„გეფერინი“ – წლის ქართული პროდუქტი

მას შემდეგ, რაც თავიანთი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს, ილია გეფერიძემ და სოფო ხოსიტაშვილმა საერთო საქმეზეც დაიწყეს ფიქრი და ქართული ბაზრის რამდენიმეწლიანი კვლევის შემდეგ ქალის ჩანთების საწარმოს გახსნა გადაწყვიტეს. ბიზნესის სფეროში დილეტანტებმა, საკუთარი საქმის წამოსაწყებად უძრავი ქონება გაყიდეს. უპირობოდ სჯეროდათ, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. 2014 წელს საწარმო „გეფერინი“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. რამდენიმეწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად ის ქართულ წარმატებულ ბრენდად იქცა და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. გასული წლის ბოლოს კი კომპანია „გეფერინი“ „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოების 2018 წლის გამარჯვებული გახდა.

„გარშემო არავის სჯეროდა, რომ ეს ბიზნესი წარმატებული იქნებოდა. ყველა ეჭვის თვალით გვიყურებდა, მაგრამ ჩვენ ორს მტკიცედ გვჯეროდა დასახული მიზნის და ამ მიზნის სისწორის. თავიდანვე ვიცოდით, რომ წინ უზარმაზარი შრომა, წვალება და რისკები გველოდა, მაგრამ არ შევუშინდით და დღეს უკვე შედეგს ყველა ხედავს.“


იდეა თავიდანვე ამბიციურად ჟღერდა. ჩანთების ბიზნესს პოზიციონირება არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც უნდა დაეწყო. პირველი ნაბიჯები იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ, რადგან გამოცდილი პერსონალის მოძებნას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.  ​


„არ ვნებდებოდით და საწარმოს ვაძლიერებდით. გამოცდილებას ვიძენდით. ძალიან რთულია საქართველოში შექმნა ხარისხიანი პროდუქცია. ასევე რთულია გაყიდვების ისეთ მაჩვენებელს მიაღწიო, რასაც ჩვენ მოკლე დროში მივაღწიეთ. თავიდან 60-კვ/მ ფართობი გვქონდა, დღეს დღეობით საწარმო 500-კვადრატულ მეტრს მოიცავს. დასაქმებულთა რაოდენობა კი 57-ია. გვინდოდა ბრენდისთვის კარგი კონცეფცია მიგვეცა, რადგან ბაზარი ერთნაირი სახეობის პროდუქციით იყო გაჯერებული.“


კომპანიამ გამორჩეული დიზაინის შესაქმნელად ახალგაზრდა დიზაინერები დაიქირავა და მომხმარებელს ტყავისა და ტყავის შემცვლელისგან დამზადებული ჩანთები შესთავაზა. თუმცა, მოდელების გარდა განსხვავებული უნდა ყოფილიყო მომსახურებაც. ამიტომ, „გეფერინმა“ მომხმარებელს ხარისხის გარანტია შესთავაზა. 


„ტყავის ჩანთებზე გარანტია 1 წელი გვაქვს, ხოლო, ტყავის შემცვლელზე 6 თვე. ეს დიდწილად დაგვეხმარა განვითარებაში. ჩვენი მიზანი იყო მომხმარებელი მაქსიმალურად კმაყოფილი ყოფილიყო ჩვენი პროდუქციით. თავიდან დაბრუნების მაღალი პროცენტი გვქონდა თუმცა, ამ დაბრუნებას სასიკეთოდ ვიყენებდით და შეცდომებს ვასწორებდით. დღევანდელი მონაცემებით კი დაბრუნების მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი.“


„გეფერინის“ მოდელები ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება და მათი მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება საქართველოში. ქართული ბრენდის ხუთი პროდუქტი: ჩანთები, საფულეები, ფეხსაცმელები, ქამრები და აქსესუარები, ცხრა ქვეყნის ბაზარზე იყიდება. გამორჩეული ხაზის გამო კომპანია ჰონკონგში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე 1000-დან 11 საუკეთესო კომპანიას შორის მოხვდა.


„საერთაშრისო ბაზარზე 42-გაყიდვის წერტილი გვაქვს. ესენია: ჰონკონგი, აშშ, საფრანგეთი, შვეიცარია, შვედეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. ჩვენი მოდელები არ წარმოადგენს რომელიმე სხვა ბრენდის კოპირებას და ორიგინალურობით გამოირჩევა. ერთ კონკრეტულ მოდელს მაქსიმუმ 100 ცალს ვაწარმოებთ. ძირითადად 250 მოდელია აქტიური და თვეში ერთხელ კოლექციას 10 ახალი მოდელი ემატება.“


დღეისათვის „გეფერინს“ საქართველოში ხუთი მაღაზია აქვს. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ მომავალში ბრენდის მაღაზიების გახსნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია დაგეგმილი. წელს კი „გეფერინი“ კიდევ ერთი ქვეყნის ბაზარზე შევა. ბრენდის პროდუქციას მომხმარებელი ჩინეთშიც შეიძენს. 

კომპანია „გეფერინი“ „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოების 2018 წლის გამარჯვებულია. ილია გეფერიძე ამბობს, რომ კომპანიის დამფუძნებლებისა და თანამშრომლისთვის, თიბისის ჯილდო უდიდესი მოტივატორია, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას განაპირობებს.

„თიბისის“ ბიზნსდაჯილდოების პროექტში სამჯერ მივიღეთ მონაწილეობა და სწორედ მესამე ცდა აღმოჩნდა წარმატებული. ჩვენი ხასიათი – რომ არ ვნებდებით, აქაც გამოვამჟღავნეთ. მოლოდინი ბუნებრივია გვქონდა, თუმცა, დარწმუნებულები არ ვიყავით გამარჯვებაში, რადგან საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გვყავდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ემოცია, რომელიც ამ კომპანიის განვითარებაში ჩავდეთ მომხმარებელზე გადავიდეს და ჩვენს შესახებ, რაც შეიძება მეტმა ადამიანმა შეიტყოს.“
 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>