სამი საბჭოთა დროინდელი სიმღერა, რომელებიც, თავს დავდებ, ნარკოტიკებზეა

XIIcbs

ილუსტრაცია : მუსია ქებურია

თუ ღრმად ჩავიხედავთ, ფანტაზიას მოვიშველიებთ და საკუთარი თავის გამასხრებას არ მოვერიდებით, აღმოვაჩენთ, რომ საბჭოთა დროს დაწერილი, ერთი შეხედვით უწყინარი სიმღერები, სინამდვილეში შეფარულად ნარკოტიკების საფრთხეზე მიგვითითებდნენ. აი, ეს სიმღერები:

1. ვალერიან ძაგნიძე და შალვა ჩხიკვაძე. “მაგ შენი ბაღის ყაყაჩო”
რაზეა ეს სიმღერა ერთი შეხედვით: რა თქმა უნდა, სიყვარულზე. როგორც ჩანს, ავტორმა ქალი გაიცნო, რომელთანაც ბაღის მცველად დაიწყო მუშაობა. ჰოდა, ქალიც უყვარს და მისი ყვავილებიც. შეიძლება ყვავილები მეტაფორულად გავიგოთ. ამ შემთხვევაში, გარყვნილი გონების ადამიანს გაუჩნდება შეკითხვები
რისი მეტაფორაა "ყაყაჩო მაგ შენი ბაღის, გიშრისწამწამა ყაყაჩო"? მოკლედ, მთლად გასაგები არაა, რა ხდება, მაგრამ ის კი ჩანს, რომ სიყვარულზეა ლაპარაკი, გინდ რომანტიკული ყაყაჩოებით და გინდ ეროტიკული "ყაყაჩოებით". მოიცა, აბა ნარკოტიკი აქ სად ჩანს? ეს სიმღერა, კიდევ ერთხელ, არის კაცზე, რომელსაც ყაყაჩომ გაუღიმა და მას შემდეგ ის კაცი ბაღში ცხოვრობს, სადაც ყვავილებს დარაჯობს. დღისითაც იქ არის, ღამითაც და, როგორც ჩანს, სხვა ინტერესი ცხოვრებაში აღარ აქვს. შემთხვევით აირჩია ავტორმა ყაყაჩო? არ შეეძლო "და მერე შენმა ღიღილომ" ან "და მერე შენმა მიხაკმა" ემღერა? ცხადია, რომ ეს, ერთი შეხედვით მხიარული სიმღერა, სინამდვილეში ჰეროინზეა (ან, რომელიმე სხვა ოპიატზე). ავტორი წამლის ტყვეობაშია და ჯერ ეს თავადაც ვერ გაუცნობიერებია – უხარია, რომ დღედაღამ ყაყაჩოს უღიმის და ბაღის დატოვებას, ალბათ, ვეღარც ვეღარასოდეს მოახერხებს.

