ველურ გულებში ჩაგუბებული და გაუმჟღავნებელი სიყვარულის ამბავი

ჩემი თაობა ეშმაკი ხუანისა და მასზე უიმედოდ შეყვარებული ბოზი ჰაიმეს დის, ერის მიერ „ცელკა-მონიკად“ სახელდებული გოგონას სიყვარულთან ერთად იფურჩქნებოდა. წახნაგებმომრგვალებულეკრანიანი ტელევიზორები ხარბად ეწაფებოდნენ რადიოინჟინერიის უგვირგვინო მეფეების მიერ ათასი ჯურის „პეპსი-კოლას“ ქილებით აწყობილი ანტენების მიერ ნაწყალობევ სიგნალს. რა კაშპიროვსკი, რის კაშპიროვსკი  ნაღდი ჰიპნოზური ტრანსი ტელეეთერიდან მაშინ იყო. ხალხი იკვებებოდა. ხუანისა და მონიკას სიყვარულის ამბავი თითქოს იმ ემოციების სუროგატი გახლდათ, რომელიც სოციალურ კატაკლიზმებს მთლიანად წაელეკა – განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან ფიქტიური შრომის ფაქტობრივად დამაჯილდოვებელი სამსახურები საბჭოეთის გოდოლის ნანგრევებქვეშ მოჰყვა და დაჩიავებული „ძლიერი სქესის“ რჩენამაც დიდწილად, სწორედ
„სუსტი სქესის“ (იმდენი ამ სიტყვათშეთანხმების მომგონს გავარტყი) კისერზე გადაიარა. ეს ის რეალობა იყო, რომლისთვისაც თვალის გასწორება უპირობო დეპრესიას უქადდა მჭვრეტელს. ქალებს ამის უფლება არ ჰქონდათ. ამ დროს ქალებს წართმეული ჰქონდათ ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება დეპრესიის უფლებაც კი. მათზე ხომ არა მარტო თავიანთი სიცოცხლე იყო დამოკიდებული. ალბათ ამიტომ, ისინი თვალს არიდებდნენ საკუთარ რეალურ პრობლემებს და ცხოვრობდნენ მოგონილი ადამიანების მოგონილი პრობლემებით. როგორც ურბანული ლეგენდები გვამცნობენ, მაროს დაესიზმრა, რომ ხუანი მოკვდა. მერე გაიღვიძა და ნახა, რომ სინამდვილეში მის გვერდით მწოლიარე მიხო მომკვდარიყო. მაროს გაეხარდა, რომ სიზმარი არ აუხდა. სახელმწიფოც თითქოს ხარკს უხდიდა მრავალჭირნახულ დიასახლისებს და საგანგებოდ, შვიდ საათზე, მეცხრე ბლოკად წოდებული „დაჭეჭყილი ბატარეიდან“ ენერგიის ბოლო წვეთებს წურავდა, რათა ოჯახებში უკვე თითქმის მათ წევრებად ქცეული გმირები შემოეყვანა. რევოლუცია 10 წლით ადრე რომ არ მოხდა, ამას იმდროინდელი პოლიტიკური ოფიციოზი მხოლოდ ხუანსა და მონიკას უნდა უმადლოდეს – ისინი ძეგლს თუ არა, კეთილი ნების ელჩთა სტატუსს ნამდვილად იმსახურებდნენ. მოკლედ, შვიდი საათი დიასახლისების საუფლო იყო. ღმერთი არ გასწყრომოდა ვინმეს და გადართვა გაებედა – „ამისთ?ს, აჰა, მე განვირთხამ ?ელსა ჩემსა შენ ზედა და მიგცე შენ დასატაცებლად წარმართთა შორის, და მოგსრა შენ ერთგან და წარგწყმედ შენ ერთაგან წარწყმედითა და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი“ (ეზეკიელ 25:7). თუმცა ქმარ-შვილის წინააღმდეგ ჯულს ვინფილდისეული რადიკალური ზომის მიღების აუცილებლობა იშვიათად დგებოდა. იმიტომ არა, რომ კაცებს „სინაგლე“ გვაკლდა. უბრალოდ
