ხმა შეამოწმეთ 1 , 2 , 3…
დავიწყოთ
1 ერთი, რაც ზუსტად ვიცი, რომ ძალიან რთული იქნება თავი მოგაწონოთ. ინტერნეტიდან, სოციალური ქსელებიდან ყოველწამიერად იმხელა ინფორმაციის ნაკადი მოედინება, რომ, ალბათ, შეუძლებელი უნდა შევძლოთ (შეიძლება ვერც), რომ ყურადღება მივიქციოთ და თან თავიც მოგაწონოთ. ჩვენ, უბრალოდ, ვეცდებით.
2 ორი აზრი არ არსებობს, რომ… ასე ვიწყებდი, მაგრამ აქვე გადავიფიქრე. ორი აზრიც არსებობს და ათასიც. ჩვენს საუკუნეში ყველა აქსიომა უკვე ეჭვის ქვეშ დადგა. ვეცდებით, XII-ის ფურცლებიდან ბევრი, სხვადასხვა, განსხვავებული აზრი წაგაკითხოთ.
3 სამი რამ მჭირდება ამ ჟურნალისთვის: ენა, მკითხველი, ინტერნეტი.
4 ოთხი კუთხე აქვს ჩვენი რედაქციის ოთახს, არაფერი საინტერესო და ორიგინალური. ვეცდებით, ოთხ კედელში არ გამოვიკეტოთ, მეხუთე კუთხე დავინახოთ და თქვენც გაჩვენოთ.
5 ხუთ პირობით ნიშანს ვიყენებ სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად. რეაქციას გააჩნია. აი, ისინიც: :-)) :-D <3 :-(( და like . იმდენად მივეჩვიე, ვფიქრობ, ჩვენს ავტორებსაც ვურჩიო მომავალ ნომრებში ტექსტებში, მათი სურვილის მიხედვით, ადამიანის ემოციური რეაქციის გამომხატველი ინტერნეტნახატების დასმა. ასე უფრო კარგად მესმის ამ ბოლო დროს. ისე, იმედია მალე წერას არ გადავეჩვევით და მხოლოდ ნახატების დასმით არ შემოვიფარგლებით. ვაღიარებ, სოციალური ქსელი ახალ ენას ქმნის.
6 წელია, რაც ჟურნალი "ანაბეჭდი" დაიხურა. ჩემი საყვარელი ანაბეჭდელები სხვადასხვა კუთხეში მიმოიფანტნენ. მეგონა, მეორედ იგივე მდინარეში მათ გარეშე აღარ შევცურავდი, მაგრამ გავიხედე და უკვე "ბუიოკთან" ვარ. იქნებ დამინახონ და დამეხმარონ. დამლოცონ მაინც შორიდან:-)))
7 შვიდი დღიდან კვირაში ყველაზე მეტად ორშაბათი მიყვარს. მიყვარს, როდესაც რაღაც ახალი იწყება, ახალი შესაძლებლობა ჩნდება. ამ ჟურნალითაც ვიწყებ. თქვენც ახალს გთავაზობთ.
8 რვაზე რაც გამახსენდა, არ დავწერ:-) და მეტი კი განსაკუთრებული ვერაფერი მოვიფიქრე. თუმცა ამიტომაც არ ვარ მარტო რედაქციაში:-)
9 ცხრა ლახვარი რომ ჩამარტყან ცხრაჯერ გულში… დაახლოებით ასე ვრეაგირებ მე, პირადად, კრიტიკაზე; უფრო სწორად, ლანძღვაზე, რომელიც ჩვენთან ხშირად კრიტიკად საღდება. ამ ჟურნალში აუცილებლად იქნება კრიტიკა, მაგრამ უფრო მეტად ვეცდებით ის გაჩვენოთ, რაც მოგვწონს, გვესაინტერესოება, გვეამაყება თუნდაც. ასეთი კი ბევრია, ვეცდებით დაგიმტკიცოთ.
10 ათი მცნება ვიცით, ვიცავთ და მეთერთმეტეც გვაქვს რედაქციაში: – არა გაამაპარტავანდე. რა კარგი ჟურნალიც არ უნდა გამოგვივიდეს, თვითტკბობით არ დავკავდებით. ვეცდებით თვითკრიტიკულები ვიყოთ, თანაც ისეთი, რომ თქვენი კრიტიკისთვის ცოტა ადგილი დავტოვოთ.
11 თერთმეტი წლის ვიყავი, პირველად რაზმეულის საბჭოს ჟურნალის გაკეთება რომ დამავალეს პირველ სკოლაში. ეს იყო წინა საუკუნეში და ეს იყო პირველი პასუხისმგებლობა, რაც ჩემს თავზე ავიღე. ამ როლიდან გამოსვლა გამიჭირდა მგონი. უკვე 21-ე საუკუნეა და მე ისევ ჟურნალს ვაკეთებ:-).
12 XII ქვია ჟურნალს, რომელსაც ახლა თქვენ ათვალიერებთ. XII არა იმიტომ, რომ 12 თვეა წელიწადში, არც იმიტომ, რომ ჰოროსკოპის 12 ნიშანია, 12 საათი დღეში და ასე შემდეგ. უბრალოდ, ძალიან მარტივი ამბავია – 12 რედაქტორი ეყოლება ჩვენს ჟურნალს. ყოველ ნომერს ახალი ადამიანი შექმნის. Ocean 12 გამოგვივიდა, ფაქტობრივად. იმედია, 12 თვის შემდეგ, HAPPY END-ით დავასრულებთ, რომ მერე ისევ თავიდან
დავიწყოთ.
1, 2 , 3. . .