წლის ტურისტული კომპანია

ჰობის ბიზნესად ქცევა რომ შესაძლებელია, გიორგი რაჯებაშვილი 15 წლის წინ დარწმუნდა, როდესაც მეგობრებთან ერთად ეკო-ტურების ორგანიზება გადაწყვიტა. ტურიზმის მენეჯმენტი ჰოლანდიაში შეისწავლა და სამშობლოში დაბრუნებულმა ბიოლოგ და ზოოლოგ მეგობრებთან ერთად ტურისტული კომპანია „Ecotour Georgia” დააარსა. 

იდეა უცხოელი კოლეგებისგან წამოვიდა მაშინ, როდესაც გიორგი რაჯებაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. მოყვარული მთამსვლელი და ფოტოგრაფი თანამოაზრეებთან ერთად, ძირითადად, ფრინველებს იკვლევდა და მათ დაცვასა და კონსერვაციაზე მუშაობდა. ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსული უცხოელი კოლეგები რჩევისთვის სწორედ მას მიმართავდნენ და თავად ტურისტებმა ურჩიეს ეკო-ტურისტული კომპანიის დაფუძნებაც.

„Ecotour Georgia”- ს მომსახურებით ძირითადად უცხოელი ტურისტები სარგებლობენ. მათი უმრავლესობა ევროპის ქვეყნებიდან არის, თუმცა, საქართველოს ბუნების სანახავად სტუმრები ამერიკიდან და იაპონიიდანაც ჩამოდიან. თითოეული ტური საშუალოდ ათი ადამიანისგან შედგება და კომპანია წელიწადში 100 -დან 200-მდე ტურისტს მასპინძლობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, „Ecotour Georgia”-ს მომსახურება სამოგზაუროდ საჭირო ყველა დეტალს მოიცავს „აეროპორტიდან აეროპორტამდე.“ 

კომპანია უცხოელ ტურისტებს სთავაზობს ფრინველებზე, ცხოველებზე, პეპლებსა და მცენარეებზე დაკვირვების ტურებს. ასევე, ტურებს ფოტოგრაფებისთვის. თუმცა, ყველაზე მოთხოვნადი ფრინველებზე დაკვირვების ტურია. საქართველოს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სწორედ იმ 400 სახეობის ფრინველის სანახავად სტუმრობენ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბინადრობს. მათ შორისაა ხუთი სახეობის ჩიტი, რომლის ნახვაც მხოლოდ კავკასიონის ქედზეა შესაძლებელი. „ეს მათთვის ჰობია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში სტუმრებს შორის არიან ხოლმე მკვლევარები და ფოტოგრაფები, რომლებიც მოგვიანებით ამ მოგზაურობის დეტალურ აღწერას აკეთებენ და გამგზავრების შემდეგ მეგობრებს უზიარებენ.“ტურების ფარგლებში ტურისტები სტუმრობენ: კავკასიონის მთებს, ყაზბეგს, ვაშლოვანის, ჯავახეთისა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, ბათუმის მიდამოებს, ვარძიასა და ლაგოდეხის ნაკრძალს. ტურისტები ათი დღის განმავლობაში ორასამდე ფრინველის სახეობას ნახულობენ.

„Ecotour Georgia”-„თიბისის“ ბიზნესდაჯილდოების წლევანდელი გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის ტურისტული ბიზნესი“. „ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და რაც მთავარია საშუალებას გვაძლევს ჩვენი საქმიანობის შესახებ ბევრ ადამიანს შევატყობინოთ. ცნობადობის გაზრდა კი ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.“
 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>