რენე ზელვეგერმა 10-წუთიანი ოვაციის დროს თავი ვერ შეიკავა და იტირა (ვიდეო)

ოსკარის მფლობელი მსახიობი, ყველასათვის საყვარელი რენე ზელვეგერი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დიდ ეკრანს ჯუდი გარლანდის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმით Judy დაუბრუნდა. 

მსახიობი ეკრანიდან 2010 წელს გაქრა და ამის მიზეზად საჯარო ცხოვრებაში ზედმეტად ჩართულობა დაასახელა. 

“მე საკუთარი თავის პრიორიტეტი არასდროს ვყოფილვარ. ჩემი ცხოვრების 99%-ს საჯარო ცხოვრებას ვუთმობდი, რეალობისთვის კი ყოველდღიურობის მცირედი ნაწილი თუ მემეტებოდა. მჭირდებოდა დასვენება და არა იმის ცონდა, რომ სულ რაღაც უნდა მეკეთებინა. მჭირდებოდა, რომ ცხოვრება არ დამეგეგმა რამდენიმე წლით ადრე და სპონტანურობისთვის ადგილი გამეთავისუფლებინა”, – ამბობს რენე ზელვეგერი Vulture-სთან ინტერვიუში. 

6-წლიანი გაუჩინარების შემდეგ რენე კინო და ტელეეკრანს ნელ-ნელა დაუბრუნდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2016 წელი, როდესაც მსახიობი საკულტო პერსონაჟს, ბრიჯიტ ჯონსს დაუბრუნდა. 

ამის შემდეგ კიდევ იყო რამდენიმე პროექტი, თუმცა არც ერთი მათგანს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. 

2019 წელი კი შეიძლება ითქვას, რომ რენეს დაბრუნების წელია. ის მთელი თავისი დიდებულებით დაუბრუნდა მაყურებელს და კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ დიდებული მსახიობია. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი კი კრიტიკოსების მხრიდან მის მიერ განსახიერებული ჯუდი გარლანდის როლია. 

კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ რენე 2020 წლის ოსკარზე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. ამას მოწმობს ისიც, რომ დღეს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე Judy-ის პრემიერის შემდეგ მსახიობმა თითქმის 10-წუთიანი ოვაციები დაიმსახურა და საბოლოოდ ატირდა კიდეც.