Hollywood Reporter-ის სიის მიხედვით, And Then We Danced-ს შანსი აქვს ოსკარზე მოხვდეს

მაშინ როდესაც თბილისსა და ბათუმში ლევან აკინის ფილმის And Then We Danced ჩვენება სიძულვილით მოტივირებული, ჰომოფობიური აქციების ფონზე მიმდინარეობს, შვედურ-ქართული დრამის წარმატებები არ წყდება. 

მთავარი როლის შემსრულებელმა გასულ კვირას მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინაციაში კიდევ ერთი ჯილდო აიღო, ამჯერად კი ის ამავე ნომინაციაში ევროპული კინოაკადემიის ნომინანტია

ამის პარალელურად, საერთაშორისო გამოცემები უკვე მსჯელობენ იმაზე, თუ რომელი ფილმი შეიძლება ვიხილოთ ოსკარზე, საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციაში. 

Hollywood Reporter, რომელიც კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემაა, თვლის, რომ ლევან აკინის დრამას დიდი შანსი აქვს ამ ნომინაციაზე მოხვდეს.

კინოკრიტიკოსმა სკოტ ფეინბერგმა მის ფავორიტ ფილმებად სამხრეთ კორეული Parasite, ესპანური Pain and Glory, ფრანგული Les Miserables, ისლანდიური A White, White Day და ლუქსემბურგული Tel Aviv on Fire დაასახელა. თუმცა, მკითხველს იქვე გაუზიარა იმ ფილმების სიაც, რომელმაც შესაძლოა ამერიკის კინოაკადემიის ყურადღება მიიპყროს და საბოლოოდ ნომინაციასაც გამოჰკრას ხელი, ამ სიაში კი ლევან აკინის ფილმი ბრაზილიური, იტალიური, იაპონური და გერმანული ფილმების გვერდით მოხვდა.