სუხიშვილები:გუშინ, დღეს, ხვალ

XII_issue3_content7

ავტორი: ნინო გვალია / ნია ტყეშელაშვილი 

ფოტო: ანა ბოკო, ირა კურმაევა 

XII_issue3_content8

სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი მხოლოდ ქორეოგრაფიული ანსამბლი არ არის, ის უფრო მეტია და ერთგვარ ბრენდად იქცა, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ქართულ ნაციონალურ კულტურას და, ამავდროულად, მაყურებელს საინტერესო და თანამედროვე ქორეოგრაფიულ სიახლეებსაც სთავაზობს. იყო დრო, როდესაც საბჭოთა რკინისფარდაჩამოფარებულ თბილისს, სუხიშვილები სტილსაც კარნახობდნენ და გასტროლებიდან მოდის თანამედროვე ტენდენციები ჩამოჰქონდათ. რეპეტიციიდან გამოსულ მოცეკვავეებს ბლოკნოტითა და კალმისტრით შეიარაღებული ქალბატონები ხვდებოდნენ, რომ მათი სამოსის თარგები
მოენიშნათ. სუხიშვილების გოგონებმა შემოიტანეს “ბაბეტას” ვარცხნილობა 60-იან წლებში. მაკიაჟი და თვალებთან ისრებიც ანსამბლის მოცეკვავეების წყალობით გახდა პოპულარული თბილისში. 2015 წელი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დასის საიუბილეო თარიღია, ზუსტად 70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თავისი დროის ნოვატორებმა – ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ჩვეულებრივი, ეთნიკური ცეკვები აკადემიურ დადგმამდე აიყვანეს. მათ უმძიმეს დროს შექმნეს ანსამბლი და საკუთარი ნიჭის წყალობით, სტალინისა და ბერიას მმართველობის ეპოქაც გადაიტანეს. ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19 200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ
თეატრის სცენაზე გამოვიდა. წელს, 27 ივნისს, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გაიმართა კონცერტი, სადაც ანსამბლის დასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავებმა: ილზე ლიეპამ, ნინო ანანიაშვილმა, ირმა ნიორაძემ და ილია კუზნეცოვმა. ღონისძიებას დაესწრნენ ნიკა ცისკარიძე, ანდრის ლიეპა, საცეკვაო ხელოვნებაში მოღვაწე პროდიუსერები, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდა თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს.

XII_issue3_content9

ნინო სუხიშვილი
ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დასის დირექტორი

• გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, როგორ გარემოში იზრდებოდით და რა ურთიერთობა გქონდათ ბებია-ბაბუასთან?

ჩემი ბავშვობა ძალიან კარგი და უდარდელი იყო, ზღაპრულ სამყაროში ვიზრდებოდი და ბებია-ბაბუასთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. მართალია, გარეგნობით არ ვგავარ, მაგრამ ამბობენ, რომ ნინოს ხასიათი გამომყვა. ბებია ძალიან ელეგანტური იყო – ატარებდა ქუდს, პირბადეს, ყოველ თავსაბურავს თავისი ხელთათმანი ჰქონდა… ამიტომაც, ბავშვობაში მისი სამოსის თვალიერება და კარადაში ძრომა მიყვარდა. კიდევ, რაც განსაკუთრებით მახსენდება, იყო ის, რომ სულ მოლოდინში ვიყავი, თუ როდის დაბრუნდებოდნენ ჩემები გასტროლებიდან. მინდა ასევე ვთქვა, რომ მე და ილიკო არ ვიყავით ზედმეტად გათამამებულები და მოგვიანებით, როცა ცეკვა დავიწყე, ანსამბლის ერთ-ერთი რიგითი წევრი ვიყავი, ყოველგვარი პრივილეგიების გარეშე.

• როგორები იყვნენ ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი შინ?

თბილები და მზრუნველები – როგორც ნამდვილი ბებია და ბაბუა. მართალია, თავადური წარმომავლობა არც ერთს არ ჰქონია, მაგრამ ორივე ნამდვილი არისტოკრატი იყო, თავიანთი ბუნებით და საქციელით.

• ვინ შეგარქვათ სახელი Няню?

Няню მამამ შემარქვა, თუმცა ამ სახელს მხოლოდ ოჯახის წევრები და რამდენიმე ახლო მეგობარი თუ მეძახის. დანარჩენებისთვის, ჩვეულებრივად – „ნინო“ ან „ქალბატონი ნინო“ ვარ.

• ოდესმე თუ გიგრძვნიათ ბებია-ბაბუის, მშობლების ჩრდილქვეშ თავი და როგორ იპოვეთ საკუთარი ნიშა? 

დიახ, იყო მომენტები, როდესაც მათ ჩრდილქვეშ ვგრძნობდი თავს, მინდოდა რაიმე სხვა საქმე მეკეთებინა. ამიტომაც სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ანსამბლში ჩემი პროფესიითაც ვარ დაკავებული და კოსტიუმებსაც ვქმნი.

