არტიტექს | ინტერვიუ

არქიტექტურული კომპანია „არტიტექსი“, რომლის სახელსაც არაერთი ცნობილი შენობა უკავშირდება World Architecture & Design Awards 2019-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. კონკურსი სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს ყველა ქვეყნის არქიტექტორებსა და არქიტექტურულ კომპანიებს აერთიანებს. აღნიშნულ კონკურსზე საქართველოდან მხოლოდ კომპანია „არტიტექსი“ გახდა გამარჯვებული. „არტიტექსი“ ოთხი წლის წინ დაარსდა და ამ პერიოდში არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

კომპანიის პროექტების შესახებ სტატიებს წერენ ცნობილი საერთაშორისო არქიტექტურული საიტები, როგორებიცაა: e-architect, AECCafe, BIM smith.

https://blog.bimsmith.com/Museum-Hotel-by-Artytechs?fbclid=IwAR2Qnbz6jd7SxqUgCvZSrK9k0OQta2KvWKy1nHmM7Ev8hqeL19lVn5fGLuQ

​​

„არტიტექსის“ თანადამფუძნებელი დადუნა შათაშვილი ამბობს, რომ ყველაზე საინტერესო კრეატიულ პროექტებზე მუშაობაა, რომლებიც ნოვატორულ მიდგომებსა და რთულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. დღეისათვის კომპანიას სამი პარტნიორი ჰყავს: ალექსანდრე ბურჭულაძე, დადუნა შათაშვილი და არჩილ ძიძიგური.

რას მოიცავს თქვენი კომპანიის საქმიანობა?
არქიტექტურული სტუდია „არტიტექსი“ დაარსდა 2014 წელს და მალევე გასცდა სტანდარტული არქიტექტურული სტუდიის საქმიანობას. ორიენტირებულნი ვართ კომპლექსური საინვესტიციო პროდუქტის შექმნაზე, რომელიც დაბალანსებულია როგორც შინაარსობრივად, ასევე ეკონომიკურად. ჩვენი მომსახურება გულისხმობს სრული არქიტექტურული პროექტის შექმნას, კონცეპტუალური და ტექნიკური გადაწყვეტილებებით. „არტიტექსის“ შემოქმედება მოიცავს მრავალ პროექტს, რომლებიც რეალიზებულია სხვადასხვა ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობების სახით. მათ შორის არის: სასტუმროები, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, საზოგადოებრივი სივრცეები, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები და ა.შ.

რა არის ის მთავარი ნიუანსები რის მიხედვითაც კომპანიის ახალი ნამუშევრები იქმნება? 
სამუშაო პროცესს განაპირობებს იდეა. პროექტირების პროცესი იწყება მოთხოვნების, ფუნქციის და არსებული გარემოს ზუსტი ანალიზითა და შესწავლით. ყველა პროექტი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალიზმით და საჭიროებს განსხვავებულ მიდგომას. შედეგად, ყველა ჩვენი პროექტი სტილისტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენი კონცეფციაა-სინერგია ფუნქციასა და ფორმას შორის.​​​


რას ნიშნავს თქვენთვის არქიტექტურა და რა სახის პროექტებზე მუშაობა იწვევს თქვენში ყველაზე დიდ ინტერესს? 

ჩვენში ყველაზე დიდი ინტერესს იწვევს კრეატიული პროექტები, რომელიც სირთულეების დაძლევას და ნოვატორულ მიდგომებს საჭიროებს.

თქვენთვის, როგორც არქიტექტორისთვის რა არის ის მთავარი გამოწვევები, რომლებიც დღევანდელ დღეს ქართულ არქიტექტურაში ყველაზე აქტუალურია?
კომპანია „არტიტექსმა“ საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი პროექტი განახორციელა თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული გარემოს გათვალისწინებაა, რაც საქართველოში სხვადასხვა ფაქტორებით განისაზღვრება. შესაბამისად, ერთერთ გამოწვევად არსებული განაშენიანების სწორად განვითარებას მივიჩნევ, იქნება ეს რეკონსტრუქცია თუ ახალი მშენებლობა.

არქიტექტორები ან არქიტექტურული პროექტები, რომლებმაც დიდი გავლენამოახდინეს თქვენზე.

