დემნა გვასალიას გულწრფელი ინტერვიუ

Demna Gvasalia Daily აქვეყნებს ქართველი დიზაინერის გულწრფელ ინტერვიუს: 

Q: ახლა ჩვენ კრონენჰალეში ვსხედვართ, ციურიხის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ადგილას. შენ კი მეამბოხეს გიწოდებენ.


დემნა: როგორ ფიქრობდი, სად შევხვდებოდით? ქუჩაში?


Q: თუნდაც, ქუჩაში შენ ბევრ შთაგონებას პოულობ და ეს არაერთხელ გითქვამს.


დემნა: კრონენჰალე ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ციურიხში. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ფილმში ვარ. აქ ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები დადიოდნენ,მათ შორის კოკო შანელიც. გარდა ამისა ჰიპსტერული არ არის, მე და ჩემს პარტნიორს ქორწილი აქ გვქონდა.


Q:ძალიან ბევრი ახალგაზრდა დიზაინერი პარიზში გადადის, რომ წარმატებას მიაღწიოს. შენ მაშინ დატოვე პარიზი, როცა ვეტმანი წარმატებული გახდა. რატომ?


დემნა: ცოტა დაცულობისთვის. 


Q:პარიზში თავს დაცულად არ გრძნობდი?


დემნა: ციურიხში ღამის სამ საათზეც გახვალ გარეთ და დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი მოგივა. პარიზში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში და ხშირად ვითარება ძალიან ბინძურია. ერთხელ გიჟი ჰეითერებიც დამესხნენ თავს. მას შემდეგ, რაც ვეტმანი შევქმენი, ბრენდი კრიტიკის მიზანში აღმოჩნდა. ჩვენი მყიდველები მუქარის წერილებს იღებდნენ, შემდეგ ჭორები გაგვირცელეს, რომ გაყიდვები დაეცა. მთელი ცხოვრება ცდილობდნენ ჩემს დისკრიმინაციას: ჩემს მშობლიურ საქართველოშიც, ბელგიაში ხელოვნების აკადემიაში სწავლის პერიოდშიც და პარიზის ქუჩებშიც. ციურიხში თავს პირველად ვგრძნობ დაცულად. აქ იმაზე უსაფრთხოდ ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. 


Q:რატომ იყავი დისკრიმინირებული?


დემნა: იმიტომ რომ უცხოელი ვარ, დევნილი ვარ, იმიტომ რომ გეი ვარ, იმიტომ რომ რაღაცებს განსხვავებულად ვაკეთებ, იმიტომ რომ შეუხედავი რაღაცები ლამაზად ვაქციე და წარმატებას მივაღწიე. ბევრი რაღაც გაერთიანდა, რატოც ხდება ეს ჩემს თავს, მაგრამ მე არაფრის იგნორს აღარ ვაპირებ. 


Q: შენი გაბრაზება მოდასაც უკავშირდება?


დემნა: დაცინვა მოდაში პროფესიაა, როგორც მოდელებისთვის, ასევე დიზაინერებისთვის. ეს უნდა დასრულდეს. სოციუმი იცვლება და მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც „ძველი“ ხალხის წესებით თამაში აღარ უნდა, იმ ხალხის, ვინც ვერ ეგუება ფაქტს, რომ 80-იანები მორჩა. და, მე ასაკს არ ვგულისხმობ. მეც თითქმის 40 წლის ვარ! 


Q:ერთხელ თქვი,რომ ამ სამსახურის გრცხვენოდა. ეს კვლავ ასეა?


დემნა: არა, მიუჩია პრადასთან საუბრის შემდეგ არა. ჩემთვის რთული იყო ამ პროფესიით ფეხზე დადგომა. მე საქართველოში ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და კარგი ქულები მყავდა. ჩემი მშობლები ფიქრობდნენ, რომ გერმანიაში გადასვლის შემდეგ იგივე საქმით დავკავდებოდი. მე კი წავედი და ხელოვნების სწავლა დავიწყე, მერე მოდაზე გადავედი. ყოველ ჯერზე, როცა მამაჩემი ჩემთან ჩამოდიოდა, მეკითხებოდა, როდის ვიწყებდი სამკერვალო საქმიანობას.


Q:მამა ესწრებოდა შენს ბოლო ჩვენებას საქართველოზე?


დემნა: კი, ჩემი ოჯახი იქ იყო.


Q: რთულ მოგონებებზე ჩვენების გაკეთება ემოციურად რთული არ იყო?


დემნა: არა, ჩვენების შემდეგ თავი ასე კარგად არასდროს მიგვრძნია. მე ქართული მაჩო მენტალიტეტით გამზარდეს, სადაც მამაკაცისგან ემოციების ღიად გამოხატვა მაინცდამაინც მიღებული არ არის. 


Q:შენს ოჯახს როგორი რეაქცია ჰქონდა?


