Lily Vanilli – ლონდონური გემო თბილისში

ლილი, პირველ რიგში, მოგვიყევი შენ შესახებ

თვითნასწავლი მცხობელი ვარ. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 2008 წელს ლონდონში წამოვიწყე პატარა ბიზნესი – ახლობლებისთვის ვაცხობდი ორცხობილებს და ვყიდდი. 6 თვეში უკვე ვაცხობდი ელტონ ჯონისთვის, მქონდა ხელშეკრულება Harrods-თან და შეთანხმება წიგნთან დაკავშირებით. 

2010 წელს აღმოსავლეთ ლონდონში გავხსენი პატარა მაღაზია, სადაც საქორწილო ტორტებს ვამზადებდი, ასევე ვიღებდი კერძო შეკვეთებს. ნამცხვრებს დამახასიათებელი სტილით ვაკეთებდი, რომ ვიზუალურად მეტად ბუნებრივი ყოფილიყო – ამან მომიტანა მეტი პოპულარობა. ბიზნეს კონსულტაციების შემდეგ შუა აღმოსავლეთში, ინდოეთსა და ევროპაში, სულ ცოტა ხნის წინ ჩემი მეორე მაღაზია გავხსენი თბილისში. 

ზოგადად, რამ გადაგაწყვეტინა თავდაპირველად საცხობის გახსნა?

ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. ყოველთვის მიყვარდა ცხობა, საცხოვრებლად კი მუშაობა მჭირდებოდა. ასე რომ, პატარა ნამცხვრების სახლში დამზადებით და გაყიდვით მალევე შევძელი ჩემი ბიზნესის გაფართოება. 

როგორ მიიღე გადაწყვეტილება, რომ საცხობი თბილისშიც გაგეხსნა

თბილისში დამპატიჟეს, ჩამოსვლიდან მალევე კი ძალიან შემიყვარდა ეს ქალაქი – სამზარეულო, ღვინო, ხალხი. მივხვდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც უფრო მეტი დროის გატარება მინდოდა. შემდეგ უკვე შევხვდი ადამიანებს, რომლებსაც გავუზიარე ჩემი ხედვა პატარა, თანამედროვე საცხობის შესახებ. სწორედ აქ ჩაისახა და აქედან განვითარდა უკვე ეს იდეა. ეს ორი წლის წინ იყო. გასული წლის სექტემბერში კი უკვე გავხსენით ჩვენი მაღაზია. 

რა განასხვავებს Lily Vanilli-ს სხვა საცხობებისგან?

გვაქვს საუკეთესო რეცეპტები და პროდუქტები. ვიყენებთ ძალიან მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს (მათი ნაწილი ლონდონიდან ჩამოგვაქვს). ვიყენებთ მსოფლიოს ირგვლივ არსებულ თანამედროვე ცხობის ტექნოლოგიებს. ასევე, ყველაფერს, რასაც ვაცხობთ ძალიან ვალამაზებთ სხვადასხვა ბუნებრივი ინგრედიენტებით (გარდა მარცეპანისა და სპეციალური ფერებისა). მთელ ქალაქში ყველაზე ლამაზი ნამცხვრები და კანაპეები ჩვენ გვაქვს. 

ასევე გვაქვს, ძალიან გემრიელი ვეგანური/სამარხვო მენიუ.

მომხმარებლებისგან რა სახის feedback-ს იღებთ?

ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ და ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების სურვილებსა და კომენტარებს. მენიუს რეგულარულად ვცვლით სეზონისა და კლიენტების შენიშვნების მიხედვით. ჩემი ბოლო საქართველოში ჩამოსვლის დროს ძალიან გახარებული ვიყავი, რომ ვხედავდი ამდენ კმაყოფილ ადამიანს, რომელიც აღნიშნავდა, რომ გვაქვს მაღალი ხარისხის, გემრიელი დესერტები. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი დარიჩინის ფუნთუშები. 

როგორია შენთვის ლონდონური გემო

მუდმივად ცვალებადი, რომელიც ვითარდება სხვადასხვა კულტურების ზეგავლენით (სხვათაშორის, საქართველოდან ლონდონში ბევრი ახალი იდეით დავბრუნდი!)

გვიამბე შენი სამომავლო გეგმების შესახებ

იმედი მაქვს, განვვითარდებით საქართველოში და გავაგრძელებთ გემრიელი ნამცხვრების კეთებას ქართველი მომხმარებლებისთვის. მიყვარს თბილისში მუშაობა და, იმედი მაქვს, უფრო მეტ დროს გავატარებ სამომავლოდ საქართველოში. სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობ ლონდონში, ჩინეთში და მექსიკაში, თუმცა თბილისი ჩემი საყვარელი ადგილია!