ინტერვიუ ბესო უზნაძესთან

XII_issue2m

ქართველი ფოტოგრაფი ბესო უზნაძე ლონდონში ცხოვრობს და მუშაობს. 2014 წლიდან, უზნაძის ნამუშევრები წარმოდგენილია ონლაინ პლატფორმაზე – www.projectartbeat.com Project ArtBeat ახალი ონლაინ გალერეაა თბილისში, რომელიც თანამედროვე ქართულ ხელოვნებას წარმოადგენს. გალერეა დაინტერესებულია ქართველი ხელოვანების ლოკალურ და საერთაშორისო არტ პროცესებში ჩართვით. ბესო უზნაძის ნამუშევრები უკვე წარვადგინეთ ხელოვნების ორ საერთაშორისო ბაზრობაზე Contemperory Istanbul – სტამბულში და PULSE – ნიუ იორკში. ბესოს სტუდიო-ბინა ლონდონის ბოჰემურ რაიონ Shoreditch-ში – ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მისამართია, საიდანაც ყოველთვის დადებითი განწყობით ვბრუნდები. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მასთან სტუმრობის დღეს, ლონდონში არ წვიმდა და ინტერვიუ სახლის ტერასაზე ჩავწერეთ. ტერასა წყლის არხს გადაჰყურებს. ბესო, ამ ეტაპზე, ფოტოებს ახალი ტექნიკით ამუშავებს. დატვირთული გრაფიკი აქვს და დაღლილი დამხვდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩემს ყველა შეკითხვას ენერგიითა და იუმორით სავსემ უპასუხა. 

სალომე ვახანია: როდის მიხვდი, რომ ფოტოგრაფობა გინდოდა?

ბესო უზნაძე: ყველაფერი 1998 წელს დაიწყო. ამ დროს, თბილისში არაფერი ხდებოდა. ფოტოგრაფია, როგორც პროფესია, არ არსებობდა. ერთხელ, მე და ჩემი მეგობარი გუგა კოტეტიშვილი ქუჩაში მივდიოდით და ფოტოგრაფიაზე ჩამოვარდა საუბარი. გუგამ ამიხსნა და დამარწმუნა, რომ ფოტოგრაფია ხელოვნებაა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, დათო ცხადაძის ფოტო-სკოლაში დამეწყო სიარული. მალევე მივხვდი, რომ ეს საქმე კარგად გამომდიოდა, განსაკუთრებით პორტრეტების შექმნა, ამას შინაგანად ვგრძნობდი.

ზუსტად ამის კითხვა მინდოდა, პორტრეტებზე მუშაობა რატომ გადაწყვიტე?

არ ვიცი, არ გადამიწყვეტია, თავისით მოხდა. ამაზე არ მიფიქრია, უბრალოდ, ჩემს პირველ ნამუშევრებს რომ გადავხედე, უმრავლესობა პორტრეტი იყო. დათო ცხადაძესთან კურსის დასრულების შემდეგ, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება მომინდა. ინგლისური ვიცოდი, ამიტომ ლონდონში სწავლა გადავწყვიტე. ავირჩიე London college of Printing, სადაც 2 წელი ვისწავლე. იქ ძალიან ძლიერი ჯგუფი მყავდა. იმ წელს, როცა სწავლა დავასრულეთ, დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, ათი საკონკურსო პრიზიდან ექვსი ჩვენი ჯგუფის წევრებმა მივიღეთ.

ამის შემდეგ გაქვს კონტაქტი ლონდონის National Portrait gallery -სთან?

კი, იქ სამჯერ მივიღე მონაწილეობა გამოფენაში. მესამე ჯერზე მივხვდი, რომ ეს ჩემთვის აღარ იყო საინტერესო პროცესი. თან ბევრი შეკითხვა გამიჩნდა: რისთვის ვიღებ? ჩემი ნამუშევრით გამოვხატავ ჩემს შინაგან სამყაროს თუ იმისთვის ვიღებ, რომ ცნობილი გავხდე? ამ პერიოდში, როგორც ადამიანი, ცოტა დავიკარგე. გამიჩნდა პროტესტი კონკურსების და შეჯიბრებების მიმართ. ჩემთვის აღარ იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება და სხვისი შეფასება, ფოტოებს ვიღებდი არა იმიტომ, რომ ჟიურის მოსწონებოდა და გადაეწყვიტა გამემარჯვა თუ არა, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩემი შინაგანი მოთხოვნაა; როგორც სექსის მოთხოვნილება გვაქვს, რომელიც უნდა დავიკმაყოფილოთ, ასეა ჩემთვის გადაღება, ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა. მუდმივად მინდება გადავიღო.

