პროდიუსერი: And Then We Danced-ის არალეგალურად გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

ლევან აკინის ფილმის And Then We Danced პროდიუსერი, ქეთი დანელია ინტერნეტში ფილმის არალეგალურად გავრცელებას ფეისბუკზე დაწერილი სტატუსით ეხმიანება. 

ის საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკავონ ფილმის გავრცელებისგან და წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა საქმე. 

“მოგმართავთ ფილმის გულშემატკივრებსა და მაყურებლებს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფილმის არასრული, სამუშაო ვერსია, რომელიც არის მოპოვებული ავტორიზაციის გარეშე და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა საქმე და პასუხისმგებლობაში მიეცემიან ის პირები, ვინც არაავტორიზებულად ავრცელებენ ფილმს. ეს არის არა მარტო დანაშაული, არამედ მნიშვნელოვანად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას, მათ შორის, ამცირებს წარმატების შანსს ამერიკის კინოაკადემიის, “ოსკარის” დაჯილდოებაზე. გთხოვთ, ნუ შეუწყობთ ხელს ფილმის არაავტორიზებულ გავრცელებას და დაგვიჭირეთ მხარი უმნიშვნელოვანეს, წინასაოსკარე კამპანიის პერიოდში. დიდ მადლობას გიხდით, ბოლო პერიოდში, ფილმის მიმართ გამოხატული აქტიური თანადგომისთვის და ახლაც მოგიწოდებთ, დაგვიდგეთ გვერდით!”, – წერს ქეთი დანელია. 

შეგახსენებთ, რომ 8 და 9 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად ჰომოფობიური აქციები გაიმართა.