას თეატრში ჟორჟ ბიზეს ცნობილი ოპერა კარმენი” დადგა. მთავარი როლი ანიტამ შეასრულა. მან 8 წლის განმავლობაში, კარმენის პარტია 200-ზე მეტჯერ ითამაშა. ამბობს, რომ ეს მისი კარიერის და აღმავლობის დასაწყისი იყო და სპექტაკლი ყოველთის გამორჩეულად ეყვარება. სიამოვნებით შეხვდებოდა ფრანგ კომპოზიტორს და ჰკითხავდა, როგორ შექმნა ეს პერსონაჟი, რომელსაც საოცრად ამსგავსებს საკუთარ თავს.

დღეს უფრო ხშირად მოისმენთ მის მიერ შესრულებულ ამნერისის პარტიას სპექტაკლიდან "აიდა”, ბოშა ქალის _ აზუჩენას პარტიას დადგმიდან "ტრუბადური”, დალილას პარტიას _ სპექტაკლიდან "სამსონი და დალილა” და სხვ.

"ოპერის მსმენელები, ეროვნების მიხედვით განსაკუთრებულად არ განსხვავდებიან. მათ ერთი დიდი საერთო აქვთ _ ამ ჟანრის მუსიკის სიყვარული. თუმცა, არის მცირედი სხვაობა შეფასებების კუთხით. ვფიქრობ, ქართველები, იტალიელები და ბრაზილიელები უფრო ემოციურები არიან, ვიდრე გერმანელები და თუნდაც ავსტრიელები. მე ემოციური მაყურებელი განსაკუთრებულად მიყვარს, მეტ სიამოვნებას ვიღებ მათი აპლოდისმენტებით.”

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ამერიკულმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ "Sony Classical” სიამაყით განაცხადა, რომ 2 მარტს ანიტა რაჭველიშვილის სოლო ალბომს გამოსცემს. მასში წარმოდგენილი იქნება მეცო-სოპრანოს გამორჩეული პარტიები სხვადასხვა სპექტაკლიდან. ეს მომღერლის კარიერის კიდევ ერთი მწვერვალია, რომლითაც მსოფლიოს მონუსხავს. ალბომზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, მისი პირველი წარდგენა რომში იგეგმება. ამის შემდეგ, ყოველი სპექტაკლის დასრულებისას, მოეწყობა პრეზენტაცია და ხელმოწერების დარიგება.

Sony Classical-თან თანამშრომლობა დიდი ხანი იგეგმებოდა. მრავალი წლის მანძილზე ვეძებდით შესაბამის მომენტს, ორკესტრს, დირიჟორს, ვარჩევდით რეპერტუარს და საბოლოოდ, ალბომის ჩაწერა წელს შედგა. ის ახლა დამუშავების პროცესშია. ძალიან მეამაყება, რომ მის ყდაზე და ბუკლეტში გრეგორი რეჯინის მიერ გადაღებული ფოტოა განთავსებული. კომპანია, ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოყენებაზე დაუფიქრებლად დამთანხმდა. მითხრეს, რომ ამაზე უკეთეს მასალას თავად ვერ შექმნიდნენ. Sony Classical-ის პროდიუსერის თქმით, ჯიჯიმ მოახერხა და დაინახა ჩემი სული.”

მეცო-სოპრანოს სამომავლო გეგმები საკმაოდ დატვირთული და ემოციებით გაჯერებულია. მრავალფეროვანია, როგორც მისი ტურნეების ჩამონათვალი, ასევე _ რეპერტუარი.

"2018 წლის დასაწყისში, ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში, არაჩვეულებრივ შემადგენლობასთან ერთად, `ტრუბადურს” შევასრულებ. აპრილში, რომში მექნება სპექტაკლის `სოფლის ცხოვრება” დებიუტი. რამდენიმე გასტროლია დაგეგმილი ევროპაში _ ვენაში, ბერლინსა და პარიზში. შემდეგ, ნიუ იორკში დავბრუნდები და მეტროპოლიტენის ოპერის ორკესტრთან ერთად, `კარნეგი ჰოლში” მექნება კონცერტი. სექტემბერში კვლავ ნიუ იორკში შევასრულებ `აიდას”, ცნობილ სოპრანო ანა ნეტრებკოსთან ერთად. წლის ბოლოს, პარიზსა და ნიუ იორკში მექნება რამდენიმე გასტროლი.”

ახალგაზრდა შემსრულებლებს ვეტყოდი, რომ ნიჭი არ არის საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა შეინარჩუნო თავმდაბლობა, გქონდეს დიპლომატია და იყო ძალიან შრომისმოყვარე. ამის გარეშე, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. რამდენადაც მეტ შრომას დებს ადამიანი საქმეში, მით ზრდადია მისი შემოსავალიც.”

ანიტას შორეული გეგმებიც აქვს. სურს, რომ მუსიკალური სკოლა დააარსოს. სასწავლებელში ახალგაზრდები სხვადასხვა ჟანრის ვოკალს შეისწავლიან. თუმცა, იქამდე დიდი გზა და მრავალი მიზანი აქვს.

ფოტო : GRIGOR DEVEJIEV

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>