MATERIEL TBILISI – მოდა, როგორც ბიზნესი

„მოდელების სახლის“ შთამომავლები უკვე წლებია ეხმარებიან ახალგაზრდა დიზაინერებს კოლექციების შექმნაში, გამოცდილების მიღებაში, დაფინანსებასა და საკუთარი თავის რეალიზებაში. კომპანია დაარსების დღიდან დღემდე ასაქმებს ახალგაზრდა დიზაინერებს და ქმნის მათ ექსკლუზიურ კოლექციებს. წლების განმავლობაში ეს იდეა დაიხვეწა და მიეცა ისეთი სახე, როგორიც დღეს აქვს.

გაჩნდა რამდენიმე მიმართულება და ორი ბრენდი „მატერიელი“ და „დოთსი“.

„მატერიელში“ ამჟამად ორი დიზაინერი მუშაობს ‒ ალექსანდრე ახალკაციშვილი და ლადო ბოკუჩავა. რაც შეეხება „დოთს“, აქ კოლექციებს შვიდი დიზაინერი ქმნის.

– სალომე, როგორია „მატერიელის“ და „დოთსის“ კონცეფცია?

– „მატერიელი“ ეხმარება ახალგაზრდა ქართველ დიზაინერებს მსოფლიოს გააცნოს მათი სახელი; დიზაინერებმა ისწავლონ მოდის, როგორც ბიზნესის მართვა; მიიღონ სწორად მუშაობის გამოცდილება. „მატერიელის“ პროდუქცია შეიძლება ჩაითვალოს ექსკლუზიურადაც, რადგან მოდის ბაზარზე ის ძალიან ცოტა რაოდენობით გამოდის. რაც შეეხება „დოთსის“ შექმნის იდეას ‒ თავიდანვე წამოვიდა იქედან, რომ გაჩნდა მოთხოვნილება ბაზარზე. მომხმარებლებს სურდათ შეეძინათ ქართველი დიზაინერების პროდუქცია მისაღებ ფასად, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ბრენდი შედარებით დაბალი საფასო პოლიტიკით, გათვლილი უფრო მეტად ქართულ ბაზარზე. ამავე დროს, მოგვეხდინა საქართველოში დამზადებული პროდუქციის პოპულარიზაცია და დაგვემტკიცებინა ის, რომ საქართველოშიც შესაძლებელია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება.

– თქვენი აზრით, რომელი უფრო მომგებიანია ‒ქართული ბაზარი თუ საერთაშორისო?

– იქედან გამომდინარე, რომ ქართული ბაზარი საკმაოდ მცირეა, ჩვენთვის უცხოური ბაზარი უფრო მომგებიანია ბიზნესის კუთხით. თუმცა ბოლო დროს ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ გაიზარდა ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა. პირველ რიგში, გვსურს, რომ ჩვენი ბრენდები საქართველოს ბაზარზე იყოს პოპულარული და გაყიდვადი.

– რის მიხედვით იქმნება კოლექციები?

– „მატერიელში“ კოლექციებს დიზაინერები დამოუკიდებლად ქმნიან, თავიანთი ინსპირაციის მიხედვით, თუმცა ყოველთვის ითვალისწინებენ იმას, რომ კოლექცია უნდა იყოს კომერციული. რაც შეეხება „დოთს“, ამ შემთხვევაში კოლექციის განხილვაში ერთვება მთლიანი გუნდი, გაყიდვებიც და მარკეტინგიც. ვადგენთ ფერებს, პრინტებს, ფაქტურებს,სილუეტებს და შემდეგ უკვე დიზაინერები ცალკე მუშაობენ ესკიზებზე. კოლექცია აუცილებლად უნდა იყოს გაყიდვადი და ასევე, აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ტენდენციებს, თუმცა არ უნდა დაიკარგოს ბრენდის ინდივიდუალიზმი.

– როგორია მოდის კონკურენცია ქართულ ბაზარზე?

– საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი დიზაინერია, რომელიც საინტერესო პროდუქტს ქმნის, განსაკუთრებით ახალი თაობა. ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ დიზაინერებს ერთმანეთთან „ბექსთეიჯში” ჩვენების დროს რომ ეხმარებოდნენ. ქართულ ბაზარზე კონკურენციის შესახებ კი ვიტყოდი, რომ ქართველი დიზაინერები ერთ მანეთთან ვთანამშრომლობთ. ჩვენს მომხმარებლებს ვურჩევთ, ნახონ სხვა ქართველი
დიზაინერების კოლექციებიც და ასევე, სხვა დიზაინერებიც ჩვენთან აგზავნიან მომხმარებლებს. ერთი ქართველი დიზაინერის წარმატება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ნიშნავს სხვების წარმატებასაც. გაგვიცნობს უფრო მეტი ადამიანი, გაჩნდება ინტერესი საქართველოს მიმართ. ჩემი აზრით, ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში მოდის სფეროც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.

– რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

– წარმატების ფორმულა არის ის, რომ ამ საქმეს ვუყურებთ ისე, როგორც ბიზნესს, ვცდილობთ განვავითაროთ, ვმუშაობთ ამაზე ძალიან ბევრს. გვყავდა და ახლაც გვყავს კარგი და ძლიერი გუნდი, რომელიც ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით.

– სალომე, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– სამომავლოდ ვგეგმავთ, გავზარდოთ საერთაშორისო გაყიდვები. გავიდეთ მსოფლიოს უფრო მეტ ქვეყანაში და გავიტანოთ ქართული ნაწარმი. შესაძლოა სულ მალე მამაკაცის სამოსის ხაზიც შევთავაზოთ მომხმარებლებს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>