თავისუფლება მარიხუანას

XIIcs

თავისუფლება მარიხუანას

მარიხუანა დაახლოებით 25 წლის წინ გავსინჯე და იმის მერე, ერთხელაც არ მომსვლია აზრად, რომ ჩვენი ურთიერთობა დამთავრებულიყო. ახალგაზრდობაში ჩემი მთავარი გართობა კითხვა, ფეხბურთის თამაში და მოსაწევი იყო. მგონი, ნარდის თამაშზე, ონანიზმზე და სმაზე უკეთესი ვარიანტია. თუმცა ვის რა უყვარს და ვის – რა. მაგრამ ნახეთ – მთელი ეს 25 წელიწადია, ქართული სახელმწიფო მებრძვის იმის გამო, რომ მე ჭაჭით სკდომას და ვაზელინისებრი სადღეგრძელოების ლაპარაკს, მოწევა და, თუნდაც, ფილმის ყურება, ან მუსიკის მოსმენა, სექსი, მეგობრებთან ერთად ყოფნა მირჩევნია. არადა, ჭაჭა მარიხუანაზე ბევრად მავნებელია და დაპატენტებული სადღეგრძელოების გაცვლა-გამოცვლაზე დიდი დამაბრკოლებელი ადამიანის განვითარებისთვის რა უნდა იყოს, მაგასაც ვერ გეტყვით. ანუ რა გამოდის? სახელმწიფო ებრძვის თავისუფლებას, რომელსაც მოაქვს პროგრესი, სუფრა კი ეროვნულ საგანძურად რჩება. დღეს მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა – მეცნიერების, პოლიტიკოსების და მედიკოსების საერთო აზრით, მარიხუანასთან ბრძოლა არათუ უშედეგოა, არამედ არც არის საჭირო, იმიტომ, რომ მისი ზომიერად მოხმარება ადამიანს არ ვნებს. პირიქით, სამედიცინო თვალსაზრისით, ის სასარგებლოცაა. შედეგად, დედამიწის ბევრ წერტილში მარიხუანა უკვე ან ლეგალურია, ან დეკრიმინალიზებული, ანაც – სამედიცინო ამბავში ლეგალური.გარდა ამისა, უკვე მრავალი სახელმწიფო მიხვდა, რომ ნარკობიზნესთან ბრძოლას, ამაზე უზარმაზარი თანხების თუ ადამიანური რესურსის ხარჯვას, ჯობს თვითონ აკონტროლოს ეს ძალიან მომგებიანი ბიზნესი დათავადვე გამდიდრდეს, ანუ გამდიდრდეს სახელმწიფო და არა ბანდიტების ჯგუფი. ავიღოთ თუნდაც ნიდერლანდების მაგალითი – იქ ამ ბიზნესიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად შედის რამდენიმე მილიარდი ევრო, რომლის დიდ ნაწილს ქვეყანა განათლების სფეროს ახმარს. შედეგად, ჰოლანდია იღებს ბევრ მაღალი დონის სპეციალისტს, რომელიც თავის ცოდნას ისევ და ისევ საკუთარ სახელმწიფოს უბრუნებს. ეს არის ჯაჭვი, რომლის თითოეული რგოლი ძალიან ძლიერია და რაც დრო გადის, სულ უფრო ძლიერდება. და რა ხდება ამ დროს საქართველოში, ქვეყანაში, რომელსაც აქვს გადასარევი ტურისტული პოტენციალი და მიწა, რომელზეც ბუნებრივად შეიძლება უმაღლესი ხარისხის მარიხუანის კულტივირება? რა ხდება და:
1 – არ იშოვება მარიხუანა; 2 – ეწვიან ბიო-მოსაწევს, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე; 3 – ადამიანებს ქუჩებში აჩერებენ და მოსაშარდად მიყავთ, რაც მათი უფლებების დარღვევა და შეურაცხყოფაა და ასეთი რამ არსად არ ხდება; 4 – ადამიანებს მოწევისთვის იჭერენ და ციხეებში ალპობენ კრიმინალებთან ერთად; 5 – ადამიანები, რომელთა ბუნებრივი მოთხოვნილებაა მოდუნება, დასვენება, იღებენ ალკოჰოლს და მერე ძალადობენ; 6 – სამართალდამცავების დრო და ენერგია უდანაშაულო ადამიანების დევნას მიაქვს და ეს დრო და ენერგია ნამდვილი დამნაშავეების გამოვლენას აკლდება; 7- სამართალდამცავები მარიხუანას და სხვა ნარკოტიკებს არაკანონიერად იყენებენ მოქალაქეთა დასაპატიმრებლად და სამართავად… ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. არადა, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, საქართველოში მსუბუქი ნარკოტიკები რომ ჯერ დეკრიმინალიზებული, მერე კი ლეგალური გახდეს: 1 – აღარ დაირღვევა ადამიანის უფლებები კონკრეტული მიმართულებით; 2 – სამართალდამცავები უფრო სერიოზულ საქმეებს მიხედავენ და რეალური კრიმინალი დაიკლებს; 3 -ხალხი მარიხუანის მოყვანას და კოფიშოპების გახსნას დაიწყებს, ანუ დასაქმდება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა ნაშრომიდან ბიუჯეტში შევა მილიონობით ლარი, რაც ხელს შეუწობდა ვალუტის გამყარებას და მოხმარდებოდა კონკრეტულ საქმეს – განათლებას, პენსიების ზრდას, თავდაცვას და ასე შემდეგ; 4 – მოისპობა ბიო და შემცირდება მძიმე ნარკოტიკების ბრუნვა; 5 – საქართველოში ტურისტები ჩამოვლენ არა მარტო ახლომდებარე ქვეყნებიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან; 6 – შემცირდება ყანწების ბზრიალი და ალკოჰოლიკების რიცხვი; 7 – ხალხი დამშვიდდება… აქაც შეგვიძლია დიდი სიის გაკეთება. ჩემს გადაცემაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო სტუმრად და თითქმის ყველას ვკითხე, მიაჩნიათ თუ არა ნორმალურად ადამიანების დაპატიმრება მარიხუანის მოწევისთვის. არ მახსოვს, ვინმეს ეთქვა – კი. ერთადერთი, ვინც ამას ამბობდა და ამბობს, ქვეყნის ყოფილი თუ მოქმედი მმართველები არიან. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხალხს არ უსმენს, არ იზიარებს მის აზრს და ემხრობა ძალადობას, განვითარებაზე უარის თქმას. ასე იყო და არის, მაგრამ ასე აღარ უნდა იყოს და ეს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავაკეთოთ. როგორ? როგორ და აღარ ავირჩიოთ ისინი, ვინც არ გვისმენს და არ ვაინტერესებთ ?:) 

XIIclshXIIcsj

ილუსტრაცია : მუსია ქებურია

XIInvkd