12 კითხვა ანდრო დადიანს ❘ ინტერვიუ

1. როგორია კარგი პოეტი?
როგორიცაა კარგი მოქალაქე, პლუს პოეტია. ძნ უბრალო კონსტრუქციაა არა?
შარშან წავიკითხე ერთი პოეტის უკვე მეორე კრებული და გულნატკენმა გადავდე, პოეზიაა მისი ტექსტები, ლამაზია, მაგრამ ავტორი-პიროვნება არის გაპარული ლექსებიდან, წიგნის ბოლოს ტრავოლტას გიფივით ვატრიალებდი ხელებს, ნუთუ არაფერი არაფერი აქვს სათქმელი-მეთქი?!  

2. ამასწინ პოეტური კრებული გამოვიდა, რომელის წინასიტყვაობაში ნათქვამი იყო, აღარ ვიცი პოეზიამ იმაზე მეტი რაღა უნდა ქნას რაც დღემდე გააკეთაო. რა უნდა ქანს პოეზიამ დღეს?
პოეტების ქვეყანაში ვართ, ხომ იცით, კონდიტერებს როგორ წყინდებათ ტკბილეული… ვინც ეგ თქვა ეროსი დაშრობია, ამ ქვეყანაში როგორ უნდა გამოელიოს პოეტს სათქმელი?! საქართველოში ნოეს ასაკამდე რომ ვიცხოვროთ თითოეულმა ხელოვანმა ადამიანმა მაინც არაფრად გვეყოფა დრო იმდენია სალაპარაკო, იმდენი თემაა ხელშეუხებელი, იმდენი ფორმა და ენაა ამ თემებზე სალაპარაკოდ გამოსაძებნი. თუმცა მესმის იმ ადამიანის ვინც ეგ თქვა, ისე შემითრევს ხოლმე დეპრესია და ეს ეროვნული კოლიტი, რომ ვეღარაფერში მომავალს ვეღარ ვხედავ. ახლაც სწორედ ასეთი პიროვნული ინფლაციის განცდა მაქვს.

3. რა იწვევს თქვენს ''პიროვნულ ინფლაციას''?
მაგიური რეალიზმი ჩვენს ირგვლივ.
ხეები, რენე მარგრიტის ნამუშევრებივით, ზღვაში მიცურავენ ან კორპუსებს შორის ქურდული ნაბიჯებით მიიპარებიან; დილით ვიღვიძებ და ვხედავ, კლდეს ადგილი დაუთმია მინის ბიზნესცენტრისთვის ჩემი სახლის უკან; ქალაქში ისეთი ჰაერია მარტო ტერმინატორი თუ შეძლებდა ცხოვრებას აქ ჩვენს გარდა; რუსთაველზე შვილმოკლულ მამებს დუელი აქვთ გამართული ერთად დგომის ნაცვლად;  პატიოსანი ადამიანები ციხეში ზიან, იმიტომ რომ ჩაუდეს; პროფესიონალი უმუშევარია, იმიტომ რომ არ დაურეკეს; მუშების სიკვდილი სისტემაშია მოქცეული და ჩეულებრივ ამბად იქცა;  ფაშისტები უპრობლემოდ ავცელებენ საკუთარ იდეოლოგიას და დედაქალაქის ცენტრში ადამიანებს კლავენ კამერების წინ, პოლიცია კი კვალს ვერ პოულობს; პოლიტიკური პარტიები გვეუბნებიან, რომ ერთმანეთის ოპოზიციონერები არიან და რეალურად ერთი დეკადენტური ორგანიზმის სხვადასხვა კიდურია ყველა მხარე; ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და ამ ფონზე ეკლესია, ყველაზე  მდიდარი ინსტიტუციაა ქვეყანაში, რომელიც უფლებებაყრილი უმცირესობის კონტრაქციას აწყობს 17 მაისს და 50 კილოიან ოქროს ხატებს მიათრევს სამებისკენ ტვინგამოფხეკილ მრევლთან ერთად.  ამ ყველაფრის პარალელურად პიროვნული გაუფასურება გარდაუვალია.
 
4. როგორ ახერხებთ ასეთ დროს თვითგამოხატვას?
ორი ვარიანტია, ან დუმხარ მთელი ხმით და ყურების დახეთქვამდე გაწუხებს ეს დუმილი ან ყვირი. მე როგორ შემიძლია ვიყვირო? შემიძლია პერფორმანსი გავაკეთო ან ტექსტი დავწერო. წელს აქცია-პერფორმანსი მქონდა რუსთაველის გამზირზე პირველ მაისს – მშრომელების დღეს, სადაც გაჩერებაზე დროშით ჩამომხრჩვალი მუშა იყო დაკიდებული (მალევე ჩამოგვახსნევინეს ის ადამიანი მომიტინგე მშრომელებმა, არ გვჭირდება ასეთ სოლიდარობაო. როგორც ჩანს, ცუდად იმოქმედა მათზე ამის ნახვამ). მოგვიანებით რუსთაველის თეატრში მქონდა თეატრალური-ინსტალაცია ''ლოტის ცოლის მზერა'' რომელიც მაისის დაუსრულებელ აქციებს და უიმედობას ეხებოდა. ესაა სულ რითაც მე შეიძლება ვილაპარაკო, ამჯერად ტექსტებს ვუტრიალებ, ვცდილობ ახალი გამოხატვის ფორმები მოვიფიქრო პოეზიაში. 

