როგორ გადაიქცა სუმაშედში ლუკა კვანტურ ლუკად

XII_issue3_content111

ნინო ამბობდა, რომ ყველაფერი ასაკის ბრალია. რა ასაკის – ფიქრობდა ლუკა. სულ ეგონა, რომ ეგეთი რაღაცეები 40-ს ზევით ხდება. რა უნდა აკეთო 40-ს რო გადაცდები? ალბათ, პანიკა გეწყება.. თვითონ კიდე 28-ის, ახალგაზრდა ბიჭია, მისი მეგობრების ნახევარი ჯერ დაოჯახებულიც არაა, სვამენ, ერთობიან. ნუ, ეხლა უფრო მოზომილად, ვიდრე ხუთი წლის წინ, მაგრამ მაინც იგრძნობა ახალგაზრდა, ველური სისხლი. ნინომ თავისი ყოფილი კურსელისგან რამდენიმე ფსიქოლოგის ნომერი გაიგო. ლუკა დათანხმდა.
– მეგონა, რო ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.. მმ.. ცხოვრებაში. – ამის გარდა ვერაფერი ამოღერღა და გაჩუმდა.
რაც არ უნდა ეკითხა ფსიქოლოგს, ლუკა ასეთი გაურკვეველი, აბსტრაქტული ფრაზებით იცავდა თავის
ფანტაზიებს.
ვერაფრით ვერ მოყვა, როგორ წარმოიდგენს ყოველ ღამე, ძილის წინ, საკუთარ თვითმკვლელობას. დეტალებში განიცდის – თითქოს იქაა. როგორ ამშვიდებს ეს ფანტაზია, როგორ უკლავს ინსომნიას. მეთოდები
სულ იცვლება: ლუკა ხან ვენებს ისერავს მათ ახალგარემონტებულ აბაზანაში, სადაც ნინომ თეთრ კაფელზე ხელოვნური ვარდები დაამაგრა, ხან ფანჯრიდან ხტება ზაფხულის გრილ საღამოს, ხან თიშავს მობილურს, მიდის ტაქსით ბათუმში ისე, რომ არავის ატყობინებს და წყალში იხრჩობა. მერე სათითაოდ იხსენებს ყველა მეგობარს და წარმოიდგენს, თუ ვის როგორი რეაქცია აქვს, როცა მისი თვითმკვლელობის შესახებ ატყობინებენ. თვითონ ვერ ხვდება, რატომ სიამოვნებს ასე ძაან, როცა მისი სიკვდილის ისტორია ქალაქს ედება: ეს დაზაფრული სახეები, გაურკვეველი აბსურდით თვალებში და მთელი მოსალოდნელი საპანაშვიდე მარათონის სიმძიმით. ხანდახან, როცა ესეც არ ყოფნიდა, ლუკა დასატოვებელ წერილზე ფიქრობდა, თუმცა ჯერ არ ქონდა საბოლოოდ გადაწყვეტილი, ღირდა თუ არა წერილის დატოვება. ამაზე მარტივი და სასიამოვნო იყო საკუათარი ფეისბუქის გვერდის წარმოდგენა მისი ბრუტალური თვითმკვლელობის შემდეგ – პოსტები, გულები, მესიჯები – რეალური მეგობრებისგან, უცხო ფრენდებისგან:
ეს რა ქენი???!!! :(((((( – 16 ლაიქი, 23 კომენტარი.
