ტექსტი / ფოტო: ნათია ბუკია
ბრიუს ნაუმანი – American Violence
ვენეციის ბიენალეზე წელს პირველად ვიყავი. რამდენად აღფრთოვანებული ვარ, ამაზე არ დავწერ. ძალიან პირადულია და არც საინტერესო. უფრო მეტად მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი 56-ე ბიენალეს მთავარი გამოფენის
– All the World's Futures შესახებ – ჩემი, როგორც არა ხელოვნებათმცოდნის, მაგრამ არც დილეტანტის, აზრი. ეს არ იქნება იმ ადამიანის მოსაზრება, ვინც ოკვუი ენვეზორის (გამოფენის კურატორი) ნამუშევრებს მანამდე იცნობდა და მისი კარიერის და ხედვის განვითარება შეფასებას მიყოფს ხელს, არამედ იმ ადამიანის პოზიცია, რომელსაც ძალიან უყვარს თანამედროვე ხელოვნება, ცდილობს იცნობდეს მას; ვისაც კარგად ესმის სამყაროსთვის ხელოვნების მნიშვნელობა და ძალა, რომ ადამიანებს დაანახოს მსოფლიო პრობლემები – ის, რაც კაცობრიობას აწუხებს და თავისუფლად სუნთქვაში ხელს უშლის.
კარო აკპოკიერე – Zwischen Lagos und Berlin
დავიწყებ თავიდან. თუ ჩემსავით, პირველად მოხვდებით ბიენალეზე, გაიგებთ, რომ ბიენალეს ორი მთავარი ნაწილი აქვს: ქვეყნების პავილიონები და კურატორული გამოფენა. ამ წლის გამოფენის კურატორია ოკვუი ენვეზორი, რომელმაც გამოფენას ასე დაარქვა: All the World's Futures. ქვეყნის პავილიონებს აქ არ შევეხები. მოკლედ წერა არ შემიძლია და გრძლად აღარ დამეტევა, იმდენად ბევრი რამ მომეწონა. აქ იმაზე დავწერ, რის შესახებაც ხმამაღლა მინდა ლაპარაკი: როგორი გამოფენა იყო All the World's Futures და რამდენად ადეკვატური იყო ვენეციის ბიენალესთვის.
დასკვნით დავიწყებ. ძალიან მომეწონა ბიენალეს კურატორული სექცია All the World's Futures და ვთვლი, რომ ენვეზორმა ძალიან ძლიერი და გაბედული ნამუშევარი წარადგინა. ძლიერი იმიტომ, რომ კურატორმა მოახერხა, გამოფენაში გაეერთიანებინა უძლიერესი არტისტები, როგორებიცაა, მაგალითად (ჩემს ფავორიტებს ვთვლი მხოლოდ), კრისტიან ბოლტანსკი, ისა გენსკენი, ოსკარ მურილო, ბრიუს ნაუმანი, ადრიან პაიპერი და ა.შ. მაგრამ ასევე აშკარაა, რომ მონაწილეთა შერჩევისას, მისთვის ხელოვნების ნიმუშის შინაარსმა და კონცეფციამ ყველაზედიდი როლი ითამაშა; გაბედული კი იმიტომ, რომ გამოფენაში მთლიანად უგულებელყოფილია ხელოვნების ინდუსტრიის ის ტრენდები, რაც თანამედროვე ხელოვნებას „გაყიდვადს” ხდის. ამის გამო, ჩემდა გასაკვირად, ბევრმა ენვეზორი გაკიცხა, მათ შორის ართნეთის ბენჟამინ გენოკიომ. ამ დროს პირიქით, ყველა აღფრთოვანებული უნდა იყოს იმით, რომ დღეს ვენეციაში, სადაც მთელი მსოფლიოს რეალური თუ ფსევდო „ხელოვნების მოყვარულები” იკრიბებიან, ვისაც ყველაზე ლამაზის, ცნობილის და ტრენდულის ნახვა უნდათ. გამოფენაზე წარმოდგენილია მთელი მსოფლიოს გლობალური, რეგიონული თუ პირადი პრობლემები. განსაკუთრებით ჭარბობს ქალთა და მუშათა კლასის უფლებები, რასიზმი, მიგრაციის პრობლემები. მიგრაციის პრობლემა რომ სწორედ იტალიაში არის ასე მკაფიოდ წინ წამოწეული, კიდევ უფრო ამძაფრებს მის აღქმას.
ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ნიგერიელი არტისტის, კარო აკპოკიერეს Zwischen Lagos und Berlin – ცოტა ცინიკური, მაგრამ ძალიან გულწრფელი წერილი ევროპიდან აფრიკას. გამოფენის იმ ნაწილის შესასვლელში, რომელიც არსენალეზეა, პირდაპირ ეჯახები ბრიუს ნაუმანის 80-იანი წლების ნამუშევარს American Violence, რომელიც დღემდე აქტუალურია. შვედი არტისტის, პეტრა ბაუერის ნამუშევარი A Morning Breeze სამუშაო გარემოში ქალთა უფლებებს ეხება. ეს თემა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ თამამად ვუსწორებდი თვალს ქალთა უფლებების უგულვებელყოფის ამდენ თვალსაჩინო მაგალითს. განსაკუთრებით ქალისთვისაა სულისშემხუთველი ლილი რეინო დიუარის ნამუშევარი My Epidemic (Small Bad Blood Opera), რომელიც აერთიანებს როგორც რასის (ქალების) პრობლემებს, ისე არტისტის ინდივიდუალურ განცდებს. ძალიან საინტერესოა ოსკარ მურილოს პროექტი Frequences (an archive yet possibilities) 2013-ongoing. სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში, არტისტი სუფთა ტილოებს აკრავს მერხებზე და იმის საშუალებას იძლევა, რომ დაინახო, რამდენად განსხვავებულ თემებზე ხატავენ სხვადასხვა ქვეყნის, კულტურის და ისტორიის მქონე ბავშვები. დიდი სიამაყით მინდა აქვე განვაცხადო, რომ Project ArtBeat უკვე დაუკავშირდა პროექტის კურატორს და Frequences საქართველოშიც ჩამოვა, რომლის შედეგსაც მაქსიმუმ ერთ წელიწადში ვნახავთ! ადრიან პაიპერის The probable Trust Registry: The Rules of the Game #1-3, 2013 გულწრფელობის და სიტყვის შენახვის პრობლემას ეხება და მნახველს იმის საშუალებას აძლევს, რომ საკუთარ თავთან გულწრფელობა გამოცადოს. მე, პირადად, ჩემს თავს აღვუთქვი, რომ არასდროს გავიყიდები (ეს ყოველგვარი იუმორის გარეშე)! სიღრმისეულად შემძრა ჩარლზ გეინსის 2015 წლის ნამუშევარმა Sound text #2: Steal Away. მე, როგორც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ პოლიტიზებულ ქართველს, რომელსაც ამგვარი მდგომარეობა თავის მინიმალურ პასუხისმგებლობად მიაჩნია, მიხარია, როდესაც ჰანს ჰააკეს Invisible Poll, 2015-ში ვხედავ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 81% რუსეთის საგარეო პოლიტიკას არ ეთანხმება! აღშფოთებული ვარ, როდესაც ჯერემი დელერის 2013 წლის ნამუშევრიდან Motorola WT4000 ვარკვევ, რომ ისეთი თანამედროვე კომპანია, როგორიც „ამაზონია“, თავისი თანამშრომლების პროდუქტიულობას ყოველწამიერად, ხელზე გასაკეთებელი აპარატების საშუალებით აფასებს… სიამაყით ვივსები, რომ ქართველი არტისტი, თეა ჯორჯაძე, ამ გამოფენის მონაწილეა და მისი ინსტალაცია A Glass of Anger, 2015 ერთ-ერთი საუკეთესოა (ობიექტურად, პატრიოტული სუბიექტურობის გარეშე). ეს ყველაფერი ხდება მარქსის „კაპიტალის” გაუჩერებელი კითხვის ფონზე და გასაკვირია, რომ ვიღაცეებს მარქსის „კაპიტალი” დღეს, ზოგადად, არარელევანტურად მიაჩნიათ.
ლილი რეინო – My Epidemic (Small Bad Blood Opera)
დიახ, ეს არის ძალიან პოლიტიკური ბიენალე, მაგრამ რაც მთავარია – ძალიან შთამბეჭდავია; ისეთი, რომ ღირებულებებს გადაგაფასებინებს, მით უმეტეს დანარჩენი ბიენალეს ცხოვრების ფონზე, რომელიც „გლამურული” საღამოების, კერძო კოქტეილების და მდიდრული ვახშმების თანხლებით მიმდინარეობს. თავიდან უცბად, შუა გამოფენიდან გიჟივით გამოვვარდი. ჩავთვალე, რომ ასე, ენვეზორის მიერ ერთ სივრცეში თავმოყრილი ზედმეტად ბევრი ნამუშევრის გამო მოვიქეცი. მერე მივხვდი, რომ მიზეზი სწორედ თემების და პრობლემების სიმძიმე იყო და გამიხარდა. მიხარია, რომ ინდუსტრიის ტრენდებმა, ამ სფეროს მიმართ ასეთმა ინტერესმა და მასში კოლოსალური თანხების კონცენტრაციამ მაინც ვერსად გააქრო რეალური ინსპირაციის წყაროები, რადგან სწორედ ხელოვნებას აქვს იმის უნარი, დაინახოს რეალური პრობლემა და სხვასაც დაანახოს ის. რაც მთავარია, მას აქვს უნარი, რომ რაღაც შეცვალოს.
