წლის ბიზნესი – „გროს ენერჯი ჯგუფი“

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ ანგული ტყებუჩავამ 2007 წელს, პარტნიორებთან ერთად დააფუძნა, თუმცა, მოგვიანებით წილები გამოისყიდა და კომპანიის 100%-იანი მფლობელი გახდა. „გროს ენერჯი ჯგუფი“ აქტიური განვითარების ფაზაში მაშინ გადავიდა, როდესაც ბიზნესში დამფუძნებლის შვილები ჩაერთნენ. ირაკლი და დავით ტყებუჩავები სხვადასხვა სფეროში დაგროვილი საკუთარი გამოცდილებით მამის ბიზნესს შეუერთდნენ და კომპანიის განვითარება ახალი იდეებით დაიწყეს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურეობაა, რომელიც პროექტების ტექნიკური და იურიდიული მიმართულებების დამუშავებას ითვალიწინებს, საწყისი ეტაპიდან ექსპულატაციაში მიღების ჩათვლით. ირაკლი ტყებუჩავა პროფესიით ფინანსისტია და კომპანიაშიც ფინანსურ საქმიანობას უძღვება. ამბობს, რომ საოჯახო ბიზნესს თავისი უპირატესობები აქვს და მოტივაციასთან ერთად, პასუხისმგებლობის შეგრძნებაც მეტია. კომპანია „თიბისის“ 2018 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულია. 

„კომპანიის ძირითადი საქმიანობა თავდაპირველად ჰიდრო-ენერგეტიკული მიმართულებით ჰესების პროექტირება იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც მე და ჩემი ძმა ბიზნესში ჩავერთეთ, მომსახურების სფერო გავაფართოვეთ და ჰიდრო-ენერგეტიკის მიმართულებასთან ერთად, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც დავიწყეთ. დღეისათვის ჰესების პროექტირებასთან ერთად, ვადგენთ სხვა განახლებადი ენერგიის პროექტებსაც, როგორებიცაა ქარისა და მზის ენერგია. ინვესტორს ვეხმარებით წინარე კვლევის მომზადებაში, რომლის საფუძველზეც მთავრობა მასთან მემორანდუმს აფორმებს. ამის შემდეგ უზრუნველვჰყოფთ ტექნიკურ-ეკონომიკური საბუთების მომზადებას, პროექტის და მუშა ნახაზების შედგენას. ასევე, ჩართულები ვართ მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში, ხოლო უშუალოდ მშენებლობის დროს ზედამხედველობას ვუწევთ სამუშაოებს და ექსპლუატაციაში მიღების პროცედურებს."

თავდაპირველად კომპანიის მუშაობა მცირე მასშტაბებზე იყო გათვლილი, რადგან ორგანიზაციას საჭირო ტექნიკის რესურსი არ ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით „თიბისი ლიზინგის“ საშუალებით, კომპანიამ საბურღი და საზომი საშუალებები შეიძინა და კვლევა-საძიებო და შესწავლითი სამუშაოების განხორციელება თავად დაიწყო. ირაკლი ტყებუჩავა ამბობს, რომ ყველაზე გამორჩეული პროექტი აჭარის წყლის ჰესების პროექტი იყო, რომელმაც კომპანიას უდიდესი გამოცდილება შესძინა. 

„ეს არის ყველაზე დიდი პროექტი, რომლითაც ვამაყობთ და რომელმაც ყველაზე დიდი სტიმული მოგვცა. ჩვენ მივაწოდეთ კონცეფცია ნორვეგიელ ინვესტორებს, რომლის საფუძველზე საერთაშორისო ტენდერი განხორციელდა. ჩვენი 30-მდე თანამშრომელი იყო ჩართული ამ პროექტში, რომლებიც ზედამხედველობას ახლაც ახორციელებენ. ეს არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენდა. ამან მოგვცა საშუალება, ევროსტანდარტების გამოცდილება და ცოდნა მიგვეღო, შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაცია ამაღლდა და გავხდით  ორგანიზაცია, რომელიც ევროსტანდარტების მომსახურებას აწვდის, როგორც ქართველ ასევე საერთაშორისო მომხმარებელს.“

კომპანიაში 70-მდე თანამშრომელია დასაქმებული. მათ შორის არიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, გეოფიზიკოსები, სხვადასხვა მიმართულების ინჟინერ-მექანიკოსები,  საველე გეოლოგიური ჯგუფები და ა.შ. ირაკლი ტყებუჩავა ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა, კონკურენტები, ძირითადად, უცხოური კომპანიები არიან, რომელთა მომსახურების ღირებულება გაცილებით მაღალია. „გროს ენერჯი ჯგუფი“ სამომავლოდ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას სწორედ კონკურენტუნარიანი ფასებით გეგმავს.

„ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ ადგილობრივი ექსპერტები გვყავს ბაზარზე, მეტ ადგილობრივ ინფორმაციას ვფლობთ, ვართ მოქნილები და საერთაშორისო ფასებთან მიმართებაში კონკურენტუნარიანებიც. ჯერჯერობით ქვეყნის ფარგლებს გარეთ მხოლოდ ორი პროექტი გვაქვს განხორციელებული: ყირგიზეთსა და აფრიკაში. სამომავლოდ გვსურს, რომ საერთაშორისო კომპანიებს კონკურენცია ჩვენი ფასებით იმ განვითარებად ქვეყნებში გავუწიოთ, რომლებშიც ინვესტორი ფასის მიმართ სენსიტიურია. ამისათვის, პირველ რიგში, საერთაშორისო სტატუსის მოპოვება გვჭირდება.“

„გროს ენერჯი ჯგუფი“ თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში მეორედ მონაწილეობდა, თუმცა, ყველაზე წარმატებული 2018 წელი აღმოჩნდა, როდესაც კომპანიამ „წლის ბიზნესის“ ტიტული მოიპოვა. 

„2018 წელი გაცილებით წარმატებული იყო კომპანიისთვის. ისეთ პროექტებში ვმონაწილეობდით, რომლებმაც ჩვენი ცნობადობა გაზარდა. გაიზარდა კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებიც. ეს ჯილდო ჩვენთვის, პირველ რიგში მოტვაციაა და იმის მაჩვენებელი, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით.“
 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>