ვაშლები ტანკის ლულაში #Blog

მეჯვრისხევი გორის რაიონს ეკუთვნის, ძალიან დიდი და ლამაზი სოფელია. დღეს უკვე კონფლიქტის ზონაა. ჩემს ბიძაშვილებს იქ აქვთ სახლი და ზაფხულობით ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი. სახლიდან 30 მეტრში მდინარე მეჯუდა ჩამოდის, სამი ჩანჩქერი არის ზედიზედ, თუ სწორედ მახსოვს. ულამაზესი ბუნებაა და ხალხიც გულღია და თბილი. 2007 წელი განსაკუთრებულად მახსოვს, ყოფილი პრეზიდენტი გამოვიდა და თავისებურად დამცინავი განცხადებები გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. მაშინ ნელ-ნელა აფუთფუთდნენ რუსის ჯარისკაცები კონფლიქტის ზონაში, თბილისი კი მიტინგებით გადაძეძგილი ქალაქი იყო. ზაფხულში ოკუპირებული სოფლიდან ყაჩაღები გადმოვიდნენ და სოფლის მაცხოვრებელი მოკლეს-შემოაკვდათ დაყაჩაღებისას, სოფელმა იგლოვა როგორც შეეძლო. მაგ წელს 15 წლის ვიყავი და ნელ-ნელა ვიაზრებდი, რა რეალობაშიც ვცხოვრობდით. მეჯვრისხევში დასასვენებლად წავედით, თითქოს სიმშვიდე იყო და სოფელიც ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. ჩასვლიდან მეორე დღეს ერთ-ერთ მაცხოვრებელს საბალახოდ გასული ძროხები დაუცხრილეს. კი არ მოიპარეს, ან წაართვეს, უბრალოდ სადისტურად დაცხრილეს, თითქოს სროლაში ვარჯიშობდნენ. დედაჩემმა დამირეკა, ჩამოგაკითხავენ და წამოყევიო, მე არ მინდოდა წამოსვლა. ცუდი ამბები ხდებაო, პანიკაში იყო. მე ვარწმუნებდი სიმშვიდეა და პანიკას არ აჰყვე-თქო. მეორე დღეს დიდმა სატვირთომ ჩაიარა ჯარისკაცებით სავსემ, სიცხისგან და ჯაყჯაყისგან გათანგულებს ავტომატები რაღაცნაირად მაინც არხეინად ეჭირათ. მთელი სოფელი ინტერესით აკვირდებოდა ყველა გადაადგილებას, ნელნელა ჰაერიც იძაბებოდა. სოფელში ასაკით ჩემხელა ბიჭი გავიცანი, გივი ერქვა, მხარზე გეკოს თოფი ჰქონდა მუდმივად გადებული და კაი მოხერხებული სოფლელი ბიჭები რომ არიან, ეგეთი იყო. მაღაზიებში რუსულ აქციზიან სიგარეტს ვყიდულობდით და მდინარესთან ჩუმჩუმად ვეწეოდით, თან ამ გეკოს ვატკაცუნებდით. წელს ზემოთ არაფერი არ ეცვა და ნახშირივით შავი იყო. სკოლაშიც ალაგ-ალაგ დადიოდა და დიდად არც აღელვებდა. ერთხელ ჩანჩქერიდან ამოსულები, წყლისგან გასავათებულები და მშივრები ცხელ ქვებზე გავიშხლართეთ, მე მაკდონალდსი ვინატრე, გივი გაჩუმდა. მივხვდი არ იცოდა, რა იყო და ახსნა დავუწყე, ამერიკულია ესეთია, ისეთია-მეთქი. თავიდან მისმენდა, მაგრამ დიდად ვერ დავაინტერესე, თან ბოლოს დააყოლა: გავკარი ამერიკელებსო. საღამოს სახლში მისულებს მამაჩემი და ბიძაჩემი დაგვხვდნენ თბილისიდან ჩამოსულები, ეზოში პატარა სუფრა ჰქონდათ გაშლილი და ნება-ნება სვამდნენ ცივ ღვინოს. სუფრას შემოუერთდა რამოდენიმე მეზობელი და ოჯახის ახლობელი, საკმაოდ თბილი საღამო იყო. მე და ჩემი ბიძაშვილი, ეკა, კიბეზე ვისხედით და უფროსებს ვუსმენდით. თავისუფლად სვამდნენ, ყოველგვარი ძალდატანების და გაწელილი სადღეგრძელოების გარეშე, ერთ-ერთმა სტუმარმა სადღეგრძელო მოითხოვა და ცოტა ბოდიშის მოხდით, მაგრამ ამაყად თქვა: აქ  წესია სტალინის სადღეგრძელოს დალევა, ეგეთი ქართველი ჯერ არ დაბადებულაო. ეკას მამა სკამზე გადაწოლილი უსმენდა, სახეზე ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა, როგორც ყოველთვის, მამაჩემს ზედმეტსახელად „ჩერჩილა “აქვს ბავშვობიდან და საპატიო მიზეზი ჰქონდა სადღეგრძელო რომ არ შეესვა, ალბათ უფრო მეორე ბიძის გასაგონად სვამდნენ ამ სადღეგრძელოს, რადგან სტუმრები არ იცნობდნენ, ასე თუ ისე, მაგრამ მანდ შეცდნენ… ბიძაჩემმა უსმინა, უსმინა და ნელ-ნელა ამბად დაიწყო მოყოლა, ბიჭობაში როგორ იჩხუბეს გორში მაგ სადღეგრძელოს გამო, რომ მისი მეგობრის ოჯახს, რომელთანაც ერთად იჯდა იმ სუფრაზე,  როგორ შეეხო 37 წლის რეპრესიები და სუფრაზე, როცა შესვეს სტალინის სადღეგრძელო და მათ არ გაიზიარეს ეს, როგორი დაპირისპირება მოუხდათ სუფრის დანარჩენ წევრებთან. ამ ისტორიით აგრძნობინა, რომ მაგ სადღეგრძელოს თქმა არ იყო დიდად რეკომენდირებული (რამდენად გაიგეს ეგ სხვა თემაა) და დაძალების შემთხვევაში შეიძლება კონფლიქტამდეც მისულიყო საქმე. რატომღაც, მის ნათქვამს კამათი არ მოჰყოლია, სადღეგრძელოც თავისთავად, რაღაცნაირად, არ დაილია. იმ დღეს პირველად დავფიქრდი „სტალინიზმზე“ და ზოგადად „იზმზე“. მიუხედავად იმისა, რომ ეს „იზმი“ შეიძლება იყოს ძალიან ეროვნული სულის მატარებელი, მაგალითად „ზვიადიზმი“, მაინც კატეგორიულად მიუღებელია ლიდერის ან ბელადის თაყვანისცემა, შეიძლება, დიდი ხნის წინ რომელიმე ტომს ბელადის კულტივირება სჭირდებოდა, მაგრამ 21-ე საუკუნის თავისუფალი სამყაროს არც ერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებს ბრმა ბელადომანია. ხსნა რაშია? ბევრად მეტი ინფორმაციის მიწოდებაში და ძლიერი განათლების სისტემაში, ამაზე ნიკა რურუამ ერთ-ერთ ინტერვიუში საინტერესოდ ილაპარაკა, თუ როგორ უნდა ჩაიდოს ბევრად მეტი ინვესტიცია განათლებაში, რომელიც ფაქტიურად „დაკარგული“ ინვესტიციაა, მაგრამ დღევანდელი ოკუპაციის პირობებში აუცილებელი და ერთ-ერთი ძლიერი იარაღია. ოკუპაცია გრძელდება, განათლება არ მატულობს…

