ქეუ მეფარიშვილი – პატარა გალერეა

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ ქეუ მეფარიშვილის გამოფენას "მხოლოდ მაშინ ვარსებობ როცა შენ აქ ხარ, სადაც არასდროს ყოფილხარ იქ არც მე მიარსებია."
გამოფენის მხარდამჭერია Propaganda.network

გლდანის მერვე მიკრორაიონში ერთმანეთის მსგავსი კორპუსები დგას. თითქმის იდენტური კორპუსები, მაცხოვრებლებისთვის თანაბარ საარსებო სივრცეს ქმნიან. ამ მოცემულობაში ადამიანი პარტიზანულად მოქმედებს. ეს მარტივი, ბუნებრივი ინსტიქტია, იმის მოსაპოვებლად, რაც არ ერგო ან არ ეყო. ადამიანი საკუთარ მითოლოგიას ქმნის და არქიტექტურისთვის ალტერნატიული ფორმის მინიჭებას ცდილობს. აშენებს საკუთარ ტერიტორიას, ზრდის ძველს, საკუთარ ტანზე ირგებს და ამ მარტივი მოქმედებით, შეაქვს ქაოტური ელემენტი არსებულ "ურბანულ წესრიგში." ეს არაკანონზომიერი, უხეში ჩარევაა, ინერცია უსაზღვრო თავისუფლებისკენ, რომელიც ადამიანს მის ბუნებრივ საწყისებთან აბრუნებს. შედეგად იქმნება უკანონო ტერიტორია, რომელიც, ერთის მხრივ, ურბანული კოლაფსის, მეორეს მხრივ, მაცხოვრებლის შეუზღუდავი თავისუფალი ნების სიმბოლოა. 
ამ ყოველივეს სიმბოლოდ, ქეუმ მეზობლის აივანი აიღო და ფორმების გამეორებით გალერეაში შემოაქვს ძველი ფორმა, განსხვავებული ვიზუალით, გაჭედილი გალერეის უპატარავეს სივრცეში, როგორც დღევანდელ თბილისში, შენობებით და შენობებზე გამოზრდილი მიშენებებით. ნამუშევარი წარმოადგენს იმ ინტერაქციის გამეორების მცდელობას, რომლითაც არქიტექტურასთან ადამიანის ჩარევით იქმნება ახალი ტერიტორიები რაც, საბოლოო ჯამში, სივრცეზე წვდომის თავისუფლების ბუნებრივი მანიფესტაციაა.

ქეუ მეფარიშვილი, დაბადებული 1995 წელს, ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ქეუ სწავლობდა თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში, რომლის მიტოვების შემდეგაც, სწავლა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში დაიწყო. ცენტრის არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, მეფარიშვილმა სალომე დუმბაძესთან თანამშრომლობით რამდენიმე ნამუშევარი შექმნა. ისინი ერთად მუშაობდნენ მოდის დიზაინსა და სხვადასხვა ხელოვნების ფორმებში. მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი ეკოლოგიის თემას ეხებოდა. პირველი პერსონალური გამოფენა 2017 წელს გაიმართა ნინა პატარიძის კურატორობით და პერფორმანსს, ტექსტობრივ ნამუშევარსა და ვიდეოებისგან შედგებოდა.
ქეუ მეფარიშვილის ნამუშევრები ახლოსაა პოსტ-ინტერნეტ ჟანრთან, ამასთან ის მუშაობს სხვადასხვა მედიუმებში: ვიდეოსა ფოტოს გარდა, ის მუშაობს ინსტალაციასა და დიზაინში. მისი კონცეპტები ირონიისა და საი-ფაის გარშემო ტრიალებს.