– მოდით, გამოვტყდეთ – ხომალდ „სატანას“ უდრეკი კაპიტანი ხუანისა და მოდრეკილი ცელკა მონიკას სვებედი ჩვენც არანაკლებ გვაღელვებდა. მესმის, რომ „კაი ბიჭებს ძველ გრეხებს არ უხსენებენ“, მაგრამ როცა საქმე მოითხოვს, სათქმელი უნდა ითქვას. გამოხდა დრო. ჩვენ გავიზარდეთ. ჩვენზე უფრო გაიზარდა ტელეწარმოების ბიუჯეტი და, შესაბამისად, ხარისხიც. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოლო დეკადის მანძილზე, წელი არ გავა ისე, რომ ვიღაც ავტორიტეტულმა კრიტიკოსმა, რომელიღაც ავტორიტეტულ ჟურნალში რაღაცნაირად პროვოკაციული სტატია არ დაწეროს, თუ როგორ გამოავლო პირში (ჩალა) ტელევიზიამ – კინოს. დებატები მეტწილად დაჯილდოებების სეზონის მოახლოებისას გახურდება ხოლმე. კალმის მეტრების დამოწმება რად მინდა, ტიპობის მეტრზე მოგახსენებთ: ამასწინათ მანქანის იისფერი ნისლით გაჯერებულ სალონში მჭახე ლურჯ-წითელი შემოიჭრა. თვალის კიდით დავინახე, როგორ გვიახლოვდებოდა წესრიგის აგენტი და გვერდით მჯდომ, ჟირაფივით კისერდაგრძელებულ მეტრს გადავხედე – ამ და სხვა მიზეზით გაფითრებულმა. მან მზერა გამისწორა და სტილიაგური ჟანრის კანონის სრული დაცვით ამოთქვა ყველაზე ჩოოლ ფრაზა, რაც კი იმ მომენტში შესაძლებელი იყო, ეთქვა: „Better call Saul“. წარმოგედგინათ 10 წლის წინ როცა სოციალურ კაპიტალის შესაკოწიწებლად, ყიდულობდით „ჟან-ლუკ გოდარის ფილმების რეტროსპექტივის ფრანგულ კატალოგს“ – რომ სერიალის ციტირება, ოდესმე, არა აბსოლუტური გოიმობა, არამედ არტისტული კოკეტობა იქნებოდა? მოკლედ, დრო შეიცვალა. ახლა სერიალების ყურება კი არა, არყურება ტეხავს და აშკარაა,გემოვნების საყოველთაო დაცემის თაობაზე სისივავობის ნაცვლად, ამის მიზეზი ტელეპროდუქციის მხატვრული ღირებულების ამაღლებაში უნდა ვეძიოთ. კინემატოგრაფიულ სიღრმეებში ყვინთვა აუცილებელი არ არის, არგუმენტები ზედაპირზე ტივტივებს. უპირველეს ყოვლისა, ანგარიშგასაწევია გრძელ თხრობაში პერსონაჟის გახსნის შესაძლებლობა, რაც ტელეფორმატს რომანივით მოსდგამს. მაგალითად, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისა თუ მისი მიწისქვეშა ინდუსტრიის რთული თემის გასაშლელად, კინო, კლასიკურად, 90-წუთიან, სამაქტიან სიუჟეტს გვთავაზობს. ჩემი ფავორიტი Breakin Bad-ი კი ორი წლის განმავლობაში გვიხატავდა პერსონაჟის ფსიქოლოგიის ყოველდღიური ტრანსფორმაციის პორტრეტსა და პეიზაჟს. ამ დრამატული ეფექტის 90 წუთში მიღწევა, უბრალოდ, შეუძლებელია. დავურთოთ ამას ვიზუალური საკმაზი, მახვილგონივრული დიალოგები, სულის- შემგუბებელი სასპენსი და ექსპერიმენტების კეთების მეტი თავისუფლება – განსხვავებით კომერციალიზებული კინოსამყაროსგან, რომელიც საკუთარი თავის გამარტივებით მარკეტინგს ხარკს უხდის. ეგ არის. შეგსვამთ. როგორც ზევით ვთქვი, „დიდი ეკრანი vs პატარა ეკრანის“ დავაზე იმდენი იწერება, არა მგონია, რაიმე ახალი და განსაკუთრებული გამოვიჟურო ტვინიდან. ეკრანების დატოლებაზე მეტად, რეალურად დიდი განცდები მაინტერესებს მეც და, ალბათ, თქვენც. გამოგიტყდებით, ნოსტალგიაც კი შემომაწვა, როცა ჩემი ნაცნობ- მეგობრების სრულიად შემთხვევითმა კამპანიამ სერიალებით მიღებული განცდების გარჩევა დაიწყო. გადავწყვიტე, მათთვის მეთხოვა, თქვენც გაერიეთ
მარაქაში. ბრატცი, ადრე ტეხავდა, მაგრამ უკვე მოსული პონტია. ჩამოვიხსნათ ბეჭებიდან მძიმე ჯვარი. გავაკეთოთ, რაც ყოველთვის გვინდოდა, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვუბედავდით. დავსხდეთ და ვისაუბროთ
სერიალებზე იმ სასოწარკვეთილი დიასახლისებივით, რომლებმაც ერთზე მეტჯერ გვაჩუქეს სიცოცხლე საკუ- თარი პირადი ცხოვრების დათმობის სანაცვლოდ. ისინიც ავიყოლიოთ. გაუხარდებათ. მართლა.