დემნა: ბევრი იტირეს. მჯერა, რომ ამ ჩვენებით ჩვენს შორის რაღაც ხაზი გავავლე და ეს მხოლოდ იმიტომ შევძელი, რომ ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ თავს კარგად იმ ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობ და ურთიერთობაში, რომელიც მაქვს ჩემს მეორე ნახევართან. 


Q:ახლა საქართველოში ხშირად ჩადიხარ?


დემნა: არა, ახლა არა. ახლა მსოფლიო საქართველოს მხოლოდ სტალინს და შევარდნაძეს აღარ უკავშირებს, არამედ გეი დიზაინერსაც, რაც „ძველებს“ არ ახარებთ. მუქარაც არის. ქვეყანაში ჰომოფობია ჯერ კიდევ მძვინვარებს,ამიტომ გავაკეთე მაისური საქართველოს წარწერით ცისარტყელას ფერებში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ქართველ ბავშვებთან შეხვედრა. პარიზში სპეციალურად ამ ჩვენებისთვის ჩამოფრინდნენ. ბევრი მათგანი დასავლეთში პირველად ჩამოვიდა. როგორ ლაპარაკობდნენ, როგორ იქცეოდნენ, ჩემს თავს მახსენებდნენ, როცა მათ ასაკში ევროპაში პირველად ჩამოვედი. მე ახალი თაობის ქართველებისთვის მისაბაძი მაგალითი ვარ. როცა ეს „ძველი“ თაობა მოკვდება თავიანთი უცნაური წარმოდგენებით, საქართველოში ისევ ჩავალ. 


Q:სანამ აქ მოვიდოდი, გზაში თინეიჯერები შემხვდნენ. მათ შენი მაისურები ეცვათ, რომელსაც 700 ევროდ ყიდი. ეს არ გადაღელვებს?


დემნა: მოდა ახალგაზრდებისთვის კომუნიკაციაა. ისინი ვეტმანის ჩაცმით ამბობენ, რომ რაღაცის ნაწილი არიან. მოდამ ექსკლუზიურობა დაკარგა, აღარ არის ელიტური სამყარო. ახლა ყველა ჩართულია, რაც მე მომწონს. ისინი მოდით გესაუბრებიან, როცა ვეტმანი აცვიათ, ეს ნიშნავს რაღაცას, ამით ამბობენ, რომ იციან რა ხდება. 


Q:ეს ადამიანები ქუჩებში ნაკლებად შოპინგობენ, შოპინგიც ონლაინ გახდა. ნოსტალგია და სინანული არ გაქვს?


დემნა: არა. როცა თბილისიდან გერმანიაში ჩამოვედი, 19 წლის ვიყავი და ინტერნეტი იყო ერთადერთი გზა, რომ ხალხთან კონტაქტი მქონოდა, ფორუმებით. მე ინტერნეტის დიზაინერების პირველ თაობას ვეკუთვნი, რადგან ინტერნეტთან ერთად გავიზარდე. არ მაქვს სინანულის გრძნობა, მომწონს ცვლილებები. ვფიქრობ, სელფის კულტურამ ქუჩის სტილი განავითარა. სელფისთვის ოტ კუტიურს ვერ ჩაიცვამ. ქუჩა ციფრულია.


Q:შენი ჩვენებებისთვის ძალიან ჩვეულებრივ ადამიანებს არჩევ, განსაკუთრებით ინსტაგრამზე.


დემნა:მე არ ვფიქრობ, რომ სუპერმოდელებზე ილუზიების შექმნა ჩემი მისიაა. არ მინდა დროში უკან ვიმოგზაური, წინსვლა მსურს. ბალენსიაგაში ადვილი არ ყოფილა. პირველი ორი წელი ორ ბრენდს შორის ხედვაც არ მქონდა გაყოფილი. ახლა მოვახერხე და ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. ბევრი ფიქრობს, რომ სტრესი და დრამა მოდის ნაწილი უნდა იყოს და ეს ნარკოტიკივით არის. ნარკოტიკივით არის, მაგრამ მე ამაზე დამოკიდებული აღარ ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველად მაქვს ურთიერთობა, რომელშიც ერთიანობას ვგრძნობ. საღამოობით აღარ გავდივარ გარეთ, რადგან მასთან ერთად ჭამა მინდა. შაბათ-კვირას აღარ ვმუშაობ, რადგან სიყვარულს დრო მიაქვს. ეს ცხოვრებაში ყველაზე მთავარია, გიყვარდეს და გრძნობდე, რომ უყვარხარ. 


Q:ფიქრობ, რომ რთული წარსულის გამო სხვა დიზაინერებთან შედარებით უფრო ძლიერი და ნაკლებად მშიშარა ხარ? 


დემნა: შესაძლოა. ჩვენ ახალი ცხოვრება 3 ჩანთით დავიწყეთ, ასეთი გამოცდილება იმის თქმის ძალასაც მაძლევს, რომ მე მოდა მიყვარს, მაგრამ ამაზე დამოკიდებული არ ვარ. ერთ დღეს აუცილებლად გავაკეთებ სხვა რამეს, რაც მოდასთან კავშირში არ იქნება.