ჯადოსნური წვეულება – Alice Q

გარემო, სადაც, კონტექსტის მიუხედავად, ყველაფერი ზღაპრული, ფერადი და შთამბეჭდავია; სადაც ალისა მოსაწყენ ყოველდღიურობას გაურბის და ცხოვრების ჯადოსნურ გრადაციებს პოულობს. ჩაის რიტუალი – მთელი ამ ხალისის სიმბოლური რეკვიზიტიცაა და Alice Q-ზე ლაპარაკის მიზეზიც. ირინა ეგაძე და რეზი პეტრიაშვილი ყვებიან იმაზე, თუ საიდან, როგორ და რა მიზნით გაჩნდა ქართულ ბაზარზე ღონისძიებების ორგანიზების ახალი, სრულიად ინდივიდუალური და კაშკაშა სივრცე. 

ირინა ეგაძე, Alice Q-ს დამფუძნებელი:

 „ღონისძიებების ორგანიზება როგორც პროფესია? ბოლო თორმეტი წელია ამას ვაკეთებ, თუმცა, რაც თავი მახსოვს, ჩემი ცხოვრების თანმდევია. ყოველთვის, თუ რამის ორგანიზება იყო საჭირო, მე მევალებოდა ხოლმე. მოგვიანებით, როცა ეს უკვე ჩემს „ნამდვილ“ საქმედ იქცა, მუშაობის ერთ მთავარ და უმნიშვნელოვანეს პრინციპს მივაგენი: დამკვეთის როლს ვირგებთ და მის მდგომარეობაში შევდივართ; საშუალებას ვაძლევთ, დაისვენოს და ჩვენ ვიზრუნოთ მისი სურვილების რეალიზებაზე. ეს ყველაზე დიდი კომფორტია და, ვფიქრობ, ამის გამო გვიბრუნდებიან ხოლმე. მათ აქვს საშუალება თავიანთი საქმე აკეთონ და ჩვენი საქმეა ღონისძიებები ვმართოთ. როგორი სფეროა ღონისძიებების ორგანიზება? ურთულესი, ძალიან სპეციფიკური. უამრავ ნიუანსს მოიცავს, დეტალებზე ორიენტირებულობას მოითხოვს. შედეგის მიღწევაში გვეხმარება ის, რომ ძალიან გვიყვარს საქმე, გვიყვარს ერთად ყოფნა, კარგად გვესმის გუნდურობის მნიშვნელობა და რეალურად დიდ სიამოვნებას ვიღებთ იმით, რასაც ვაკეთებთ.“

„სულ მინდოდა დამოუკიდებლად მქონოდა ღონისძიებების ორგანიზების კომპანია, ვამბობდი, ჩემი რომ მექნება, ასე გავაკეთებ, ისე გავაკეთებ… ყველას აქვს მართვის საკუთარი სისტემა და მეც მქონდა გარკვეული წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ჩემი. დღეს, როცა უკვე არსებობს Alice Q, უფრო თამამად შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, რა გამოვიდა ჩანაფიქრიდან და როგორია მუშაობის ჩემი სტილი: პირველ რიგში, გუნდს ვკრავ დიდი ყურადღებით, ნიუანსებამდე ვაკვირდები, ვის რა პლუსი აქვს, რა მინუსი. მუშაობის პროცესში მაქსიმალისტი ვარ: ჩემი გუნდის თითოეულმა წევრმა იცის, რომ წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ აბსოლუტურად ყველა მოულოდნელობა, რაც კი შესაძლებელია  ამ ღონისძიების ფარგლებში გველოდეს. ვატარებთ გენერალურ რეპეტიციას: აი, თუ, მაგალითად, ღონისძიება ხვალ გვაქვს, წინა დღეს ყველა ტექნიკურ დეტალს ზედმიწევნით გავდივართ, რომ დამკვეთი მაქსიმალურად დაზღვეული იყოს. უნდა ვიცოდეთ, რა იქნება, მაგალითად, შუქი რომ ჩაქრეს, ვკითხულობთ, რა ალტერნატივა გვაქვს. პლუს, ყველა პროცესი გამჭვირვალეა დამკვეთისთვის, ის სრულად ხედავს, როგორ მივდივართ შედეგამდე. ვსახავთ გეგმას, სადაც გაწერილია, პირობითად, ერთი თვის განმვლობაში რა ეტაპზე რას უნდა ელოდოს და იმ გეგმას არ ვუხვევთ.“ „აბსოლუტურად ურეჟიმო საქმეა, 24-საათიანი, ღამეების თენებით. ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზება, მისი მასშტაბის მიუხედავად, სრულ ჩართულობას მოითხოვს. პატარა კონფერენციაც რომ იყოს, იმასაც ძალიან ბევრი დეტალი სჭირდება, ისევე, როგორც ბევრი უნარი სჭირდება თავად ღონისძიების ორგანიზატორს. კომუნიკაბელურობაა მნიშვნელოვანი, კრეატიულობა, რომ ეფექტური იდეა მოუფიქრო; შემდეგ ამის პრეზენტირება და პროდუქტის გაყიდვა უნდა შეგეძლოს, დელეგირება ანუ პროცესების მართვა, სწორი გადანაწილება, კრიზისის მენეჯმენტი… თუ კრიტიკულ მომენტში დაიბენი, ყველაფერი გაფუჭდება. ოპტიმისტი უნდა იყო. ვთვლი, რომ ადამიანი თვითონ იქმნი შენი ცხოვრების განწყობას და რასაც გასცემ, უკანაც იმას იღებ. სულ ვამბობ, ღონისძიების როგორი ორგანიზატორიც ხარ, ისეთივე გამოდის შენი ღონისძიება. მე ვფიქრობ, რომ ჩემს შესრულებულ საქმეს ეტყობა ადამიანურობა და ის, რომ ცხოვრება ძალიან მიყვარს.“