• თქვენ საკმაოდ გვიან დაიწყეთ ანსამბლში ცეკვა, მანამდე ერთგვარი მომზადების პერიოდი იყო?

ანსამბლში ჯერ კოსტიუმების მხატვრად დავიწყე მუშაობა. კოსტიუმებზე დღესაც ვმუშაობ. მოცეკვავის პროფესია საკმაოდ მძიმეა და ალბათ ამიტომაც, ცეკვა მოგვიანებით დავიწყე. ისე კი, ანსამბლში მუშაობა  ჩემთვის არავის დაუძალებია, ყველაფერი თავისთავად, საკუთარი სურვილით მოხდა.

XII_issue3_content0

XII_issue3_content1112

• საქართველოში ბევრი წარმატებული ქორეოგრაფიული ანსამბლია, თუმცა სუხიშვილები ერთგვარ ბრენდად იქცა და დროის გამოწვევებს ღირსეულად პასუხობს. თქვენი აზრით, რა არის ამ წარმატების საიდუმლო? 

არანაირი საიდუმლო აქ არ არის და ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. ილიკო უმცროსი უნიჭიერესი
ქორეოგრაფია, ცდილობს არ ჩამორჩეს დროს, თუ ერთ ადგილას გაჩერდი, ხომ ვეღარ განვითარდები? ასე რომ, მისი და ასევე ანსამბლის ყველა წევრის ერთობლივი ძალისხმევაა ეს წარმატება. თვითონ ილიკო და ნინოც საოცარი ადამიანები იყვნენ, თავისი დროის დიდი ნოვატორები და მათ ჩაუყარეს საფუძველი ამ დიდ ტრადიციას. დღეს, ხალხს ხალხური ცეკვები რომ ჰგონია, სწორედ მათი დადგმული და მოფიქრებულია. უბრალოდ, ისინი თავმდაბლები იყვნენ და ამის საჯარო აფიშირებას არ ახდენდნენ. ზოგი ცეკვა ნინოს ჩაფიქრებული ილეთებით იყო დადგმული, ზოგი კი – ილიკოს ფანტაზიით. ჩვენც მათ გზას მივყვებით. მაგალითად, ცეკვას “ილოური” იმიტომ დავარქვით, რომ უფროსი ილიკო სუხიშვილის მოფიქრებული ილეთებით დაიდგა. გვაქვს, ასევე, “ნინოური” ილეთებიც. ცეკვა “სამაია” მთლიანად მათი შთაგონების ნაყოფია. უმცროსი ილიკოც, როცა ცეკვებზე “ზეკარი”, “სვანური,” “ჯუთა”, “ლაზური” მუშაობდა, რა თქმა უნდა, იყენებდა ამ კუთხეებისთვის სახასიათო ილეთებს, თუმცა ეს ცეკვები, ძირითადად, მისი ფანტაზიით შეიქმნა.

• თენგიზ სუხიშვილი… მას საკმაოდ მძიმე პერიოდში მოუწია ანსამბლის ხელმძღვანელობა. როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს?

მამას მართლაც რთულ პერიოდში მოუწია ანსამბლის ხელძღვანელობა. ეს ის მძიმე წლები იყო, როდესაც ანსამბლს სახელმწიფოსგან თითქმის არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონდა. ამიტომაც, თენგიზი საკუთარი ძალებით თუ კონტაქტებით ახერხებდა ანსამბლის ხელმძღვანელობას და მის გასტროლებზე გაშვებას. ასევე, ის დიდი ქველმოქმედი იყო, რაც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. ჩვენთან უამრავი ადამიანი მოდიოდა, რომელთაც მამა დახმარებია. ამიტომაც, ჩვენ თენგიზ სუხიშვილის სახელობის ფონდი დავაარსეთ, რომ მის მიერ წამოწყებული კეთილი საქმეები გავაგრძელოთ.

XII_issue3_content2222

• ბებიას და ბაბუას საკუთარი თვალით რომ ენახათ სუხიშვილების ახალი ქორეოგრაფიული ექსპერიმენტები, თქვენი აზრით, როგორ შეხვდებოდნენ ამას?

არასოდეს შეგვპარვია ეჭვი, რომ ახალი ცეკვები ილიკო სუხიშვილსა და ნინო რამიშვილს ძალიან მოეწონებოდათ. თვითონაც ხომ სულ სიახლის ძიებაში იყვნენ. მაგალითად, “ზეკარი” ნინოს დროს დაიდგა და მის 90 წლის იუბილეს მივუძღვენით. ახალი პროგრამით, ვფიქრობ, ქართული ცეკვა და ფოლკლორი გადარჩა. თუ 70-80-იან წლებში ანსამბლის კონცერტებზე ძირითადად უფროსი ასაკის მაყურებელი დადიოდა, ახალმა პროგრამებმა უფრო ახალგაზრდები მოიზიდა.

