12 წიგნი ║ ნესტან-ნენე კვინიკაძე

 

1. ჰომეროსი – "ილიადა" და "ოდისეა"

აქაა სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი სიმღერები. ესაა ლიტერატურისთვის მთავარი საყრდენი წერტილი. 

2. შოთა რუსთაველი “ვეფხისტყაოსანი”

სხვაგან არსად  ქონია სიყვარულს ასეთი მხარდაჭერა.

3. უილიამ შექსპირი – “ჰამლეტი”

Shakespeare Quarterly-ს ერთი წლის გამოშვებას რომ ჩავხედოთ, ვნახავთ, რომ მაგალითად, 1997 წლისათვის ბიბლიოგრაფია შეიცავს კვლევის 4780 დასახელებას. რომელთაგან “ჰამლეტს” 342 ეძღვნება: შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად ქვეყნდება თითო ნაშრომი. რატომ? იმიტომ, რომ აქაა ის მთავარი კითხვები, რომელზე პასუხებსაც, ყველა დროში, გამუდმებით ეძებს ადამიანი. რატომ დავიბადეთ საერთოდ? ყოფნა, თუ არ ყოფნა?

4. თომას მანი – “იოსები და ძმანი მისნი”

ყველაზე მაღალმხატვრულად მოყოლილი ბიბლიური ისტორია. 

5. ალბერ კამიუ – “უცხო” (და ბევრი სხვა)

ესაა რომანი, რომელიც ჰაერივით ჭირდებოდა მთელ ევროპას. ესაა რომანი, რომლის დაწერამდეც კამიუმ “ბედნიერი სიკვდილის” სახით, “უცხოს” ერთგვარი თარგი და ესკიზი შექმნა.


6. ჯონ მაქსველ კუტზეე – “იესოს ბავშვობა”

ავანტიურაა.ხავერდის ფაქტურის ატმოსფერულ რომანში კუტზემ კრიტიკოსებიც და მკითხველიც დააბნია. არის თუ არა ეს მართლაც იესოს ბავშვობა? ტექსტში მინიშნებებია, მაგრამ მწერალი არაფერს აკონკრეტებს.


7. დინო ბუცატის “თათრების უდაბნო”

ბასტიანის ციხესიმაგრეში ჯერ დღეებს და შემდეგ წლებს ვითვლით. ჯოვანი დროგო (ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი) მტერს ელოდება. მტერი არ ჩანს.
დინო ბუცატის ისეთი საინტერსო ფლირტი აქვს სიმბოლიზმთან და სიურეალიზმთან… სადღაც, თითქოს,  იუმორი გამოჟონავს, ფუნქციადაკარგული სამხედრო პირები, ხშირად კომიკურებიც კი გვეჩვენებიან, მაგრამ, ზოგადად, აქ ამ რომანში, ყველაფერი ძალიან სერიოზულად გამოიყურება. მკაცრია განწყობაც და ექსეტერიერ – ინტერიერიც. 
როგორ ახერხებს ავტორი ტრიუკების, მაკიაჟის და დამატებითი აქსესუარების გარეშე, 21 წლის ბიჭთან ერთად, ერთ ციხესიმაგრეში გამოგვკეტოს? თითქოს არაფერი ხდებოდეს, არ იძვროდე ადგილიდან, მაგრამ, რეალურად, თავქუდმოგლეჯილები მივრბოდეთ ფინალისკენ. 

8. ბოჰუმილ ჰრაბალი “მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა”

როგორ შეიძლება არ გიყვარდეს წიგნი, სადაც მთვარ გმირს ჰანტას არ უყვარს ბანაობა. პერიოდულად, ერთ ფეხს დაიბანს ხოლმე, რაღაც დროის მერე,- მეორეს. რელიგიური დღესასწაულებისთვის მკერდს იბანს. სამაგიეროდ, იცის რემბოს, გოეთეს, ნოვალისის, ჰეგელის ფასი. მისი მოწოდებაა ლამაზად დააფასოვოს მაკულატურა. გვერდებში მონეს, რემბრანტის, სეზანის და კლიმტის კოპიოები ჩააყოლოს. სიყვარულისთვის სიკვდილი შეეძლოს და ტრანსფარანტების გარეშე, ჩეხეთის მეტისმეტად ხმაურიანი ამბავი მოყვეს.

9. რაიმონდ კარვერი “რაზე ვლაპარაკობთ როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ”.

ორი რაიმონდ კარვერი არსებობს. ერთი რედაქტირებული, მეორე ავტორისეული ვერსია. ესაა მწერლის და რედაქტორის ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო თავგადასავალი.
ამ კრებულში თავმოყრილ მოკლე მოთხრობებში, დაპრესილ სიტყვებში და წინადადებებში, მთელი ცხოვრება ეტევა. 
თითქოს ჩვეულებრივი და რუტინული ჯინის სმა; ხეიბარი კაცის ყავაზე მიპატიჟება;ბავშვის გარდაცვალება; სიყვარულზე საუბარი. მაგრამ “რაზე ვლაპარაკობთ როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ”?

10. ჯონათან ლიტელი “The Kindly Ones” 

მეორე მსოფლიო ომის შესახებ დაწერილი (სავარაუდოდ, ყველაზე სქელტანიანი) გულისგამაჩერებელი მხატვრული რომანი.ტექსტს ცეცხლი უკიდია. ავტორი ახერხებს ჯალათის გულშემატკივრად აქციოს მკითხველი და საკუთარ თავს აქამდე უცნობი კუთხიდან შეხედო.

11. დავით კლდიაშვილის “მიქელა” (და ბევრი სხვა)

მცირე პროზის ყველაზე განსაკუთრებული ნიმუში, რომელიც გულში მაქვს ჩაკრული და მინდა, რომ მხოლოდ მე მიყვარდეს. სტილის და ფორმის ამ დღესასწაულზე მხოლოდ მე ვიყო!

12. ქეთი ნიჟარაძის „ავტოპორტრეტი“

1998 ან 1999 წელი იქნებოდა. გამომცემლობა “საარის” ყუთში, ხუთი კაცი ავტორის წიგნი იდო,მათ შორის, ქეთი ნიჟარაძის “ავტოპორტრეტიც”. თითქოს მარტო უნდა მოეგო ბრძოლა.
ჩვენ, დამწყებ გოგონა ავტორებს, ძალიან გვჭირდებოდა, ქართველი მწერალი ქალის ავტოპორტრეტი. რამე თამამი, ემოციური და სევდიანიც.ჰოდა, ასეთიც დაგვხვდა. 
უბრალოდ, მერე, საკუთარი სიძლიერით მოხიბლულებმა, დავივიწყეთ. არადა, მაშინ ძალიან რთული იყო საკუთარი ავტოპორტრეტის დემონსტრირება და ამისთვის ხშირად უნდა შეგვექო ეს ავტორი.
 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>