12 წიგნი ║ სალომე ბენიძე

  ​ფოტო დინა ოგანოვა

 

1. შოთა რუსთაველი, „ვეფხისტყაოსანი“

ვერასოდეს ვაღწევ თავს მის სიდიადეს და სილამაზეს. სულ ვუბრუნდები. ალბათ არასოდეს გადავიფიქრებ, რომ თინათინი და ავთანდილი ქართული ლიტერატურის საუკეთესო პერსონაჟები არიან.

 

2. „ათას ერთი ღამე“  

მჯერა, რომ თუ დამჭირდა, მეც შაჰრაზადივით გადავრჩები, ამბების მოყოლით.

 

3. ოსკარ უაილდი, „სალომე“

ალბათ ეგოისტურად ჟღერს, არა? სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. ბავშვობაში ჩემი სახელი არ მიყვარდა. შემიყვარდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უაილდის „სალომე“ წავიკითხე – ამბავი სიყვარულზე, უარყოფასა და შურისძიებაზე.

 

4. გურამ პეტრიაშვილი, „პატარა ქალაქის ზღაპრები“

დღესასწაული, რომელიც მუდამ ჩემთანაა.

 

5. სილვია პლათი, „ზარხუფი“

ჩემი აზრით, აუცილებელი საკითხავი ყველა გოგოსთვის. როცა წავიკითხე, ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხი. მივხვდი, რომ მარტო არ ვარ, და როგორიც ვარ, ზუსტად ისეთი უნდა ვიყო.  

 

6. ჯოან როულინგი, „ჰარი პოტერი“ 

როულინგის სამყაროში ყველაფერია, რისთვისაც ცხოვრება ღირს. ამ წიგნში არიან ყველაზე ერთგული ადამიანები, ყველაზე თავდადებული მეგობრები, ყველაზე მამაცი გოგოები და ბიჭები. ყველაზე ჯადოსნური ამბებიც ამ წიგნში ხდება. 

 

7. მილორად პავიჩი, „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“ 

იცით, ვინ არის ერისენა ტენეცკაია? გოგო, რომელიც ჯერ თავის ოთახში დაფრინავს, მერე კი ზემუნის თავზე, მე ვარ. ორი წლის წინ ვნახე ზემუნი, რომელიც ახლა ბელგრადის უბანია და ზუსტად ისეთი დამხვდა, როგორსაც ველოდი – არაპომპეზურად ჯადოსნური. 

 

8.    სალმან რუშდი, „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“

ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ დროს ვთარგმნე. ეს საოცარი წიგნი, რომელიც ადამიანებზე, ჯინებზე და სამყაროს წონასწორობაზეა, ჩემი საუკეთესო მეგობარია. 

 

9. ბოჰუმილ ჰრაბალი, „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“

არცერთ სხვა წიგნს არ დაუტოვებია ჩემში ამხელა სევდა. 


10. ხუან რულფო, „პედრო პარამო“ – წარმოიდგინეთ, რომ თვალებს სანახევროდ ხუჭავთ, გეძინებათ, ირწევით და თქვენს გარშემო ცოცხლები და მიცვალებულები ერთმანეთში ირევიან, მთელი თავიანთი ტკივილებით, სიყვარულით და ვნებებით. 


11.     ლაურა ესკიველი, „როგორც წყალი შოკოლადისთვის“ 

წიგნი საოცარი სურნელითა და გემოთი, რომელიც იმდენად ზღაპრულია, რომ შეიძლება, სიზმარი გეგონოთ.

 

12.    ანჯეი საპკოვსკი, „მხედვარი“

 "- რა… რა გაკავშირებს გერალტთან, ქალბატონო იენიფერ? 
საკუთარმა თავხედობამ ცირის კინაღამ გონება დააკარგვინა. ჩამომდგარი სიჩუმისაგან ერთიანად გააცივა. 
– სევდა, – მიუგო ჯადოქარმა, – ნაღველი. წყენა. სინანული. იმედი. და შიში. მგონი, არაფერი გამომრჩენია." 

აჯობებს, არ მკითხოთ, რა მაკავშირებს ადამიანთან, რომელმაც ოდესღაც „მხედვარის“ წაკითხვა მირჩია  
 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>