• საიუბილეო კონცერტმა როგორ ჩაიარა?

კონცერტმა ბრწყინვალედ ჩაიარა, თუმცა თბილისში 13-14 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, მას პომპეზური და სადღესასწაულო იერი არ ჰქონია და მთლიანად საქველმოქმედო ხასიათი მიიღო. შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდება სრულად. დიდი მადლობა მინდა ჩვენს მეგობრებს გადავუხადო, მსოფლიო დონის ვარსკვლავებს – ილზე ლიეპას, ნინო ანანიაშვილს, ირმა ნიორაძეს, ილია კუზნეცოვს, რომელთაც ასეთი ენთუზიაზმით მიიღეს ღონისძიებაში მონაწილეობა.

• როგორია თქვენი რიგითი დღე?

ჩემი რიგითი დღე აქ იწყება და მთავრდება. ეს არ არის ჩვეულებრივი სამსახური, შაბათ-კვირას დასვენებით და განსაზღვრული შვებულებით… ეს უფრო ცხოვრების წესია და ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, რის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმომიდგენია.

• როგორც ხელმძღვანელი, რის მიმართ ხართ უკომპრომისო?

საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი ვარ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. აქ თუ მთლიანად არ დაიხარჯე, მთელი არსებით და გულით არ ჩაერთე, არაფერი არ გამოვა. კიდევ ერთი რამეა, რასაც ვერ ვპატიობ – ეს ღალატია და ვინც წავა, უკან ვერ დაბრუნდება.

• თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

უკვე საკმაოდ ბევრი კონცერტი და გასტროლი გვაქვს დაგეგმილი. ვცდილობთ, საკუთარი საქმე მთელი გულით ვაკეთოთ და საქართველოს ღირსეულად ვემსახუროთ.

XII_issue3_content3333

ნინო ანანიაშვილი
პრიმა-ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის
თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი

• სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. თქვენი აზრით, პასუხობს ანსამბლი დროის გამოწვევებს?

სუხიშვილების ანსამბლმა მართლაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში და, რასაკვირველია, ძალიან დადებითად ვაფასებ იმასაც, რომ მათ ძველი და ტრადიციული რეპერტუარის პარალელურად, სრულიად ახალი პროგრამა შექმნეს. ხელოვნება არ შეიძლება ერთ ადგილას იდგეს და მუდამ ღია უნდა იყოს სიახლისთვის. სუხიშვილებმა ეს ნამდვილად შეძლეს და მე მათ უამრავ წარმატებას და პროფესიულ წინსვლას ვუსურვებ.

• მანამდე თუ გადაკვეთილა თქვენი გზები? პროფესიულ თანამშრომლობას ვგულისხმობ.

არა, მანამდე ეს არ მომხდარა და მართლაც, ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის „ილოურის“ შესრულება. ქართული ცეკვა, კლასიკური ბალეტისგან განსხვავებით,სულ სხვანაირად სრულდება და აქ თითქოს უფრო
მეტი სილაღე და თავისუფლებაა.

• საიუბილეო კონცერტმა როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

შესანიშნავი საღამო იყო, უამრავი დადებითი ემოციით სავსე. ბედნიერი ვარ, რომ ამ კონცერტში ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად მივიღე მონაწილეობა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ის რომ, მთელი ანსამბლი თითქოს ერთი სუნთქვით ცხოვრობს და ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. ეს რეპეტიციებზეც იგრძნობოდა და, რა თქმა უნდა, კონცერტზეც.

• როგორი იყო ილიკო სუხიშვილთან, როგორც ქორეოგრაფთან თანამშრომლობა?

ილიკო ძალიან ნიჭიერი ქორეოგრაფია და მასთან მუშაობაც საკმაოდ საინტერესოა, რადგან თავისუფლებას და იმპროვიზების საშუალებას იძლევა.

• როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ ნაბიჯებს და მოსკოვის დიდ თეატრში მუშაობის პერიოდს?

დიდ თეატრში მისვლისას, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. იქ კი ლეგენდარული მოცეკვავეები დამხვდნენ. ზოგჯერ არც კი მჯეროდა, რომ მათთან ერთად მიწევდა რეპეტიციები. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მათგან და ჩემი პედაგოგებისგან. ასევე, მუდამ ვცდილობდი, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონოდა. თუმცა, რომ გითხრათ, თეატრში ცუდი არაფერი ხდებოდა, არ ვიქნები მართალი. უფროსი თაობის წარმომადგენლების მხრიდან ეჭვიანობა, რა თქმა უნდა, იყო. ისე კი, მოსკოვში სცენაზე ხშირად გამოსვლის საშუალება რომ მქონოდა, ალბათ, მსოფლიო ასპარეზზე ვერ გავიდოდი, არ ვიცეკვებდი ბალანჩინის, მაკმილანს, ვერ მოვხვდებოდი ABTთ-ში (ამერიკული ბალეტის თეატრი). საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ჩემზე საზღვარგარეთ დიდი მოთხოვნა გაჩნდა და რაღა დამრჩენოდა გარდა იმისა, რომ მეცეკვა.

