საქართველოში The Walking Dead-ისა და ტერმინატორის პროდიუსერი ჩამოდის

საქართველოში 15-23 სექტემბერს ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი, გეილ ენნ ჰერდი ესტუმრება. ჰერდი საქართველოში “ქალები კინოსა და ტელევიზიაში – კავკასიას” მოწვევით ჩამოვა. 

ჰოლივუდელი პროდიუსერი საქართველოში ქვეყნის გაცნობის მიზნით ჩამოდის. სხვადასხვა რეგიონის მონახულების პარალელურად ის კინოს სფეროში მომუშავე ადამიანებსაც შეხვდება და ადგილობრივი კინოწარმოების შესახებ ინფორმაციას გაეცნობა.

დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის გეილ ენნ ჰერდის პროდიუსერობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის  ჩვენება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე. 

გეილ ენნი თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერია. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, მას ისეთ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: The Terminator, Aliens, Armageddon, The Walking Dead და ა.შ.