მომავლის პროექტი Tbilisi Hills Golf&Residences / ინტერვიუ მთავარ არქიტექტორთან

გამოცდილი არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა პორტუგალიდან, ფინეთიდან და ესტონეთიდან,  ესტონური კომპანია Kаamos Group-ის ხელმძღვანელობით, შექმნა  კომპლექსი Tbilisi Hills Golf&Residences. დღეს პროექტის ადაპტირებული ვერსიის განხორციელებაზე  ქართველი  არქიტექტორები მუშაობენ.

ჟურნალი „12“ პროექტის მთავარ არქიტექტორს, დავით დანელიას არსებული კონცეფციისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

რა არის მთავარი, რაც გამოაჩევს Tbilisi Hills Golf&Residences-ს სხვა პროექტებისგან?

ამ ეტაპზე Tbilisi Hills Golf&Residences საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე შეიძლება  უკონკურენტოდაც ჩაითვალოს, რადგან მას გამოარჩევს უნიკალური კონცეფცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ამ კონცეფციას არავინ გაიმეორებს, თუმცა დღეს კონკურენტუნარიანობის ჭრილში  ამ კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო სწორედ იმაშია, რომ Tbilisi Hills Golf&Residences   ერთადერთი  პროექტია ასეთი შინაარსით. საცხოვრებელი კომპლექსი  გოლფის მოედნის მიმდებარედ, თბილისის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე,  ადგილმდებარეობა და მასშტაბი, რომელიც მას უფრო მიმზიდველს ხდის მათთვის, ვისაც დედაქალაქის ცენტრთან ახლოს  და ამავდროულად ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება სურს. ჩემთვის, როგორც არქიტექტორისთვის ასეთ ლანდშაპტსა და გარემოში მუშაობა ნამდვილად კომფორტულია. საოცარი ხედები, ქალაქის ისტორიული ცენტრიდან ყაზბეგის მწვერავლის ჩათვლით. ასევე. ხაზი უნდა გავუსვა   ესტონური მენეჯმენტის მუშაობას,   რომელიც ნერგავს ევროპულ სტანდარტს ქართულ სამშენებლო რეალობაში. ზოგადად, გოლფის მოედნის მიმდებარედ ცხოვრება მთელს მსოფლიოში დიდ პრესტიჟად მიიჩნევა. ჩვენთვის ახლა  მნიშვნელოვანია, ეს  „პრესტიჟი“ მომხმარებელს გემოვნებიანი არქიტექტურისა და კომფორტული გარემოს პირობებით შევთავაზოთ, ამიტომ, ვცდილობთ ერთიანი სტილი დავიცვათ და შევარჩიოთ ისეთი არქიტექტურული პროექტები, რომლებიც მორგებული იქნება ჩვენს შემუშავებულ სტანდარტებზე და შექმნიან ერთიან მყუდრო საცხოვრებელ გარემოს. მოგეხსენებათ, „Tbilisi Hills Golf&Residences“ ტერიტორიაზე არა მხოლოდ დასრულებული საცხოვრებელი სახლები და აპარტამენტები, არამედ ცალკეული მიწის ნაკვეთებიც იყიდება, სადაც მომავალ მაცხოვრებელს  თავად შეუძლია ააშენოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რომლის არქიტექტურული იერსახეც აუცილებლად ჩვენთან უნდა იყოს შეთანხმებული, რათა აქაც არ დაირღვეს საერთო სტილი და იდეა. გამწვანებული ღობეები, თანამედროვე, გემოვნებიანი არქიტექტურა, ჩვენ განსაკუთრებულად ვაკონტროლებთ, რომ ტერიტორიაზე სტილი არ დაირღვეს და ყველა დეტალი ერთიან შინაარსში ჩაეწეროს.

რა კრიტერიუმით შეირჩა კონკრეტულად ეს ტერიტორია?