• თქვენს რეპერტუარში ბევრი შესანიშნავი სპექტაკლია: “გედების ტბა“, “ჟიზელი”, “ბაიადერა”, “სილფიდა”, “რომეო და ჯულიეტა”, “ფარაონის ასული” და მრავალი სხვა, მაგრამ მაინც, რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი სპექტაკლი?

ალბათ, მაინც „გედების ტბა“… ის ჩემს კარიერაში ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლია. დიდ თეატრში გამოსვლა „გედების ტბით“ დავიწყე, ABTთ-შიც ამ სპექტაკლით გამიცნო მაყურებელმა და ბოლოს, ABTთ-ში ჩემი ბოლო სეზონიც “გედების ტბით” დავხურე.

• რა არის ის აუცილებელი თვისებები, რომლებიც ბალეტის მოცეკვავის წარმატებას განაპირობებს?

რა თქმა უნდა, შრომისმოყვარეობა ერთი-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენს პროფესიაში, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა… საერთოდ, ბალეტში, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერ დარგში, ყველაზე მთავარი საკუთარი ხელწერის მონახვაა. საამისოდ ბევრი ფიქრი და მუშაობაა საჭირო. რასაკვირველია, მიხარია, როდესაც ამბობენ, რომ დღეს არსებობს თუნდაც ჩემეული „გედების ტბა” ან „რაიმონდა”, რომელიც არავისას არ ჰგავს. ჩვენს პროფესიაში ინდივიდუალურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი პედაგოგი ხშირად მეუბნებოდა: მე, როგორც მაყურებელს, არ მაინტერესებს შენი ტექნიკა და პოზიციები, ეს მოცეკვავეს ისედაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ჩემთვის მთავარია, შენი შესრულებით ისეთი სპექტაკლი ვნახო, რომ ან გავიცინო, ან ვიტირო და ხელმეორედ მომინდეს შენს სანახავად მოსვლაო.

XII_issue3_content4444

• როგორ ემზადებით როლისთვის?

მსახიობმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რას ცეკვავს, ვინ არის ის პერსონაჟი, რომელსაც ასახიერებს. უნდა ბოლომდე იგრძნოს და ჩაწვდეს საკუთარი პერსონაჟის შინაგან სამყაროს.

• რა შეგრძნება გეუფლებათ სცენაზე გასვლის წინ, ნერვიულობთ ხოლმე?

სცენის შიში არასდროს მქონია და რამე თუ შეგეშლება, სიტუაციიდან გამოძრომის უნარს დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ჩემი პედაგოგები ამბობენ, მე ეს ყოველთვის მქონდა. მახსენდება ერთი შემთხვევა: მოსკოვში ახალი ჩასული ვიყავი და ჯერ კიდევ არაფერი მქონდა სცენაზე შესრულებული. მოულოდნელად ერთმა გოგონამ ფეხი იტკინა და მის მაგივრად მე ჩამსვეს. იმდენად მონატრებული ვიყავი სცენას და ისე გამიხარდა მაყურებლის წინაშე გასვლა, რომ გავთამამდი, საჭიროზე მეტად დავტრიალდი და უცებ მივხვდი, რომ მუსიკა დამრჩა, კიდევ რაღაც მაქვს გასაკეთებელი. ჩემმა პედაგოგმა დაინახა, რომ შემეშალა, იფიქრა, რამდენიმე ტაქტით ადრე დავამთავრებ დიცეკვას და დაიძაბა. უცებ შემოვტრიალდი, რაღაც მოძრაობები გამოვიგონე და დროულად დავამთავრე. ტაში კი დავიმსახურე, მაგრამ საგრიმიოროში გავიქეცი და ტირილი ამიტყდა. ვიფიქრე, მორჩა, აღარაფერს მაცეკვებენ. ამ დროს კი შემოვიდა ჩემი პედაგოგი და დამამშვიდა, ყოჩაღ, რომ არ დაიბენიო და მომეფერა. ისე კი, თავისუფლება და, შესაბამისად, იმპროვიზაციებიც, უფრო მეტად, ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის. რა თქმა უნდა, სცენაზე გასვლა დიდი პასუხისმგებლობაა და დღემდე ყოველთვის ვღელავ, მაგრამ ის გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა, საშუალებას მაძლევს უკეთ ვაკონტროლო მდგომარეობა ისე, რომ მაყურებელი ამას ვერ მიხვდეს.

