ჩუბიკას „მეხუთე ოთახი“

ჩუბიკა

მის სახლთან მისვლისთანავე გავიფიქრე, რომ საინტერესო პიროვნებას უნდა შევხვედროდი. საერთოდ მგონია, რომ სახლი, ინტერიერი ადამიანის პიროვნებაზე ბევრს საუბრობს. ასეა ჩუბიკას შემთხვევაშიც. ძველი სახლია, გარედანაც ეტყობა. მესამე სართული ახლა უკვე მისი საცხოვრებელია, ადრე სახელოსნო იყო — აქ აკეთებდა თითქმის ყველაფერს. ნათელი და თბილი ადგილია, მყუდროდ რომ მოკალათდები და თავს კომფორტულად იგრძნობ, მერე უკვე თანდათან გარემოს დათვალიერებას იწყებ — სწორედ ამ დროს აღმოაჩენ, რომ ეს სინამდვილეში ჩუბიკას ნამუშევრების გალერეაა. თვითონ შეიძლება ასე არც ფიქრობს, მაგრამ ასეა. უცბად ძალიან ბევრი კითხვა გიჩნდება – ეს რა ნამუშევარია? როდინდელია? სად გააკეთა, რატომ და ასე შემდეგ. ინტერვიუც სწორედ აქ იწყება — ადამიანთან, რომლის სახელიც მხატვრობასთან, ქანდაკებებთან და მოდასთან ასოცირდება.

1. ვინ არის ნინო ჩუბინიშვილი?

ასე კონკრეტულად რომ ვთქვათ, აკადემიაში თეატრის მხატვრობა მაქვს დამთავრებული, თუმცა ძალიან სადავო საკითხია, თუ რამდენად ასწავლიდნენ მაშინ რამეს. გოგი მესხიშვილი ჩემი ლექტორი იყო სამი თვე და მხოლოდ ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც მაშინ ვისწავლე. ეს სამი თვე მართლა ძალიან საინტერესო იყო და განსაკუთრებული. შემდეგ, დავუკავშირდი მოდას – დავიწყე კოსტიუმების შექმნა – აი, ასე პირდაპირ – არც კერვა ვიცოდი, არც არაფერი. პროფესიული განათლება უკვე საფრანგეთში მივიღე. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოდის დიზაინერი ვარ.

ამას გარდა, ვხატავ, მიყვარს გრაფიკა. თუ ერთ სიტყვაში გავაერთიანებთ, ვარ ხელოვანი. მემგონი, საბოლოოდ ასე გამოდის.

2. ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვარს?

იცით რა, საბოლოო ჯამში, ყოველთვის მაინც — კოსტიუმის. ჩემს წარმოსახვაში არის რაღაც ხატი, რომლის მიხედვითაც ვხატავ ამ კოსტიუმებს, შემდეგ უკვე ის თვითონ ყვება საკუთარ ისტორიას. მიყვარს გეომეტრიული ფიგურების ხატვა – შეიძლება ითქვას, რომ თეატრი ჩემს წარმოსახვაში ყოველთვისაა, თუმცა არასდროს არ მქონია სურვილი, ჩარჩოში და მის სტანდარტებში მოვქცეულიყავი. არც ერთი პიესა არ ყოფილა ჩემი შთაგონების წყარო. სულ მინდოდა, რომ პერსონაჟები მე თვითონ შემექმნა.

3. რა არის შენი შთაგონების წყარო, ახდენს თუ არა გავლენას შენს ნამუშევრებზე სხვა ხელოვანი?

ასე ტოტალურად შეპყრობილი არ ვყოფილვარ, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ალექსანდრ მაკქუინზე და ჰუსეინ ჩალაიანზე გადარეული ვიყავი. მახსოვს, საფრანგეთში ვისაც არ უნდა ეკითხა, თუ ვინ იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო დიზაინერი, ყოველთვის ამ ორ დიზაინერს ვასახელებდი. ნამდვილი გენიოსები არიან, თან ორივე ჩემი თაობისაა. ახლა ასე გადაწყვეტით ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ სახელოვნებო სივრცე საკმაოდ გაზრდილია. შესაბამისად, ყველაფერი გავლენას ახდენს. ადვილად რომ ავხსნა, აღქმის მთავარი საგანი ხომ თვალია — რასაც ხედავ, ის თავისდაუნებურად მოქმედებს შენზე.

4. ახალი ნამუშევრები გაქვს, გამოფენაც გაიხსნა – მომიყევი ამ პროექტზე და აქვს თუ არა მას საერთო შენს ძველ ნამუშევრებთან?