რა არის შენი ინსპირაცია?

ადამიანები.

რატომ იღებ შიშველ სხეულს?

ესთეტიურად მომწონს, მაგრამ ამასთანავე მაქვს მეორე მოსაზრებაც. დედის და დეიდის გაზრდილი ვარ, მორცხვი ბავშვი ვიყავი. მახსოვს, როგორ მერიდებოდა გაშიშვლება. ამას ვუკავშირებ ჩემს პროფესიას და ვფიქრობ, ჩემს მოდელებს ბავშვობის რიდის კომპენსაციის ხარჯზე ხომ არ ვაშიშვლებ?! ვებრძვი, ვანგრევ ბავშვობის იმ შებოჭილობას სხეულის სიშიშვლის, თავისუფლების ჩვენებით. სიშიშვლის თემა ჩემს საქმეში ამოუწურავია.

შევამჩნიე, შენ თვითონ ფოტოს რომ გიღებენ, არ გსიამოვნებს, რატომ?

არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. ამ დროს გეფიქრება, როგორ გამოიყურები, როგორ გამოხვალ ფოტოზე. ფოტოაპარატის უკან ბევრად კარგად ვარ. ახლა გამახსენდა: 2013 წლის ლონდონის ოლიმპიადის დროს, JH
Engstrom-ს დავთანხმდი, ჩემთვის გადაეღო. ძალიან მიყვარს მისი ნამუშევრები და მაინტერესებდა მისი მუშაობის
პროცესი. მახსოვს, როგორი უცნაური გრძნობა მქონდა გადაღების დროს, წელში გასწორება მიჭირდა, თითქოს უკნიდან ვიღაც მექაჩებოდა.

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც გალერეა Project Artbeat-თან თანამშრომლობ?

სტიმული მომეცა, უფრო მეტი მემუშავა, რადგან საზოგადოების მხრიდან ჩემი ნამუშევრების მიმართ დიდი ინტერესი ვიგრძენი. ზოგადად, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შრომა გიფასდება – შენი ნამუშევარი მოსწონთ
და მას ყიდულობენ.

შენს ნამუშევრებს რომ გადავხედოთ, მივხვდებით, რომ სულ სიახლეს ეძებ. როგორ დაიწყო იმ უსათაურო ფოტო სერიაზე მუშაობა, www.projectartbeat.com-ზე რომ დევს?

როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, ესეც შემთხვევით მოხდა. Potoshop რა იყო, ისიც არ ვიცოდი. შემთხვევით
შევესწარი, რომ ჩემმა მეგობარმა Potoshop-ში ფოტოები ერთმანეთს დაადო. ეს ეფექტი ძალიან მომეწონა და დავიწყე ჩემი ფოტოებით თამაში. ნელ-ნელა მივხვდი, რომ დასრულებული კოლაჟები გამომდიოდა, თითქოს აგურებისგან სახლს ვაშენებდი.

ფოტოს და ფერწერის შერწყმის ინსპირაცია საიდან წამოვიდა?

სულ ცოტა ხნის წინ, Tate Modern-ში Marlene Dumas-ის გამოფენაზე ვიყავი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა
ჩემზე. გალერეიდან გამოსვლისთანავე ვიყიდე სამუშაო მასალა და ხატვა დავიწყე.

თავისუფალ დროს რას აკეთებ?

გალერეებსა და მუზეუმებში დავდივარ, ვმოგზაურობ მეგობრებთან ერთად. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩემი ჰობია ადამიანების თვალიერება, მათზე დაკვირვება. ნებისმიერ ადგილას შემიძლია საათობით ვუყურო ადამიანებს, არ მბეზრდება.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

Project Artbeat-თან ერთად ვაპირებ რამდენიმე იდეის განხორციელებას, რომელზეც ჯერ ვერ ვისაუბრებ. ამ ეტაპზე, ჩემთვის პრიორიტეტულია სულიერი სიმშვიდე, წყნარი ცხოვრება. ამისთვის კი მჭირდება ვაკეთო ჩემი საქმე და კმაყოფილი ვიყო ჩემი შემოქმედებით. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

XII_issue2zz

XII_issue2xx