Moby-მ იოგასა და მედიტაციისთვის ოთხსაათიანი მუსიკა გამოუშვა

ცნობილმა და ყველასათვის საყვარელმა მუსიკოსმა Moby-მ ახლახანს უფასოდ 4 საათიანი მუსიკა გამოაქვეყნა, რომელიც იოგასა და მედიტაციაში დაგვეხმარება. 

Moby, იგივე რიჩარდ მელვილ ჰოლი, გამოირჩევა ვეგანური დიეტითა და ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტივიზმით. მისი აზრით, ადამიანები მუსიკას ყველაფერთან ერთად, სტრესისგან განმათავისუფლებელ საშუალებადაც უნდა იყენებდნენ. მისი ჩანაწერების კოლექცია მსმენელს ძილში, დამშვიდებასა და მედიტაციაში დაეხმარება. 

მუსიკოსი საკუთარ ვებსაიტზე წერს, რომ თავდაპირველად აღნიშნული ჩანაწერები საკუთარი თავისთვის შექმნა, მოგვიანებით კი საჭიროდ ჩათვალა, ფართო საზოგადოებასაც ჰქონოდა დამამშვიდებელი ტრეკების მოსმენის საშუალება. 

,,ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან, ძალიან წყნარი მუსიკის კეთება დავიწყე, ძილის, ან იოგას, ან პანიკის დროს მოსასმენად. საბოლოოდ, ხელთ ოთხი საათის ხანგრძლივობის მუსიკა შემრჩა და გადავწყვიტე, გამეზიარებინა." 

 

ტრეკების მოსმენას თითქმის ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე შეძლებთ. მის გადმოსაწერად კი ეწვიეთ http://moby.com/la1/