სულ თავიდან დავიწყებ, კარგი? ზუსტად ერთი წლის წინ, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ლია ბაგრატიონის გამოფენაზე მივედი — ზუსტად ისეთი სიცივე იყო, როგორიც ახლა. შენობაში შესვლისთანავე ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მიტოვებულ სასახლეში ვიყავი, რომელიც არც შელამაზებული და არც შენიღბულია — რეალური და ბუნებრივი გარემო დამხვდა. სინამდვილეში ამ მუზეუმში მთელი პროცესია წარმოდგენილი — თუ როგორ იბადება ჭუპრიდან პეპელა, როგორ ხდება გარდასახვა და მერე როგორ კეთდება აბრეშუმი. ამ ისტორიით და სივრცით მოხიბლული წავედი საფრანგეთში, თუმცა რეალურად გააზრებულიც არ მქონდა, რისი გაკეთება მინდოდა. სწორედ ამ ძიების პროცესში შეიქმნა ჩემი ახალი პროექტი — „მეხუთე ოთახი“. რა მხრიდანაც მიჩვენებია ჩემი თავი, ეს ყველაზე მეტად წარმოაჩენს ჩემს რეალურ მდგომარეობას. თუმცა ძველი ნამუშევრები ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაც საერთოც აქვს ახალ პროექტთან. სხვათა შორის, „Mercedes-Benz Fashion Week “-ის ფარგლებში გამოფენა მქონდა — ეს იყო ერთგვარი შეჯამება, შემოქმედებითი ნაბიჯების ექსპოზიცია, ყველა ეტაპი იყო ერთად წარმოდგენილი.

5. რას ფიქრობ მოდაზე, არის თუ არა ის შენთვის ბიზნესი?

მაგალითად, კოსტიუმი ბიზნესთან არ ასოცირდება. თავისთავად შექმნის პროცესი ჩემთვის ძალიან შემოქმედებითი და საინტერესოა. თუმცა მოდა პირდაპირ ბიზნესია იმ შემთხვევაში, თუ ყიდი შენს ნამუშევარს. თუ შენთვის ქმნი, მაშინ იდეების გენერაციას ახდენ. ამ თვალსაზრისით, მოდას აქვს ასპექტი, რომელიც არაკომერციულია. დღეისთვის რაც აქტუალურია, ბიზნესზეა მორგებულია. ყველა მოდის სკოლაშიც იმას გასწავლიან, რომ მთავარი აქცენტი გაყიდვებზე გააკეთო.

საქართველოში ისეთი ტენდენციაა, თითქოს ბიზნესს მხოლოდ ერთი სტერეოტიპი აქვს — ანუ ყველას უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე ბიზნესი. სინამდვილეში, რაც უფრო მრავალფეროვნება იქნება, მით უკეთესი. პირველი, რასაც ყველა პროფესიონალი გეუბნება, არის — „Be Yourself”. როგორიც ხარ, ისეთი ბიზნესი უნდა წამოიწყო და უფრო გამორჩეული და წარმატებული იქნება, ვიდრე სხვაზე მორგებული. ბევრი არაა, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც საზოგადოებაში თავი ისეთი ბიზნესით დაიმკვიდრა, როგორებიც თვითონ არიან.

კომერციაზე მორგებულ მოდას დემნა გვასალიამ შეუტია. ბოლო პერიოდში ბაზარი მთლიანად დამკვეთზე იყო ორიენტირებული — ანუ რაც მომხმარებელს უნდოდა, აუცილებლად ის უნდა გაეკეთებინა დიზაინერს. თანდათან მათი როლი უფასურდებოდა, ის შემსრულებელი ხდებოდა. თუმცა დემნამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა და შეცვალა ეს მიდგომა. თავის დროზე, ანალოგიურად მოიქცა მაკქუინიც.

ჩემთვის კი ყველაზე საინტერესოა, შევქმნა ცოტა და განსხვავებული — მიყვარს შემოქმედებითი პროცესი, ვერ ვმუშაობ შეკვეთებზე. მაქვს საკუთარი სტილის ბიზნესი, რომელმაც, ვფიქრობ, გაამართლა. ვინც ინტერესდება ჩემი ნამუშევრებით, მოდის ჩემთან სახლში და ეს უფრო კომფორტულია. ასევე, ონლაინ მაღაზიის გაკეთებაც მინდა.

6. ყველაზე მეტად ხელოვნების რომელი სფეროა შენთვის ბიზნესზე ორიენტირებული?

