ფუნდუკი

ფოტო: გიორგი დადიანი 

funduki_1 

 table_3   table_4

table_2

 XII_issue2u  XII_issue2i

bag       XII_issue2p

funduki_3

არქიტექტურისა და დიზაინის კომპანია „ფუნდუკი“ არქიტექტორმა სანდრო წივწივაძემ და დიზაინერმა მარიკა ჭახრაკიამ 2012 წელს დააარსეს. თავდაპირველად კომპანია არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის პროექტებს ახორციელებდა, 2015 წლიდან კი „ფუნდუკმა“ ავეჯისა და აქსესუარების წარმოება, აგრეთვე დამოუკიდებელ დიზაინერებთან თანამშრომლობა დაიწყო.

თქვენი პროდუქტის უმეტესობა ხისგან არის დამზადებული, გამოირჩევა სიმსუბუქითა და პორტატულობით, აგრეთვე ყველა მათგანს მოყვება ნაჭრის ჩანთა. რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია დღეს პროდუქტის დიზაინის ეკო-მეგობრული კონცეფციით დამზადება?

ჩვენთვის აქტუალურია ეკოლოგია და გვინდოდა, ეს თემა ავეჯისა და აქსესუარების ხაზშიც შეგვეტანა. „ფუნდუკის“ ავეჯის კოლექცია დამზადებულია ხისა და ფანერისგან და ეკოლოგიურად სუფთა საფარითაა დამუშავებული. ჩვენი პროდუქტი მართლაც მჩატეა და მარტივად დასაშლელი და ასაწყობი კონსტრუქციაა, ყოველგვარი ლურსმნისა და წებოს გარეშე. დღევანდელი საცხოვრებლები, ძირითადად, მცირე ზომის სივრცეებია. ასეთი სივრცეებისთვის (და არამარტო) ჩვენი პორტატული ავეჯი ძალიან მოხერხებული და, რაც მთავარია, კომფორტულია. 

დიზაინერ თინა შაბურიშვილის მცენარეების ქოთნები და თქვენი საყვავილე – რას გვეტყვით ამ კოლაბორაციის შესახებ და აპირებთ თუ არა სამომავლოდ სხვა დიზაინერებთან თანამშრომლობას?

ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე ჩვენს მეგობარ დიზაინერთან, რომელთა ნამუშევრებიც „ფუნდუკის“ კონცეფციას ესადაგება. თინა შაბურიშვილთან ერთად შევქმენით საქოთნე – Green Tbilisi, რომელიც ერთგვარი პასუხია თბილისის დღევანდელ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე – ვგულისხმობ მწვანე საფარის განადგურებას. ეს არის ყუთი-საქოთნე თბილისის ნაგებობების კონტურით, სადაც თინას ქოთნებია ჩალაგებული. აგრეთვე ვთანამშრომლობთ „Friends Toy Factory “-სთან, რომელიც ხისგან სათამაშო კონსტრუქტორებს ქმნის. ჩვენ ერთად შევქმენით ჩიტის სახლები. ეს არის დაშლილ მდგომარეობაში შეფუთული, მარტივად ასაწყობი კონსტრუქცია. ჩიტის სახლის აწყობა ბავშვს თავად შეუძლია აივანზე, ეზოში, ტყეში და სხვა ადგილებში. ვფიქრობთ,ეს კონსტრუქცია ბავშვებს მეტი მზრუნველობის შეგრძნებას გაუჩენს. სამომავლოდ „Friends Toy factory“-სთან ბავშვის ხაზის განვითარებას ვაპირებთ. თინასა და „Friends Toy Factory“-ს გარდა, დიზაინერ Kosh Ka- სთან ვთანამშრომლობთ, რომელმაც ჩვენთვის თავისი ხელით დაამზადა სამკაულები. „ფუნდუკი“ ღიაა სხვა დიზაინერებთან თანამშრომლობისთვისაც, რომლებიც, რასაკვირველია, იზიარებენ ჩვენს კონცეფციას.

 ნაჭრის ჩანთები – რა მნიშვნელობას ანიჭებთ პროდუქტის შეფუთვას?

ჩვენს ნაჭრის ჩანთებს სასიამოვნო ვიზუალის გარდა, ფუნქციური დატვირთვაც აქვთ. ვინაიდან ჩვენი ავეჯის წაღება მარტივად არის შესაძლებელი – იქნება ეს აგარაკზე, პიკნიკზე თუ სხვა ადგილას, – ნაჭრის ჩანთები დამატებით კომფორტს წარმოადგენენ გადაადგილებისთვის. 

თქვენი წარმოება ქართულია. რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება და გეგმავთ თუ არა სამომავლოდ პროდუქტის საზღვარგარეთ გატანას?

ჩვენთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, ყოველთვის სასიხარულოა ბაზარზე ხარისხიანი ქართული პროდუქტის გამოჩენა და შეძენისას ყოველთვის აქ წარმოებულ პროდუქციას ვანიჭებთ უპირატესობას. აქედან გამომდინარე, გვეამაყება, რომ ვქმნით ადგილობრივ პროდუქციას, ვთანამშრომლობთ ქართველ დიზაინერებთან და ვასაქმებთ აქაურ საწარმოებს. ჩვენი უპირველესი მიზანია, „ფუნდუკის“ პროდუქტმა საქართველოში დაიმკვიდროს ადგილი, ხოლო სამომავლოდ, საზღვარგარეთ გამოფენებში მონაწილეობის მიღებაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება.

XII_issue2s  funduki_2

funduki_4   

 XII_issue2g

სამომავლო გეგმები…

ვაპირებთ საკუთარი საწარმოს გაკეთებას და მომხმარებლისთვის ავეჯისა და აქსესუარების უფრო მრავალფეროვანი, კომფორტული, თანამედროვე და ეკო-მეგობრული კოლექციის შეთავაზებას. აგრეთვე გვსურს, ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.