ეს არის 331 ჰექტარი ტერიტორია, თავისუფლების მოედნიდან 15 წუთის სავალზე. ეს ტერიტორია  სრულიად აკმაყოფილებს  ყველა იმ იდეასა და მიზანს, რომელიც  გააჩნია კომპანიას პროექტის განსახორციელებლად.  281 ჰექტარზე გვაქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც დაამუშავა პორტუგალიურმა საპროექტო კომპანიამ და შემდეგ ჩვენ მოვახდინეთ მისი ადაპტირება. გენერალურ გეგმაში დეტალურად არის დამუშავებული და განაწილებული ნაკვეთები სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი შენობებისთვის და ასევე გათვალისწინებულია ნაკვეთები სკოლისთვის, ბაღისთვის, სასტუმროსთვის და სხვა საზოგადოებრივი თუ დამხმარე ნაგებობებისათვის. პროექტის საბოლოო გეგმების შესაბამისად ამ ტერიტორიაზე საბოლოო ჯამში სამიათასი მესაკუთრე  იქნება და კომპლექსში იცხოვრება 5000-მდე ადამიანი.   მათ შორის იქნება როგორც კერძო სახლები და აპარტამენტები,   ასევე  ე.წ. „თაუნჰაუსები“ ანუ შეწყვილებული სახლები.

საიდან წამოვიდა იდეა დაწყვილებული სახლების შესახებ?

ჩვენი გენერალური გეგმის შესაბამისად, განსაზღვრულია შეწყვილებული სახლების აშენება, რაც  ქართულ რეალობაში საკმაოდ უცხოა და  სწორედ ამიტომ ჩვენთის ეს იდეა მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა.  ეს არის სახლი, რომლის მაცხოვრებლებიც აბსოლუტურად იზოლირებულნი არიან ერთმანეთისგან, თუმცა აკავშირებთ ერთი საერთო კედელი,  საერთო საყრდენი, რომელიც  გარკვეულწილად ქართულ ხასიათთან და ქართული „მეზობლური  თანაცხოვრების“ იდეასთან საკმაოდ ახლოს დგას.   ვფიქრობ,  სახლების დაწყვილების იდეა ქართულ სამშენებლო ბაზარზე მალე მოიკიდებს ფეხს, მით უმეტეს, როდესაც  ჩვენი კონკრეტული პროექტი საკმაოდ მიმზიდველია როგორც ვიზუალური მხრიდან, ასევე სივრცეთა გადანაწილებისა და სხვა დეტალების გათვალისწინებით.

 

როგორ ჯდება ამ პროექტის კონცეფციაში შეწყვილებული სახლები და რა არის მისი მთავარი მიმზიდველობა?

სწორი კონცეფციის შესარჩევად ჩვენ ჩავატარეთ კონკურსი სადაც გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია „IM architecture”(არქიტექტორები: ალექსანდრე ბალესიაშვილი და ოთო გოგავა). ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი რატომაც შევარჩიეთ ამ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ესკიზი იყო მისი არქიტექტურული გადაწყვეტილება,  რომელიც საკმაოდ კარგად ეწერება გარემოსა და მიმდებარე ნაკვეთზე დაპროექტებულ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურასთან.  ბლოკირებული სახლის ძირითადი ხიბლი არის ერთ შენობაში ორი ბინის არსებობა, ორივე სახლს გააჩნია დამოუკიდებელი  შესასვლელი და ეზო, საკუთარი ავტოსადგომით. სახლების მიმზიდველობა გარდა არქიტექტურული გადაწყვეტისა არის მისი ხელმისაწვდომობა ინდივიდუალური სახლისგან განსხვავებით. მსგავსი პროდუქტი საკმაოდ საინტერესოა მეგობრებისათვის და ოჯახებისთვის, რომლებსაც აქვთ ერთად ცხოვრების სურვილი. ასევე, დავამატებდი, რომ თითოეულ სახლზე გათვალისწინებულია მიწის ნაკვეთი ფართობით 533 კვ/მ-იდან ზემოთ, რაც მომავალ მაცხოვრებლებს აძლევს საშუალებას მოაწყონ მასშტაბური კერძო ტერიტორია აუზით.

ვისზე არის ინფრასტრუქტურა გათვლილი, მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე, თუ ნებისმიერ მსურველზე?

ვერ ვიტყოდი, რომ  „Tbilisi Hills Golf & Residencesში  ინფრასტრუქტურა მხოლოდ ადგილობრივებრივ მოსახლეობაზეა  გათვლილი,  რადგან ჩვენს ტერიტორიაზე განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გოლფის მოედანი  და სამომავლოდ იგეგმება სკოლის, ბაღის, ტენისის კორტების, სასტუმროსა და სპორტ დარბაზის მშენებლობა. ასევე, გეგმაშია ბევრი სხვა დეტალის დამატებაც, რაც მაცხოვრებლებსა და სტუმრებს დამატებით კომფორტს შეუქმნის. უკვე დიდია დაინტერესება არარეზიდენტების მხრიდან, რომლებიც გეგმავენ საცხოვრებელი ფართები შეისყიდონ და ამ მასშტაბური კონცეფციის ნაწილი გახდნენ.

