დარეჯან კანთელაძე – წლის ქალი მეწარმე

დარეჯან კანთელაძე პროფესიით ფილოლოგია, თუმცა, სპეციალობით არასდროს უმუშავია. დღეს მისი სახელი წაკლის რაიონში ყველასთვის ცნობილია და კომპანია „სანტასთან“ ასოცირდება. ის წალკის რაიონში, 700 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსებული ფერმისა და ყველის საწარმოს მფლობელია. ამბობს, რომ აქამდე მოსვლას უამრავი წელი, შრომა და რისკიანი ნაბიჯი დასჭირდა. დარეჯან კანთელაძე „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულია. სტატუსიც სწორედ დაჯილდოებაზე მიენიჭა – წლის ქალი მეწარმე.


ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო. მაშინ, როდესაც თბილისში ტყვიების ზუზუნი ისმოდა, დარეჯან კანთელაძე რაღაც ახლის შექმნაზე ფიქრობდა. მიწებიც მაშინ შეიძინა წალკის რაიონში, თუმცა, ეს ყველაფერი სადამდე მიიყვანდა, მაშინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. იდეა ძროხების ფერმის გაკეთებას გულისხმობდა.


„საქართველოში შემორჩენილი ძროხის ჯიშები, ძირითადად, უკვე გადაგვარებულია. ცოტას იწველებიან და ვიზუალურადაც პატარები არიან, ამიტომ რაიონში წავედი და მიმდებარე სოფლებში კარგი ჯიშის ძროხების მოძიება დავიწყე. სოფელ-სოფელ დავდიოდი, ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილ „სვიცის“ ჯიშის ძროხებს ვეძებდი და ადგილობრივი ბერძნებისგან ვყიდულობდი. ეს ჯიში შვეიცარიული წარმოშობისაა, მაგრამ საქართველოს პირობებთან უკვე ადაპტირებულია. ვიზუალურადაც და პროდუქტიულობითაც ჩვეულებრივი ჯიშის ძროხებისგან განსხვავდება.“


ძროხების შეძენის პარალელურად, ფერმის შენებას შეუდგა და რძის წარმოება დაიწყო. ეკოლოგიურად სუფთა რძე თბილისში ჩამოჰქონდა და ყიდდა, თუმცა, სამომავლო გეგმები კიდევ უფრო დიდ საქმეებს მოიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროს ფაქტობრივად არ იცნობდა, „შვიცის“ ჯიშის ძროხებისგან ახალი ჯიშის გამოყვანა გადაწყვიტა.


„მუდმივად მქონდა ურთიერთობა ფერმერებთან, ვეტერინარებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ეს საქმე ესმოდა. სწორედ ერთერთმა მათგანმა შემომთავაზა ჩემი ძროხების ჰოლანდიურ ჯიშთან შეჯვარება. ახალი ჯიშის გამოსაყვანად ჰოლანდიიდან 16 ხბო ჩამოვიყვანე და მოთმინებით ვუცდიდი, როდის გაიზრდებოდნენ. მოგვიანებით კი, უკვე მათ მიერ დამაკებულ ჩვენს 100 ძროხას შევცქეროდით იმედის თვალით. არავინ იცოდა, ექსპერიმენტი გაამართლებდა თუ არა. ზოგი მეუბნებოდა, რომ ორი ძლიერი გენი ერთმანეთს დაეჯახებოდა, ზოგი მეუბნებოდა, რომ შემოყვანილი ჯიში დიდი ზომის იყო და ჩემი ძროხები ვერ იმშობიარებდნენ, მაგრამ, როდესაც ხბოები დაბადეს, ისეთი ლამაზები იყვნენ, შავ-ჭრელები, ბზინავდნენ."


ახალი ჯიში დარეჯან კანთელაძემ 2005 წელს გამოიყვანა და „სანტა“ დაარქვა. ექსპერიმენტის საბოლოო შედეგი კი მას შემდეგ გახდა თვალსაჩინო, როდესაც ხბოები გაიზარდნენ და მათმა პროდუქტიულობამ მოლოდინს გადააჭარბა. ზომითაც დიდები იყვნენ და რძესაც მეტს იწველებოდნენ. დღეისათვის კი „სანტას“ ჯიშის ძროხის შესაძენად წალკაში საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიან.

დარეჯან კანთელაძემ ახალი ჯიშის გამოყვანის შემდეგ ახალი პროდუქტის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. საწარმოო დანადგარები შეიძინა და USAID-ის პროგრამის თანადაფინანსებით ფერმის ტერიტორიაზე ყველის ქარხანა ააშენა. ბრენდი „ალპიაც“ სწორედ მაშინ შეიქმნა. საწარმო მომხმარებელს ნატურალური რძით დამზადებულ ხუთი სახეობის ყველს სთავაზობს. მათ შორის არის ევროპული ყველი „გაუდა“. 


„ამ დროისთვის ფერმაში 250 მეწველი ძროხა გვყავს და ყველსაც მხოლოდ ჩვენი რძით, ჩვენსავე ქარხანაში ვაწარმოებთ. ჩვენი პროდუქტი ნატურალურია და პირუტყვსაც მინდორში, ჯანმრთელი ცხოვრებით ვაცხოვრებთ. რამდენიმე უცხოური ჯიშის ძროხაც მყავს, რომლებსაც უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ ერთსა და იმავე პირობებში ჩვენები ორჯერ მეტს იწველიან.“


დარეჯან კანთელაძემ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სოფელში 16 ოჯახი დაასახლა და მათი წევრები საკუთარ ბიზნესში დაასაქმა. ამბობს, რომ კომპანიის მუშაობის ყველა დეტალში თავად არის ჩართული და დროის უმეტეს ნაწილს სოფელში ატარებს. სამომავლოდ არაერთი გეგმა აქვს, რომელთა განხორციელებას დროთა განმავლობაში აპირებს. მათ შორისაა რძე-მჟავა პროდუქტების წარმოება და ადგილობრივი ტურისტული ზონის შექმნაა. კომპანია „სანტას“ საქმიანობით, ხშირად ინტერესდებიან ამერიკელი, შვეიცარიელი და ჰოლანდიელი ექსპერტები. უცხოელები საწარმოს პერიოდულად ადგილზეც სტუმრობენ, თუმცა დღემდე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს სოფლამდე მისასვლელი გზა. 


„წლის ქალი მეწარმის“ სტატუსი დარეჯან კანთელაძისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა, რომელიც, მისი თქმით, მოტივაციასთან ერთად, უზარმაზარი შრომის დაფასებაა. 

„ჩემთვის ეს ბიზნესი ჩემს სიცოცხლეს ნიშნავს. ჩემი საქმიანობის უმთავრესი მიზანი კი ქვეყანაში დოვლათის შექმნაა. მე ამ პროცესში ჩემი როლი შემაქვს და როდესაც ამას გვერდიდან ამჩნევენ და გიფასებენ, ბუნებრივია, სიამაყისა და მადლიერების გრძნობა გიჩნდება. გიჩნდება მოტივაცია, რომ ხელი არ ჩაიქნიო და უფრო მეტი გააკეთო.“
 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>