RIP Lukino – 85 ლაიქი, 6 კომენტარი, 10 შეარი.
ღმერთმა გაანათლოს შენი სული, ძმა – უზარმაზარი ანთებული სანთლის ფოტო და ა.შ.
ამისთვის ლუკამ თავისი ჩაკეტილი ვოლიც კი გახსნა, ყოველი შემთხვევისთვის. როგორ გინდა, ეს ყველაფერი ვიღაც ფსიქოლოგს მოუყვე, როცა ცოლსაც ვერ უყვები? – პროსტა, ყველაფერი მომბეზრდა. არ ვიცი, როგორ ავხსნა.. ცუდად ვარ რა, – ეუბნებოდა ნინოს და აგრძელებდა წოლას, სანამ ნინო სამსახურში წასასვლელად
ემზადებოდა. – არ გიდგება – კაი, სამსახურში არ დადიხარ – კაი! იბანავე მაინც! – წამოცდა ნინოს ლუკას დეპრესიის ერთი თვის თავზე. ლუკას ეწყინა, მაგრამ იმ წამსვე წარმოიდგინა, როგორ ინანებდა ნინო ამ სიტყვებს მისი თვითმკვლელობის შემდეგ და ამან დროებით, ძალებით აავსო. დემონსტრაციულად წავიდა აბაზანისკენ, მოუშვა ყინულივით ცივი წყალი და ლამის ფილტვების ანთება აიკიდა.
– დეპრესია აქვს, მაგრამ არ არის ლუკა ან გიჟი ან თვითმკვლელი. უბრალოდ, ყურადღებას ითხოვს. ჩათვალე, რო პატარა ბავშვივითაა ეხლა.. იქნებ იმოგზაუროთ ცოტა, გარემო შეიცვალოს, – თქვა ლუკას ფსიქოლოგმა და სათვალე მოიხსნა.
– ჰო, არ ვიცი – უპასუხა ნინომ
– მამაო გყავთ?
ნინომ, მთელი მამასახლისური ძალით, ლუკას მეგობრების კონსოლიდაცია მოახდინა და კონსპირაციული სქემა ჩაუშვა.
– ოღონდ არ გაიგოს, რომ იცით.
– ჰო, იასნია, – თქვეს მეგობრებმა და ლუკას დაბომბვა დაიწყეს ბანალური ბომბებით:
ხან კლუბში წაიყვანეს, მაგრამ ისეთი სახით გამოცხადდა, რომ ფეის კონტროლმა: ჩემი დედა მოვტყან, ეს თუ კლუბში შევუშვათო. მერე ტაილანდელ ბოზებში. ცოტა ქალაქგარეთაც აყლაპეს სუფთა ჰაერი, ყვარელში – ღვინო, წყნეთში – ემდიემეი. მე ვალიუმზე დავსვი, რამაზიკომ ხან ბიო აწევინა, ხან
– მწვანე ბიო. მოკლედ, დიდი ვაი-ვაგლახით, მაგრამ ლუკა ნელ-ნელა, რაღაცნაირად თითქოს აზრზე მოვიდა. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანდა. ნუ, როგორ გითხრათ, მაგალითად – ერთ ღამეს აუდგა. ნინო ისეთი გახარებული იყო, ყველა დაქალს დაურეკა. დაქალებმა ძმაკაცებს უთხრეს.
– ლუკას აუდგა, ტო, – მახარა რამაზიკო კინგკონგმა ტელეფონში.