„რაც შეეხება ჩემი და რეზის ძალების სინთეზს: მრავალი წელია ამ საქმეში ვარ და სხვადასხვა კომპანიას ვიყავი მიბმული. რეზი დამეხმარა, რომ ჩემი დამოუკიდებელი სივრცე მქონოდა. თან მე და რეზი ცოლ-ქმარი ვართ, კრიტიკულ მომენტებში მას მივმართავ რჩევისთვის. პირველ ეტაპზე ერთად გადავდგით გარკვეული ნაბიჯები, გადაწყვეტილებები ერთად მივიღეთ.“

„Alice Q როგორც ბრენდი უნდა ყოფილიყო ახალი სტანდარტების დამნერგავი საქართველოს ღონისძიებების ორგანიზების ბაზარზე. ჯერ კომპანიის იდეა გაჩნდა, მერე მოვიდა სახელი. ბრენდინგის ნაწილში მეგობრები დაგვეხმარნენ. როცა გაიგეს, რას ვაპირებდით, თვითონ გამოთქვეს სურვილი. ზუსტად ის მივიღეთ, რაც გვინდოდა ყოფილიყო. ვიზუალური ნაწილში, შეფუთვაში ერთდროულად სილაღეცაა, სიმკაცრეც, მდიდრულობაც, უბრალოებაც, ზღაპრულობაც და ოცნების სურვილიც.“ 

რეზი პეტრიაშვილი, Alice Q-ს დამფუძნებელი:

 „ირინას იმხელა გამოცდილება აქვს და ისე უყვარს ეს საქმე, ზედმეტი იქნება ჩემი მონაწილეობა. ბიზნესის კუთხით თუ დასჭირდა კომპანიაში ჩემი ჩართულობა, მაშინ, რა თქმა უნდა, ერთად ვართ. დანარჩენს თვითონ უძღვება და 100-პროცენტიანი წარმატებით ასრულებს თავის საქმეს. მე მარკეტინგის სფეროში ვარ, ერთ-ერთი კომპანიაში, თუმცა ძალიან მომწონს ის, რასაც ირინა აკეთებს. ის გიჟდება ამ საქმეზე, თითქოს ამისთვისაა დაბადებული, ძალიან სიამოვნებს, რასაც აკეთებს, ხალისობს ამით. კრიზისულ მომენტებში ისეთი მექანიზმები ერთვება თავში, შეიძლება ვერც მიხვდე ასეთი გამოსავალი როგორ იპოვა.“

ირინა ეგაძე:

 „საერთოდ, მე ასეთი პრინციპი მაქვს, რომ სამსახურიც ცხოვრების დროა, ამიტომ ჩემი ცხოვრების წესი და სტილი აბსოლუტურად იდენტურად გადამაქვს სამსახურშიც. გამიჯნული არ მაქვს, რომ აქ ვცხოვრობ და აქ ვმუშაობ. ვფიქრობ, თუ ასე ხდება, ესე იგი, იქ არ მუშაობ, სადაც უნდა მუშაობდე. პრაქტიკულად ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ. ბავშვები მოდიან, გვეხმარებიან, უწყვეტი და ძალიან სასიამოვნო პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებების ორგანიზებას უდიდესი დრო მიაქვს, ასევე უდიდეს დროს ვუთმობ ჩემს შვილებს, ვცდილობ როგორც იქ სხვას ვუხალისებ, აქ ჩემს ბავშვებს გავუხალისო ყოველდღიურობა.“

