სილამაზე ასაკის მიღმა – ქალები რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ

თანამედროვე ეპოქის ასაკოვანი ქალები თავს საკუთარი ასაკის სტერეოტიპულ წარმომადგენლებად არ გრძნობენ. საზოგადოებაში გავრცელებული ნეგატიური დამოკიდებულებების მიხედვით, მოხუცებულობა მბრძანებლობის მოყვარულობასთან, უბედურებასთან და უსარგებლობასთან ასოცირდება. ხალხში ეიჯიზმი, რაც უარყოფით ან დამამცირებელ დამოკიდებულებას ნიშნავს ადამიანების მიმართ მათი ასაკის გამო, დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა სასიხარულოა, რომ დღევანდელი ქალები აღნიშნულ სტერეოტიპებს სწრაფი ტემპით ამსხვრევენ. 78 წლის ნენსი პელოსი ამჟამინდელი ამერიკის პრეზიდენტის ყველაზე შეუპოვარ მოწინააღმდეგედ ითვლება, მისი თანამოაზრე 80 წლის მაქსინ ვოტერსი კი პირველი ქალია, რომელიც ფინანსური მომსახურების კომიტეტს უდგას თავში. სხვადასხვა პროფესიის ძლიერი და ასაკოვანი ქალების სია უსასრულოდ გრძელდება. გლენ კლოუზმა ოქროს გლობუსი საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში 71 წლის ასაკში მოიპოვა, იმავე ღამეს კი CBS News-ის განცხადებით 66 წლის სუზან ზირინსკი კომპანიის სათავეში დადგა. 

,,ქალად ყოფნის ბედნიერება 70 წლის ასაკში" ფსიქოლოგ მერი პიფერის სტატიაა. იგი წერს, რომ ასაკოვანი ქალების იდეა საზოგადოებაში იმდენად ტოქსიკურია, რომ ასაკის მიუხედავად არავის უნდა აღიარება, რომ ის მოხუცია". საკუთარ წიგნში ფსიქოლოგს დიდი ბრიტანეთის, კალიფორნიისა და სან-დიეგოს უნივერსიტეტების კვლევები მოჰყავს, რომლებიც ამტკიცებს, რომ უბედნიერესი ასაკი ქალებში 65-79 წელია. კულტურული შეხედულებები, რომლის მიხედვითაც შუახნის ქალები უსარგებლონი და უბედურნი არიან არასწორი და დამანგრეველია. დღევანდელ რეალობას წარმოადგენს ის, რომ დემოგრაფიულად უფროსი ასაკის ქალები ყველაზე ბედნიერები არიან. 

ქალები ჩვენს დროში ხელახლა გვაჩვენებენ, თუ რას ნიშნავს იყო უფროსი ასაკის წარმომადგენელი. დღეს უფრო მეტი ქალი მუშაობს მოხუცებულ ასაკში, ვიდრე ოდესმე. სტატისტიკები იცვლება, ვინაიდან ქალთა მოძრაობების შედეგად, ქალებმა უფლებები 1970-80-იან წლებში მოიპოვეს და ისინი დღეს უფრო მოტივირებულნი და ძლიერები არიან.

 

,,მიკვირს, როდესაც ადამიანები ასაკის მომატებასთან ერთად საკუთარ თავებს მეტად იზღუდავენ, იმის შიშით, თუ რას იტყვიან სხვები" – იაზემენა როსი

მრავალმა მოდის სახლმა, რომლებმაც თანამედროვე მოთხოვნებსა და ტრენდებს ალღო აუღო, სამსახურში 60 + ასაკის ქალების აყვანა დაიწყო. სამაგალითო ასაკოვანი მოდელი, რომელიც სტერეოტიპებს ნამდვილად ამსხვრევს იაზემენა როსია. 62 წლის ბებიას ორი შვილიშვილი ჰყავს, თუმცა სამოდელო კარიერაში ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია. მისი ნახვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ჟურნალშია შესაძლებელი.

 

,,ვფიქრობ, სილამაზის ინდუსტრია უფრო და უფრო ჭკვიანდება. ჩვენ განსხვავებული ადამიანების გაცილებით მრავალ წარმომადგენელს ვხედავთ" – მეი მასკი

ალბათ გაგიკვირდებათ როცა გაიგებთ, რომ მეი მასკი, ელონ მასკის 70 წლის დედა, პოპულარული მოდელია. სამი შვილის მარტოხელა დედას და 10 შვილიშვილის ბებიას თეთრი თმის ჩვენება არ აშინებს. მან განათლება დიეტოლოგიის განხრით მიიღო, დღეს კი მრავალი ასაკოვანი თუ ახალგაზრდა ქალისათვის მისაბაძი მაგალითია. 

 

,,მე 20 წლის არ ვარ და არც მინდა 20 წლის ვიყო" – ლინ სლატერი 

ვერცლისფერთმიანი მოდელი და პროფესორი 65 წლის ლინ სლატერია. იგი თვლის, რომ ასაკის მიუხედავად ყველას უნდა შეეძლოს მოდით ტკბობა. ლინი სამოდელო ინდუსტრიაში ცნობილი სრულიად შემთხვევით გახდა. იგი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მეგობარს Yohji Yamamoto-ს სამოსითა და Chanel-ის ჩანთით ელოდებოდა, როდესაც ფოტოგრაფები და ტურისტები ფოტოს გადასაღებად მიაწყდნენ. შემთხვევის შემდეგ მან ბლოგი გახსნა, რომელსაც უნიკალური შემთხვევის შესაბამისად ,,Accidental Icon" უწოდა. 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>