« ხვალ იქნება გუშინ – Tomorrow Will Be Yesterday »

  გალერეა ერთი წარმოგიდგენთ გამოფენას «ხვალ იქნება გუშინ – Tomorrow Will Be Yesterday » . ექსპოზიციის გახსნა 17 ოქტომბერს 12:00 საათზეა დაგეგმილი, ხოლო მისი ნახვა დამთვალიერებლებს 5 დეკემბრამდე შეეძლებათ. გთავაზობთ ოფიციალურ ღონისძიებაზე განთავსებულ ინფორმაციას: 

"კურატორი: ანდრეი მიზიანო
(თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – "გარაჟი")

არტისტები: 
ასლან გასუმოვი 
ლუსინე ჯანიანი 
ტაუს მახაჩევა 
კოკა რამიშვილი
სიტარა იბრაჰიმოვა
ტატო ახალკაციშვილი

გამოფენის თარიღები: 17 ოქტომბერი – 5 დეკემბერი, 2018 

ოფიციალური მასპინძელი: @Rooms Hotels

გალერეა ერთი წარმოგიდგენთ გამოფენას «ხვალ იქნება გუშინ» . ექსპოზიცია არის იმ კვლევის რეზულტატი, რომელიც დაფუძნებულია კავკასიის რეგიონთან მჭიდროდ დაკავშირებულ არტისტთა ნამუშევრებზე. ეს რიგით მესამე გამოფენაა, რომელიც კავკასიაში აღმოცენებულ თანამედროვე სახელოვნებო სცენას ეძღვნება. პირველი ორი გამოფენის თემები იყო: იძულებით მიგრაცია, სახლის დაკარვა, იდენტობის პოლიტიკა და “ისტორიის დასასრულის” შემდგომი ისტორია. თქვენ წინაშე წარმოდგენილი ექსპოზიცია კი თემატურად ფოკუსირებულია ისტორიაზე, გეოპოლიტიკასა და რეგიონში არსებულ ეთნიკურ კონფლიქტებზე. ის განიხილავს ინდივიდებისა და ერების გამოცდილებას ისტორიული კატაკლიზმებისა და ცლილებების პირისპირ.

გამოფენა იხსნება დაღესტნელი არტისტის ტაუს მახაჩევას ნამუშევრით "Types du Caucase". ნამუშევარი წარმოადგენს რუსეთის იმპერიის დროინდელ საფოსტო ბარათების კრებულს, რომელშიც კოლონიური ეგზოტიზაციის ყველა წესის დაცვით არიან გამოსახულნი სხვადასხვა კავკასიური ტომებისა და რელიგიური დაჯგუფებების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ბარათებზე წარწერები რუსულ და ფრანგულ – იმ დროისთვის ორ ელიტურ ენაზე იყო შესრულებული. 

შვედეთში მცხოვრები არტისტ ლუსინე ჯანიანისა და აზერბაიჯანელი მხატვრის სიტარა იბრაჰიმოვას ნამუშევრები განიხილავს კავკასიაში არსებულ ყველაზე დიდ და ჯერ კიდევ გადაუჭრელ კონფლიქტს მთიანი ყარაბაღის გარშემო. ეს კონფლიქტი, რომელსაც უახლეს ისტორიაში აქვს სათავე ორჯერ გაღვივდა მე–20 საუკუნის განმავლობაში – რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დაშლის დროს. 
"პერესტროიკის" ეპოქაში გამწვავებულ ამავე კონფლიქტზე მიგვანიშნებს ჯანიანის "ირესი" (2014), რომელიც წარმოადგენს ავტორის წინაპრების გამოსახულებებით გაფორმებულ საბანს. “ირესი” საბნის ზედა ნაწილზე მიკერებულ ძვირფას ქსოვილს ეწოდება. 1988 წელს აზერბაიჯანიდან დევნილმა სომხების უმრავლესობამ პირადი ნივთები სამშობლოში სწორედ ასეთი ნაჭრით მორთულ საბნებში გახვეული ჩაიტანა.