ალბათ, სამკაული — ყველაზე აწყობილი ბიზნესი ჩემთვის ეგაა. ამავდროულად, საინტერესოც, იმიტომ, რომ კავშირი აქვს ფიგურებთან, გრაფიკასთან, სკულპტურასთან.

7. მაღალი მოდის სფეროს წარმომადგენლებთან თუ გქონია შეხება?

2000 წელს რუსეთში ერთ-ერთ კონკურსში გავიმარჯვე — საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგ, ეს პირველი მასშტაბური ღონისძიება იყო — იქედან გამიშვეს მაკქუინის სახლში. ძალიან პატარა და გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე. შემდეგ მონაკოში მქონდა ჩვენება, მერე პარიზში. იმ პერიოდში ძალიან ბევრს დავდიოდი და აქტიურად ვმუშაობდი. მერე მოდის სკოლაში ჩავაბარე, სადაც ძალიან ცნობილი და საინტერესო დიზაინერები მასწავლიდნენ. პიერ კარდენს მოეწონა ჩემი ნამუშევრები და რაღაც პერიოდი ერთადაც ვიმუშავეთ. ასევე დაიან პერნესთან მაქვს ახლო ურთიერთობა, წელსაც ვნახე. ძალიან მოსწონს ჩემი ნამუშევრები, სულ რჩევებს მაძლევს და სულ გვერდში მიდგას.

8. აპირებ თუ არა მოდის სფეროში ისევ აქტიურად მოღვაწეობას?

სულ ცოტა ხნის წინ, დავიწყე სამკაულების დამზადება, რაც მოდასთან კვლავ მაკავშირებს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ეს თემა ჯერ არ ამომიწურავს, ამიტომ ისევ ვაპირებ გაგრძელებას. ამ თავისუფლებას და სიამოვნებას საკუთარ თავს არ დავუკარგავ. თუმცა ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ რაღაც ჩარჩოებში არ მოვექცევი, სეზონურ სტილზე არ ვიმუშავებ.

9. რას ფიქრობ ქართულ ხელოვნებაზე? შესაძლებელია, რომ ახალგაზრდა მხატვარი განვითარდეს?

არ მგონია, რომ ხელოვნებას ტერიტორია განსაზღვრავს. უბრალოდ, არსებობს უფრო ფართო აზროვნების სივრცეები. მაგალითად, საფრანგეთში არის 30 000 მუზეუმი — ანუ, ნებისმიერმა ფრანგმა, იქნება ეს მხატვარი, მეტალურგი თუ მძღოლი, ხელოვნების შესახებ ბევრი იცის და მას აფასებს. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა და ამას რეალობაც ამტკიცებს. საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა მუზეუმია. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. ხშირ შემთხვევაში, ხელოვანი მოდურად ტენდენციური კაი ტიპი ხდება — ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ არ არის ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამა კარგად ჩამოყალიბებული. საფრანგეთში ბავშვებს ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ასწავლიან ხელოვნებას და მისდამი პატივისცემის გრძნობა უყალიბდებათ. ჩემს მაგალითზე თუ ვისაუბრებ, მე რომ ხელოვანების ოჯახში არ დავბადებულიყავი (ბუბუა ხელოვნებათმცოდნე იყო, ბიძაჩემი არქიტექტორი და მამაჩემი — სცენარისტი), ალბათ, ბევრს ვერც გავიგებდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე. ინფორმაცია ჩემამდე თავისთავად მოდიოდა. ამას ჩემს ბავშვობაში არსად არ ასწავლიდნენ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ძალიან მაგარი ხელოვანი შეიძლება ნებისმიერ ადგილას, თუნდაც აფრიკის ერთ-ერთ სოფელში დაიბადოს. საქართველოსაც ჰყავს გენიალური ხელოვანები ყველა სფეროში.

10. და ბოლოს როგორი იყო ეს წელი?

ნამდვილად გამორჩეული. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემი შვილი გახდა 6 წლის. მანამდე მთელი ჩემი ენერგია მას დავუთმე და ახლა უკვე მოვიდა დრო, რომ ჩემი საქმისთვისაც მოვიცალო. ასევე, დავასრულე ძიების პროცესი — ვგულისხმობ ჩემს ქვეცნობიერს, რომელიც ახალი პროექტის სახით წარმოვაჩინე. საფრანგეთში ყოფნის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, 2017 წელი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო.

ნინო ჩუბინიშვილის, „ჩუბიკას“ გამოფენა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში 2 თვე გაგრძელდება.

ფოტო : ირა კურმაევა

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>