არასაქველმოქმედო აუქციონი #NotACharityAuction

მხატვარი – სალომე ჯოხაძე

„არასაქველმოქმედო აუქციონი“ თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS-ის) სტუდენტების – ანო ჯიშკარიანის, ანასტასია ახვლედიანის, თიკა შელიასა და სალომე ფოცხვერაშვილის ორგანიზებით სულ მალე მეორეჯერ ჩატარდება. 

პირველად აუქციონი, სასტუმრო Rooms-ის ხელშეწყობით, 2018 წლის თებერვალში განიმართა და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა, – გაიყიდა ნამუშევრების 80%. მისი მთავარი მიზანი იყო და არის ახალგაზრდა ქართველი არტისტების რეალიზება და ხელშეწყობა, მათი ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა და ცნობადობის ამაღლება. 

ექსპონატები პირველ აუქციონზე ორ ნაწილად გაიყო – პირველ ნაწილში აღიარებული ქართველი ხელოვანების ნამუშევრები გამოიფინა: კარლო კაჭარავასა და ოლეგ ტიმჩენკოს 80-90-იან წლებში შესრულებული ფერწერები, ასევე დავით კუხალაშვილისა და გიორგი ხანიაშვილის ადრეული ნახატები და ლევან ჭელიძის ნატურმორტი, ხოლო მეორე ნაწილში ქართველი ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრები ფიგურირებდა, რომელთა უმეტესობას ქართული თემატიკა აერთიანებს, იქნება ეს სალომე ჯოხაძის “თანამედროვე ყაჯარები” თუ გიორგი გელაძის ქართული ტექსტები ტილოზე. ამასთან ერთად წარმოდგენილია ანასტასია ახვლედიანის ქართული არტეფაქტებითა და ორნამენტებით ინსპირირებული ტილოებისა და უცნობი წმინდანების სერია, ფაფო ფაჩუაშვილისა და გიორგი ვარდიაშვილის შერეული ტექნიკით შესრულებული კოლაჟები თბილისის ფოტოსურათებზე. რიგით მეორე აუქციონი, რომელიც სულ მალე განიმართება სავარაუდოდ იმავე ფორმატში წარდგება. 

,,ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისათვის, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში არსებული მდგომარეობა და დამოკიდებულებები გახდა ინსპირაციის წყარო. „ვინაიდან სიტყვა „აუქციონი“ საზოგადოებაში ქველმოქმედებას უკავშირდება, ხელოვანებს ნამუშევრების „გაჩუქება“ და „შეწირვა“ ხშირად უწევთ ამა თუ იმ საქველმოქმედო ღონისძიებებისათვის. რეალურად, საზოგადოებაში არ არსებობს იმის აღქმა, რომ ნამუშევარი ხელოვანისათვის პროფესიული შედეგია, მისი შემოსავლის წყარო და ხელოვნების ნიმუში, რომელსაც მრავალი დამატებითი ღირებულება გააჩნია. საქართველოში „არტ ბაზრის“ თითქმის არარსებობიდან გამომდინარე, მცირეა შესაძლებლობები, რომ ხელოვნება გახდეს გაყიდვადი და ხელოვანის პროფესია დაფასდეს. მით უმეტეს, ამ ცნობიერების ამაღლება აუცილებელია ახალგაზრდა ხელოვანებისათვის, რომლებიც ახლა ცდილობენ პროფესიულ განვითარებას და მოითხოვენ საზოგადოებისგან დაფასებას. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ „არასაქველმოქმედო აუქციონი“ ხელოვანებისათვის სტიმულის მიცემის ერთგვარი მცდელობაა“. – განაცხადეს იდეის ავტორებმა Buisness Media Georgia-ს ინტერვიუში. 

 

დაათვალიერეთ მათი ინსტაგრამ გვერდი:

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>