ტერიტორიაზე არის  110 ჰექტარიანი გოლფ-კომპლექსი, რომელიც სამომავლოდ საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლებს. ისახავს თუ არა მიზნად თქვენი პროექტი საქართველოში გოლფის პოპულარიზაციას?

Tbilisi Hills Golf&Residences“ -ის კონცეფციის უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო სწორედ  პირველი პროფესიონალური გოლფის მოედანია. რომელსაც აქვს პოტენციალი უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს.  საზოგადოებაში ეს კითხვა ხშირად ჩნდება, ხშირ შემთხვევაში გვეკითხებიან რისკების შესახებ. თუმცა, ის ფაქტი, რომ საქართველოში აქამდე გოლფი განვითარებული არ იყო მხოლოდ იმ მიზეზით იხსნება, რომ აქამდე საქართველოში გოლფის განვითარების პირობები არ იყო. დღეს კი „Tbilisi Hills Golf&Residences“-ში უკვე არის ეს პირობები და სულ მალე ჩვენ მივიღებთ ერთიან და განვითარებულ კონცეფციას, სადაც გოლფის მოედნის გარდა მთავარ როლს სწორედ არქიტექტურული კომპონენტი შეასრულებს, რომლის განვითარებაზეც ამ მომენტში აქტიურად ვმუშაობთ.

რამდენად გამართული არის დღევანდელ პირობებში ტერიტორიამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა? 

ამ ეტაპზე ჩვენ ტერიტორიამდე  არსებობს ორი მოსასვლელი გზა, კრწანისის ქუჩიდან, საიდანაც ამოდის სრულიად გამართული ბეტონის სერპანტინი და ქვემო თელეთიდან საიდანაც,  ასევე მოდის ასფალტირებული გზა.  აქვე ავღნიშნავ რომ ჩვენს ტერიტორიაზე მოწყობილი გვაქვს ცენტრალური ასფალტირებული გზა და მაგისტრალური კომუნიკაციები.

რას გულისხმობს “ჭკვიანი სახლი”?

ჭკვიანი სახლი ერთ-ერთი დამატებით ფუფუნებაა, რასაც „Tbilisi Hills Golf&Residences“ მომავალ რეზიდენტებს სთავაზობს. ჭკვიანი სახლი გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიაზე მორგებულ სახლს, ანუ სახლის სრულ ავტომატიზაციას, დაწყებული განათების რეგულირებით და დასრულებული გათბობა-გაგრილების ტელეფონის აპლიკაციით მართვით. რა თქმა უნდა აქაც არის საკმაოდ დიდი განსხვავებები ტექნოლოგიებში, რაც პირდაპირპროპორციულია დამკვეთის მოთხოვნებთან.

მშენებლობის დროს რამდენად აქცევთ ყურადღბას ეკოლოგიურად სუფთა საშენი მასალების გამოყენებას და რამდენად უზრუნველყოფს გამოყენებული მასალები შენობების ენერგოეფექტურობას?

ჩვენი პროექტის ერთ-ერთი პირატესობა  ესტონური მენეჯმენტია, რომელიც  ქართულ სამშენებლო რეალობაში ევროპულ სტანდარტებს გეგმავს. შესაბამისად,  ვცდილობთ გამოვიყენოთ ეკონოგიურად სუფთა და სერტიფიცირებული მასალა, რომელიც დააკმაყოფილებს  იმ მოთხოვნებს, რომლებსაც საქართველოს სამშენებლო ბაზარი ეტაპობრივად ერგება.  რაც შეეხება ენერგოეფექტურობას – ეს დღეს ჩვენთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მოთხოვნის შემთხვევაში თუ აპირებთ პროექტის ადგილზე გაფართოებას, ან სამომავლოდ თუ იგეგმება სხვა ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის კომპლექსის მშენებლობა?

როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ჩვენი ტერიტორია იკავებს 331 ჰექტარს, რაც საკმაოდ მასშტაბურია და ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ფართის სწორად და დაგეგმილად ათვისებაზე ვართ ორიენტირებულები.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>