XII_issue3_content5555

• უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც აქ მოღვაწეობთ. როგორია საქართველოში მუშაობა?

დიახ, უკვე ათი წელია აქ ვარ და ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი იოლია… აქ მუშაობა საკმაოდ რთულია,
ბევრ სიძნელეს ვაწყდებით. თუმცა სასიხარულოა, რომ შედეგი ნელ-ნელა ჩანს. ვახერხებთ, რომ არ გავჩერდეთ და ვიცეკვოთ, აქაურობაც გავალამაზეთ, სიტუაციაც უფრო მოწესრიგებულია, მოცეკვავეები რეპეტიციებზე დროულად მოდიან და საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობით არიან განმსჭვალული.

• თქვენი დასის შესახებ გვითხარით.

ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა დასში, რაც ძალიან მახარებს. მოდიან ქართული ცეკვიდანაც. ძნელია ქართული ცეკვიდან ბალეტზე გადართვა, მაგრამ მაინც ახერხებენ, საკუთარი ნიჭის წყალობით. დასში რამდენიმე იაპონელი მოცეკვავეც გვყავს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი დასის მიერ ნათამაშებ სპექტაკლებს პროფესიონალები დადებითად აფასებენ.

• როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვშრომობთ, ერთ ადგილას არ ვჩერდებით. მაგალითად, ახლა „გორდაზე“ ვმუშაობთ, სხვა პროექტებიც იგეგმება და იმედი გვაქვს, მაყურებელი ნასიამოვნები დარჩება.

XII_issue3_content66

ირმა ნიორაძე
ქართველი პრიმა-ბალერინა

მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე გამუდმებით გასტროლებზეა. მან დაიპყრო მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი სცენა და უამრავი მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. ქართველი პრიმა-ბალერინა ცდილობს საქართველოს ხშირად ეწვიოს და არ დააკლდეს ფესტივალებსა თუ საქველმოქმედო ღონისძიებებს. ირმა ნიორაძე თბილისს ზაფხულშიც სტუმრობდა და სუხიშვილების 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტში დიდი სიხარულით მიიღო მონაწილეობა.

• სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. თქვენი აზრით, პასუხობს ანსამბლი დროის გამოწვევებს?

სუხიშვილები მართლაც განსაკუთრებულები არიან და ნამდვილად ღირსეულად პასუხობენ დროის გამოწვევებს. ქედს ვიხრი მათ წინაშე. ეს არის ერთ გუნდად, ერთ დიდ ოჯახად შეკრული ანსამბლი, რომლის წყალობითაც, მსოფლიო ჩვენს უნიკალურ ფოლკლორს ეზიარა.

• მანამდე თუ გადაკვეთილა თქვენი გზები?

პროფესიულ თანამშრომლობას ვგულისხმობ. ბევრი, ბევრი წლის წინ მახსენდება, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სარკესთან ვიდექი და რაღაც ილეთებს ვაკეთებდი. უცებ, მოულოდნელად, ჩემს ზურგს უკან დიდი ნინო დავინახე. უცებ შევცბი. ის კი მეკითხება: “Деточка, а вы бы не хотели у нас танцевать?”… აი, გავიდა დიდი დრო და სუხიშვილებთან ერთად ვიცეკვე, რაც ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. „მუხამბაზის“ და, საერთოდ, ყოველი ქართული ცეკვის შესრულებისას, თითქოს სხეული სულ სხვა ვიბრაციაზე გადადის.

• როგორ გადაწყვიტეთ, რომ ბალეტის მოცეკვავე გამხდარიყავით?

ჩვენი ოჯახი ძალიან მუსიკალური იყო, დედა და მამა კარგად მღეროდნენ. როგორც ჩანს, ეს ნიჭი შვილებსაც
გამოგვყვა. ექვსი და ვართ და ყველანი ხელოვნებას ვეზიარეთ. ბავშვობაში ვიოლინოზე დაკვრა მოვინდომე. შვიდი წელი ვისწავლე და ვფიქრობდი, ამ საქმეს გავყვებითქო… მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი და მანანას გამოსაშვებ საღამოზე პიონერთა სასახლეში აღმოვჩნდი. იქ ვიხილე პირველად ბალეტი და იმდენად მოვიხიბლე, რომ ამ საღამომ განსაზღვრა ჩემი ამ სფეროში მოხვედრა.

• რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საეტაპო სპექტაკლი?

ხელოვანისთვის ყოველთვის განსაკუთრებულია მისი პირველი სპექტაკლია, ჩემთვის ეს „ჟიზელი“ იყო.

• რა არის ის აუცილებელი თვისებები, რომლებიც ბალეტის მოცეკვავის წარმატებას განაპირობებს? 