18 წლიანი არქიტექტურული მოღვაწეობის პერიოდში სხვადასხვა პროექტებსა თუ სემინარებზე მიწევდა თანამშრომლობა ბევრ ცნობილ, ევროპელ არქიტექტორთან, მათ შორის ცნობილ გერმანელ არქიტექტორთან იურგენ მეიერთან და RIBA (Royal Institute of British Architects)-ს პრეზიდენტთან ალან ჯონსთან. მათ ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს შემოქმედებაზე. 2010 წელს კი RIBA-ს სერთიფიკატი მივიღე.

რას ურჩევდით დამწყებ არქიტექტორებს?
გამორჩეული უნარია ადამიანებისთვის შექმნა ისეთი ნაგებობები,რომლებიც საუკუნეები თუ არა, წლების მანძილზე მაინც ატარებს არქიტექტორის სახელს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს -არქიტექტორის გზა არის წარმოსახვიდან რეალობამდე გასავლელი გზა. არქიტექტორმა პროფესიონალურ დონეზე უნდა „შეფუთოს“ დამკვეთის სურვილები და აქციოს ქმნილებად. როცა კონცეფციას ქმნი შენს წარმოსახვაში მთელი შენი არსებით უნდა იყო ჩართული. ამ პროცესში არქიტექტორი მარტო შემოქმედი არ უნდა იყოს, მას უნდა შეეძლოს სწორი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება და პროექტის ისე შექმნა, თითქოს ის თავად არის მშენებელიც, ინჟინერიც, დამკვეთიც და ინვესტორიც. მთავარია გიყვარდეს ის რასაც ქმნი, ეს არის წარმატების საფუძველი.

რას მოიცავს თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმები ბევრ ახალ, საინტერესო პროექტს მოიცავს, რომელიც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. ახლახანს „არტიტექსმა“ – World Architecture & Design Awards 2019- ზე „ბერი ანდრიას ფონდის“ სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტისათვის ჯილდო მიიღო (პირველი ადგილი). World Architecture & Design Awards 2019-ის საერთაშორისო კონკურსზე ჩვენი კომპანიის ოთხი პროექტი, სხვადასხვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი და ოთხივე პროექტმა მოიპოვა ჯილდოები: მრავალფუქნციური კომპლექსის კონცეფცია, საიუველირო სალონი „ჩხირა“ და სასტუმრო „მუზეუმი“.

საიუველირო სალონი „ჩხირა“
სასტუმრო „მუზეუმი“

ჩვენ მუდმივად ორიენტირებულები ვართ სიახლეებზე. გვსურს მომხმარებელს ახალი და საინტერესო პროდუქტები შევთავაზოთ. ქალაქის აქტიური განვითარების პარალელურად, მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც მრავალბიანიან შენობებში ცხოვრება აღარ სურთ ხმაურის, გაუარესებული ეკოლოგიისა და სხვა მიზეზების გამო და აქვთ სურვილი, გარეუბანში ააშენონ პატარა ზომის ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. მსგავსი ტენდენცია მეტწილად 25-40 ასაკობრივ ჯგუფში ვლინდება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ტიპური პროექტები, რომლებიც ერთდოულად იქნება ვიზუალურად ესთეტური, ორიგინალური და პრაქტიკული. პროექტები, რომლებიც არქიტექტურულ ნაწილთან ერთად ასევე მოიცავს, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტებსაც. ვცდილობთ, მომხარებელისთვის შევქმნათ რეალური ალტერნატივა, რათა ქალაქში ბინის ყიდვის ნაცვლად, მინიმალური სახსრებით შეძლონ საკუთარი სახლის მშენებლობა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მთავარი ამოცანაა მოხმარებელმა პროექტის მეშვეობით, მარტივად გაიაზროს სამშენებლო პროცესი, ქონდეს ინფორმაცია სამუშაოს რაობაზე და მის თანმიმდევრობაზე. ზუსტად იცოდეს სად შეიძინოს მასალა, რა რაოდენობით და რა ფასად. მომხარებელი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მაქსიმალურად დამოუკიდებელი მშენელობის პროცესში, შედეგად, ნებისმიერი მსურველი შეძლებს საკუთარი სახლის აშენებას ქალაქში ბინის შეძენის ფასად.