როგორ ვებრძოლოთ კიბერ ბულინგს – მეხუთე კლასელების სასკოლო პროექტი

ბავშვობა ის პერიოდია, როდესაც ყველაზე თავისუფლები, ლაღები, მხიარულები და გახსნილები ვეგებებით ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, გამოწვევებსა და თავგადასავლებს. ჩვენ, როგორც ბავშვები, ვსწავლობთ და გარშემომყოფებსაც ბევრს ვასწავლით.

თუმცა, ეს, ასევე, ის პერიოდია, როდესაც დაუცველები და მძიმე, კრიტიკული შემთხვევებისთვის შეუმზადებლები ვართ.

დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ციფრულ ეპოქაში შევაბიჯეთ, ინტერნეტ-სივრცე, სოციალური ქსელები და სხვადასხვა სოციალური მედია პლატფორმები ზუსტად რომ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და საფრთხილო ადგილად იქცა. ეს კიბერ დანაშაულების, თავდასხმებისა და კიბერ ბულინგის შედეგად მოხდა.

და ვინ იაზრებს და ვინ ხვდება, თუ რამდენად დიდია საფრთხე და რაოდენ მნიშვნელოვანია ციფრულ სამყაროში საჭირო ცოდნის ქონა იმისთვის, რომ კიბერ ბულინგმა ბავშვი ფსიქიკურად, ემოციურად, თუ ფიზიკურად არ დააზარალოს?

 

by ranganath krishnamani

 

ამ კითხვაზე პასუხის ძიება სამმა მეხუთე კლასელმა დაიწყო მაშინ, როდესაც სკოლაში მცირე პროექტის მომზადება დაავალეს მათთვის საინტერესო თემის შესახებ.

“სკოლაში დისკუსიები გვქონდა, თუ რა თემაზე გაგვეკეთებინა პროექტი. სხვა მოსწავლეებმა პოსტერები გააკეთეს და კედლებზე გააკრეს. ჩვენი კიბერ ბულინგის თემა ავირჩიეთ და, გადავწყვიტეთ, პატარა საიტი შეგვექმნა, სადაც ინფორმაციას დავდებდით და ხალხს დავეხმარებოდით ამ პრობლემის გადაჭრაში”  – ყვებიან მეხუთე კლასელები გიორგი რაზმაძე, გიორგი კუპრავა და სანდრო მრევლიშვილი.

მათი თქმით, კიბერ ბულინგის თემა დღეს მწვავე პრობლემაა, რადგან ხშირად სკოლის მოსწავლეებს არ აქვს საკმარისი ცოდნა, თუ როგორ დაიცვან თავი ინტერნეტ სივრცეში. როგორც გიორგი რაზმაძე გვიყვება, სასკოლო პროექტის ფარგლებში მცირე გამოკითხვაც ჩაატარეს პარალელურ კლასებში: “გვინდოდა გაგვეგო, თუ რას იზამდნენ ბავშვები, თუ რომელიმე სოციალურ ქსელში მათ უცხო ადამიანი დაეკონტაქტებოდა, ან დაემუქრებოდა”.

 

by Gareso

 

ამ დროისთვის Wix.com-ზე შექმნილი ვებ გვერდი აქტიურად მუშაობს. საიტი, როგორც ამბობენ, სანდრო მრევლიშვილმა ააწყო, გიორგი რაზმაძე და გიორგი კუპრავა კი ძირითადად იდეებზე და მათი განხორციელების გზებზე მუშაობდნენ.

ვებ გვერდზე რამდენიმე განყოფილებაა:

  1. გამოკითხვა და მისი შედეგები;
  2. როგორ დავიცვათ თავი – საინტერესო ინფორმაცია და რჩევები;
  3. ლექსიკონი – ამ განყოფილებაში უცხო სიტყვათა განმარტებებია მოცემული (მაგალითად: “ედბლოკერი”, “Extension” და სხვ.)

 

საბოლოოდ, ციფრულ სამყაროში, იქ, სადაც ყოველდღიურად ვეჩეხებით გამოუვალ სიტუაციებს, მწვავე პრობლემებსა და სხვადასხვა სახის დანაშაულებებს, რთულია თავის დაცვა და რთულია ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება, თუ ცოდნა, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე პატარებს ეხებათ, ხშირად სწორედ თავად ბავშვები ახერხებენ საუკეთესო გზების მონახვას, ერთმანეთის დაცვასა და ჩვენთვის იმაზე მეტის სწავლებას, ვიდრე ოდესმე ამას თავად შევძლებდით.