Tank Man isometric china vector tank man tank illustrator tiananmen square illustration
by Roy Smith

            2008 წლის ომი ძლიერი დარტყმა იყო ჩვენთვის, რუსული თვითმფრინავები საქართველოს თავზე დაფრინავდნენ. დღესაც მახსოვს, მაშინ და მერე კიდევ დიდხანს, თვითმფრინავის ხმაზე ქალიან-კაციანად ყველანი პირჯვარს  რომ ვიწერდით. წაგებული ომი ეიფორიაში ვიზეიმეთ და ეს ეიფორია, რომ გავიდა მძიმე მდგომარეობაში დარჩენილი სოფლები და 40 კილომეტრში ოკუპანტები შეგვრჩა. „40 კილომეტრში მტერია“ – ეს ფრაზა ყურს გვჭრის, თითქოს ვერ ვიღებთ ბოლომდე იმ რეალობას რომელიც გვაქვს. შარშან ან შარშანწინ მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი ლევანჩო, წავედით ოკუპირებულ სოფელში, ზედ საზღვარზე მივედით, რუსის კოშკურაც ჩანდა. მზე საშინლად აჭერდა და ხე წამლადაც არ იყო არსად. ბოღმით ვუყურებდით მავთულხლართებს, ტრასამდე ალბათ კილომეტრიც არ იყო დარჩენილი და უცებ საოცარმა სიბრაზემ შემიპყრო, ვერაფრით ვერ მივხვდი, რა უნდა მომხდარიყო, რომ ესეთ დღეში  ჩავეგდე ვიღაცა „ვანიას“, ნახევარი ბოსტანი მოეთხარა ტანკით, ლულა სახლში შემოეყო  და ამ პოზაში ვმდგარიყავით წლების განმავლობაში, წლის ბოლოს კიდევ ვაშლი (პირობითად) დამეკრიფა და ამ „ლულაში ჩამეყარა“, ვერაფრით ვერ გავიაზრე. ალბათ, ეს არის „სტალინიზმის“ მძიმე და მონური მოცემულობა, როდესაც სიტუაციას ჯანსაღად კი ვერ იაზრებ, არამედ ბრმად და თან გაუმართლებლად ბრმად გიყვარს შენი ნომერ პირველი დამამცირებელი. საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები ვისაც კიდევ შერჩა ეს სწორი აზროვნების უნარი და ზუსტად იციან, როგორი „ორი რუსეთიც“ არსებობს.

            მეჯვრისხეველ გივისთან კონტაქტი დღემდე მაქვს, დღეს კონტრაქტით მსახურობს ჯარში და სამშობლოს ემსახურება. P.S. მაკდონალდსი ცვრიან მწვადზე მეტად შეუყვარდა.

ავტორი: ბიბი ბრეგვაძე