XII_issue3_content222

– ვაა.. – თავი გავაქნიე ახალგაღვიძებულ ბურანში და საკუთარი სასქესო ორგანო მოვისინჯე, სანამ რამაზიკო შ.ს.ს.-ს აგინებდა. საქმე ისაა, რომ რამაზიკო ყოველთვის რამდენიმე ადამიანს ესაუბრება ტელეფონით. ერთი ის ადრესატია, ვისაც ურეკავს, მეორე კი – ის, ვინც, რამაზიკოს აზრით, მის ტელეფონს უსმენს: დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე. რატომღაც რამაზიკოს გონია, რომ ასეთი პროფესიაც არსებობს. იქნებ მართალია? ვინ იცის.
– სუმაშედში ლუკას ყლე წოვეთ ეხლა, გაიგეთ, ბოზებო?
– დაასრულა შ.ს.ს.-სთან საუბარი რამაზიკომ და მერე ლუდზე დამპატიჟა. მეორე ღამეს ლუკამ მეგობრებს დაურეკა – დღეს რამე ხო არ იხოდებაო, ერთი-ორი ჰეფი სიმღერაც დააშეარა ფეიქსბუქზე.
– წამო, დვალია ჩამოსული და მივიდეთ ლექციაზე, არ გაინტერესებს? ჩემს ყლეს გაიგებ რამეს, მაგრამ
მოწეულზე მაგრად მოაქვს.
ლუკა დათანხმდა.
მწერალთა სახლის ეზოში, ფეხზე იდგა და სამყაროს უსასრულობას დაბნეული ჟესტებით ხსნიდა ეს პატარა კაცი, რომელიც რატომღაც ტოლკიენის სამყაროდან გადმოსულ ჰობიტს გავდა, განსაკუთრებით ამ მაღალი
ჭადრების ფონზე.
– ევერეტის თეორიის მიხედვით, არსებობს უამრავი პარალელური სამყარო, სადაც ჩვენ და თქვენ ვცხოვრობთ, თქვენ იქაც სხედხართ ამ ლექციაზე..
უამრავი ადამიანი ისხდა ეზოში და, როგორც ჩანს, ჩვენსავით არაფერი ესმოდა, მაგრამ ჩვენ ერთი პლიუსი გვქონდა: გვსიამოვნებდა.
– არის ასეთი წარმოსახვითი ექსპერიმენტი, რომელიც ცნობილია კვანტური სუიციდის და უკვდავების სახელით. ადვილი წარმოდგენისთვის, გლეხურად რო ავხსნათ, შეგვიძლია ვიფანტაზიოროთ. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომლის წინ გადატენილი იარაღია. გარკვეული ქიმიური პროცესის შედეგად, იარაღი ან გაისვრის, ან – არა. შანსები 50/50-ზეა. მაგრამ.. თუ იარაღმა გაისროლა, ევერეტის თეორიის მიხედვით, სამყარო იმ წამსვე ორად გაიყოფა. ერთში დამკვირვებელი ნახავს, რომ ადამიანი მოკვდა, ხოლო მეორეში – გასროლა არ მოხდება. ამ სამყაროში დარჩენილი გარე დამკვირვებლისთვის ის ადამიანი მოკვდება, მაგრამ სუბიექტურად ის ადამიანი ვერასდროს იგრძნობს სიკვდილს, რამდენადაც ის ყოველთვის სამყაროს იმ ვერსიაში აღმოჩნდება – სადაც ცოცხალი დარჩა. და ასე გაგრძელდება სულ. ამას ქვია კვანტური უკვდავება. ეხლა, აქ ცოტა ფრთხილები უნდა ვიყოთ, რომ არ გადავიჭრათ..
– აჰა, – დაეთანხმა რამაზიკო, მაგრამ იქვე დააყოლა, რომ საკმარისად განათლდა და ყველანი, შენობის კედელს აკრულები, გარეთ გამოვედით.

ამბობენ, თუ ერთხელ გაიგე ნარკოტიკის ან აზარტული თამაშების გემო, შეუძლებელია ცხოვრების ბოლომდე
მისგან საბოლოოდ გათავისუფლდე. ასეა თვითმკვლელობაც. როგორც ჩანს, იმ დღეს მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც უსმენდა ჯადოსნურ ჰობიტ კოსმოლოგს. 

ერთ თვეში, ლუკამ, ყველასგან ფარულად, იარაღი გაიფორმა. ნინოს უთხრა, რომ მთვრალი კაზინოში შევიდა და ფული წააგო, თვითონ კი ცოტა გაუკვირდა, რომ ფსიქო და ნარკოტესტი უპრობლემოდ გაიარა.

