ვახტანგ ქოქიაშვილი – Second Order

WINDOW PROJECT და თიბისი სტატუსი გიწვევთ ვახტანგ ქოქიაშვილის პერსონალური გამოფენის გახსნაზე Window Project-ის ახალ საგამოფენო სივრცეში. 

22 დეკემბერი, 19:00 საათი
WINDOW PROJECT, ტატიშვილის ქ. #7 

მიმდინარე ექსპოზიცია ქართველი მხატვრის, ვახტანგ ქოქიაშვილის, სამ მიმართულებას აერთიანებს: მითოსი, რელიგია და ეთნოგრაფიული პოპი. პირველი არაცნობიერის სარკეა, მეორე რელიგიურ თემებს კიჩურ ფორმებში ამჟღავნებს, რაც შეეხება ეთნოგრაფიულ პოპს, ის თანამედროვე სამყაროში ჩვენი სავიზიტო ბარათია, რომელიც ჩვენს წარსულ და აწმყო გამოცდილებებს უახლეს ენაზე თარგმნის.

გამოფენა, ‘SECOND ORDER’ მხატვრის განვითარების ეტაპებს ასახავს, რომლის განმავლობაში მითოსური ფორმები წარმოებისა და დიზაინის ეფექტებით იცვლებიან. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ამ გარდატეხის ამსახველი ცალკეული აქცენტები, მოტივები და სოციალური ტრანსფორმაციები, რომლებიც კულტურულ მეხსიერებას ახალი საკომუნიკაციო ფორმებით, მოდელებითა და პატერნებით აწარმოებენ. 

ვახტანგ ქოქიაშვილი დაიბადა 1930 წელს. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხტვრო აკადემია. 1962-1969 და 1973-1979 წლებში იყო საქართველოს მხატვართა ფონდის მთავარი მხატვარი. 1967 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1981-1994 წლებში იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მონუმენტური სექციის თავმჯდომარე. მისი ხელოვნება სხვადასხვა დროს გამოიფინა შემდეგ ქალაქებში: ვარშავა, პოლონეთი (1959); ტრიპოლი, ლიბია (1965); დრეზდენი, გერმანია (1969); სოფია, ბულგარეთი (1975); კეჩკემეთი, უნგრეთი (1981) (1989) და პარიზი, საფრანგეთი (1996). 

საქართველოში ვიტრაჟული ხელოვნების დანერგვა, ვახტანგ ქოქიაშვილის სახელს უკავშირდება. მისი შექმნილია თბილისში ყოფილი სასტუმრო „ივერიას“ ინტერიერის ვიტრაჟი(თბილისი); ფუნიკულიორის ქვედა სადგურის ვიტრაჟი (თბილისი); საერთაშორისო აეროპორტის ვიტრაჟი (თბილისი); სასტუმრო „მეტეხი“ ფერწერა,ვიტრაჟი (თბილისი); ფიზიოლოგიის ინსტიტუტი ვიტრაჟი (თბილისი); ასევე საქართველოს ქალაქები: ქუთაისი, აბაშა, ყვარელი, ცხინვალი. რიწის ტბის დასასვენებელი კომპლექსი, სოხუმი, ადლერი, პიცუნდა. (აფხაზეთი). ნალჩიკის საზაფხულო კურორტის სარეკრეაციო კომპლექსი (რუსეთის ფედერაცია). გარდა ამისა არაერთი ობიექტი მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია), უკრაინასა და ყაზახეთში.

1990-იანი წლებიდან, ვახტანგ ქოქიაშვილი აქტიურად იწყებს პოპ არტისტული სერიების შექმნას. მის შემოქმედებაში ასევე შესულია ასობით კოლაჟი, გრაფიკა და ასამბლაჟი. 

კურატორი: ნინა ახვლედიანი 

ექსპოზიციის კონცეპტუალურ სტრუქტურასა და დიზაინზე ახალგაზრდა ხელოვანმა – ლადო ლომიტაშვილმა იმუშავა.