ბიზნესი ორმაგი სარგებლით – ქართველი ემიგრანტის საქმიანი დაბრუნება სამშობლოში

 ​

პროფესიით ვეტერინარი და ბიოლოგი მიხეილ მესტვირიშვილი უკვე სამი წელია რაც ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა და ამიერკავკასიაში ჯერ კიდევ აუთვისებელ, ახალ პროდუქტს ქმნის. მულჩი – ასე ჰქვია ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ მიწის საფარს, რომელიც როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე ურბანულ სფეროში გამოიყენება. იდეა 10 წლის წინ, ამერიკაში გაჩნდა, თუმცა მის განხორციელებას რამდენიმე წელი და უამრავი კვლევა დასჭირდა. ჯეო მულჩი თიბისის ბიზნეს დაჯილდოების წლევანდელი გამარჯვებულია, რომელიც კომპანიამ ნომინაციაში „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“ მოიპოვა.

როგორ გაჩნდა იდეა?

1999 წლიდან ამერიკაში ვცხოვრობდი და ყველგან თვალში მხვდებოდა მულჩი. კალიფორნიაში სკვერები, ბაღები, ეზოები მულჩის საფარით იყო დაფარული. დავინტერესდი, ავიღე სინჯი, მოვიძიე ლიტერატურა. ამ სახეობის მულჩის სამშობლო კოლორადოს შტატია და კოლორადოს შტატის მონაცემებზე დაყრდნობით დავიწყე შესწავლა, რადგან მისი კლიმატი საქართველოს კლიმატს ძალიან ჰგავს. აღმოჩნდა, რომ მულჩი, ეს არის ბუნებრივი ტყე-მასალისგან, მერქნისა და მცენარის ნარჩენებისგან დამზადებული საფარი, რომელიც დეკორატიულთან ერთად  სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც აქტიურად გამოიყენება. მას დაახლოებით 12- მდე სასარგებლო თვისება აქვს. ნიადაგს უნარჩუნებს ტენიანობას, საფარს უქმნის ნიადაგში მიმდინარე პროცესებს და ხელს უწყობს ყველა იმ ნივთიერებისა და ბაქტერიების გამოყოფასა და გამრავლებას, რომელსაც შემდეგ მცენარის ფესვი შეიწოვს. დაახლოებით იგივე ეფექტი აქვს რაც ტყეში არსებულ ნეშომპალას. განსაკუთრებით ეფექტურია გვალვების პირობებში. ეს არის თავიდან ბოლომდე ბიოლოგიური და მერქნული წარმოშობის საფარი ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე. საღებავებიც კი რომლითაც მათი დაფერვა ხდება ბუნებრივი და უვნებელია როგორც ადამიანებისა და ცხოველებისთვის ასევე მცენარეებისთვის. არანაირი უარყოფითი ჩვენება მას არ აქვს და დროთა განმავლობაში ეს საფარიც ნეშომპალად იქცევა. პროფესიით ექიმი ვეტერინარი ვარ. ასევე ვმუშაობდი მთავარ მიკრო-ბიოლოგად. შესაბამისად ნიადაგთან, მიკრობებთან და ბაქტერიებთან აქტიური შეხება მანამდეც მქონდა, რამაც მნიშვნელოვნად გამიადვილა ამ საქმის შესწავლა.

როგორ მიიღო საზოგადოებამ ახალი პროდუქტი?

საქართველოში ინოვაციის შემოტანა და დანერგვა დიდ სირთულეებთან არის დაკავშრებული. ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ნამჯას, რომელიც ნიადაგს ტემპერატურას უნარჩუნებდა, თუმცა მულჩის გამოყენების კულტურა აქ არასდროს ყოფილა. მითუმეტეს დეკორაციული თვალთაზრისით. პირველ რიგში მომხმარებლის ნდობის მოპოვება იყო რთული, რადგან ნებისმიერი უცხო და ახალი რთულად ათვისებადია ჩვენს ქვეყანაში. მითმეტეს, რომ ეს პროდუქტი მხოლოდ საქართველოსთვის კი არა ამიერკავკასიისთვის არის უცხო.

რამდენად რთული აღმოჩნდა პირველი ნაბიჯები?

2014 წელს ჩამოვედი და დავაფუძნე კომპანია. ამერიკიდან შემოვიტანე რამდენიმე კონტეინერი და დავიწყე სოფლის მეურნეობაში მისი პოპულარიზაცია. დანადგარების შეძენის შემდეგ უკვე ადგილზე დავიწყე წარმოება. დავიწყეთ საცალო გაყიდვებით და წლებთან ერთად ბრუნვაც გაიზარდა. შემდეგ უკვე გავიმარჯვეთ ტენდერებში და დიდი ურბანული ობიექტები ავიღეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მულჩის მოვლა მარტივია, და რაც მეტი დრო გადის უფრო ნაკლები საფარის დამატება ხდება საჭირო.

თქვენმა კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“, კონკრეტულად რაში მდგომარეობს დადებითი გავლენა?

მულჩის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თვისება არის ჰაერის გაწმენდა გამონაბოლქვის, მტვრისა  და ტოქსიკური ნივთიერებებისგან, რომელსაც მულჩი იწოვს და ნიდაგში ღრმად ჩააქვს. დაახლოებით იგივე პროცესია რაც ტყეში ბუნებრივად ხდება. კვლევებმა აჩვენა რომ ტერიტორიაზე, სადაც მუჩის საფარია, 72% ით არის შემცირებული ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებები. ამიტომ ვთლი, რომ ჩვენი ქალაქისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ სკვერები და ბაღები მულჩის საფარით დაიფაროს. გარდა ამისა მულჩი მცენარეებსა თუ ხეებს სასიცოცხლოდ მნიშვნელობის ნიადაგს უქმნის. სოფლის მეურნეობაში კი მისი გამოყენება ამცირებს სხვადასხვა სახის ხარჯებს, მორწყვას, შხამ ქიმიკატებით გაჯერებას და უზრუნველყოფს ჯანსაღი  მოსავლის მიღებას. ურბანული კუთხით კი მნიშვნელოვნად შეცვლის ეკოლოგიურ მდგომარეობას დაბინძურებული ჰაერის პირობებში. 

რაც შეეხება თიბისის ჯილდოს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმ პირობებში როდესაც ცნობადობის გაზრდა და საზოგადოების ინფორმირება ამ ეტაპზე ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. კონკურენცია დიდი იყო და გამარჯვებას ვერ გეტყვით რომ ველოდით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჟიურის წევრები სიღრმისეულად მიუდგნენ ჩვენი პროდუქტის მნიშვნელობას, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

რას მოიცავს თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებში საწარმოს გაფართოება და ახალი დანადგარების შეძენაა, თუმცა პირველ რიგში ცნობადობა და მოთხოვნა უნდა გაიზარდოს ჩვენს პროდუქტზე. შემდეგში ეს საშუალებას მოგვცემს პროდუქტი გავაიაფოთ. რაც მეტი მოთხოვნა იქნება ჩვენს პროდუქტზე, მეტად აისახება ჩვენს ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>