2015 წლის ვენეციის ბიენალეზე რეალობას ვერავინ გაექცევა და სწორედ იმიტომ ვარ აღფრთოვანებული იმით, რაც ენვეზორმა, ბიენალეს პირველმა აფრიკელმა
კურატორმა გააკეთა, რომ მთელი მსოფლიოს ზედა ფენას, ეგრეთ წოდებულ მდიდართა კლასს, უწევს თავისი „ლამაზი გარემოდან” გამოსვლა და ამ ყველაფრის ნახვა. დიახ, არ არის ეს ბიენალე ლამაზი, მაგრამ სწორედ პრობლემების წინ წამოწევის გამოა მნიშვნელოვანი. ის იმდენად „ულამაზოა”, რომ ერთ-ერთ ვახშამზე, ულამაზესი და უმდიდრესი ვენეციის ფონზე, შთაბეჭდილებების გაცვლისას, ჩუმად, მაგრამ მაინც ჩივის იმ მაღალი წრისწარმომადგენელი ჩემი ერთ-ერთი ნაცნობი, რომ ზედმეტად „უშნო” და პრობლემებით სავსე იყო გამოფენა და ამის გამო ცოტა დამძიმებულად გრძნობს თავს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაში 136 არტისტი მონაწილეობს 53 ქვეყნიდან, მათგან 89 პირველად არის ბიენალეზე. გამოფენა სწორედ იმ ფუნქციას ასრულებს, რომელსაც უნდა ასრულებდეს – საზღვრებს ხსნის, მაგრამ ინდივიდუალიზმს და გამოხატვის უფლებას ყველა არტისტს უნარჩუნებს. აქ კარგად ჩანს, როგორ აერ- თიანებს მსოფლიოს რადიკალურად განსხვავებულ ხალხს საერთო პრობლემები.
ზოგი ენვეზორს მიზნების გულწრფელობას უწუნებს და მის ამ შემართებას „ფსევდოს“ უწოდებს. ამ ხალხის აზრით, ენვეზორი მარტივ ხერხს იყენებს, ბანალური თემებით მანიპულირებს იმისთვის, რომ იქ იყოს, სადაც ახლა არის. ზოგსაც ენვეზორის კარიერული განვითარება არ მოსწონს და თვლის, რომ არ შეიძლება 2015 წლის ბიენალეზე იგივე თემები ფიგურირებდეს, რაც 2002 წლის დოკუმენტაზე იყო. თუმცა რას იზამ, თუ მსოფლიო პრობლემები იგივე რჩება… მე, პირადად, არც ენვეზორის გულწრფელობა მიმაჩნია მნიშვნელოვნად და არც მისი კარიერული განვითარება. ეს ყველაფერი პირადად კურატორს ეხება. რაც მთავარია, არც პესიმისტი ვარ, არც სოციალისტი და არც ის მგონია, რომ მსოფლიო უფსკრულისკენ მიექანება, თუმცა ჩემთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეალური პრობლემების დანახვა, რომლებიც ჩვენს გარშემო ასე თვალნათელია და დაუსრულებელი მიზეზების გამო, შეუმჩნეველი გვრჩება. ამიტომაც მაინტერესებს მარტო გამოფენის შედეგი და ბიენალეს გავლენა თანამედროვე ხელოვნებაზე, ზოგადად მსოფლიოზე და, ძალიან მარტივად, თუნდაც ჩემზე. ფაქტი ერთია: რომ All the World's Futures ს ძალიან კარგი გამოფენაა, რომელიც გარდა იმისა, რომ მნახველს უმაღლესი ხარისხის თანამედროვე ხელოვნების დათვალიერების საშუალებას აძლევს, ასევე აჩვენებს ღირებულ ხელოვნებას, – იმ ხელოვნებას, რომელიც საკაცობრიო და ინდივიდუალურ პრობლემებს ეხება და რეალურად, იმას წარმოაჩენს, თუ რა არის დღეს საერთოდ ხელოვნების შექმნის მიზეზი.
თეა ჯორჯაძე – A Glass Of Anger