XIIdc                   XIIcos

 

XIIwb                XIIcshd

XIIsdbc

 

XIIac XIIbcsj    XIIbvsk

თამარ ბაბუაძე
ჟურნალისტი

ყველაზე მეტად ამიყოლია, ჩამითრია, მაბზრიალა და
დამთავრების მერეც დიდხანს ჩაფიქრებული მატარა
Breaking Bad-მა. ერთი პერსონაჟის ამხელა დიაპაზონი.
ერთი ადამიანის ამხელა გზა და გრძნობები,
რომელიც მის მიმართ ლამის ყოველწუთიერად მეცვლებოდა
– მიყვარდა, მეცოდებოდა, მძულდა, ვგმობდი,
ვგულშემატკივრობდი, მერე სინდისი მქენჯნიდა…
მოკლედ, თავის თანამზრახველად მაქცია, ოღონდ
გაორებულ თანამგზავრად…

ნატალია ავალიანი
მხატვარი, ილუსტრატორი

ალბათ, წარმოდგენაც კი ძნელია, რა შეიძლება იყოს
დამკრძალავი ბიუროს მეპატრონე კონსერვატიული
ოჯახის დრამაზე უფრო უინტერესო. ეს ყველაზე
მახვილგონივრული, ხანდახან სატირული, კომედიური
და, ამასთანავე, გრძნობებით აღსავსე სერიალია. შოუ
ოჯახზე, მეგობრობაზე, მრავალნაირ ურთიერთობასა
და მიცვალებულებზე… „სიკვდილ-სიცოცხლის“ კითხვები
ძალიან ოსტატურადაა დასმული, თვით სიკვდილი
კი რიგითი პერსონაჟია.

Za M Za
კინომცოდნე

კარგი სცენარი – დრამატურგია, სადაც სიუჟეტის
თხრობა საინტერესოდ ხდება. რეჟისურა, რომელიც
ამ სიუჟეტის შესატყვის ფორმას აძლევს ფილმს.
გამოსახულება, რომელიც კარგად აჩვენებს გარემოს,
სადაც მოქმედება ვითარდება და, რა თქმა უნდა,
კარგი სამსახიობო შესრულება. ნამდვილი დეტექტივი
იყო სერიალი, რომელმაც ყველზე მეტად დაუახლოვა
ტელეშოუ კინოს სტანდარტებს

გიორგი ცხადაია
ფილოსოფოსი, ბლოგერი

"ზღვარი" (Fringe) სამეცნიერო ფანტასტიკის და
დეტექტივის ნაზავია. ალბათ, ერთ-ერთი იშვიათი
სერიალია თავის ჟანრში, რომელმაც საკულტო მნიშვნელობა
შეიძინა და კომიქსების თემად იქცა. სერიალის
მომხიბვლელობის მთავარი მიზეზი მაინც ვოლტერ
ბიშოპის პერსონაში უნდა ვეძებოთ. შეუძლებელია ამ
ჰუმანისტური რომანტიზმით არ აღფრთოვანდე.