5. ახლა რომელი ავტორი აღგაფრთოვანებთ?
სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავტორები აღმაგზნებენ, რახან არ აკონკრეტებთ რისი ავტორები მე გეტყვით. გია ეძგვერაძის უზარმაზარმა მაკრატელმა, მასშტაბმა მოახდინა შთაბეჭდილება 500 X 200-ზეა როგორც მახსოვს, ედიტ ბელზბერგის ''მიწისქვეშეთის ბავშვები'',  პაპიანოუს ახალი ქორეოგრაფიული პერფორმანსიდან ნაწყვეტები არ მავიწყდება,  ჰანიგენის ნამღერი ლიგეტის ''Mysteries of the Macabre'', აკა პროდიაშვილის ''Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2018''-ზე ნაჩვენები კოლექცია, ტატო ჩანგელიას პოემიდან ''გმირი'' წავიკითხე ნაწყვეტი რამდენიმე კვირის წინ და დღემდე აღფრთოვანებული ვარ. კიდევ ბევრი რამაა, შორს წავალთ :))

6. ვიცი რომ მუშაობდით სპექტაკლ ''პასპორტის'' ტექსტზე, მოგვიყევით ამ სპექტაკლზე. 
ძნ ბედნიერი ვარ, რომ "ღია სივრცეში'' და მიშა ჩარკვიანთან მომიწია მუშაობა, იმდენი რამ ვისწავლე მასთან რამდენიმეთვიანი თანამშრომლობით, რომ მგონია დიდხანს გამყვება ეს დღეები, როგორც ინტელექტუალური გამოცდილება. ''პასპორტი'' დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით აგებული სპექტაკლია, რომელიც ცდილობს ისაუბროს 2008 წლის ომზე, მის ნარჩენებზე იმ ხალხზე ვინც საზღვრისპირას ცხოვრობს და ოკუპანტების კეთლი ნების ამარა არიან მიტოვებული ჩვენი სახელმწიფოსგან. ეს სპექტაკლი ლაპარაკობს ქართველ გმირებზე და იმ ადამიანებზეც, ვინც ვერ შეძლო გმირობა და ეს მათი სუბიექტური არჩევანია. სპექტაკლს საინტერესო ვიზუალური და რეჟსორული გადაწყვეტა აქვს და ძალიან მახარებს, რომ ვნახავ ხოლმე ამ პროდუქტს. ახლახანს იყო პრემიერა და შეგიძლიათ ნახოთ თბილისში, ასევე რეგიონებში, სპექტაკლი მიწვეულია ასევე ბერლინში და დაინტერესებულია ხუთი სხვადასხვა თეატრალლური ფესტივალი, რომლებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

7. რა გაძლევთ თქვენი საქმის კეთების მოტივაციას? 
უსამართლობა, რომელიც ჩემს ირგვლივაა, რომელიც მანადგურებს და თან შემოქმედებით იმპულსებსაც მაძლევს. 
(სტოკჰოლმის სინდრომს გავს არა?)
8.რატომ აირჩიეთ ფსევდონიმი ანრო დადიანი?
ჩვენი სახელებისა და გვარების უკან ბიოგრაფიები დგას, ოჯახის წევრები, ახლობლები, რომელებიც უმრავლეს შემთხვევაში უსიამოვნო ვალდებულებებს გვიყენებენ ცხოვრებაში. მე კი მინდოდა ის რის კეთებასაც ვაპირებდი თავისუფალი ყოფილიყო ჩემსგან, ჩემზე დაკისრებული ვალდებულებებისგან, ჩემი მეგობრებისგან, ნათესავებისგან, ამიტომ ასე გამოვიდა, რომ მე, ანდრო დადიანს არავინ და არაფერი არ გამაჩნია იმის გარდა რასაც ვაკეთებ, არც ხელშემწყობი და არც ხელისშემშლელი.

9.გვაჩვენეთ თქვენი საუკეთესო ნამუშევრი 
ჩემი თუ ჩემთვის? ჩემი საუკეთესო ნამუშევარი ჯერ არ მაქვს და ჩემთვის ბევრია, ზემოთ რამდენიმე ჩამოგითვალეთ. 

10. მოგვიყევით ერთი საინტერესო შემთხვევა თქვენი ცხოვრებიდან. 
არაფერი, მე ხომ როგორც ანდრო დადიანს ძალიან ცოტა ცხოვრება მაქვს, იშვიათად ვჩნდები სამდე. სასაცილო და ცოტა სევდიანიც ისაა, რომ რამდენიმე ადამიანი ცხოვრებაში რომ მაიგნორებს, არ მესალმება, მის ტოლად და სწორად არ მივაჩნივარ ანდრო დადიანს მის სყვარელ პოეტად მოიხსენიებს, ასეთები ფეისბუქზე მწერენ ხოლმე და სიყვარულს მიხსნიან.  

11. ამჟამად რომელ წიგნს კითხულობთ? 
პოეზიას გამუდმებით და ისე დომხალი მაქვს. ერთად ვკითხულობ რამდენიმე წიგნს. 
''ფარაჯანოვის მითლოგიურ-მეტაფორული სამყარო'', გროისის წერილებს, ბუღაძის ''პატარა ქვეყანა'', პალანიკის ''ძლისპირულის'' თავიდან გადაკითხვა მაქვს და ''ფაშზმის თეორიები''. ნამდვილი აჯაფსანდალია!

12. სამი სიტყვით დაახასიათეთ თქვენი თავი
გამოყლეებული, უღიმღამო, მძორი.

Photos By Dzito Zaalishvili

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>