საბჭოთა პერიოდის მოზაიკა

XIIf

სოფო ლაპიაშვილი
ნინი ფალავანდიშვილი

ჩვენი ყურადღება უკვე დიდი ხანია მიიპყრო საბჭოთა პერიოდის 70-80-იან წლების მონუმენტურ დეკორატიულმა მოზაიკამ , რომელიც ჩვენს საჯარო სივრცეში მრავლად გვხვდება. ქალაქშიც ხშირად და ბევრგან შეიმჩნევა ისინი, თუმცა სისტემური კვლევა მათ შესახებ აქამდე არ ჩატარებულა. მრავალი მათგანი განადგურებისა და გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. გამომდინარე აქედან, გადაწყდა ამ თემაზე კვლევის
ჩატარება, მოზაიკების აღწერა-დოკუმენტაცია, რაც, თავის მხრივ, მათი მხატვრული ღირებულების კუთხით გაანალიზებას შეუწყობდა ხელს. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მონუმენტური მოზაიკის დარგი მთლიანად მიეცა მივიწყებას, რაც, უმეტესწილად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით იყო განპირობებული. არსებულმა მატერიალურმა მდგომარეობამ ნიმუშების ეტაპობრივი დაზიანება განაპირობა. ჩვენი ინტერესი მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკისადმი ბოლო 20 წლის განმავლობაში,საჯარო სივრცეში მიმდინარე ინტენსიური ცვლილებებითაა განპირობებული. ერთი მხრივ, ეს დაკავშირებულია საბჭოთა კავშირის ისტორიის კულტურული თუ ვიზუალური მახსოვრობიდან პირდაპირი ამოშლის სურვილთან. მეორე მხრივ მიმდინარე გლობალურ ნეო-ლიბერალურ პოლიტიკასთან (ამ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის
დაშლის შემდეგ გაუქმებული ან ნახევრადფუნქციური საწარმოების პრივატიზება), რომელიც საჯარო სივრცეს გარდაქმნის ისეთად, სადაც საზოგადოების ჩართულობა ქრება. ზოგადად, საქართველოს და, კერძოდ, თბილისის ურბანული გარემოს უსისტემო ტრანსფორმაციამ, არაპროფესიონალების მიერ წარმოებულმა ჩარევებმა ქალაქის სახის ჩამოყალიბებაში, ფასადურმა „შელამაზებებმა,” შედეგად მოიტანა საჯარო სივრცეში არსებული მოზაიკების განადგურება. სამწუხაროდ, არც დღესდღეობით არსებობს მათი შენარჩუნებისთვის არც პოლიტიკური ნება და არც პროფესიონალების ჩამოყალიბებული აზრი ან საზოგადოების მხრიდან ფართო დაინტერესება.

XIIv_Page_027

ავტობუსის გაჩერება , ქობულეთი

XIIqw

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე / თბილისი 

XIIqr

ყოფილი სასკოლო ინვენტარის ქარხანა / თბილისი

საბჭოთა პერიოდის მოზაიკების თემაზე ჩვენი კვლევის დაწყებისთანავე აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში არსებული ხელოვნების სხვა დარგებისგან განსხვავებით, ეს დარგი საერთოდ არ არის შესწავლილი, ნამუშევრები არ არის თავმოყრილი, დოკუმენტირებული და დაარქივებული, არ არსებობს მათი აღრიცხვა და, შესაბამისად, ბევრი მათგანის ავტორი და შექმნის წელი უცნობია, რაც გვაფიქრებინებს, რომ მას, როგორც ხელოვნების დარგს, ხშირად არასერიოზულად უდგებოდნენ. ძნელი გახდა ობიექტებზე მონაცემების მოძიება.
ვერც მხატვართა კავშირში, ვერც არქივებში და ვერც ბიბლიოთეკებში გადავაწყდით საჭირო ინფორმაციას. უმეტესწილად ცოცხალ ავტორებთან დაკავშირების გზით მოხერხდა სხვა რამდენიმე ავტორის ვინაობის დადგენა (ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ამ ადამიანების მახსოვრობას ვენდეთ) და, ზოგადად, საქართველოში მოზაიკების წარმოების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. სასურველია, საბჭოთა პერიოდის მოზაიკებისა
და მათი შენარჩუნებისადმი ინტერესი გასცდეს ვიწრო პროფესიულ და სამოყვარულო წრეს და ფართო საზოგადოება წინ აღუდგეს მათ განადგურებას. იმედია, ჩვენი საქმიანობით და ამ თემის პოპულარიზაციით საშუალება მოგვეცემა, გაქრობის საფრთხეში მყოფი მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები აღვრიცხოთ და მათ შენარჩუნებას ხელი შევუწყოთ. 

გეოეარის მიერ გამოცემული პუბლიკაციისთვის “თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები”, გთხოვთ, დაუკავშირდეთ info@geoair.ge

XII1