ანიტა რაჭველიშვილი

მეცო-სოპრანო

ფოტო: კლიცია კორტი

XII_issue3_content6

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, ალცჰაიმერით დაავადებულთა დასახმარებლად, საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. ქართველი მუსიკოსი ლადო სიჭინავა დიდი ხანია იტალიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მეგობრებთან ერთად, მან როკ ჯგუფი PROFUSION ჩამოაყალიბა. ჯგუფში მხოლოდ ლადოა ქართველი. ის დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს და სიმღერების წერის პროცესშიც მონაწილეობს. ანიტას და ლადოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და ყოველთვის ქონდათ ერთობლივი მუსიკის ჩაწერის იდეა, სადაც როკი და ოპერა გაერთიანდებოდა. Phersu ჯგუფის მეორე ალბომია, რომლის საპატიო სტუმარიც არის ანიტა. ამ ალბომში შედის მის მიერ შესრულებული სიმღერა Wrinkled Maiden, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულთა დასახმარებლად ჩაიწერა. სიმღერის ტექსტი მოხუცი ადამიანების ისტორიას გვიამბობს. რეჟისორმა კლიცია კორტიმ მხატვრულ-ანიმაციური კლიპი გადაიღო, რომელსაც ტექსტის მსგავსად, ძალიან ლამაზი შინაარსი აქვს. სიუჟეტის მიხედვით, მოხუცი ცოლი ქმარს პარკში პოულობს, სადაც ის ალცჰაიმერის დაავადების გამო მოხვდა და არ ახსოვს, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს შინ. ცოლი ქმარს ხელს ჩაკიდებს და ეუბნება: „მე წაგიყვან იქ, საიდანაც ჩვენ ყოველთვის მოვდივართ, სადაც ერთად ვცეკვავდით, ერთად ვიცინოდით და მთელი ცხოვრება ერთად განვვლეთ, ჩვენ ახლაც ასე გავაგრძელებთ ერთად სიარულს…“ სიმღერა ინგლისურ ენაზეა და, გარკვეულწილად, ექსპერიმენტია, რადგან ერთი სიმღერის ფარგლებში, ის პოპს, ეთნიკური მუსიკას, როკს ასრულებს და ბოლოს გადადის ოპერაზე. ალბომის გაყიდვით შემოსული თანხა ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებზე მზრუნველ საზოგადოებას გადაეცემა, რომელიც არა მარტო დაავადებულ ადამიანებს ეხმარება, არამედ მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.
ქართველ მეცო-სოპრანოს უყვარს ექსპერიმენტები და არ მოსწონს, როდესაც მუსიკოსი, შემსრულებელი მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობს. ერთხელ ნინო ქათამაძესთან ერთადაც იმღერა და, როგორც თავად აღნიშნავს, ნინოსთან ერთად სიმღერა მისთვის ყოველთვის საოცნებო იყო. „ეს სულ სხვა მუსიკაა, ჯაზია, თან ნინოსებური ჯაზი, რომელიც თავის არაჩვეულებრივ ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად ჩამოაყალიბა“ – ამბობს ანიტა. ნიკოლოზ რაჭველთან თანამშრომლობით შექმნა ბენდი, სადაც ისინი ერთად ასრულებენ ჯაზ სიმღერებს, პოპს და საოპერო მუსიკას ახლებურ ინტერპრეტაციას არგებენ, უფრო ჯაზის სტილში გადაჰყავთ. თვლის, რომ საინტერესოა რაღაც ახლის შეტანა იმაში, რაც მრავალსაუკუნოვანია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ანიტასთვის, რა თქმა უნდა, საოპერო მუსიკაა. პოპ და როკ მუსიკასთან ურთიერთობა კი, ერთი მხრივ განტვირთვა, მეორე მხრივ კი – სტილის შეცვლაა, რაც ძალიან ეხმარება საოპერო მუსიკის სფეროში მოღვაწეობისას, იმის განსაზღვრაში, თუ რა და როგორ უნდა შეასრულო.
ანიტა რაჭველიშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული მუსიკალური აკადემიის პროფესორი გახდა. ფიქრობს, რომ თბილისს ძალიან ჭირდება კონსერვატორიის ერთგვარი ალტერნატივა. ბევრ ადამიანს უნდა მუსიკის შესწავლა. იმის მიუხედავად, რომ ჩატარდება მისაღები გამოცდები და მოსმენები, აქ მოხვედრისთვის საჭირო არ იქნება ისეთი რთული გამოცდების ჩაბარება, როგორც კონსერვატორიაშია. ამჟამად პედაგოგების მოძიების პროცესი მიმდინარეობს. ანიტა ხშირად არ არის საქართველოში და სწავლის პროცესში აქტიურ მონაწილეობას ვერ შეძლებს, თუმცა თბილისში ყოფნისას, აუცილებლად ჩაატარებს მასტერკლასებს. მის არყოფნაში გაკვეთილებს პედაგოგები, პიანისტები, კონცერტმაისტერები ჩაატარებენ, მოამზადებენ რეპერტუარს, რომელზეც შემდეგ ანიტა და მისი მოწვეული უცხოელი კოლეგები, პერიოდული მასტერკლასების ფარგლებში, სტუდენტებთან იმუშავებენ.
სამომავლო გეგმები ასეთია: მიემგზავრება იტალიაში, სადაც ტურინის თეატრში „აიდას“ იმღერებს, შემდეგ ლონდონს გაემგზავრება და კოვენტ გარდენში მის საყვარელ „კარმენს“ შეასრულებს. დეკემბერში ამერიკაში წავა, სადაც კალიფორნიულ სტუდიაში მისი პირველი აუდიო დისკის ჩაწერა იგეგმება, რომელიც, სავარაუდოდ, თებერვალში ან მარტში გამოვა. ამ ყველაფრისთვის მომღერალი დიდი მონდომებით ემზადება, აქტიურად მუშაობს რეპერტუარზე, რომელიც საოპერო არიებს მოიცავს – ბაროკოდან დაწყებული, მეოცე საუკუნის მუსიკის ჩათვლით. ალბომში აუცილებლად შევა ქართული მუსიკა და ეს იქნება თამარის კავატინა დიმიტრი არაყიშვილის ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე“. ალბომში თითქმის ყველა ქვეყნის მუსიკალური ნაწარმოები შევა – ფრანგული, გერმანული, ინგლისური, რუსული და, ცხადია, დიდი რაოდენობით იტალიური მუსიკა.