Anna K.E. …

XII_issue2444

“დაუმთავრებელი ღიმილი”. ინსტალაცია. 2015 წელი.

კაფელი

კაფელი, სიმბოლურად, ძალიან ადრე „დავინახე”, მისი ფიზიკური ინტეგრაცია ჩემს შემოქმედებაში კი ცოტა მოგვიანებით მოხდა -15 წლის ასაკში, როდესაც შტუტგარტის აკადემიის სტუდენტი გავხდი. ქვეცნობიერად, უკვე თურქული აბანოს ნახვისას ვიგრძენი ის უცნაური მაგნეტიზმი, რაც ამ სტრუქტურას ახასიათებს. კაფელი,
ოთახის ჩაკეტილ სივრცეში, სრული ანონიმურობის სიწმინდეს და სივრცის გამჭვირვალებას ამკვიდრებს და გარკვეული კათარზისული განცდის აღმძვრელია. კლუბებში, რესტორნებში, გამოფენების გახსნებზე, ყველგან, ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ხალხი ირევა და ეგზალტირებულია, საპირფარეშო (თუ ის კაფელით არის მოპირკეთებული), ამ კათარზისის გრძნობას გვიჩენს თავისი სტატიურად სრულყოფილი, უსასრულოდ
განმეორებადი სტრუქტურითა და იდუმალებით, სრულფასოვანად იდეალური განმეორებადობის დამკვიდრებით. ასე რომ, ამ უსასრულობის ფრაგმენტთან ზიარებისთვის და ამით სიმშვიდის აღსადგენად, რაიმე სხვა მიზეზის გარეშე, საპირფარეშოში ხშირად გავსულვარ საზოგადოებრივ ადგილებში. ერთი კია, დასავლური საპირფარეშოები ჩვენს საზოგადოებრივ საპირფარეშოებს არანაირად არ ჰგავდა, როგორც მახსოვს წარსულიდან. ალბათ 17 წლის ვიყავი, პირველად რომ გავაცნობიერე ეს ყველაფერი და კაფელის ობიექტების პირველი ჩემი ჩანახატებიც იმ დროს გავაკეთე. ერთი წლის შემდეგ, აკადემიაში, უკვე ფიზიკურად ავაშენე კაფელის ობიექტი. განმსაზღვრელი ფორმა ძალიან უბრალო და რაც შეიძლება უპრეტენზიო უნდა ყოფილიყო, რომ მხოლოდ კაფელის ბუნების გამომხატველობითი ძალებისთვის შეეწყო ხელი. ფერის შეტანა ჯერ მისასხმელი (სფრეი) ფერებით დავიწყე, რითიც, ჟესტის დონეზე, კაფელის მედიტატიურ სივრცეში გრაფიტის მომენტი გაჩნდა. ასევე, შეღებილი კაფელების ლაქები დიგიტალურ პიქსელებთან ასოცირდება უზომოდ გაზრდილ დიგიტალურ იმიჯში და ჩვენი სამყაროს ზოგადად დიგიტალურ ბუნებაზე მიგვანიშნებს. დროთა განმავლობაში, კაფელის ხმარებამ ჩემს ნამუ- შევრებში ახალი მნიშვნელობა შეიძინა, დომინანტურიდან უფრო ფრაგმენტული გახდა – მისი მეტაფიზიკური მხასიათებლების გამოყენებამ ჩემს შემოქმედებაში უფრო ციტური ხასიათი მიიღო. ზუსტად ისე, როგორც მისმა ფუნქციამ ჩემს ცხოვრებაში – საერთოდ, მხატვარმა გულწრფელად უნდა დაუგდოს ყური საკუთარ თავს. ეტყობა, ადრე, ჩემს თინეიჯერულ ბუნებას ჯერ კიდევ ღრმა კონტაქტი ჰქონდა იმ უსასრულობასთან, საიდანაც ჩვენ ყველანი მოვდივართ, ნოსტალგიას განიცდიდა და ასეთი, კაფელის სტრუქტურის სახით, იპოვა სიმბოლო სამყაროში. ჩემთვის კაფელთან, აგრეთვე, ასოცირდება ბალეტის გამჭვირვალება და სიცხადე, დისციპლინა და მედიტატიურობა.

XII_issue2555

“კულტურ-ტრეგერი რომელიც ამკვიდრებს გლობალურ  პოპულალურ დიალოგს”. ვიდეო პროექცია. 5 წთ. 51 წმ. 2013 წელი. 