შაბათს, ლუკამ ფეისბუქზე დასპონსორებულ უცნაურ ლინკს მიაკლიკა. “ჩვენს კლინიკაში ჩვენ ვყინავთ სპერმატოზოიდებს შემდგომი განაყოფიერებისთვის. კიბო, ქირურგიული ჩარევა, უბედური შემთხვევები, სპორტული ტრავმები შესაძლოა უნაყოფობის მიზეზი გახდეს. ასე რომ, სპერმის გაყინვა ბევრი მამაკაცისთვის თავისებური დაცვაა, მომავლისთვის”. ლუკამ წარმატებით გიარა სპერმის ხარისხის შემოწმება, ე.წ. სპერმოგრამა და შეუდგა კრიოკონსერვაციის რამდენიმეკვირიან პროცესს. კვირაში ორჯერ მას უწევდა სპერმის ჩაბარება. თითო ასეთი პროცედურა, როგორც მერე გავიგეთ, 20 ლარი ღირდა. სულ, მთლიანობაში, ყველა სხვა მიკროპროცედურების ჩათვლით, ლუკას 500 ლარამდე დაჭირდა, რათა საკუთარი სპერმა (ანუ 61 მლნ მოძრავი სპერმატოზოიდი, როგორც კლინიკაში უთხრეს) საიმედოდ გადაენახა. ეხლა ლუკამ იცოდა, მისი გენები კლინიკის დაცულ განყოფილებაში, -70 გრადუსამდე თხევად აზოტში განისვენებენ და ელოდებიან თავიანთ დროს. ამავე დროს, ლუკამ ნოტარიუსსაც მიაგნო, ყველა ფორმალობა მოაგვარა და უკვე მზად იყო. იდგა 2014 წლის აგვისტო, შემოდგომის მოახლოება მხოლოდ აგრილებულ წვიმებში იგრძნობოდა. მწვანედ განათებული პალმების ხეივანს მივუყვებოდი მეგობრებთან ერთად, როცა ნინომ დარეკა.

XII_issue3_content333

 

სადღაც გულის სიღრმეში, ლუკას, ალბათ, სჯეროდა, რომ იარაღი არ გაისვრიდა და, ევერეტის თეორიის მიხედვით, ის გადარჩებოდა. როგორც ნინომ გვითხრა, ლუკამ ის გვიან ღამით გააღვიძა იარაღით ხელში და უთხრა:
– ნახე, არ გაისვრის.
სუმაშედში ლუკას ტვინის ნარჩენებს ერთი კვირა აგროვებდნენ ოთახში. ნინომ თქვა, რომ ასეთი გახარებული ლუკა ბოლოს ერთი წლის წინ ნახა, მეგობრის დაბადების დღეზე, როცა ნინოს დოზაც ლუკამ ჭამა.
დაკრძალვის დღეს, როცა წამოწვიმა და დაგუბებულ ჰაერში ასფალტის მოტკბო სუნი დადგა, როგორც ყვავილების მაღაზიაში. უცნაური აზრი გამიჩნდა: იქნებ ლუკა მართალი იყო და სინამდვილეში იარაღმა არ გაისროლა? სამწუხაროდ, ჩვენ, რეალობის ამ ვერსიაში მოყოლილები, ამას ვერ მივხვდებით, მაგრამ იქნებ იქეთ მხარეს, იმ მხარეს, სადაც იარაღმა არ გაისროლა, ეხლა მასთან სახლში ვსხედვართ, გრილ ვერანდაზე, სადაც მზე ჩადის და საღამოს ქალაქი იწყებს ციმციმს. სუმაშედში ლუკა უკვე საჯარო დემონსტრაციას გვიწყობს იმისა, რომ სიკვდილი შეუძლებელია – უდარდელად იქნევს იარაღს. რამაზიკო კინგკონგი თვალებს არ უჯერებს და ყველაფერს თავის ბიოს აბრალებს, მე ვზივარ და “ვაა”-ს ვიძახი, ნინო თავს აქნევს ღიმილით და ვახშამზე გვეპატიჟება: უზარმაზარი იტალიური პიცა, სალათები, ცოტა ლუდი, ბევრი სიცილი.
კარგი იქნებოდა ასეთი საღამო.
ასე გადაიქცა ჩემს წარმოსახვაში სუმაშედში ლუკა – კვანტურ ლუკად, უცნაურ თვითმკვლელად, რომელიც არასოდეს კვდება.
ვკვდებით ჩვენ, აქეთ მხარეს დარჩენილები.