2. მერაბ სეფაშვილი. “თეთრი რაში”
რაზეა ეს სიმღერა ერთი შეხედვით: მოდი, ჯერ ვთქვათ, რომ ეს დიახაც ძალიან უცნაური სიმღერაა. 6-წუთიანი ოპუსი, რომელსაც ტრადიციული მისამღერი მაინცდამაინც არ აქვს და სადაც ავტორი მღერის სუიციდურ გედებზე, თეთრ სერაფიტაზე, თამადაზე, რომელსაც საყვარელი ფიალა აქვს, საქართველოზე, რომელიც უსასრულო ფიქრია და რომელიც იმწუთას ჯვარზე გაგაკრავს… სავარაუდოდ, სიმღერა ან ქალის სიყვარულზეა ან სამშობლოსაზე. კიდევ უფრო სავარაუდოდ კი, ეს ერთგვარ მისტიკურ გრძნობაზეა, რომელსაც ავტორი განიცდის სუფრაზე, როდესაც აღტკინებული უსმენს თამადის სხვადასხვა სადღეგრ- ძელოს და სამშობლოს სიყვარულით იმსჭვალება.მოიცა, აბა ნარკოტიკი სად ჩანს? მოდი, კიდევ ერთხელ აღვწეროთ სიტუაცია. მომღერალი ზის სუფრასთან და ხედავს, რომ ჯამში ღვინო აალდა. ფიქრობს, რომ მდინარეა და მეტეხთან მტკვარს უნდა შეუერთდეს. ტატოს მერანთან ძმაკაცობს. აბა, რა უნდა იფიქრო, გარდა იმისა, რომ მას ელესდეს უზარმაზარი დოზა აქვს მიღებული და ჭკუაზე აღარ არის? ასე ყველაფერი უფრო გასაგები გახდება – ისიც, თუ საით მიქრის თეთრი რაში და ისიც, თუ რატომ ფიქრობს ავტორი, რომ ასაკით საქართველოს ხნისაა. მსმენელს კი შეფარულ გაფრთხილებას უტოვებს – "ვინც დალია ისევ იმან დალიოს". ანუ – სდექ! არ დალიო ელესდე, თუ უკვე არ დაგილევია და მზად არ ხარ, რომ ეს მძიმე და მსუბუქი ტვირთი ზიდო!

3. “თეთრი რელსები”
რაზეა ეს სიმღერა ერთი შეხედვით: როგორ თუ რაზე? ცხადია, იმ გრძნობაზე, რომელიც გიჩნდება, როდესაც ბაკურიანს უკან იტოვებ; მოგონებებზე, რომლებიც თოვლში გრიალის შედეგად დაგრჩა; კუკუშკაზე, რომელიც ცოტა ხანში თბილისში ჩაგვიყვანს. რად უნდა ახლა ამას ბევრი ლაი-ლაი. და მეგობრებს მოვიგონებთ შინ! მარტივი, მხიარული სიმღერაა და ნარკოტიკი აქ ნამდვილად არსად უნდა ჩანდეს. ასეა? რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ თუ ძალიან მოინდომებ და დასკვნას ყურით მოათრევ, ეს უწყინარი სიმღერაც უცებ ნაკლება უწყინარი გახდება. მოიცა, აბა ნარკოტიკი სად ჩანს? რას ეძახიან რუსები მოფერებით კოკაინს? სწორია, კოკოშას! ყოველ შემთხვევაში, ასე გვასწავლის სოროკინის "ოპრიჩნიკის დღე". კოკოშადან კუკუშკამდე კიდევ სულ ერთი ნაბიჯია. ეს ერთი. მეორე: რას ნიშნავს თეთრი რელსები? თოვლით დაფარულ ლიანდაგს თუ კოკაინის ხაზებს? მესამე: წარმოიდგინეთ გაი რიჩის რომ საქართველოში ფილმი გადაეღო და იმ ფილმში ერთ სცენაში ვიღაცეები კოკაინს ყნოსავდნენ და ეს სიმღერა ედოს ფონად. ხომ მოუხდებოდა? ნამდვილად მოუხდებოდა. აქედან დასკვნა – ეს სიმღერა კოკაინზეა. შეფარული გაფრთხილება კი ფრაზაა თხილამურებზე, რომლებსაც თოვლში ვერ მივყავდით წინ; ანუ, არაო, ეს გზა წინ ვერ წაგიყვანთო. (თუ ფიქრობთ, რომ ამის ავტორი თავად მოიხმარდა ნარკოტიკებს, როდესაც სტატიას წერდა, ძალიანაც ცდებით. ავტორი სრულიად ლეგალურ ჯინს მიეძალა და შემდეგ სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდა, სადაც ქარ- თული რადიო იყო ჩართული. გზის ბოლოს ავტორმა ცხარე ცრემლით იტირა, როდესაც დინამიკებში "ფანჯარაში მტრედია“ გაისმა. შეეცოდა უკანასკნელი მეფაიტონე, რომელიც ქუჩაში ფეხით დადიოდა).