სტარტაპერი – Lets scoot around !

რამდენიმე თვის წინ, თიბისი ბანკმა პროგრამა „სტარტაპერი“ დაიწყო. ახმაურდნენ კრეატიული ახალგაზრდები, საქმეში ჩაებნენ დამწყები ბიზნესმენები, ქვეყანაში უამრავი ახალი და საინტერესო კომპანია გაჩნდა. ასპარეზი ინიციატივიან ადამიანებს დაეთმოთ და საინტერესო იდეებმა იჩინა თავი.

პროექტის მიზანი საქართველოში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა. სტარტაპერები, ბანკისგან ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან მომსახურებას იღებენ. ტარდება ტრეინინგები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ვორქშოპები. ბიზნესის მართვაში გამოცდილი სპეციალისტები, მსურველებს რეკომენდაციებს უზიარებენ. მათ განვითარებაში, ცოდნის გაღრმავებასა და წარმატების მიღწევაში ეხმარებიან.

„სტარტაპერში“ ჩართვისთვის, საჭიროა საკუთარი ბიზნესის მართვის მინიმალური, 3-თვიანი გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა მონაწილეებს პოპულარიზაციაში ეხმარება და მედია მხარდაჭერასაც უზრუნველყოფს. ამ დროის განმავლობაში, მომზადდა 200-მდე მეტი სტატია და დამზადდა სარეკლამო რგოლები. პროექტის ფარგლებში, რამდენიმე მილიონი ლარის მოცულობის სესხი გაიცა. ამ სტატიაში რამდენიმე სტარტაპს გაგაცნობთ, რომლებიც ახალი სიტყვაა ბიზნეს სფეროში და მეტიც, დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე.

თბილისის ვიწრო, ქვაფენილიანი ქუჩები სავსეა ფერად სკუტერებზე მოკალათებული ახალგაზრდებით. ტურისტებს ჩაფხუტები მოურგიათ და ბედნიერი შეძახილებით აავსეს ქალაქი: Que fantastic, Che bello, C’est très jolie! 

ირგვლივ არავითარი გამონაბოლქვი, სუფთა ჰაერი და ბედნიერი სახეებია!

„Scoot Scoot“-ის შემქმნელების მიზანი, თბილისის სწორედ ასეთ ქალაქად გადაქცევაა. სტარტაპერებს ეს იდეა მოგზაურობის დროს გაუჩნდათ. შემდეგ კი თიბისი ბანკთან ერთად თბილისის ქუჩები სკუტერებით გააფერადეს. სტარტაპ სესხით და კონსულტაციით სარგებლობის შემდეგ, გახსნეს ოფისი და დაიწყეს სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობა.

გიორგი მონავარდისაშვილი: „ჩვენი სტარტაპი სკუტერების გაყიდვას, გაქირავებას, მართვის სწავლას და შეკეთებას გულისხმობს. რამდენიმე წლის წინ ინდოეთში ვიყავით. იქ სულ ამ ტრანსპორტით მოძრაობენ და საოცრად მარტივი და სასიამოვნოა გადაადგილება.

თბილისში დაბრუნებისას, მისი შეძენის იდეით ვიყავი შეპყრობილი. ერთ დღესაც, სახლიდან სამსახურამდე ვერ მივდიოდი საცობის გამო. უცებ, გავაჩერე მანქანა ბანკთან, ავიღე კრედიტი და ვიყიდე სკუტერი. ერთ წამში მივიღე გადაწყვეტილება.“

დღეს ეს საქმე პროფესიად აქციეს და მთელი შემართებით ცდილობენ, მოქალაქეები მანქანებიდან უწყინარ სკუტერებზე გადასვან. ეს საგრძნობლად შეამცირებს გამონაბოლქვს და დაზოგავს მათ დროს.

„Scoot Scoot “-ს ასევე საინტერესო შეთავაზება აქვს ტურისტებისთვის.

გიორგი ფოფორაძე: „მნიშვნელოვანია, რომ სკუტერს 5-ჯერ ნაკლები გამონაბოლქვი აქვს, ვიდრე მანქანას. გარდა ამისა, მისი პრიორიტეტი სწრაფად გადაადგილება და მარტივი პარკირებაა. ის ეკოლოგიურად სუფთაა და მინიმალურ საწვავს საჭიროებს.