ბუნებრივი მონაცემები, წაგრძელებული კიდურები, დახვეწილი პროპორციები და, რასაკვირველია, ღვთისგან ბოძებული ნიჭი, მაგრამ ნიჭი წარმატების მხოლოდ ნაწილია, დანარჩენი შენ თავად უნდა გააკეთო… ბალეტი კი დიდ შრომისმოყვარეობას მოითხოვს.

• ადამიანები, რომლებმაც თვლით, რომ თქვენს კარიერაზე დადებითი გავლენა იქონიეს.

საოცრად გამიმართლა, რომ აღმოვჩნდი ისეთ ძლიერ პედაგოგებთან, როგორებიც იყვნენ: ნინო დიდებულიძე, სერაფიმე ვეკუა, ვერა წიგნაძე, გიორგი ალექსიძე და ვახტანგ ჭაბუკიანი, საოცარი ადამიანი… ვთვლი, ღვთის საჩუქარია, რომ ჭაბუკიანის მოწაფე გახლდით და თან – ბოლო მოწაფე.

XII_issue3_content77

• სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრის სოლისტობა ბევრისთვის ნამდვილად საოცნებოა…

სანქტ-პეტერბურგმა ბალეტისადმი უდიდესი სიყვარული შეინარჩუნა. იქ მაყურებელს შეუძლია მრავალგზის გამოგიყვანოს მადლობის სათქმელად, ბევრჯერ დაიხუროს და აიხადოს ფარდა, რაც ძალიან დამმუხტველია მოცეკვავისთვის. მარინის თეატრი მართლაც სახელგანთქმულია. აქ ცეკვავდა დიდი ჭაბუკიანი და თეატრში დღესაც იდგმება სპექტაკლები, აფიშაზე წარწერით: ეძღვნება დიდ ვახტანგ ჭაბუკიანს… საერთოდ, უნდა ითქვას, რომ რუსული საბალეტო სკოლა უპირველესია მსოფლიოში, ამას ყველა, თავად ფრანგებიც აღიარებენ, რომელთაც ასევე ძალიან ძლიერი სკოლა აქვთ.

• რთულია თქვენთვის საქართველოდან შორს ცხოვრება და მოღვაწეობა და თუ ახერხებთ ხოლმე აქ ხშირად ჩამოსვლას?

ძალიან მენატრება ხოლმე საქართველო, აქაური სურნელი, გაზაფხული… მაგრამ, როგორც ხელოვანს, არასოდეს გამიწყვეტია კავშირი ჩემს სამშობლოსთან და ვცდილობ ხოლმე, არ მოვაკლდე სხვადასხვა კულტურულ თუ საქველმოქმედო ღონისძიებას. წელიწადში რამდენჯერმე ჩამოვდივარ საქართველოში, დედას და დებს ვსტუმრობ, მაგრამ ძირითად დროს ოჯახი მაინც გურიაში, ასკანაში ვატარებთ. ენით ვერ აღვწერ, ისეთი ლამაზია იქაურობა – გარშემო მთები, დილაობით ჩიტების ჭიკჭიკი… როგორც მშობლებს ვერ შეცვლი, ასევე ვერ შეცვლი სამშობლოსაც. სუხიშვილების საიუბილეო კონცერტს, სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად, მოსკოვში მოღვაწე ცნობილი ქართველი ბალერონი ნიკა ცისკარიძეც ესწრებოდა.

XII_issue3_content_Page_039

ილზე ლიეპა
პრიმა ბალერინა, რუსეთის სახალხო არტისტი

1. რა არის თბილისში თქვენი ვიზიტის მიზანი? 

იცით, რაც ამ დღეებში თბილისში ხდება, ეს არის ნამდვილი საოცრება. სუხიშვილებს გრანდიოზული
იუბილე აქვთ. ის, რომ მე და ჩემს კოლეგებს ამ კონცერტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა გვაქვს,
ჩვენთვის უდიდესი საჩუქარია. ასეთი მოვლენისთვის შეიძლება გადადო ყველაფერი და ჩამოხვიდე აქ. ამ დროის განმავლობაში, ნინო და ილიკო სუხიშვილები ჩემთვის ოჯახის წევრები გახდნენ. როდესაც ქალბატონი ნინო რამიშვილის ფოტოებს ვუყურებ, ვხვდები, რომ ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის ქალი, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, შანელი, გრეტა გარბო, მაია პლისეცკაია. ქალბატონი ნინოც ამ ქალბატონების გვერდით არის.

2. რა ნომერს შეასრულებთ ქართველი მაყურებლის წინაშე?

ჩემთვის უდიდესი პატივია „ჯეირანის“ შესრულება. ეს ერთგვარი სიხარული და, ამავდროულად, დიდი მღელვარებაცაა. ეს ცეკვა სუხიშვილების, მათი ოჯახის სიმბოლოა. ძალიან ვღელავ და ბედნიერი ვარ ამ შესაძლებლობით.

