თიბისი – თქვენი ბიზნესის საუკეთესო მხარდამჭერი

ნიკა ქურდიანს და მისი გუნდის წევრებს თიბისი ბანკის ოფისში შევხვდი, სადაც გარემო იმდენად მორგებულია ადამიანებზე, რომ ყველა პირობაა შექმნილი ფიქრისთვის, ახალი იდეების გენერირებისა და მათი განხორციელებისთვის. აქ სჯერათ, რომ გუნდი, ვინც ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამაზე მუშაობს, მუდმივად უნდა გრძნობდეს, რა სჭირდება ბიზნესს, დამწყებს თუ უკვე წარმატებულს, სტარტაპის მდგომარეობაში არსებულს თუ მოგებაზე გასულს. თიბისი ნებისმიერი ზომის, მასშტაბის თუ ინდუსტრიის ბიზნესს უჭერს მხარს სხვადასხვა მატერიალური თუ არამატერიალური პროგრამით. აქ ხვდები, რომ ბანკი აღარ არის მხოლოდ სესხის გამცემი ორგანო, არამედ ის შეიძლება შენი საუკეთესო მრჩეველი გახდეს და დაგანახოს გზა, როგორ განავითარო შენი საქმიანობა და ბრენდი, როგორ შეისწავლო ბაზარი უკეთ და გაიგო, რა სურთ შენს კლიენტებს, როგორ გამოიყენო სოციალური მედია და თანამედროვე ტექნოლოგიები იმისთვის, რომ უფრო ახლოს მიხვიდე მომხმარებელთან. ნიკა ქურდიანი ამბობს, რომ მათი მიზანი საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და, ამავდროულად, სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივებაა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი და მოტივაცია, წამოიწყოს საკუთარი საქმე.

ბიზნესდაჯილდოება, რომელიც წელს უკვე მეორედ გამართა თიბისი ბანკმა ჯეოსელთან ერთად, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.

#გააზიარეწარმატება

„ბიზნესდაჯილდოება პიარული პროექტია. ის ორიენტირებულია არსებული ბიზნესების ცნობადობის გაზრდაზე და ახალი საქმის წამოსაწყებად ერთგვარი ბიძგია დამწყები მეწარმეებისთვის. როდესაც დავიწყეთ ამ პროექტის კეთება, თავიდანვე გაჩნდა იდეა, რომ მისი მთავარი სლოგანი ყოფილიყო:
#გააზიარეწარმატება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ წარმატების გაზიარება მნიშვნელოვანია როგორც იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ ისტორიას გვიყვება, ასევე სხვებისთვის, ვინც ამ ისტორიებს ისმენს. ეს ისტორიები არის ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან და, ამავდროულად, ძალიან ჰგავს ერთმანეთს; ჰგავს იმით, რომ ყველა წარმატების ისტორია გადის დაუღალავ შრომაზე, უდიდეს მოტივაციაზე და თავგანწირვაზე საკუთარი საქმისადმი. ვფიქრობ, რომ ასეთი ისტორიების მოსმენა სურს დღეს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ თავიდანვე დავინახეთ ადამიანების მზაობა და კეთილგანწყობა. ბევრი მიხვდა, რომ შეიძლება საკუთარი საქმის პოპულარიზაცია მოახდინონ მსგავს წამოწყებებში ჩართვით. შარშან 523 მონაწილე გვყავდა, წელს კი _ 661. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხალხი უფრო დაინტერესებულია და ბიზნესაქტივობაც გაზრდილია. მცირე და საშუალო მასშტაბის კომპანიებს მსგავს პროექტებში ჩართვის სურვილი მეტად გაუჩნდათ,“ _ გვიყვება ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