ტატო ახალკაციშვილის ახალი ნამუშევარი ეხება განსაკუთრებული ტიპის კონფლიქტს, რომელიც ადამიანის მეხსიერებაში ხდება. იმის მიუხედავად, რომ ავტორის მიზანი კოლექტიური გამოსახულებების გაზოგადებაა, მთავარ მოტივად მაინც ირჩევს წაშლის პირას მყოფ, საკუთარ ბავშვობის მოგონებებს, რომლებიც დიდი ხნის გამქრალ (ან, არც არასდროს არსებულ) ქვეყანაზე და იმ ოსტორიულ კოლიზიებზეა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მინიჭებიათ ცხადი შეფასებები და მუდმივი დისკუსიისა თუ გადააზრების საგანს წარმოადგენენ. ავტორი ინტერესდება დროის მსვლელობით და რეალობის ცვლით გამოწვეული ღირებულებების ტრანსფორმაციებით. თუმცა, არც იმის დავიწყება ღირს, რომ მეხსიერება არამდგრადი სუბსტანციაა და ყოველი თაობა საკუთარი მეხსიერების ორიექტს ქმნის, ან როგორც ახლა ამბობენ კულტურის ისტორიკოსები – პროექტს " მეხსერების მეხსიერებაზე".

სიტარა იბრაჰიმოვას ფოტოსერია “დაკარგულები ყარაბაღში” გვიჩვენებს იმ ხალხის საგნობრივ სამყაროს, რომლებიც შეეჯახნენ და გადაიტანეს ომის კატასტროფა. ლურჯ ფონზე, ზედმეტი ესთეტიზაციის გარეშე, განთავსებულია უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების ნივთები. გამოსახულებათა თანმიმდევრულობა თავს არ ახვევს მაყურებელს არც კონკრეტულ სიუჟეტს და არც რთულადშედგენილ ნარატივს. ჩვენ უბრალოდ ვხედავთ მდუმარე სამყაროს იმ ნივთებისა, რომლებსაც უკვე აღარავინ ფლობს .

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე შეაიარაღებული ეთნო-კონფლიქტი გაჩაღდა. მათ შორის ყველაზე სასტიკი და ხანგრძლივი ჩეჩნეთის ომი აღმოჩნდა. ექსპოზიციის ფარგლებში ჩეჩენი არტისტი ასლან გაისუმოვი წარმოგვიდგენს "ღია ბარათების" საკუთარ კოლექციას, რომელიც ორ ომს შორის მშვიდობის ხანმოკლე პერიოდში (1996-1999) გამოიცა. "ღია ბარათების" განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ჟანრული მოლოდინის საპირისპიროდ, მომხიბლავი პასტორალური პეიზაჟებისა ან ღამით განათებული ცათამბრჯენების მაგივრად, ნანგრევებად ქცეული გროზნოს ხედებისგან შედგება.

საბჭოთა კავშირის ტერიოტირიაზე ეთნიკური კონფლიქტების პარალელურად 1991–1992 წლებში საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო. საომარი შეტაკებების პერიოდში კოკა რამიშვილი საკუთარი სახლის ფანჯრიდან იღებდა ომს, რომელიც თბილისის ცენტრში იყო ლოკალიზებული. ვიდეოპროექტი "ომი ჩემი ფანჯრიდან" ომს გვიჩვენებს გამიზნულად ჩუმ, თავშეკავებულ ფორმატში. ასეთი პერსპექტივა თავის მხრივ ზუსტად გადმოსცემს აღბეჭდილი მომენტის მუდმივობასა და გარდამავლობას. ნამუშევარი სადად ასახავს უხილავი თორმეტდღიანი ომის ერთიდაიმავე პეიზაჟს და თავისუფალია ნაციონალური თუ პოლიტიკური ხასიათის გზავნილებისგან.

მახაჩევას ინსტალაცია "პეიზაჟი" თემატურად აერთიანებს მთელს გამოფენას და ამავდროულად არ ეხება რესპუბლიკების და ქვეყნების მტკივნეულ ისტორიულ წერტილებს. პეიზაჟს საგამოფენო სივრცეში მახვილგონივრულად შემოაქვს ლანდშაფტის განზომილება. დაღესტანში არსებობს სხვადასხვა ხალხური საგა მამაკაცების შესახებ, რომლებმაც “ცხვირი დაკარგეს”. თავიანთი სიმამაცის დასამტკიცებლად ისინი მიემგზავრებოდნენ თავგადასავლების საძიებლად, რათა საკუთარი ცხვირი დაებრუნებინათ. აღსანიშნავია, რომ ავარულ ენაზე სიტყვა « мerlep » ცხვირსაც ნიშნავს და მთასაც, რაც ნათლად ადასტურებს მოსახლეობის გამძაფრებულ თვითიდენტიფიკაციას მთებთან. ნამუშევარი შედგება სხვადასხვა კავკასიური ხალხის ცხვირების თანმიმდევრობისგან, რომელიც მთლიანობაში კავკასიის რეგიონის გამაერთიანებელ – დიდი კავკასიონის მთათა სისტემად აღიქმება და შემოსაზღვრავს ორ ათას წელზე მეტი ხნის ისტორიული ქარტეხილების ტერიტორიას."
 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>