3. როგორია თქვენი შთაბეჭდილება დღევანდელ თბილისზე?

პირველად 15 წლის ვიყავი, როდესაც აქ ჩამოვედი და თქვენი ქვეყანა ჩემთვის ახლობელი გახდა. მაშინ, ნინო ანანიაშვილთან ერთად, ზაფხულის არდადეგების გასატარებლად ჩამოვედი თბილისში. მახსოვს, ნინოს ოჯახთან ერთად, დასავლეთ საქართველოში ვიმოგზაურე. კარგად მახსოვს მაშინდელი რუსთაველის პროსპექტი, ლაღიძის წყლები და, რა თქმა უნდა, აჭარული ხაჭაპური. ჩემი ძმა პირველად რომ ჩამოვიდა თბილისში, მითხრა, რომ ასეთი ლამაზი ქალები მას აქამდე არ ჰყავდა ნანახი.

4. მოგვიყევით, როგორ იწყებოდა თქვენი კარიერა?

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ პროფესიას ავირჩევდი. იცით, მამა ცნობილი მოცეკვავე იყო. ბავშვობიდან ამ სამყაროში ვიზრდებოდი და, ვფიქრობ, ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც ძალიან მოგწონს. ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ბალეტთან.

5. თქვენი პირველი გამოსვლა სცენაზე?

5 წლის ვიყავი. ეს იყო ოპერა „ჩიო ჩიო სანი“, სადაც ჩიო ჩიო სანის შვილის როლი მქონდა.

6. რომ არა ბალეტი, რა პროფესიას აირჩევდით ?

ვფიქრობ, მაინც ხელოვნების სფეროში ვიქნებოდი. დედა მსახიობი მყავს.

7. როლი, რომელიც ოცნებად დარჩა?

ბევრი დუეტი მიცეკვია ოპერაში – „ქალბატონი კამელიებით“. სიამოვნებით ვიცეკვებდი მთლიან სპექტაკლს. თუმცა მაშინ, ჩემ დროს, ეს შეუძლებელი იყო.

8. მოგვიყევით თქვენი პირველი სიყვარულის შესახებ:

აუ, არა, არ მინდა.

9. ბევრ ფილმში ხართ გადაღებული. როგორ მოხვდით კინოში?

მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. მოულოდნელად შემომთავაზეს ფილმში გადაღება. ბევრს ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა. დედა დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. მაშინ კორდებალეტში ვცეკვავდი და ახლაც მიკვირს, როგორ ვახერხებდი გადაღებებზე სიარულს. ეს იყო ფილმი „მბრწყინავი სამყარო“, სადაც მთავარი როლი შევასრულე.

10. რომელი როლი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

ალბათ, ფილმში „მიხაილ ლომონოსოვი“. მაშინ 19 წლის ვიყავი და უკვე ვაცნობიერებდი, რასაც ვაკეთებდი.

11. ახლა რას საქმიანობთ?

ჩემს მეგობართან, მარია სუბატოვსკაიასთან ერთად, პილატესის სკოლა გავხსენი. მარია პირველი იყო, ვინც ეს მიმდინარეობა შემოიტანა მოსკოვში. მან მაჩვენა პილატესი და მაშინვე შემიყვარდა ეს სპორტული მიმართულება. გადავწყვიტეთ, ერთად გაგვეკეთებინა პილატესის სტუდია. ეს არის საბალეტო სკოლა ბავშვებისთვის და პილატესის სტუდია – დიდებისთვის. დღეს უკვე ოთხი სკოლა გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

12. რას ურჩევდით ქართველ ქალბატონებს, რომ ფორმა შეინარჩუნონ?

იცეკვონ ქართული ცეკვები და ნაკლებად მიირთვან ხაჭაპური

XII_issue3_content_Page_041

ილია კუზნეცოვი
ჩრდილოეთ ოსეთის (ალანიის) რესპუბლიკის
და რუსეთის დამსახურებული არტისტი

1. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თბილისში იმისთვის ჩამოხვედით, რომ სუხიშვილების საიუბილეო კონცერტ-    ში მიიღოთ მონაწილეობა. საინტერესოა, რა პროგრამით წარდგებით ქართველი მაყურებლის წინაშე… 

ყოველთვის მავიწყდება, რა ქვია ამ ცეკვას, მაგრამ ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული ნომერია (საუბარში ილია კუზნეცოვის მეუღლე ერთვება: – მთიულური, ამ ცეკვით წარდგება ილია მაყურებლის წინაშე.)

2. როგორია თქვენი შთაბეჭდილება თბილისზე?

ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქალაქში. თუმცა ამჯერად, მეუღლესთან და შვილთან ერთად, პირველად ჩამოვედი. ჩვენთვის ცნობილია ის ტრაგედია, რაც 13 ივნისს თბილისში დატრიალდა. ყველაფრის მიუხედავად, აქ ჩამოსვლა არ გადაგვიფიქრებია. პირველი რამდენიმე დღე ქალაქის ქუჩებში მოსახლეობის შეშინებულ სახეებს ვხედავდით, თუმცა დღეს ქალაქი პირვანდელ სახეს დაუბრუნდა. ოჯახთან ერთად, თბილისის დათვალიერებაც მოვასწარი.

3. პირველად როდის ესტუმრეთ ჩვენს ქალაქს?

პირველად ირმა ნიორაძესთან ერთად ჩამოვედი თბილისში. ზუსტად როდის იყო, არ მახსოვს, მაგრამ ის შემიძლია გითხრათ, რომ აქ უკვე მეოთხედ ვარ.

4. თუ გაქვთ თბილისში საყვარელი ადგილი?

კი, შეიძლება ითქვას, რომ ეს აქ არის, ანუ – სასტუმრო Vinhotel-ი.

5. მოგვიყევით, როგორ იწყებოდა თქვენი კარიერა?

გადავწყვიტე პეტერბურგში წავსულიყავი სასწავლებლად. მარტო გავემგზავრე ამ დიდ ქალაქში. შემდეგ, რა თქმა უნდა, მამა დამეხმარა. ის ჩემთან ერთად წამოვიდა. 5 წელი ვსწავლობდი აკადემიაში, სადაც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, უკვე პარტნიორობას ვუწევდი ნასტია ვოლოჩკოვას და დიანა ვიშნოვას.როგორც ჩანს, გენეტიკურად გამომყვა ცეკვის ნიჭი. ჩემი მშობლები მოცეკვავეები იყვნენ და, შესაბამისად, ხშირად მიხდებოდა მათთან ერთად ყოფნა. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მოცეკვავე ვიქნებოდი.

6. პარტნიორი ახსენეთ. ვინ არის ილია კუზნეცოვისთვის იდეალური პარტნიორი?

რა თქმა უნდა, ირმა ნიორაძე. ჩვენ ბევრი პროექტი გავაკეთეთ ერთად.

7. პირველი როლი?

პირველად პრინცი ზიგფრიდი ვიყავი. შემდეგ ისევ ამავე სპექტაკლში შევასრულე სხვადასხვა როლი. ზოგადად, როცა როლზე იწყებ მუშაობას, იმ პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრობ. კარგად ვხატავ და გრიმის გაკეთებას არავის ვანდობ. ვფიქრობ, თვითონ უკეთ გამომდის პერსონაჟს ჩავუღრმავდე და მისი ხასიათი სცენაზე გადავიტანო.

8. როლი, რომელიც ოცნებად დარჩა?

კრასი. სპარტაკს ვცეკვავდი, მაგრამ კრასის პარტია არასდროს შემისრულებია.

9. რომ არა ბალეტი, რა პროფესიას აირჩევდით?

ბავშვობაში ჰოკეისტობა მინდოდა, შემდეგ ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი, რადგან ბაბუა ჯარში მსახურობდა.

10. რა არის თქვენი ჰობი?

ბოლო დროს გატაცებული ვარ დაივინგით. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სტუდია თან სამსახურია და თან ჰობიც. ბავშვთა სტუდია ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრების ნაწილი გახდა. იმდენად მთელი გული გვაქვს ამ სტუდიაში ჩადებული, რომ სულ ვჩხუბობთ – მოდი, სახლში მაინც აღარ ვილაპარაკოთ ჩვენს საქმეზეთქო, მაგრამ არ გამოდის. შეუძლებელია, წუთიც არ იფიქრო იმაზე, რასაც აკეთებ. დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავია, რომ სტუდიისთვის საკუთარი შენობა გვქონდეს, რადგან ამ ეტაპზე, ფართს ვქირაობთ.

11. როდის გახსენით სტუდია და რას ასწავლით ბავშვებს?

3 წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის საბალეტო სტუდია გაგვეხსნა. ასეთი ტიპის სკოლა პეტერბურგში აქამდე არ ყოფილა. სულ 7 რაიონში ვმუშაობთ, სადაც პატარ- პატარა სტუდიები ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე 230 მოსწავლე გვყავს. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ყველა მოსწავლისგან პროფესიონალი მოცეკვავეები გავზარდოთ. გვინდა, რომ მათ ცეკვა, ხელოვნება შევაყვაროთ.

12.თქვენი გამოცდილებით, რას ურჩევდით ქართველ მამაკაცებს, რომ კარგ ფორმაში იყვნენ?

იცით, რაც სუხიშვილების მოცეკვავეები ვნახე, ვფიქრობ, რომ მათ აქეთ უნდა გამიმხილონ თავიანთი საიდუმლო.