პროექტის მიზანი თავიდანვე იყო, რომ მის გარშემო რაც შეიძლება მეტი მცირე და საშუალო ზომის კომპანია შემოეკრიბა და შემდეგ მათი ცნობადობის გაზრდაზე ეზრუნა. ამისთვის თიბისი ბანკმა აქტიურად გამოიყენა როგორც სოციალური მედია, ისე ტრადიციული. შედეგად, მივიღეთ ის, რომ პროექტში ჩართული კომპანიების შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში მილიონობით ნახვა, კომენტარი თუ მოწონება დაგროვდა, დაიწერა ასობით სტატია და ინტერვიუ, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები. მონაწილე კომპანიებმა კი ძალიან მალე დაინახეს კამპანიის პოზიტიური შედეგები, ალბათ ეს არის იმის მიზეზიც, რომ ბევრი კომპანია, რომელიც შარშან მონაწილებდა ბიზნესდაჯილდოებაში, წელსაც დარეგისტრირდა. როგორც ნიკა ქურდიანი ამბობს, ყველამ ნათლად გაიგო მთავარი მიზანი _ აქ გამარჯვება სულაც არაა გადამწყვეტი, მთავარია, შენი სათქმელი გაუზიარო საზოგადოებას, მოტივაცია გაზარდო როგორც საკუთარ თავში, ისე სხვებში.

„წინ წამოვწიეთ ის საკითხი, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არის კარგი და აქ ბევრი წარმატებული კომპანიაა. საზოგადოებას გავაცანით ისეთი ბიზნესები, რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცოდა. აქ ორმხრივი სარგებელია როგორც მომხმარებლისთვის, ისე თავად ბიზნესისთვის. ამას გარდა, მონაწილე კომპანიებს მივეცით საშუალება, ერთმანეთი გაეცნოთ და საქმიანი კონტაქტები დაემყარებინათ, შედეგად უამრავი ახალი ბიზნეს-კავშირი გაჩნდა.“

სტარტაპერი

ამ პროექტზე საუბრისას, ნიკა ქურდიანი, პირველ რიგში, სიტყვა სტარტაპს განმარტავს, რადგან ხშირად ბუნდოვანია მისი ზუსტი მნიშვნელობა. ამბობს, რომ სტარტაპში გულისხმობენ ნებისმიერ წამოწყებას, იქნება ეს სამკერვალო სახელოსნო თუ ტექნოლოგიური ფირმა. სტარტაპი არის ბიზნესი, რომელიც საწყის ეტაპზეა, აქვს რამდენიმეთვიანი მუშაობის გამოცდილება და გაყიდვები.

„პროგრამა სტარტაპერის მიზანია, საქართველოში ახალგაზრდებს ბიზნესის წამოწყების სურვილი გაუჩნდეთ. ჩვენ დავინახეთ ტრენდი, რომ ბევრი კომპანია გამოჩნდა ბაზარზე. გვინდოდა, ძალიან დიდი პროგრამის გაშვება, რომელიც ამ თემის ცნობადობას გაზრდიდა. ის ადამიანებს მიახვედრებდა, რომ სტარტაპის შექმნა არ არის რთული, მეტიც — შესაძლებელი და ტრენდულია. ქვეყნის მასშტაბით, ეკოსისტემის ჩამოყალიბება იყო საჭირო. ის ახლად შექმნილ ბიზნესებს განვითარებაში შეუწყობდა ხელს, სხვაგვარად გაუჭირდებოდათ პროგრესი.

ამ იდეებით დავიწყეთ და შევქმენით სტარტაპერი. კომპანიებს ბევრი მიმართულებით ვუდგავართ გვერდში. გვაქვს სტარტაპ სესხი, განათლების, საკომუნიკაციო, პიარული მხარდაჭერის და სხვა პროგრამები. ახლა ვმუშაობთ, რომ პროექტი განათლების სისტემაში ჩავრთოთ, უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამაში ის საგნის სახით დაემატება. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ სტუდენტები სწავლის დროს გაეცნობიან სტარტაპის არსს.“

პროექტ სტარტაპერში მონაწილეობა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, სესხის აღებით, ან უბრალოდ ტრეინინგებში, კონფერენციებში, საკონსულტაციო მომსახურებებსა თუ სემინარებში მონაწილეობით. თიბისი ბანკის წამოწყებას ბევრმა დიდმა კომპანიამ აუბა მხარი და ახლა პროგრამაში ჩართულ სტარტაპერებს სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები აქვთ ჯეოსელისგან, სოკარისგან და ა.შ.