 „მთავარია, ყოჩაღი და მონდომებული იყოს და ნებისმიერი ადამიანი ყველაფერს ისწავლის. მონდომება და შრომისმოყვარეობაა გადამწყვეტი. თუ ეს ორი თვისება გაქვს, კრიზისის მართვასაც ისწავლი და სხვა დანარჩენსაც. გუნდის თითოეულ წევრს თავისი ხასიათი აქვს. როცა ამას კარგად იცნობ, იოლად ანაწილებ: ხვდები ვის რა უნდა ჩააბარო. დიდ დროს ვუთმობ ხოლმე გუნდის წევრების ინდივიდუალური ძლიერი მხარეების განვითარებას. ყველას თავისი პლუსი აქვს, თუმცა დეტალებზე ორიენტირებულობაა ის საერთო ნიშანი, რაც ყველას ნასწავლი აქვს ჩემგან.“ 

„რაც არ უნდა გართობა და მხიარულება იყოს, ღონისძიების დროს ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვაქვს განსაზღვრული, კონკრეტული საქმე გვაბარია, რაციებით ვეკონტაქტებით ერთმანეთს. უზრუნველვყოფთ გართობას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც ვერთობით. გამორიცხულია, რომ ღონისძიების დროს ჩაი მაინც დალიო, თუმცა მუშაობის პროცესისგან მაინც სიამოვნებას ვიღებთ და ასეა ყოველთვის, როცა საქმე გიყვარს. ახლახანს ევროკავშირისთვის გვქონდა ღონისძიება. მოგვწერეს, ასეთი არაფერი არ გაუკეთებიათ ჩვენთვისო და ვერ მიხვდნენ რატომ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი მიზეზი. მგონია, რომ ამ მხრივ თეატრის, რეჟისორი მამის გავლენა მაქვს. კარგად ვგრძნობ ემოცია როგორ შევიტანო ამბავში.“

„ძალიან მომწონს ის, რომ დღეს თავიდან ბოლომდე ჩემზეა დამოკიდებული ყველანაირი გადაწყვეტილების მიღება. არ ვგულისხმობ მართვას, იდეურ მხარეზე ვლაპარაკობ. ვთვლი, რომ  ულაღესი და უკარგესი კომპანიაა და თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, როგორი იქნებოდა. იმ წამიდანვე ვხედავდი შედეგს, როცა მარტო ვიჯექი ოფისში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, იმასაც ზუსტად ვხვდები, რა შედეგი გვექნება სამომავლოდ. დარწმუნებული ვარ, Alice Q თავის ნიშას დაიკავებს. ახლახანს ჩინეთში მივიღეთ კარგი გამოცდილება და ვფიქრობ, საერთაშორისო ბაზარზე რეალური შანსები გვაქვს.“  

რეზი პეტრიაშვილი:

„რობოტული ემოცია არაა ამ საქმის უკან. ირინა ისეთ სიამოვნებას იღებს მუშაობის პროცესით, რომ შედეგსაც ეტყობა. რაც არ უნდა სერიოზული კონფერენცია ან ნებისმიერი აკადემიური ღონისძიება იყოს, მუხტი და ენერგეტიკა უცვლელია. მისი განწყობა, ასეთი დამოკიდებულება საქმისადმი აათმაგებს შედეგის ეფექტურობას.“

ირინა ეგაძე:

„დიდ ღონისძიებებზე ზოგჯერ რეზის ბარბექიუ აბარია, ერთად ვდგავართ, ვწვავთ და მთელი ღამე შეგვიძლია ეს ვაკეთოთ, იმდენად სახალისოა ჩვენთვის.“ 

„მომავალს როგორ ვხედავ? სულ ვამბობ, რომ ჩემს იდეალურ წარმოდგენაში მე გამოვდივარ, ხელში მიჭირავს ლანგარი, ცხელი საჭმელებით, და ვუმასპინძლდები სტუმრებს. მე და რეზის გვინდა, რომ წლების შემდეგ საკუთარი პატარა რესტორანი გვქონდეს.“

რეზი პეტრიაშვილი:

„ორივეს გვიყვარს ხალხი, ურთიერთობა და კმაყოფილი ადამიანები ჩვენ გარშემო, ჩვენი საერთო ენერგიის გარშემო…“