ქალაქში გაჩნდა ორი ტიპის სკუტერი: ერთი, რომლებსაც საკურიერო მომსახურებისთვის იყენებენ და საკმაოდ დაბალი ხარისხის არის და მეორე — ჩვენი კომპანია, რომელიც მაღალი ხარისხის, ვინტაჟურ, იაპონურ ტრანსპორტს წარმოადგენს.“

გიორგი მონავარდისაშვილი: „Scoot Scoot  განსაკუთრებით საინტერესოა მოგზაურებისთვის. ჩვენ უფრო ამ სიტყვის გამოყენება გვიყვარს, ვიდრე ტურისტის. მათ შორის მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი სხვაობაა.

ვთანამშრომლობთ ჰოსტელებთან, რომლებიც მოგზაურებთან გვაკავშირებს. მათ სკუტერი ეხმარებათ დროის დაზოგვაში და ნამდვილი თბილისის აღმოჩენაში. ჩვენ აქვე ვაძლევთ ისეთ საინტერესო მიმართულებებს, რომლის მიგნებაც დამოუკიდებლად გაუჭირდებათ. მაგალითად, ნარიყალადან პირდაპირ სამებაში წასვლა არც ისე საინტერესოა. სწორედ მათ შორის არსებული გზის გავლისას აღიქვამენ ქალაქის რეალურ სახეს. წვრილი ქვაფენილიანი ქუჩები, ადგილობრივები, არქიტექტურა — სწორედ ეს არის სანახავი. შეუძლიათ გაჩერდნენ მათთვის მიმზიდველ მონაკვეთში და არ გაყვნენ სტანდარტულ ტურისტულ მარშრუტს.“

„Scoot Scoot“-ით სარგებლობის მსურველები ნინოშვილზე, ფაბრიკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ ფერად, ვინტაჟურ სკუტერებს შენიშნავთ. შეგიძლიათ 2-დღიანი სასწავლო კურსით ისარგებლოთ, ღირებულება 50 ლარს შეადგენს. ერთი დღით ტრანსპორტის ქირაობის საფასური კი 35 ლარია. თუ შეძენას გადაწყვეტთ, ფართო არჩევანია და ფასი 1200 დან 2000 ლარამდე მერყეობს. წითელ კარს რომ შეაღებთ, პატარა ყვითელ ოთახში თვალებანთებული, ენთუზიაზმით აღსავსე 2 ახალგაზრდა დაგხვდებათ. სწორედ აქ იწყება თქვენი თავგადასავალიც…

გიორგი ფოფორაძე: „ამ დროის განმავლობაში, გარკვეულ ბარიერებს გადავაწყდით. ხშირად ხალხს ეშინია და ფიქრობენ, რომ სარისკოა მისი მართვა. გვინდა, ეს წარმოდგენები შევცვალოთ და ყველამ გაიგოს, რომ სრულიად უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტია.

ბოლო დროს, სკუტერები მომრავლდა ქალაქში. შესაბამისად, სხვა მძღოლები უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ მათი დანახვისას.“

იმისთვის, რომ სკუტერი ვატაროთ, მართვის მოწმობა სულაც არ არის საჭირო. თუმცა, ჩაფხუტი სავალდებულო ატრიბუტია.

ახალგაზრდებმა ბიზნესი კიდევ ერთი კუთხით განავითარეს. ქალაქში უკვე არსებობს სკუტერების სახელოსნო.

გიორგი მონავარდისაშვილი: „ხშირად გვქონდა საკუთარი სკუტერების შეკეთების პრობლემა. ეს საქმე კარგად არ იციან — განსაკუთრებით, როცა საქმე თანამედროვე, 4 ტაქტიან სკუტერებს ეხება. ნაწილებიც რთულად იშოვება. ამიტომ გავაკეთეთ ამ ტრანსპორტის სახელოსნო. ახალგაზრდა, 18-19 წლის სპეციალისტები არიან დასაქმებული, ყველა შეყვარებულია სკუტერზე, დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით მუშაობენ.

ამ ეტაპზე საიტს ვამზადებთ და მსურველებს მალე ონლაინ დაჯავშნაც შეეძლებათ. ასევე, გვექნება 1-კვირიანი პაკეტები.“

ფოტო : გიორგი დადიანი / ნატა სოფრომაძე 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com