სულ ცოტა ხნის წინ თიბისიმ პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში კიდევ ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს _ სტარტაპ აგროსესხი და სტარტაპ სესხი სასტუმროებისთვის. ორივე პროდუქტი უნიკალურია და ბაზარზე ანალოგი არ აქვს. თიბისი ბანკში ამბობენ, რომ ამ სიახლით კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემენ საქართველოში აგრო და ტურისტული სფეროების განვითარებას. თუმცა, სტარტაპების და კრედიტებისას დიდი მნიშვნელობა აქვს რისკების სწორად გათვლას.

„რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, პირველ რიგში, სტარტაპის იდეას ვაფასებთ. ფრთხილად ვუდგებით საკითხს და ნებისმიერ მსურველზე არ გავცემთ სესხს. სხვა საკითხებში ზარალის ალბათობა ნაკლებია. თუ ადამიანი ჩვენთან სემინარებში ან სხვა აქტივობებში ჩაერთვება, მომავალში სტარტაპი რომც არ შექმნას, ცოდნას აუცილებლად გამოიყენებს. ვფიქრობ, ტექნოლოგიური მიმართულებით გვაკლია წამოწყებები. თუმცა, იმდენად დიდი აქტივობაა ბიზნესის კეთების მხრივ, რომ ეს მომავლის იმედს იძლევა. ვითარდება საკონსულტაციო მომსახურებები, წარმოება, სოფლის მეურნეობა და სხვა. პროექტ სტარტაპერს უამრავი მიზანი აქვს მისაღწევი. მასში ყოველთვის იქნება ინოვაცია და ენერგია, რომელიც პროგრამას განავითარებს,“ _ ამბობს ნიკა ქურდიანი.

ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის

ახალ პროექტებზე ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი მუშაობს, რომლებმაც განსხვავებული და თამამი იდეებით სრულიად შეცვალეს ბიზნეს გარემო, თამაშის ახალი წესები შემოიღეს და მასში ბევრი ადამიანი ჩართეს.

„პროექტ სტარტაპერზე სამუშაოდ ვეცადე, შემერჩია ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც თავად იყვნენ სტარტაპერები. აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთე, რადგან ეს თემა სწორედ ამ თაობაზეა მორგებული. ბიზნესდაჯილდოების გუნდშიც ახალგაზრდები არიან ჩართული, მათი ენერგია და ენთუზიაზმი გადამდებია. ჩვენი აზრი და ფილოსოფია ასეთია: ახალგაზრდებთან უნდა მუშაობდნენ ახალგაზრდები,” _ გვიხსნის ნიკა ქურდიანი.

სტარტაპერის და ბიზნესდაჯილდოების გარდა, თიბისის უამრავი წამოწყება აქვს ბიზნესის მხარდასაჭერად. 2014 წლიდან, აზიის განვითარების ბანკთან და სხვა ინსტიტუტებთან ერთად, ის ტრეინინგების მასშტაბურ პროგრამას ახორციელებს. ამ შესაძლებლობით 10 000-ზე მეტმა ბიზნესმა ისარგებლა. თიბისი ბანკს, ასევე, აქვს საკონსულტაციო მომსახურება, რომლის ფარგლებშიც ცნობილი კონსულტანტები მსურველს პირადად ესაუბრებიან და კონკრეტულ საკითხს რამდენიმე საათის განმავლობაში ამუშავებენ.

„ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია პოზიციონირების კუთხით. გვსურს, რომ ამ მხრივ საუკეთესო კომპანია ვიყოთ. შევქმენით სპეციალური ვებგვერდი www.tbcbusiness.ge, სადაც ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩართულია ბიზნეს-საქმიანობაში, ან უბრალოდ დაინტერესებულია ამ სფეროთი, მიიღებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას. აქ ნახავთ როგორც სიახლეებს, საინტერესო სტატიებს და ბლოგებს, ასევე საგანმანათლებლო რესურსებს და ძალიან პრაქტიკულ მასალებს, რომელიც საქმის უკეთ წარმართვაში დაგეხმარებათ.“

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com