ბალეტი

გულახდილად რომ გითხრათ – ბალეტზე ჩემი ინიციატივით არასდროს არ მივიდოდი. ბავშობაში ჩემი უსაყვარლესი ბებიების: ლია კაპანაძისა და დოდო უზნაძის ხათრით ამოვყავი თავი ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში. მაგრამ რახან პატარაობიდანვე მხატვრობას ვაპირებდი, ვიფიქრე, იქამდე გავჩერებულიყავი საბალეტო სკოლაში, სანამ სამხატვრო აკადემიის დრო დადგებოდა. ბოლოს ისე განვითარდა ყველაფერი, რომ ფიზიკურად და ემოციურად ძალიან ჩავები; ბალეტის ყოველდღიურობა და მისი მაღალი ხარისხის დისციპლინა ძალიან მომხიბვლელია. 14 წლის ასაკში, გერმანიაში რომ გადავედი საცხოვრებლად, შტუტგარტის  -John Cranko Ballet School ში გავაგრძელე სწავლა. მაგრამ დიდხანს არ მომიწია იქ ყოფნა. მალე თავი დავანებე, რადგან გერმანულ გიმნაზიაში ამიყვანეს და ენების სწავლაზე და სკოლაზე კონცენტრაცია დამ- ჭირდა. მახსოვს, ასე რადიკალურად ცეკვის შეწყვეტას თავისი შედეგი მოჰყვა – სხეულმა „დაშლა” დაიწყო. ექიმა მითხრა, ნელ-ნელა უნდა დაანებო თავი ცეკვასო, ასე სულ შეწყვეტა არაფრით არ შეიძლებაო. ამიტომ, საცეკვაო სკოლაში Tanzschule Schwehr მივედი და იქაურმა ბალეტის მასწავლებელმა, სულ რამდენიმე კვირაში, 8 კლასი გადმომაბარა, სადაც მცირეწლოვანებს და ჩემზე უფროსებსაც კლასიკურ ბალეტს და ჰიფ ჰოფს ვასწავლიდი 3 წლის განმავლობაში. 15 წლიდან 17 წლამდე ამით ვაფინანსებდი ჩემს ყოველდღიურობას და აკადემიაში საჭირო სამხატვრო მასალებს. სრულიად ბალეტს და, საერთოდ, ცეკვასთან პროფესიულ დამოკიდებულებას თავი 2004 წელს დავანებე, როდესაც გერმანიაში ჩემი ცხოვრების შემდეგი ეტაპი დაიწყო. მამაჩემთან – გია ეძგვერაძესთან და მის მეუღლესთან – თამუნა ხუნდა- ძესთან დიუსელდორფში გადავედი საცხოვრებლად და იქაურ აკადემიაში გავაგრძელე სწავლა. აქ მივხვდი (გიას დახმარებით), რომ მსხვერპლის გარეშე ბოლომდე მხატვრობაში ჩემს თავს ვერ ვიპოვიდი, ამიტომ შინაგანად უარი ვთქვი ბალეტზე, ცეკვაზე. სწორედ აქედან დაიწყო ნამდვილი პროცესები ჩემს შემოქმედებაში და ჩემი ბოლომდე ამ პროცესთან თავის გაიგივება.

XII_issue2666

„გეომეტრიული სამკუთხედი და რამდენიმე ხალისიანი ხუმრობა მის გარშემო No.01.“ ქაღალდი. 222 x 300 სმ. 2012 წელი. 

XII_issue2777   XII_issue2888

„საკმარისი სიტკბო“. ვიდეო პროექცია. 8 წთ. 17 წმ. 2011 წელი. 