ლაშა ქავთარაძე
ჟურნალისტი

ერთ-ერთი ყველაზე კარგი პოლიტიკური დრამა, რაც
მინახავს, იყო Political Animals. მთავარი, რატომაც
ეს სერიალი მომწონდა, იყო სიგურნი უივერის
პერსონაჟი – ელენ ბერიში – ყოფილი პირველი ლედი
და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რომელიც საპრეზიდენტო
არჩევნებში დამარცხდა. მთავარი ამ პერსონაჟში
იყო ის, რომ შეიძლება ითქვას, იდეალურად
ემანსიპირებული ქალის ხატს განასახიერებდა და ამ
ყველაფრის ფონზე, რჩებოდა ჩვეულებრივ, პრობლემებით
გადატვირთულ ქალად, რომელსაც ერთი შვილი
კარიერისტი ყავს, მეორე წამალდამოკიდებული გეი,
მოხუცი დედა ბევრ მარიხუანას ეწევა, ყოფილი ქმარი
კი პრობლემების შექმნის მეტს არაფერს უკეთებს.

დავით გაბუნია
დრამატურგი

„ბანქოს სახლი“ – თუ ვიტყვი, რომ ამ სერიალს შესანიშნავი
ვიზუალური ხარისხის გამო ვუყურებ, მის
ღირსებას ამით მხოლოდ დავამცირებ. ეს არის ბრწყინვალე
სამსახიობო ანსამბლი: რობინ რაითი ამტკიცებს,
რომ უმაღლესი კლასის მსახიობია, ქევინ
სპეისის კი ამის ხელახლა დამტკიცება არ სჭირდება.
სხვა სერიალებისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი
უტრირებულია, ვნებებიც, ინტრიგებიც, დიალოგებიც
და ვიზუალიც. ყველაფერი მანიაკალურად პერფექციონისტულია.
და რაც მთავარია, შემქმნელებს
არცთუ ცუდად გამოუვიდათ, თანამედროვე სამყაროში
"მაკბეტის" გადმოტანა. ნუ ელოდებით ამ სერიალისგან
ნურაფერ ბუნებრივს, აქ ყველაფერი შექსპირულად
გამძაფრებული და დრამატულია.

მაშო სამადაშვილი
ჟურნალისტი

”საყვარლების“ (The Affair) ყურება მეგობრების
რჩევით დავიწყე. ეს ერთადერთი სერიალია, რომლის
ყურებისასაც მგონია, რომ ძალიან კარგ რომანს
ვკითხულობ. სცენარის უჩვეულო ფორმა (ერთსა და
იმავე ამბავს ქალი და მამაკაცი ჰყვებიან) ჩემთვის
ძალიან მიმზიდველია და თემა საინტერესოა იმდენად,
რამდენადაც შემიძლია მამაკაცის თვალით დავინახო
და აღვიქვა მოვლენები.

საბა ლეკვეიშვილი
ადამიანი chiti (.ge)

საყვარელი სერიალი: Game of Thrones
მიზეზი: დარღვეულია ტრადიციული ფენტეზის ფაბულა.
აქ “კეთილმა სძლია ბოროტს”-პრინციპი არ
მუშაობს – სიუჟეტის განვითარება არის რეალისტური
და არც ერთი პერსონაჟი არ არის უსაფრთხოდ,
მხოლოდ იმის გამო, რომ პუბლიკას უყვარს და რეიტინგის
გამო შეიძლება ის გამოუვალი მდგომარეობიდან
გამოაძვრინონ.