ეკოლოგიისთვის სასარგებლო კომპანია

ბუნებაში გადაყრილი საბურავებით ბიზნესის კეთება და ამავდროულად, ეკოლოგიაზე ზრუნვაც რომ შეიძლებოდა, ზურაბ ბაზღაზემ იტალიაში სასწავლებლად წასულმა აღმოაჩინა და პროფესიით ინფორმატიკის სპეციალისტმა მოდერნიზებული ასფალტისა და კაუჩუკის წარმოების დეტალების შესწავლა გადაწყვიტა, სამშობლოში დაბრუნდა და პროექტზე მუშაობას შეუდგა. ყველაზე რთული ფინანსური რესურსის მოძიება აღმოჩნდა, თუმცა, საპარტნიორო ფონდის პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ დახმარებით, ეს პრობლემაც გადაიჭრა. იდეის გაჩენიდან სამი წლის შემდეგ კი, „თიერსიმ“ ეკოლოგიისთვის სასარგებლო კომპანიის ნომინაციაში „თიბისის“ 2018 წლის ბიზნეს დაჯილდოების ჯილდო მოიპოვა.  

„კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ყოველწლიურად 20 ათასზე მეტი ტონა საბურავის ნარჩენი გროვდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი გადაყრა, დაწვა ან დამარხვა აკრძალულია. შესაბამისად, მოსახლეობა კანონდარღვევის წინაშე დგება. იქიდან გამომდინარე, რომ ბუნება დაბინძურებულია სხვადასხვა ნარჩენით, თითოეული გადაგდებული საბურავი, რომელსაც ვიღებთ, უდიდესი მოტივაციაა ჩვენთვის, ვაკეთოთ უფრო მეტი გარემოს დასაცავად. ჩვენი წარმადობის გაზრდაც პირდაპირ უკავშირდება ბუნებაში გადაყრილი საბურავების რაოდენობის შემცირებას. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ნარჩენების 5%- ს ვამუშავებთ, დანარჩენი 95% კვლავ ბუნებაში იყრება.“

სპეციალური ტექნოლოგიით გადამუშავებული საბურავისა და პლასტმასისგან მიღებული კაუჩუკის გრანულები და ფოლადის ბიჭკო რომ უმაღლესი ხარისხის იყო, ეს საფრანგეთის ერთერთმა ლაბორატორიამ წარმოების დაწყებისთანავე დაადასტურა. კომპანიამ პირველივე წელი წარმატებული წარმადობით დაასრულა და 1000 ტონა საბურავის გადამუშავებით  600 ტონა პროდუქცია მიიღო. გადასამუშავებელი მასალის თითქმის ნახევარს კი ბუნებაში მოგროვებული, გადაყრილი ნარჩენები წარმოადგენდა. კომპანიამ 100% -ით იმპორტირებული პროდუქტი მაშინვე ჩაანაცვლა და ბაზრის 30% დაიკავა. „თიერსის“ მიერ წარმოებული პროდუქტი საქართველოშივე, სპორტული ინფრასტრუქტურის, საბავშო სკვერების, კაუჩუკის სარბენი ბილიკების, მულტიფუნქციური მოედნების მოსაწყობად გამოიყენება. ინოვაციური მასალა მულტიფუნქციური მოედნების ერთ სივრცეში მოწყობის საშუალებას იძლევა. ამ ეტაპზე კომპანია „USAID“-ის პროგრამაში მონაწილეობს და ქარხნის გასაფართოებლად საჭირო დაფინანსებას ელოდება, რომელიც წარმადობას 8%-ით გაზრდის. ამავდროულად, „თიერსი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაორგანული ქიმიის ფაკულტეტთან თანამშორმლობს და ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული ფხვნილით სხვადასხვა სამშენებლო მასალის წარმოების დაწყებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გეგმავს.
„თიერსის“ დამფუძნებელი ზურაბ ბაზღაძე ბიზნეს დაჯილდოებაში მოპოვებულ „ეკოლოგიისთვის სასარგებლო“ კომპანიის სტატუსს უდიდეს დაფასებად მიიჩნევს.

„ჯილდო მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ქარხნის გახსნისთანავე ძალიან დიდი პოზიტივი წამოვიდა საზოგადოებისგან, თუმცა, ამ ჯილდოთი „თიბისიმ“, პირველ რიგში, კეთილი საქმის წარმოჩინების საშუალება მოგვცა, გააათმაგა ჩვენი ენთუზიაზმი და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ეს უზარმაზარი მოტივაციის მომცემია, რომ წინ წავიდეთ და ბიზნესი კიდევ უფრო განვავითაროთ“.
 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>