გერმანია
2000 წელს, დედაჩემმა, მხატვარმა ქეთი კაპანაძემ მიიღო ორწლიანი სტიპენდია გერმანიაში და გადავწყვიტეთ, ერთად წავსულიყავით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქეთი ბევრს მოღვაწეობდა საზღვარგარეთ – პროექტებით და სტიპენდიებით. მახსოვს, მაშინდელი პერიოდის მისი ნამუშევრები ფემინისტურ კონცეპტუალური მიმდინარეობის იყო – ძვირფასად მახსოვს ის მომენტები, როდესაც ასისტენტობას მე ვუწევდი. გერმანიაში გადმოსვლას ორ თვეში ჩემი გიმნაზიაში მოწყობა და ამასთან ერთად, დიდი კონცენტრაციით ენების სწავლა მოყვა. გიმნაზია იმ თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, რომ უმაღლეს სასწავლებელში მოვწყობილიყავი – ჩემი მიზანი ყოველთვის სამხატვრო აკადემია იყო. გერმანიაში გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი სიკეთე მამაჩემთან – გის ეძგვერაძესთან და მის მეუღლესთან – თამუნა ხუნდაძესთან მჭიდრო ურთიერთობის საშუალება იყო – სამი წლის ვიყავი, როდესაც გია და თამუნა დასავლეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. თამუნა, უნიჭიერესი მხატვარი, ცოცხალი და ღრმა მოაზროვნე ადამიანი – ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო ყოველთვის, ასევე მისი ოჯახიც. გიას ახლოს გაცნობა, მისი სააზროვნო და სულიერი სივრცის აღქმის შესაძლებლობა, მის ბუნებასთან და, ასევე, ხელოვნებასთან გადაკვეთა ერთ-ერთი დიდი საჩუქარია, რაც დასავლეთში დამხვდა. გიას დასავლეთის აკადემიურ სივრცეში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. იგი 90-იანებში დიუსელდორფის აკადემიაში, მოგვიანებით კი ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში (UDK) ასწავლიდა. გერმანიაში ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში, გია და თამუნა ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან შტუტგარტში, მე ბევრს ვხატავდი და გიას საკმაოდ „აბსურდული“ იდეა (რისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნები) მოუვიდა თავში – მეცადა აკადემიაში ჩამებარებინა. მაშინ მხოლოდ 15 წლის ვიყავი და ასეთი დაშვება მხოლოდ გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ხდება. საბოლოოდ, 15 წლის ასაკში, ოფიციალური
სტუდენტი გავხდი – გარშემო მხოლოდ 23-დან 35-წლამდე სტუდენტები იყვნენ – ეს 2002 წელია. მახსოვს, პირველი სემესტრი – ჩემი უამრავი კითხვა და მოლოდინი სამხატვრო აკადემიის, სტუდენტების, პროფესორების მიმართ და… იმედგაცრუება. შტუტგარტის აკადემიაში ძალიან საინტერესო გამოცდილება დავაგროვე და დაახლოებით ორ წელიწადში შევიცვალე აკადემია. სწავლა გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში, დიუსელდორფში გავაგრძელე, სადაც სულ ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპში დიდ როლს თამაშობდა აკადემიის ისტორია და ინსტიტუციურ სისტემასთან, ევროპულ, ახალგაზრდულ შინაგან მოტივაციებთან და ამბიციებთან, ინსტიტუციის გარეთ მყოფ სახელოვნებო სცენის სისტემასთან ჩემი გადაკვეთა, მომავლის უცნობი ჰაერის შეგრძნება. ჩემი განვითარების პროცესებს ხელს უწყობდა ჩემი გარემო, რომელიც არ იყო მხოლოდ აკადემია და პროფესორებთან ან სტუდენტებთან აზრების მიმოცვლა – საკმაოდ იღბლიანი ვარ, რომ ისეთ ოჯახში დავიბადე, სადაც ყველას ერთი ენა გვაერთიანებს – ხელოვნების, და თან, ამას გიას ფილოსოფიური აზროვნება მრავალფეროვნებას მატებს. დიუსელდორფში გადასვლის შემდეგ, გიასთან და თამუნასთან ცხოვრებისას, ულამაზესი მოვლენების მოწმე გავხდი. მახსოვს, მათგან ერთ-ერთი
ყველაზე შთამბეჭდავი, ვენეციის საიუბილეო, 50-ე ბიენალეს პროექტი იყო, სადაც გიას კურატორული კონცეფციით, თამუნა ხუნდაძემ და თეა გვეტაძემ ურთულესი და ძალიან წარმატებული ინსტალაციით წარადგინეს საქართველოს პავილიონი. საერთოდ, აკადემიაში საკმაოდ დიდხანს გავჩერდი. როგორც ოფიციალურ სტუდენტს, გარკვეული ბენეფიტები გაქვს და ეს მომგებიანია. მაგრამ 4 წლის შემდეგ, სახელოსნო ვიქირავე და ამის ხარჯზე, სულ სხვა დისტანციით და განზოგადებით ვეკიდებოდი სწავლის და პროფესორთან ურთიერთობის საკითხს. სტუდენტობის დროს, 2006 წელს, ძალიან საინტერესო ფერმწერს და ადამიანს – ფლორიან მეისენბერგს გადავეკვეთე. მასთან 2 წლის ამხანაგობის შემდეგ, იგი ჩვენი ოჯახის ნაწილი გახდა – ერთგული, თანამოაზრე, შინაგანად ძალიან ახლობელი სული. თითქმის 10 წელიწადია ერთად ვიზრდებთ, როგორც მხატვრები და ბევრ მრავალფეროვან პროექტს ვახორციელებთ.

