ანდრო დადიანი︱ახალი ლექსები

ანდრო დადიანი 

* * *
ახლა რუსთაველზე მივდივარ, 
როგორც ჰოლივუდის პავილიონში.
კი არის ეს ქუჩები გადაბრდღვიალებული,
მაგრამ მე ფეხზე მკიდია, 
ან როგორც შენ იტყოდი გაქნეულზე მკიდია,
ჩემო პატარავ!..

ნეტავ შენ იყო მართლა პატარა 
და მე ისე, ისე დიდი, 
რომ შემეძლოს, 
გაგაშორო ამ მექანიკური ცხოვრების ექოს,
ან ამ ნათურებს ვწვდებოდე,
რომ სათითაოდ ფეხქვეშ ჩავიფშვნა.
არ დაიჯერო მათი ნათება,  
ისინი ჩვენზე არიან მოერთებული 
და ჩვენი ჯანმრთელობა იწვის მათში.
არ დაიჯერო ეს სინათლე, 
ჩვენს გასანათებლად ვის ცხელა ახლა?!
რომელი ჩინოვნიკი გამოიწვდის ამ ზამთარში ხელს
შენი ანთებული ფილტვების ჩასაქრობად?!
რომელი მღვდელი ილოცებს, 
რომ ხვალ შენი თვალებიდან
ბოტკინი მანდარინებივით აღარ ამოჩახჩახდეს?!
ამათ კი არა მგონი ღმერთმაც დაგვტოვა.
(თუმცა მან ქრისტე მიატოვა და…)

უფალო, გამოდი საპატრიარქო რეზიდენციიდან,
თოვლის ბაბუად გადაიცვი
და გაიარე ამ გახევებულ ქალაქში, 
რომლის ჩრდილმაც წლებია გოჯით წინ ვერ წაიწია.
რად გვიანდები???
გამოჩნდი, რად იგვიანებ უფალო?
იქნებ ცხელ შხაპს იღებ და გაერთე.
მე აქ ვზივარ ქაშუეთის წინ და გელოდები.
გამოჩნდი!!
გამოჩნდი, თორემ ვიყვირებ, 
პლაკატებს გამოგიკრავ ყველგან,
ვიყვირებ, რომ გათავდი და აღარ ხარ, 
რომ გამოილიე საპატრიარქოში 
თუ რომელიღაც მინისტრის კაბინეტში 
საახალწლო სურვილების ასრულებისას.
ნუ იმალები უფალო,
თუღა ხარ გამოდი გარეთ,
გამოდი გარეთ და მოგვხედე 
ამ საახალწლოდ უიმედოდ დარჩენილებს,
ამ პავილიონის მასიური სცენისთვის გამწესებულებს,
სადაც ჩაისაც არავინ გვიწვდის.

*
არ დაიჯერო ჩემო პატარავ!
არ დაიჯერო, 
ამ ზამთარში, ამ საშობაოდ,
ამ ნათურების ნათების,
ისინი ჩვენზე არიან მოერთებულები 
და გასრესილი ციცინათელების სინათლით ანათებენ ამ პავილიონს. 
არ დაიჯერო, 
არ დაიჯერო ამ ნათურების ნათება
ჩემო პატარავ.
 

 

 

არ შეიძლება ჩემი სისხლი იყოს წითელი

(ციკლიდან დავითის ფსალმუნები)

ღმერთი  სიყვარულია, 
რადიაციული სიყვარული ანტიღმერთი.
თვალებში გაყინული შიში, უიმედობა.
დაუშოშმინებელი სევდა სოკოებადაა სხეულს მოდებული.
სიკვდილის ფორმულაა, – გიყვარდეს გარეწარი!
დღეში სამჯერ გამოგიწვდის სუფრის კოვზით
სიკვდილის მცირე-მცირე დოზებს 
და გიყურებს გამოზოგილი სიამოვნებით.

ზიზღის სოკოებითაა ჩემი ორგანოები დაფარული.
ობისფერი, მომწვანო-მოყვითალო სოკოები.
ჩემი ფილტვები, ძილის დროს შენსკენ რომ თბილ ჰაერს უბერავს…
ჩემი გული დარდის ჩირქიანი ბუშტუკებით მოვარაყებული…
ჩემი ვენები იაიას ფესვები, კანს რომ სერავს.

ნეტარ არიან მორწმუნენი,
მიეყრდნობიან ხატებს და ატირდებიან.
მე ვის შევტირო? 

გაზაფხულს ახლა ყვავილობა კი არა ლპობა მოჰყვება.
მოუთმენლობით დამძიმებული მირახრახებენ
თავდაღმართში მდინარეები.

არ შეიძლება,
არ შეიძლებაბა ჩემი სისხლი იყოს წითელი …
არ შეიძლება,
არ შეიძლება ჩემი სისხლი იყოს წითელი…
გადმომაყარე ოლიეანდრები!

( ! ! ! 
გუგლის საძიებელი მეუბნება, ადამიანები მხოლოდ ერთიმეორისთვის გაწეული სიკეთით არიან ერთმანეთზე უპირატესიო. ერთხელ მაინც გამოიჩინე სიკეთე. და რომანტიკული შეყვარებულივით მოდი აივნიდან. და გადამიხსენი ვენები. და გაუშვი რადიატორებში. და მოითბე ხელები სხვების სიყვარულისთვის.)

აქ, ამ ზეთისხილის ხეების ბაღში
ტანზე მალღვება ყინული,
ჩემს გვერდით ზიხარ ფეხებმორთხმული,
ამბორით მითბობ ტუჩებს, 
ცაზე  ყრანტალებენ ყვავები…

და ყვითელი ოლეანდრები…
ნაცრისფერი სქელი ღრუბლები…
ტკივილი.
ქარი.
ქარი.
ტკივილი.
ნაცრისფერი სქელი ღრუბლები
და ყვითელი ოლეანდრები.

ცაზე  ყრანტალებენ ყვავები,
წრეებს მირტყამენ პანაშვიდივით, 
ოთხშაბათია
და უსათუოდაა კარგის ნიშანი ეს. 

 

 

სამოსი: ტატო გელიაშვილი

ფოტოები: გიორგი ნაზღაიძე