აკა ფროდიაშვილი︱ინტერვიუ

 

1. როდის წარმოიშვა Akà Prodiàshvili-ის შექმნის იდეა და რატომ აირჩიეთ მოდის სფერო?

3 წელია რაც ჩემი ბრენდი არსებობს, პირველად ბინექსთის კონკურსზე გავიტანე კოლექცია, 15 წლიდან ამ სფეროში ვარ, დავიწყე სთაილინგით და დღესაც ვთანამშრომლობ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ჟურნალებთან და ბრენდებთან. 

 

2. რა არის თქვენი შთაგონების წყარო? 

17 წლის ასაკში, როდესაც უკვე ვიცოდი რა მინდოდა მეკეთებინა, ეს იყო ფილმებისთვის კოსტუმების დიზაინი და ინსპირაციაც ფილმი მატრიცა იყო, პატარა ასაკში ვნახე და მას მერე მიყვარს. ჩემი ბოლო კოლექციის ინსპირაცია იყო ბაროკო, მატრიცა და დრეგ ქვინები. 

 

3. კოლექციაზე ფიქრისას, თვლით თუ არა, რომ მნიშვნელოვანია ხელოვნებისა თუ პოპ-კულტურის სამყაროსათვის თვალის მიყოლება? 

ვფიქრობ რომ აუცილებელია, რადგან ხელოვნება და პოპ-კულტურა აძლევს ბიძგს მოდას. ხელოვნება და პოპ-კულტურა არის ინსპირაციის წყარო ძალიან ბევრი დიზაინერისთვის და ზოგადად ნებისმიერი ტრენდი იქმნება აქედან. 

 

 

4. რას ნიშნავს დრეგ კულტურა და რატომაა ის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

მაშინ როდესაც ჰომოფობიურ ნიადაგზე იჩაგრებოდნენ ადამიანები, დრეგ ქვინები იყვნენ ისინი, ვინც ყოველთვის მხარში ედგა ამ თემს და ზოგადად, დიდი წვლილი მიუძღვით თემის ხილვადობის გაზრდაში, ამიტომაც ჩემთან ღრმად არის დაკავშირებული, ისეთი თემები როგორიცაა ადამიანის უფლებები, უმცირესობის უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. დრეგ ქვინების ვიზუალური ესთეტიკა ძალიან მომწონს და ბევრის მთქმელია ჩემთვის.
 

5. როგორ მყიდველზეა გათვლილი თქვენი პროდუქტი და რითია ის გამორჩეული?

თამამ ადამიანებზე, რომლებსაც არ ეშინიათ იმ საზოგადოების სადაც ცხოვრობენ, ცდილობენ შეცვალონ და შექმნან რაღაც ახალი. მე ვიყენებ ლატექსს, ხელოვნურ ტყავს, ბუმბულებს, რაც თავისთავად გამორჩეულს ხდის კოლექციას. 

 


 

6. სად შეიძლება თქვენი ტანსაცმლის შეძენა და რამდენად ხელმისაწვდომია იგი მყიდველთათვის?

ჩემი პირადი კოლექციის შეძენა ამ ეტაპზე ონლაინ არის შესაძლებელი, ყიდვის მსურველებს შეუძლიათ, რომ ჩემს პირად ინსტაგრამზე დამიკავშირდნენ.

 

7. საუკეთესო შემთხვევაში რომელ ადამიანებზე იხილავდით თქვენს ტანსაცმელს?

Sasha Valour, Violet Chachki, Anohi და Bjork. 

 

 

8. რა აზრის ხართ ბუნებრივი ბეწვის ხელოვნურით ჩანაცვლებაზე და ეკო-მეგობრული მასალის გამოყენებაზე? აუცილებლად მიიჩნევთ თუ არა, ამგვარ მიდგომას მოდის სფეროში?

ვფიქრობ, რომ აუცილებელია ხელოვნურით ჩანაცვლება და ეკო მეგობრული მასალების გამოყენება, ტექნოლოგიური ცვლილებები ძალიან დიდ გავლენას ახდენს მოდაზე და ამას ახალი იდეების განცორციელება მოსდევს.

 

9. როგორ დაახასითებდით დღევანდელ ქართულ მოდას და რომელი ცნობილი თუ ნიუქამერი დიზაინერები აღგაფრთოვანებთ?

ქართული მოდის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია, სასიხარულოა. ლადო ბოკუჩავა, ალექსანდრე ახალკაციშვილი, გიორგი ქებურია და თიკო პაქსაშვილი არიან ჩემი ფავორიტი დიზაინერები, თავიანთი გამორჩეული ინდივიდუალურობის გამო.

 

 

10. ცოტა ხნის წინ თქვენი კოლექცია Mercedes-Benz-ის თბილისის მოდის კვირეულზე წარადგინეთ. თუ შეგიძლიათ, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში განვლილ პროცესებზე და მიღებულ გამოცდილებაზე მოგვიყვეთ. 

ძალიან გრძელი პერიოდი გავიარე სანამ მოვხვდი Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე. იყო ბინექსთის კონკურსი, სხვადასხვა ბრენდებთან და ჟურნალებთან მუშაობა და მუდმივი სწავლა, მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი როგორი იქნებოდა ჩემი პირველი შოუ, გონებაში ყველაფერს ვხედავდი და ამიტომაც კოლექცია ძალიან მალე 3 თვეში შევქმენი და ძალიან კარგი feedback მივიღე საერთაშორისო პრესისგან. 


11. თვლით თუ არა, რომ თქვენ კოლექციას განსაზღვრული გენდერი არ აქვს, და არის თუ არა ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის აღრევა მოდის მომავალი? 

თუკი ავიღებთ ჩემი კოლექციიდან ცალკეულ ერთეულებს, ალბათ რთული იქნება განსაზღვრა გენდერის და როდესაც დავიწყე მუშაობა კოლექციაზე ზუსტად ეს იყო გათვლა, რომ კოლექციას არ ქონოდა გენდერი. საერთაშორისო მოდის სფეროში ეს სიახლე არაა და მგონია რომ უნისექს ტანსაცმელი არის მოდის მომავალი.

 

 

12. რა არის Akà Prodiàshvili-ის შემდეგი ნაბიჯი და რა არის თქვენი საბოლოო მიზანი?

ჩემს კოლექციებს ინსპირაციას აძლევენ, ახალგაზრდა ხელოვანები, რომლებიც ცდილობენ შეცვალონ რაღაც, დაუპირისპიდნენ იმ საზოგადოებას რომელიც ცდილობს, რომ თავის მარწუხებში მოაქციოს ეს ხალხი და რეალიზაციის საშუალება წაართვას, მგონია რომ პროტესტის შემდეგი ტალღა მაჩვენებს შემდეგ ნაბიჯებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი კოლექცია არ არის კომერციული და არ ვაპირებ შევცვალო მიმართულება, ამ ეტაპზე გამიჭირდება საბოლოო მიზნის თქმა. 

 

 

Photo Credits: George Nazghaidze