XII_issue2999

„დაუმთავრებელი ღიმილი“. აუზის ხის კონსტრუქცია კაფელის ფილებით, 435 x 285 სმ. კედელზე – ფოტო პროექცია. აუზთან ახლოს, ხის ნაჭრები მარცხენა ნაჭერი – 210 x 45 სმ. მარჯვენა – 170 x 45 სმ. ხის ნაჭრებზე 6 ხელნაკეთი საცურაო კოსტუმი. 100 x 75 სმ. 2015 წელი. 

ნიუ იორკი

ნიუ იორკი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება იყო, სანამ ბოლომდე დავრწმუნდებოდი, რომ ეს ჩემი ქალაქია – რომელიც ჩემი პროფესიული და პიროვნული ზრდის ყოველდღიურ პროცესს ხელს შეუწყობდა, ენერგიას მომცემდა და არა წამართმევდა და დამბლოკავდა. ნიუ იორკში ორჯერ ვიმოგზაურე, როგორც სტუდენტმა, ფლორიანთან ერთად. პირველი 2006 წელს, 2-კვირიანი მგზავრობა იყო,ხოლო ბოლო – 2009 წელს, თითქმის ერთთვიანი გამოდგა. მახსოვს, მაშინ იყო, როდესაც საკუთარ თავს მოვთხოვე, რეალისტურად შემეხედა ამ „ტერიტორიისთვის“ და „პატიოსნად“ განმეცხადებინა ჩემი თავისთვის – ნამდვილად, ენერგეტიკულ დონეზე, ეს სწორედ ის ადგილია, რომელიც ჩემს თავში ახალი ტერიტორიების ძიებაში შემიწყობს ხელს. ასე რომ, ერთ სიცხადით, ფოკუსირებული ენერგიით და ვიცოდი – აკადემიის დამთავრების შემდეგ, ახალი ეტაპი აქ უნდა
დაწყებულიყო. ჩემი სადიპლომო ნამუშევრის წლისთავზე, ჩვენი თვითმფრინავი JFK-ში დაეშვა – არც კი ვიცოდით, სად ვიცხოვრებდით, როგორი იქნებოდა სახელოსნოს სიტუაცია და გარდა ამისა, არავის ვიცნობდით. ეს სიშიშვლე და სრული სიცარიელე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ნიუ იორკის მონუმენტურობისა და საქმიანობის ფონზე. საკმაოდ მალე დალაგდა პირობები და ყოველდღიურ პროცესში ჩავიძირეთ. ნიუ იორკში, დამატებით, ჩემთვის სრულიად უცხო ტერიტორიაზე დავიწყე მუშაობა – ვიდეო, პერფორმანსი, საუნდი. დრო რომ გავიდა, შინაგანად მივხვდი, რომ მხოლოდ ამ ნაბიჯის ხარჯზე – ევროპიდან აქეთ გადმოსვლით დამეძრა შინაგან პრობლემურ მოტივაციაზე დაფუძნებული შემოქმედების შექმნის სურვილი. ამ სიახლით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კონტრასტზე ჩემს სკულპტურულ ნამუშევრებთან ამ ახალ ტენდენციას ზუსტად ის ირონია და რადიკალურობა შემოაქვს, რასაც შინაგნად ევროპაში ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. სოციალურად, ნიუ იორკში ჩქარი ტემპით ხდება ყველაფერი – ცვლილებები, ახალი მოვლენები, კულტურული ინტეინტეგრაცია – მოკლე დროში ვითარდება. ფაქტობრივად, მექანიკურად ხდები ამ რიტმის ნაწილი. მიმოცვლა სწრაფად ხდება და ახლის ინტეგრაციის ინტერესიც ძალიან დიდია.

დაუმთავრებელი ღიმილი

ცოტა ხნის წინ, ნიუ იორკში, „the Kitchen”-ის საგამოფენო სივრცეში ჩემი, ალინა ტესნერისა და ვიოლა იესილტასის გამოფენა, სახელწოდებით „No Entrance No Exit” მოეწყო. გამოფენის კურატორმა, ლუმი ტანმა ჩვენი ნამუ- შევრები ერთმანეთთან პერფორმატიული ბაზისის ხარჯზე დააკავშირა. ჩემს ინსტალიაციას „დაუმთავრებელი ღიმილი“ დავარქვი. კონკრეტულად ამ პროექტის პირველი ჩანახატი (ფერადი კაფელის აუზი), დაახლოებით 10 წლის წინ მქონდა დახატული ჩემს ერთ-ერთ ესკიზების წიგნაკში. სივრცის ნახვამ ამომიტივტივა ეს ძველი, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი იდეა, რომელსაც, როგორც ჩანს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვატარებდი ქვეცნობიერში. kitchen-ის პროგრამა ისტორიულად პერფორმატიულ მხატვრობაზეა დამყარებული. ჩემს ცარიელ, მარტოხელა, უძირო, უფუნქციო, სიღრმის არმქონე, „მონუმენტურ” აუზს უფრო მოლოდინის პერფორმანსის ხასიათი მივეცი. ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ გადაწყვეტით (პერფორმანსი, როგორც მოლოდინი), რადგან იდეალურ პროექტად დავინახე Kitchen-ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური სივრცისთვის.
გახსნის დღეს, ხალხი მეკითხებოდა – როდის იწყება პერფორმანსიო? შინაგნად ელოდნენ რაიმე ქმედებას, მაგრამ ქმედება არ იწყებოდა. პარალელურად, კედელზე, ამ სივრცეში აშენებული ჩემი აუზის წინ, სწორედ ამა უზის ღია პროექცია მქონდა მინათებული (პერსპექტივის კუთხით), როგორც განმეორებითი ჟესტი, რომელიც „სხვა” სივრცეს ხსნის და თან კეტავს, ანუ მიმოქცევაში ამყოფებდა მაყურებელს. ამ შემთხვევაშიც, ყველას ეგონა, რომ ეს პროექცია ვიდეოა და მისი დინამიკის განვითარებას ელოდნენ, მაგრამ აქაც ყველაფერი მოლოდინით მთავრდებოდა. მოკლედ, ეს უმიზეზო მოლოდინი ბოლოს დაუმთავრებელ ღიმილად იქცეოდა. ამ დაუმთავრებელ ღიმილს ემატებოდა დამალული პატარა ელეგანტური ჭიქა წყლით, რომელიც მშრალი აუზის გვერდზე იდგა და იგი, უმთავრესად, შეუმჩნევლი რჩებოდა. ამ აუზისთვის და ამ არა-პერფორმანსისთვის მომზადებული მქონდა ექვსი საცურაო კოსტიუმი, რომლებიც ზუსტად ჩემს ტანზე იყო გამოჭრილი და თითოეული მათგანი ჩემი სახელის – ANNA KE-ს ასოებს გამოსახავდა აბსტრაქტულად. ეს საცურაო კოსტიუმები კვადრატულად (კაფელის ფორმის გამეორება) იყო დაკეცილი ხის ტალღობრივ კონსტრუქციებზე – ეს  კონსტრუქციები კი იატაკს მინიმალურად ეკარებოდნენ და თითქოს სივრცეში ტივტივებდნენ. დაარქივებული, დაკეცილი საცურაო კოსტიუმები ჩემი საკუთარი (ანუ მხატვრის) გამოცვლილი კანის იდეაა – მხატვრის გამონაცვალი იმიჯების და მისი განახლებული კონტექსტების.

XII_issue2000

„უჩვეულო პერფომანსის მარცხი“. 

მეტალისა და ხის კონსტრუქცია. 300 x 200 x 30 სმ. 2010 წელი. 

მომავალი

წელს შემდეგი 2 სოლო პროექტი ბერლინის და ნიუ იორკის გალერეებთან მექნება, სიმონე სუბალთა ნიუ იორკში და ბარბარა ტუმმთან ბერლინში. სექტემბრის დასაწყისში, ორივე გამოფენა თითქმის ერთდროულად გაიხსნება. ეს არის პროექტი, რომელზეც ამ წუთში ვმუშაობ. ის ერთიანია და, როგორც ვთქვი, ორ გალერეაში თითქმის პარალელურად განთავსდება და დიალოგის რეჟიმში იმუშავებს. დაახლოებით 2 კვირაში იხსნება ბაზელის ხელოვნების ბაზრობა „ლისტე”, სადაც სიმონ სუბალი ფლორიანის და ჩემს ერთობლივ პროექტს გამოფენს, ინსტალიაცია ვიდეოს, ბეჭდური ნამუშევრებისა და ნახატებისგან შედგება. ახლა ისეთი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ერთი კონკრეტული შემოქმედებითი მოვლენა მეორეს მოყვება და გაუთავებლად მათ შორის ვიმყოფები. თუმცა შინაგანი სურვილით რაღაც დიდი, აბსტრაქტულ/ზოგადი ნახტომისთვის ვემზადები, სადაც არანაირი ჩემი პირადი შემოქმედება- პერფორმანსი საჭირო აღარ იქნება. ამ ნახტომში
თითქოს დრო უნდა შეიკუმშოს, მერე გათავისუფლდეს, ყველაფერი ერთ უსაზღვრო ქორეოგრაფიად იქცეს და წყალში უმთვარესის ანარეკლი გამოჩნდეს.